2024 წელი _ მრავალპარტიული გზა ჩიხისკენ

„შუა უნდა გაიკრიფოს!“ _ განაცხადა ჩვენმა მზეთამზეს 2011 წელს, პოლიტიკაში გამოჩენის პირველსავე დღეს.
ეს გამონათქვამი დღეს საქართველოში გინების ტოლფასია და დიქტატურისკენ მოწოდებად მიიჩნევა, თუმცა 31 ოქტომბრის არჩევნებმა გვიჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გზა ერთადერთია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს _ დიახ, შუა უნდა გაიკრიფოს.

სადღეისოდ არჩევნების ირგვლივ პროცესები ჯერაც არაა დასრულებული _ ხმების დათვლა გრძელდება, ოპოზიცია არ ნებდება, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ გეგმავს, საერთაშორისი საზოგადოებამ ხელები დაიბანა.
თუმცა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი დასრულდა, ხოლო ოპოზიციის გარეშე დარჩენილმა პარლამენტმა მუშაობა დაიწყო _ რაც ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი.
ამ შემთხვევაში აქტუალურობას იძენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
ყველა თვალსაზრისით ეს იქნება განსაკუთრებული არჩევნები, თუნდაც იმიტომ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში წურბელა-მაჟორიტარების სისტემა გაუქმდება. სავარაუდოდ, „ოცნებას“ ეს ძალიანაც არ უხარია და დიდი სიამოვნებით თუნდაც დღევანდელ სისტემას დააბრუნებდა, რომლის ფარგლებშიც 30 მაჟორიტარი მას არა დამანგრეველ, მაგრამ ცალსახა უპირატესობას ანიჭებს.
თუმცა ამის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ, რადგანაც საჭირო კონსტიტუციურ უმრავლესობას არ ფლობენ.
რა შანსები აქვს ოპოზიციას 2024 წელს და რას გვიჩვენებს ამასთან დაკავშირებით გასული არჩევნები?
ერთი შეხედვით, ყველა ფაქტორი ოპოზიციის მხარეზეა _ 2024 წელს „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დასუსტებული იქნება, რადგანაც 4 წელიწადში მისი მმართველობა საბოლოო ჩიხში შევა.
31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციამ მთლიანობაში გაიმარჯვა და 52% მიიღო _ „ქართულმა ოცნებამ“ მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით, ანტიმიშისტებით, ქურდებით, ბიძინას მილიარდებითა და მასშტაბური გაყალბებით მხოლოდ 48% დაიწერა.
დავუჯეროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეგზიტპოლებს და ხმების პარალელურ დათვლას, რომლებმაც „ქოცებს“ 46% მისცეს, მით უმეტეს, დაუჯერებელი ამაში არაფერია.
მაჟორიტარული უსაფრთხოების ბალიშის გარეშე დარჩენილი „ოცნებისთვის“ 46% ან, თუნდაც, 48% _ განაჩენია. თუმცა _ ეს ერთი შეხედვით; მეორე შეხედვით, ნათელია, რომ სახელისუფლებო პარტიას ერთი სერიოზული ხრიკი აქვს, რომელიც მას მე-4 ვადით გამარჯვების შანსსაც აძლევს.
თუმცა „ხრიკი“ ცუდი სიტყვაა, ის ხომ რაღაც არაკანონიერსა და თაღლითურს გულისხმობს. აქ კი „ქოცებს“ სრულიად ლეგიტიმურად, კანონის დაცვით და ყოველგვარი თაღლითობის გარეშე, 45%-ანი რეიტინგის ფარგლებში ისევ უბრალო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვთ.
დაუკვირდით 31 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების მონაცემებს და ამ შესაძლებლობას ადვილად დაინახავთ.
2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 5%-ანი ბარიერით ჩატარდება.
