2020 წლის სამედიცინო სკანდალი
ეს იქნება 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სამედიცინო სკანდალი, რომელსაც „ქრონიკა+“ პირველი ახმაურებს და რომელსაც ბოლომდე მივყვებით. საუბარია თბილისის ხუთამდე ყველაზე ცნობილ კლინიკასა და არანაკლებ ცნობილ ექიმ-რეპროდუქტოლოგებზე. საქმეს, ამ ეტაპზე, პროკურატურა სწავლობს და სანამ ამ ექიმებს დაკითხვაზე გამოიძახებენ, „ქრონიკა+“-ს დეტალებზე პირველწყარო, დაზარალებული ახალგაზრდა ქალი უყვება:
ნატო ფილია, 29 წლის:
_ გათხოვებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორსულობა რომ არ დადგა, „ინტერ-კლინიკაში“თეა იოსელიანს მივაკითხე. მან ექოსკოპიური და სხვა კვლევების ჩატარების შემდეგ თოდუას კლინიკაში გამაგზავნა თეონა დარასელიასთან. მასთან უნდა გადამეღო „ემერაი“ მილების გამტარიანობის დასადგენად. თეონა დარასელიამ გადამიღო და ჩემს გინეკოლოგთან გამომატანა როგორც ფოტო, ისე ფურცელზე დაწერილი დასკვნა. „ემერაიმ“ უჩვენა, რომ საშვილოსნოს მილები ორმხრივ გამტარიანი იყო. ჩემს გინეკოლოგ თეა იოსელიანს ეს ფაქტი ძალიან გაუხარდა, მაგრამ ვინაიდან ზაფხული იყო და შვებულებაში გადიოდა, სექტემბრისთვის დამიბარა მკურნალობის კურსის ჩასატარებლად. გადავწყვიტე, ზაფხულშივე დამეწყო მკურნალობა, ამიტომ თეა იოსელიანის შვებულებიდან გამოსვლას აღარ დაველოდე და მივმართე კლინიკა „უნივერსში“ ექიმ-რეპროდუქტოლოგ მარინა მდივნიშვილს. მარინა მდივნიშვილმა შემომთავაზა, რომ მკურნალობის კურსი სოკოს სანაციებით დაგვეწყო. ზოგადად, მდივნიშვილი სოკოს სანაციებს აბსოლუტურად ყველა პაციენტს უკეთებდა. გარდა იმისა, რომ მიკეთებდნენ სოკოს სანაციებს, ასევე სხვადასხვა რაღაც ფირმების წამლებს ასაღებდა, კიდევ მიკეთებდა რაღაც ნემსებს ვიტამინების სახით.
_ ამ პრეპარატებს სად ყიდულობდით, აფთიაქში?
_ მარინა მდივნიშვილი, ფაქტობრივად, არც მახდევინებდა თანხას სალაროში, მეუბნებოდა, რომ ფული უნდა შემეტანა მის კაბინეტში. ჩემი მკურნალობა, დაახლოებით, ერთი წელი გაგრძელა, რადგან სანაციების შემდეგ ჰორმონები დამინიშნა.
_ რა პრეპარატები იყო ეს?
_ ყველაფერს გადმოგცემთ. მაგალითად, დამინიშნა „იარინა“ _ ჩასახვის საწინააღმდეგ აბები, რომლის შედეგადაც, წნევის მკვეთრი დაწევის გამო, გული მიმდიოდა. ერთი წელი გავიდა და მარინა მდივნიშვილთან მკურნალობამ არანაირი შედეგი რომ არ გამოიღო, მითხრა, რომ არ ორსულდები, მიზეზი ვერ დავადგინე და რა ვქნაო! მასთან მკურნალობაში, დაახლოებით, 30 000 ლარი დამეხარჯა. იმავე კლინიკაში ჩემს ქმარს პარალელურად დაუწყო თემურ გაგნიძემ მკურნალობა და ჩემი ქმრის მკურნალობა 10 000 ლარი დაჯდა.
_ თქვენს ქმარსაც უშვილობაზე მკურნალობდნენ?
