„2016 წელს „სამართლიანი არჩევნების“ წევრებს მითითება მისცეს, რომ არჩევნებზე საჩივრები არ დაეწერათ“ – რა ხდება და რა ხდებოდა ISFED-ში?
„სამართლიანი არჩევნების“ გარშემო დიდი ამბები მიდის. აღნიშნული ორგანიზაცია საკმაოდ მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. გასულ კვირას ორგანიზაციის რეპუტაცია ხუხულასავით ჩამოიშალა. როგორც „ქრონიკა +“-მა გაარკვია, ამ ორგანიზაციაში პრობლემები რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა წერილი, რომელსაც ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი „სამართლიანი არჩევნებისა“ და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების გამგეობას, აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ბენიძესა და დირექტორის მოადგილე თამარ ბართაიას უგზავნის. წერილი 2017 წლის 23 მარტით თარიღდება. აღნიშნულ წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო! უპირველესად, მსურს გამოვხატო უღრმესი პატივისცემა თქვენი ორგანიზაციის ფასეულობებისა და საქმიანობის მიმართ. ჩემი მხრივ, თქვენთან მუშაობის სურვილი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თქვენი ორგანიზაციული ღირებულებები თანხვედრაშია ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის მრწამსთან.
ზუსტად ასეთი ენთუზიაზმით დავიწყე მუშაობა ISFED-ში. სამწუხაროდ, დაწყებისთანავე ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ გარემოებამ, თუ როგორ არაეთიკურად და ხაზგასმული უპატივცემულობით ურთიერთობდა ქალბატონი ნინო ბიბილეიშვილი მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ კოორდინატორებთან. იმდენად, რამდენადაც სუბორდინაცია და ჩემი პოზიცია მაძლევდა ამის საშუალებას, ქალბატონ ნინო ბიბილეიშვილს მაქსიმალურად დელიკატურად მივანიშნე, რომ მაქვს ღირსება და ვერ შევეგუები არც ასეთ მოპყრობას და არც ასეთ დამოკიდებულებას. ამ მინიშნების შემდეგ აშკარა გახდა ნინოს მხრიდან, რომ მე მისთვის არასასურველ კოორდინატორს წარმოვადგენდი და ყოველთვის ცდილობდა, ვნება მოეყენებინა, თუმცა მას ნაკლებად ჰქონდა რეალური საფუძველი და ხელჩასაჭიდი საბაბი, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე არასწორად ან არასრულყოფილად შემესრულებინოს ან რომელიმე ინფორმაცია ზერელედ ან დაბალი ხარისხით გადმომეგზავნოს. ამ ფაქტობრივი გარემოების გადამოწმება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, რადგან არსებობს ჩემ მიერ შესრულებული საქიანობის, წერილებისა და ანგარიშების, როგორც ელექტრონული ბაზა და ასევე მეილბოქსები. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მაქვს თქვენთან თხოვნა, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გულდასმით გაეცნოთ ჩემ მიერ გაწეული საქმიანობის ხარისხსა და შეაფასოთ იგი ობიექტურად. ნამდვილად არ არის სასურველი იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მთელ საქართველოში არის მაღალი
დემოკრატიული სტანდარტებისა და სამართლიანობის დანერგვის ფლაგმანი, თუნდაც ერთ ადამიანს გაუჩნდეს შუა საუკეუნეობრივი სამართლის განცდა: „კარგსაც და ცუდსაც ერთნაირი ფასი ჰქონია?!“
რაც შეეხება ნინო ბიბილეიშვილს, ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტური, სიძულვილის ენის ლექსიკით მოსაუბრე და კორუმპირებული ადამიანი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევ და მოგაწვდით უახლოესი წარსულიდან რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ქალბატონ ნინოს ამ საქმიანობას შეეხება:
ქალაქ გორში 2016 წლის არჩევნების დამკვირვებელთა ტრენინგს ატარებდნენ ნინო ბიბილეიშვილი და თეა თედლიაშვილი. მონაწილეები გამაფრთხილებინეს, რომ ტრენინგი გაგრძელდებოდა 9 საათიდან 18 საათამდე, მაგრამ რეალურად გააგრძელეს 20.00 საათამდე. ამ სიტუაციამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგს ბავშვი სკოლიდან ჰყავდა გამოსაყვანი და ზოგს – საბავშვო ბაღიდან. ამის გამო არა მარტო რამდენჯერმე ბოდიშის მოხდა მომიწია, არამედ იძულებული ვიყავი, გამეგზავნა მანქანა, რათა მათი დაუდევრობით გამოწვეული პრობლემები მომეგვარებინა.