სხვათა შორის, ბარიერის არსებობა თავად ოპოზიციის მოთხოვნაა, რადგანაც ის შიშობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა „ბევრ მცირე პარტიას შექმნის და უმრავლესობას ისევ მიიღებს“. მათ უფრო დიდი საფრთხე ვერ დაინახეს, რომელიც დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში ნათლად ჩანს _ ბიძინას სულ არ სჭირდება „ბევრი პატარა პარტიის შექმნა“, რომელთა დიდი ნაწილი პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელ 0,7%-საც ვერ მიიღებს.
5%-ანი ბარიერი „ოცნებისთვის“ ყველაზე ხელსაყრელია _ მისი მეშვეობით ის მშვიდად იმარჯვებს არჩევნებში, მაშინაც კი, როდესაც მისი რეალური რეიტინგი 45%-ს არ აღემატება.
გასულ არჩევნებში 5%-ანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში პარლამენტში მოხვდებოდა მხოლოდ 2 ტრადიციული პარტია _ „ქართული ოცნება“ (45-46%) და „ნაციონალური მოძრაობა“ _ 27%, მაქსიმუმ 30%.
ყველა დანარჩენი პარტია: „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ლეიბორისტული პარტია, დანარჩენი ათობით პარტია, რომელმაც 07%-ზე ნაკლები მიიღო _ რჩება გარეთ. ელემენტარული დათვლა გვიჩვენებს, რომ ამ სიტუაციაში 5%-ანი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური ხმების თითქმის ნახევარი იკარგება.
თანაც, ეს ყველაფერი სრულიად კანონიერად, ყველა წესების დაცვით ისე, რომ მომავალი პარლამენტის ლეგიტიმურობას 1 გრამიც არ აკლდება.
საქართველო ისევ, უკვე მერამდენედ, თავისი არასწორად გაგებული „მრავალპარტიულობის“ მსხვერპლი, ამჯერად, 2024 წელს გახდება, მაშინ, როდესაც „ქოცების“ სახლში გაშვების შანსი ისე ახლო იქნება, როგორც არასდროს.
რეალობა ასეთია და ხმების თანაფარდობა, რომელიც დღეს გვაქვს, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.
ქვეყანამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთონ მარტივი, თუმცა, ამავე დროს, რთული დასკვნა _ შუა უნდა გაიკრიფოს. თუ გვსურს „ოცნება“ სახლში 2024 წელს მაინც გავუშვათ, მას უნდა დაუპირისპირდეს მისივე წონის ოპოზიციური პარტია.
10 წვრილი ოპოზიციური პარტია 1 მსხვილ სამთავრობო მონსტრს ვერ დაამარცხებს, რასაც ჩვენ რეალურად 31 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების შედეგებში ვხედავთ.
2024 წელს მარტივი არჩევანი დადგება _ ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“. არავითარი „მესამე ძალა“, არავითარი შუაშისტები, არავითარი „არც ქოცები, არც ნაცები“.
2024 წელს ხმის მიცემა რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, „ნაცმოძრაობის“ გარდა, „ოცნებისთვის“ პირდაპირ ხმის ჩუქების ტოლფასი იქნება.
შუა მართლად უნდა გაიკრიფოს და ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ გაიარა, სადაც, ძირითადად, 2-პარტიული სისტემებია.
ევროპა, ამერიკა, იაპონია _ შუა _ ყველგან გაკრეფილია და მრავალპარტიულობა „მრავალზე“ აქცენტის _ პოსტსაბჭოთა პერიოდის ანაქრონიზმია.
საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ამ რეალობის აღქმა უნდა გაჩნდს და გაქრეს წარმოდგენა, რომ „რაც უფრო მეტი პარტია იქნება _ მით უკეთესი“.
არ იქნება უკეთესი. 31 ოქტომბერს ყველას ჰქონდა პატარა პარტიებისთვის ხმის მიცემის ფუფუნება _ ბარიერის არარსებობის პირობებში.
თუმცა 2024 წელს ეს შესაძლებლობა დაიხურება და ჩვენ მოგვიწევს ორპოლუსიანი არჩევანის გაკეთება.
ან ერთი ან _ მეორე _ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების ლოზუნგი სწორედ ეს იქნება.

თენგიზ აბლოთია