_ ჩემს მეუღლეს შვილი ჰყავს და წესით, ეს არ უნდა დასჭირვებოდა, მაგრამ თემურ გაგნიძემ მას ზოოსპერმია დაუდგინა, ანუ სპერმის ნაკლებობა. ჩემს ქმარს გაგნიძე ლაზეროთერაპიით მკურნალობდა და, ჩემგან განსხვავებით, როგორც თავად მითხრეს, მას უშველეს და ნორმოსპერმიით გამოუშვეს. ისიც უნდა გითხრათ, რომ სანამ „უნივერსიდინ“ გამოგვიშვებდნენ, გაგნიძემ მითხრა, რომ შეიძლება თქვენს ქმარს სათესლე ჯირკვლების სიმსივნე ჰქონდეს, მე ამის საფუძვლიანი ეჭვი მაქვსო. გულგახეთილმა გავაქანე და სასწრაფო გამოკვლევა გავუკეთე სპარტაკ გელაშვილთან, თავისი კლინიკა აქვს და მან უარყო ყოველგვარი სიმსივნის არსებობა.
_ ინ ვიტრო განაყოფიერება ამის შემდეგ გადაწყვიტეთ?
_ არა. ამის შემდეგ მივედი სხვა გინეკოლოგთან _ ქეთი ოსიძესთან, რომელიც „ინოვა-ინ ვიტროში“ მოღვაწეობს. ოსიძემ ხელმეორედ ჩამიტარა გამოკვლევები და ახალ ექოსკოპიას რომ დახედა, მითხრა, ძალიან ძნელია ასე მიზეზის დადგენა, მაგრამ ვინაიდან შვილი გინდა, ამიტომ ინ ვიტრო განაყოფიერება უნდა გაიკეთოო. გადავწყვიტე, რომ ჯერ ინსელმინაცია გამეკეთებინა, ანუ ხელოვნური განაყოფიერება სპერმით. ოსიძე ჩემს ქმარს პარალელურად უტარებს ახალ გამოკვლევებს და მეუბნება, რომ ნორმოსპერმიას ანალიზები არ მიჩვენებსო. სასწრაფოდ დავურეკე თემურ გაგნიძეს და გაგნიძე მეუბნება, რომ მე ახლა პროკურატურაში წავალ და იქ ვუჩივლებ ქეთი ოსიძეს, რადგან პაციენტი სრულიად ჯანმრთელი გამოვუშვიო. მოკლედ, ქეთი ოსიძემ ინსელმინაცია გამიკეთა და მითხრა, გადასარევი მასალა გადავიტანეო, მაგრამ ორსულობა არ შედგა. ქეთი ოსიძესთან მკურნალობაში და ამ ყველაფერში, სადღაც, 10 000 ლარამდე დამეხარჯა.
_ ხელოვნური განაყოფიერება მასთან გაიკეთეთ?
_ არა. ზურაბ საბახტარიშვილის კლინიკაში არსენ გვენეტაძესთან. საბახტარიშვილის კლინიკაში ჩემს ქმარს ნორმოსპერმია ჰქონდა, განსხვავებით ქეთი ოსიძის პასუხისგან. არსენ გვენეტაძემ ლელა ირემაძესთან გადამამისამართა. ამ უკანასკნელმა პირდაპირ გამომიცხადა, რომ შენ უნდა გაიკეთო ინ ვიტრო განაყოფიერება, რადგან პირველადი უშვილობა გაქვსო და ისევ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები დამინიშნა. დაიწყო ჩემი მომზადება _ ამიღეს 11 კვერცხუჯრედი, საიდანაც მიიღეს 9 ემბრიონი. გადატანის დღეს კი მითხრეს, რომ სხვები დაიხოცნენ და მხოლოდ ორი დარჩაო. ეს ცალკე გამოსაძიებელი თემაა, რომელსაც აუცილებლად მივუბრუნდები. ინ ვიტრო განაყოფიერება 15 ათასი ლარი დამიჯდა. ეს ორი ემბრიონი გადამიტანეს და როცა 10 დღეში მივედი, „ხგ“ (ხორიონის გონადროპინი _ ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ემბრიონის იმპლანტაციიდან მე-6-მე-8 დღეს, რაც ადასტურებს