გარდა ამ პრობლემისა, ტრენინგი მათი მხრიდან იყო ძალიან არაორგანიზებული და მოუმზადებელი. ყველაზე თვალში საცემად ჩანდა, რომ ნინო, პრაქტიკულად, კონფლიქტში იყო ტრენინგის მონაწილეებთან. ამასთან, ორივე იყო მოუმზადებელი (განსაკუთრებით არ იცოდნენ საკითხები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ახალ ცვლილებებს ეხებოდა), არ ჰქონდათ დღის წესრიგი, არ ფლობდნენ ტრენინგის ჩატარების ტექნიკას, არასწორად განმარტავდნენ გარკვეულ მასალას და ვერ ანაწილებდნენ დროს. რაც ყველაზე ცუდი იყო მთელ ამ პროცესში, თითქმის მუდმივად შანტაჟში ჰყავდათ მონაწილეები. გადმოსაცემი მასალის უცოდინარობის გამო ნინო ბიბილეიშვილი მონოტონურად, თითქმის გამუდმებით უმეორებდა მონაწილეებს, რომ იქნება მკაცრი ტესტირება და აღარ აიყვანენ მათ დამკვირვებლებლად. ვინაიდან არასწორად მიწოდებული მასალა მონაწილეებისთვის ტესტირების დროს პოტენციურ შეცდომებს გამოიწვევდა, რამდენიმე საკითხის დაზუსტება იქვე მოვთხოვე, რაც ძალიან არ ესიამოვნათ.
ტესტირებამდე მონაწილეებს უნდა შეესრულებინათ პრაქტიკული სამუშაო მესიჯების გაგზავნით. ეს პროცესი შედარებით სწრაფად გააკეთეს ახალგაზრდებმა,ზრდასრულებმა ცოტა მოგვიანებით. უნდა გენახათ, ამ სიტუაციის დროს რა ბედნიერი სახე ჰქონდა ნინო ბიბილეიშვილს, მან ხომ, როგორც მონაწილეები, ასევე კოორდინატორები „გამოგვიჭირა“: აი, თქვენი ხანდაზმული ქალები, თქვენი ასაკოვანი ქალები და სხვადასხვა დისკრიმინაციული გამონათქვამებით ამკობდა მონაწილეებს. ყველას გასაგონად არაერთგზის გვლანძღა და გვისაყვედურა. ხაშურელმა ქალბატონმა ვეღარ გაუძლო ასეთ სიძულვილზე დაფუძნებულ ეპითეტებს და ტირილით, დემონსტრაციულად დატოვა ტრენინგი. ჩემ მიერ მოყვენილ ორ ქალბატონს (რომლებიც ძალიან პატივსაცემ ადამიანებს წარმოადგენენ) დიდი სურვილი ჰქონდათ წასვლის, მაგრამ ჩემ გამო თავი შეიკავეს, რათა უარესი საჯარო ლანძღვისა და საყვედურის ობიექტი არ გავმხდარიყავი ნინოს მხრიდან.
მონაწილეებისთვის ცალკე გაოცების თემა იყო კვება. დაახლოებით 25 მონაწილისთვის ორგანიზატორებმა მოიტანეს 2 ზედმეტად უხარისხო ხაჭაპური (მონაწილეებმა ვერ შეჭამეს ხაჭაპური და, პრაქტიკულად, ნაგავში გადაყარეს), 100 გრამი სალათა, რამდენიმე ღვეზელი და 100 გრამი ორცხობილა. რაც შეეხება ორცხობილას, იმითვის, რომ ბევრი გამოჩენილიყო, ყავის შესვენების დროს რამდენჯერმე გადაჭრა იგი და დააქუცმაცა უთათმანო, შიშველი ხელით ჩემთვის უცნობმა დამხმარე პიროვნებამ. დაზუსტებით შემიძლია განვაცხადო, რომ მონაწილეთა ორდღიანი ტრენინგის 10-საათიან პერიოდში ნინო ბიბილეიშვილმა კვებისთვის პრაქტიკულად დახარჯა მაქსიმუმ 50 ლარი. ამის დაზუსტება მარტივად შეგიძლიათ, თუ გორის ტრენინგების პერიოდში ნინო ბიბილეიშვილის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებს შეადარებთ ჩემ მიერ ჩამოთვლილ მენიუს და გადაამოწმებთ სხვა კოორდინატორებთან და რამდენიმე ტრენინგის მონაწილესთან (ჩემი ვარაუდით, ასეთი კორუფციული პრაქტიკა მისთვის მახასიათებელია, არა მარტო გორში, არამედ სამცხე-ჯავახეთშიც). ასეთივე ვარაუდი გამოთქვა თითქმის ყველა მონაწილემ, მათ შორის, იმ მონაწილემაც, რომელიც ტრენინგს დაესწრო, როგორც გორში, ასევე თბილისში (თბილისის ტრენინგის ლანჩის მენიუ შესამჩნევად განსხვავდებოდაო გორის მენიუდან!).
