2021 წელს თელავის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით შემცირდება
მალე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2021 წლის ბიუჯეტს მიიღებს, მანამდე კი კომისიები ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. საკრებულომ ბიუჯეტის ფორმირებისთვის რეკომენდაციები მერიას უკვე გაუგზავნა, საიდანაც კორექტირებული ვარიანტი უკვე მიიღეს. როგორც საკრებულოს ქონების მართვის თავმჯდომარე ალექსანდრე შათირიშვილი განმარტავს, ბიუჯეტის შესწორებული პროექტი, სადაც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული შენიშვნები და რეკომენდაციები, უკვე საკრებულოშია და იგი აქტიურად განიხილება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ბევრი პროექტია მხედველობაში მიღებული როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და სხვა მიმართულებებით.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ალექსანდრე ძულიაშვილი გარკვეულ შენიშვნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტების ანარეკლია. კრიტიკული მოსაზრებები აქვს სამოქალაქო სექტორსაც, სადაც აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვის გარეშე დამტკიცება თვითმმართველობის კოდექსის დარღვევა და კანონისადმი უპატივცემულობაა.
2021 წელს თელავის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, რამდენიმე მილიონით შემცირებულია. შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობაც. 2021 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 23264600 ლარით განისაზღვრება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ბიუჯეტში ორი მილიონ-ნახევარია გამოყოფილი, კერძოდ -2469900 ათასი ლარი.
ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი ა(ა)პებს ხმარდება, კერძოდ:
2021 წლის თელავის ბიუჯეტში სპორტის სფეროს განვითარებისთვის მილიონ ოთხას თორმეტი ათასი ლარია გამოყოფილი; აქედან სპორტული ღონისძიებებისთვის – 55,5 ათასი ლარი იხარჯება:
თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება -180,0 ათასი ლარი; თელავის საფეხბურთო სკოლა „თელავი“ – 240,0 ათასი ლარი; სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავი“ – 581,5 ათასი ლარი;
ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავი“ – 355,0 ათასი ლარი.
კულტურის სფეროს განვითარება ორი მილიონ ას ოცდახუთი ათასს ლარს მოიცავს.
კულტურისა და განათლების ა(ა)იპებში გადანაწილებული თანხა ასე გამოიყურება:
ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი – 120,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ – სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის №1 სამუსიკო სკოლა – 125,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქ. თელავის N2 სამუსიკო სკოლა – 116,0 ათ.ლარი
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. წინანდლის სამუსიკო სკოლა“ –122,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. აკურის სამუსიკო სკოლა“ – 57,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისპირის სამუსიკო სკოლა“ – 66,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ „თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა“ – 90,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება“ – 289,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“ – 998,0 ათასი ლარი;
ა(ა)იპ – თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება „ნადიკვარი“ – 60,0 ათასი ლარი;
კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა – 82,0 ათ.ლარი.
სამოქალაქო სექტორი მომდევნო წლის ბიუჯეტის შეფასებისას კრიტიკულია.
ნინო გოგოლაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი:
„თელავის მუნიციპალიტეტმა სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სრულიად დაივიწყა და სახელმწიფო ბიუჯეტი მამამისის ქონება ჰგონია. მათი იზრით, ეს საჯარო განხილვები მაინც ფასადურ იყო და ახლა რაღა საჭიროაო? უპირველესად, მინდა, მეც დავეთანხმო ბიუჯეტის ავტორებს, რომ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის სპორტისა და კულტურის აღორძინება. უდავოდ!
მაგარამ, თქვე დალოცვილებო, მაშინ როცა გაგანია პანდემიაა, ხალხი შიმშილით იხოცება, უპირატესობა ახლა მაინც მიგენიჭებინათ სოციალური საკითხებისთვის და შეგეზღუდათ ეს სპორტი და კულტურა. არ შეიძლებოდა, მილიონით მეტი ყოფილიყო 2021 წელს სოციალური მიმართულება?! მაგრამ ამ ბიუჯეტიდანაც ჩანს, რისთვის ემზადება ადგილობრივი ხელისუფლება.
„მიგიხვდი, მოხევევ, რა ნექტრითაცა ხარ ნაკბენიო“, – ამათზეა ნათქვამი.
2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, სპორტისა და კუტურის ა(ა)იპებიც სწორედ მაგისთვის შეიქმნა, რომ აქ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა პარტიული აქტივია და ახლა, როგორც არასდროს, მათი წახალისება სჭირდება „ოცნებას“.
მაკა მოსიაშვილი