ორსულობის წარმატებულ განვითარებას, _ რედ.), რომელიც უნდა იყოს 1 ან 2, იყო 0,64, ანუ ორსულობა საერთოდ არ შედგა. ლელა ირემაძემ გამომიცხადა, რომ პირველ ცდაზე არ გამოვიდა, მეორეს გაიკეთებ, მერე მესამეს… ოდესღაც გამოგივა ან სუროგატს აიყვან, ან კვერცხუჯრედს იყიდიო. იცით, ეს ჩემთვის რას ნიშნავდა? სტრესის ფონზე პარალელურად ფსიქოლოგებთან დავდიოდი თერაპიაზე. ამ კლინიკებში სიარული და ექიმებთან მკურნალობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ზოგჯერ ოჯახში საჭმლის ფული არ გვქონდა, რადგან დღეში წამლებში 1000-1200 ლარი გადაგვიხდია. მე ბებიის დანატოვარი სახლი 36 000 დოლარად გავყიდე, ჩემმა ქმარმა თავისი ბინა იპოთეკაში ჩადო და ამ ყველაფერს ვაკეთებდით, შვილი რომ გვყოლოდა. ბოლოს ძალიან ცუდად ვიყავი და დედაჩემმა მთხოვა, რომ კლინიკა „დეკაში“ წავყოლოდი ექიმ-რეპროდუქტოლოგ შორენა მაისურაძესთან. მაისურაძე პირველი იყო, რომელსაც ჩემთვის ახალი გამოკვლევები არ დაუნიშნავს, უბრალოდ, სულ პირველად რომ გადავიღე, ის ფოტო მომთხოვა _ „ემერაის“. მივუტანე ფოტო და ფურცელი. ამ ფურცელზე სხვა რამე წერია და „ემერაის“ ფოტოზე საერთოდ სხვა რამე ჩანს.
_ რა ჩანდა?
_ რომ საშვილოსნოს ღრუ არის თ-სებური და ორსულობა ვერანაირად ვერ დადგებოდა. შორენა მაისურაძემ ამიხსნა, _ სულ რომ ცხრა ინვიტრო გაიკეთო, ამ ღრუში ორსულობა ვერ შედგებაო. მარიკა ჯაფარიძესთან გამაგზავნა, რომელიც „ავერსის“ გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი გახლავთ. ჯაფარიძემ მითხრა, რომ მე ვერ ვმალავ ჩემს გაოცებასა და გაბრაზებას, აქ რა ორსულობაზეა ლაპარაკიო? ამიხსნა, რომ ეს არის ზუსტად 15-წუთიანი ოპერაცია, ჯდება 1090 ლარი და სამ თვეში შენით დაორსულდებიო.
_ კი მაგრამ, „ემერაის“ ფოტო არ ნახეს თქვენმა ექიმებმა?
_ ყველას მივუტანე და არც ერთს არ დაუხედავს, ეგ არ გვაინტერესებსო. როდესაც ეს ამბავი „საბახტარიშვილის კლინიკაში“ ლელა ირემაძეს შევატყობინე, სასწრაფოდ დაურეკა მარიკა ჯაფარიძეს და მეც უნდა დავესწრო ოპერაციასო. ანუ „ემერაის“ ფოტო არ მინდა, ჩემი თვალით უნდა ვნახოო. კლინიკა „უნივერსში“ მარინა მდივნიშვილი ძალიან შეწუხდა, _ ნეტავ, მენახა „ემერაის“ სურათი… ძალიან კარგი, რომ გამოიკვეთა შენი უშვილობის მიზეზი და ახლა შვილი რომ გეყოლება, მიხარიაო.
_ მაშინ ერთი წელი რისთვის მკურნალობდით მარინა მდივნიშვილთან?
_ ამას პროკურატურა და სასამართლო გაარკვევს. ქეთი ოსიძემ ყველას „აჯობა“: ეს ამბავი რომ ვუთხარი, _ შენ რა გგონია, ოპერაციას რომ გაიკეთებ, შვილი გეყოლებაო? აი, ასე მომახალა.
_ იცით, ცოტა დავიბენი _ „ემერაის“ გარდა სხვა კვლევებზე, იგივე ექოსკოპიაზე არ ჩანს, საშვილოსნოს ღრუ როგორია?