ასეთივე საეჭვო და ბუნდოვანი გარემოება შეიქმნა სასტუმროსთან დაკავშირებით. ქარელიდან 5 მონაწილისთვის იყო სასტუმრო გათვალისწინებული. მოხდა ისე, რომ 1 მონაწილე, რომელიც საოლქოში უნდა დაკვირდებოდა არჩევნების პროცესსა და ტრენინგს უნდა დასწრებოდა თბილისში, აღარ დარჩა სასტუმროში, ასევე ოჯახური პირობების გამო აღარ დარჩა ერთი მონაწილეც. საერთო ჯამში, სასტუმროს მომსახურებით ქარელიდან ისარგებლა მხოლოდ 3-მა მონაწილემ და სამივე ნინოს გადაწყვეტილებით ერთ ნომერში განათავსეს. მე კი ნინომ ისტერიკა მომიწყო და მისაყვედურა, რომ სათავო ოფისმა 5 მონაწილეზე გადაიხადაო. გაკვირვებით ვუთხარი, – რატომ გადაახდევინეთ იმ მონაწილეებისთვის, რომლებსაც ამ სასტუმროს მომსახურებით არ უსარგებლიათ? მეორეც თუ მაინც 5 მონაწილის გადასახადს იხდიდით, რატომ განათასავსეთ 3 ერთ ნომერში? ამ კონტრკითხვაზე კი მართლაც სულ თავშეუკავებელი გახდა და ისეთი სახე ჰქონდა, ალბათ, რომ შეძლებოდა, იქვე დამხვრეტდა!!!
ამ ნაწილშიც ვიმედოვნებ, რომ ნინოს ჰქონდა პირადი ინტერესი. რადგან გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ ხშირად დამიჯავშნია როგორც ჩემი, ასევე ჩემი პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ნომრები, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ იმ ოდენობის თანხა გადაგვიხდია, რამდენის მომსახურებაც რეალურად გაწია სასტუმრომ. თუ ვინმე ამ სასტუმროში ზედმეტად იხდის თანხას ან არასწორად წარმართული მოლაპრაკების შედეგია, ან – პირადი კორუფციული ინტრესის.
ასეთივე ეჭვი გამოიწვევია ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირების ანაზღაურების საკითხმა. ნინომ მთხოვა, რომ ორი მანქანის მძღოლის საბუთები გადამეგზავნა, ვინაიდან 10 მონაწილის ტრანსპორტირებისთვის 2 მანქანა დაგჭირდებაო. შემდეგ მხოლოდ 1 მანქანის მომსახურების თანხა გადამიხადა ხელზე, თან ყოველგვარი ხელის მოწერისა და უწყისის გარეშე. სინამდვილეში, მე დამჭირდა არა მარტო 2 -ჯერ მაქანის გამოყენება, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მანქანა გავგზავნე 1 მონაწილის ბაღიდან და 1 მონაწილის სკოლიდან ბავშვების გამოსაყვანად. ამიტომ გთხოვთ, თქვენს ბუღალტერიაში ასევე გადაამოწმოთ, რა თანხაა გადახდილი ISFED-იდან ქარელიდან გორში ტრენინგის მონაწილეთა ტრანსპორტირებისთვის 2016 წლის სექტემბერში?
ნინო ბიბილეიშვილმა ძალიან არაკოლეგიალურად განმიცხადა და მისაყვედურა, რომ ჩემი მონაწილეების ტესტირების შედეგი იყო არადამაკმაყოფილებელი. ბუნებრვია, ვთხოვე ეჩვენებინა ტესტირების მასალები, რაზეც უარი განმიცხადა. ესეც დიდ უსამართლობად მიმაჩნია მისი მხრიდან, რადგან დემოკრატიული საზოგადოების ორგანიზაციაში ადამიანს საყვედურს ეუბნეობოდე, ლანძღავდე და არ აჩვენებდე ფაქტობრივ მასალას?! მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამკვირვებელთა ტესტირების შედეგი იყო გაცილებით კარგი და ამიტომ ვერ მაჩვენა. მეორეც, თუ ტესტირების შედეგი იყო არადამაკმაყოფილებელი, რატომ დაუშვა კომპრომისი, რატომ მოატყუა სათავო ოფისი ან თვითონ დამკვირვებლები?!