_ მათ რომ სერგო მათითაშვილთან ექოზე გამაგზავნეს, მათითაშვილმა მითხრა, რომ შეიძლება, შევცდიო. მდივნიშვილმა ექოზე მასთან გამაგზავნა, _ ჩვენ ღრუზე არ ვამახვილებდით ყურადღებას, მაგრამ ვინც ინ ვიტრო გაგიკეთა, იმან ღრუ რატომ არ დაგითვალიერაო?
_ გასაგებია, ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყეს!
_ ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი ვერიკო ბაზიერთან, რომელთანაც საბუთები მივიტანე. ბაზიერმა მითხრა, რომ აქ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები, დაწერე განცხადება და შემოიტანეო. ამის შემდეგ ნამდვილი ომი დაიწყო ფორმა 100-ისთვის. მაგალითად, „ინოვა-ინ ვიტროში“ ქეთი ოსიძე არ მაძლევდა ფორმა 100-ს სანამ პატრული არ გამოვიძახე. მოვიდა პატრული და ამის შემდეგ 2 თვის თავზე მაძლევს ფორმა 100-ს, სადაც ტყუილები წერია. მაგალითად, რომ ციკლის დარღვევა აღმენიშნებოდა, რაც ცხოვრებაში არ მქონია.
_ მაშინ, რატომ ჩააწერინეთ?
_ ეს იმიტომ ჩაგიწერე, ოსიძემ მითხრა, რომ დაზღვევამ დაგიფინანსოს, რადგან სხვანაირად ფულს არ აგინაზღაურებსო. როგორც გითხარით, „ინოვა-ინ ვიტროში“ 10 000 ლარზე მეტი მაქვს დახარჯული და ქვითრები ათას რაღაცის მომცეს. ხან ხელზე ვაძლევდი ფულს, ხან _ უჯრებში. აქ გადაიხადეო, მეუბნებოდა. სხვათა შორის, არსენ გვენეტაძემ დამირეკა და მადლობა მითხრა, ლელა ირემაძე ორსულად იყო და დიდი მადლობა, რომ ორსულ ქალს არაფერი უთხარით და არ გაანერვიულეთო, ბოდიშს გიხდით, ნამდვილად რაღაცნაირი საშვილოსნო გაქვთო. არადა, მათ კლინიკაში ძალიან დიდი თანხა დამახარჯინეს. ლელა ირემაძეს ვთხოვე, თქვენს პრეპარატებს თურქეთიდან ჩამოვატანინებ, უფრო იაფი დაჯდება- მეთქი და არავითარ შემთხვევაში, ჩვენს აფთიაქში უნდა იყოდოო, _ გვერდით აქვთ ოთახი გახსნილი, კლინიკაშივე.
_ ახლა რა ეტაპზეა თქვენი საქმე?
_ პროკურატურამ საქმე უკვე აღძრა. ოპერაციას ვერ ვიტარებ, რადგან ჩემმა პროკურორმა მითხრა, ექსპერტიზა ჩვენ უნდა ჩაგიტაროთ და შემდეგ გაიკეთეო. ამ ეტაპზე პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან და ადვოკატებთან ერთად სარჩელს ვამზადებთ. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან _ დღეს მე და ჩემი ქმარი ქირით ვცხოვრობთ, რადგან მარინა მდივნიშვილმა, თემურ გაგნიძემ, ქეთი ოსიძემ, არსენ გვენეტაძემ, ლელა ირემაძემ დალხენილებმა იცხოვრონ და დედობის მსურველი ქალები გააუბედურონ. რისთვის _ ფულის გამო? მე არ ვიცი, ამდენი ჰორმონის მიღება ჩემს ჯანმრთელობაზე როგორ აისახება. არ შეიძლება, ექიმი მხოლოდ ფულს აკეთებდეს. ხმამაღლა ვაცხადებ! _ ყველა ჩამოთვლილ ექიმს ჯერ ფული აინტერესებს და მერე _ პაციენტი. იცით, რამდენი რამე გავიგე? _ სად იკარგება ემბრიონები, რატომ არ ორსულდებიან ქალები პირველ ჯერზე… ბევრ რამეს მოგიყვებით, ახლა ფაქტების შეგროვებით ვარ დაკავებული.
„ქრონიკა+“ თითოეულ კლინიკას ცალ-ცალკე დაუკავშირდა. მათ და პროკურატურის პოზიციას შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ
თამარ როსტიაშვილი