რამდენიმე დღის წინ მან ასევე მომწერა, რომ სათავო ოფისი თურმე ჩემი და ჩემი დამკვირვებლების საქმიანობით უკმაყოფილო ყოფილა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, როგორც ჩემი საქმიანობის ამსახველი მასლა და ასევე ჩემი დამკვირვებლების შესრულებული სამუშაო არის თქვენს ოფისში და გადაამოწმეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, ქარელის დამკვირვებელთა კოჰორტამ იმუშავა ძალიან წარმატებით, კარგად და ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ უსამართლო შეფასებას. მეტიც: ჩემმა დამკვირვებელმა გოჩაშვილმა კასპში არჩევნების მეორე ტურშიც იდამკვირვებლა და საკმაოდ წარმატებით (ჩემი დამკვირვებლის ჩანაცვლების ფაქტი რომ დამდგარიყო, რა დღეში ჩამაგდებდა, გაფიქრებც კი მზარავს).
აქ წარმოდგენილი და დასახელებული პრობლემების შესახებ მსურდა მესაუბრა ქალბატონ თამარ ბართაიასთან და მოვედი კიდეც თქვენს სათავო ოფისში, მაგრამ ქალბატონი თამარი დამხვდა პირბადით, რადგან ვირუსი ჰქონდა და ვერ შევძელი ამ ყველაფრის შესახებ საუბარი.
ჩემ მიერ აქ წარმოდგენილია ნინო ბიბილეიშვილის არაკომპეტენტურობის, არადემოკრატიულობისა და კორუმპირებულობის მხოლოდ რამდენიმე ისეთი ფაქტი, რომლის გადამოწმებაც მარტივია. მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ პრობლემა არის უფრო ღრმა და ინტრიგების შემოქმედი ეს ქალბატონი წარმოადგენს დიდ საფრთხეს, როგორც მის უშაუალო დაქვემდებარებაში მყოფი კოორდინატორების, ასევე ISFED-ის თანამშრომლებისა და ორგანიზაციის საზოგადოებრივი იმიჯისთვის. ამასთან, შეგნებულად არ ვასახელებ
არც ერთი კოორდინატორის მიმართ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებსაც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვიათ მისი არც საეჭვო, კორუფციულობასთან ასოცირებული სხვადასხვა ქმედება, არც უხეშობა და არც მათ მიმართ არსებული დამამცირებელი და დისკრიმინაციული მიდგომები. ვინაიდან კარგად ვიცნობ ნინო ბიბილეიშვილის ღვარძლიან და ბოროტ მუშაობის სტილს, მათ უარესს დღეში ჩააყენებს და უარესად შეურაცხყოფილს, უსამართლოდ გააშვებინებს ორგანიზაციის მენეჯმენტის გუნდს კოორდნატორობიდან (ზოგიერთისთვის ISFED-იდან მიღებული ეს ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია)“.
ამ წერილის არსებობას „სამართლიანი არჩევნები“ ვერანაირად უარყოფს. ამ ორგანიზაციის წევრებისგან ჩვენ სხვა საინტერესო დეტალებიც გავიგეთ. ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ ამ ორგანიზაციას ამჟამინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელმძღვანელობდა. ის არჩილ კბილაშვილისა და თამარ ჩუგოშვილის მეგობარია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის სახალხო დამცველად აირჩიეს.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, 2016 წელს ორგანიზაციის წევრებს 2016 წლის არჩევნების წინ მიეცათ მითითება, რომ არჩევნებზე ან საერთოდ არ დაეწერათ საჩევრები, ან თუ დაწერდნენ – მცირე რაოდენობით. ეს არჩევნები ნინო ლომჯარიამ ურიგოდ არ შეაფასა და მალევე გახდა სახალხო დამცველი. ეს ამბავი მაშინ მხოლოდ შალვა ნათელაშვილმა გააპროტესტა.
სკანდალში გახვეულ „სამართლიან არჩევნებს“ არც შიდა სამზარეულო აქვს მოწესრიგებული. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, იქ მომუშავე ადამიანები ერთმანეთის დამცირებაზეა არიან გადასულები. ამ ადამიანის განცხადებით, ხშირად საშინლად იძაბებოდა სიტუაცია და გამგეობის ერთ-ერთ სხდომაზე ერთხელ პატრულიც კი გამოიძახეს.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ სკანდალში გახვეული ელენე ნიჟარაძე ორგანიზაციაში ყველაზე წესიერი ადამიანია. მას არავინ არაფერს ეკითხება და გადაწყვეტილებას სხვები ღებულობენ.
შორენა მარსაგიშვილი