2011 წლიდან დაწყებული სამართლებრივი დავა, რომელიც დღემდე გრძელდება
საქმე ეხება თბილისში ცნობილი პიცერია „ფანტასტიკოს“ სკანდალს, რომლის დამფუძნებლები და 50%-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ ბავშვობის მეგობრები _ გიორგი რაუში და ბეგი გელენიძე. ყოფილი ბიზნესმენი ბეგი გელენიძე სააპელაციო სასამართლომ თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 10 წლით პატიმრობაში დატოვა.
მსჯავრდებულის ადვოკატი კახაბერ სოსელია „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ბეგი გელენიძეს პროკურატურა უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებებით ედავება. მისივე თქმით, შესაძლოა, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიკვეთოს მტკიცებულების შესაძლო გაყალბების თაობაზე:
_ იყო კომპანია, რომელსაც ორი მეწილე ჰყავდა: ერთი ბეგი გელენიძე და მეორე გიორგი რაუში. გამოძიების დაწყების საფუძველი გიორგი რაუშის მიერ დაწერილი განცხადება გახდა, თითქოს რაღაც დანაშუალი მოხდა. გამოძიება სრულიად სხვა მუხლით დაიწყო და შედეგი სრულიად სხვა მივიღეთ, რომელიც არანაირად არ ადასტურებს და ვერც დაადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უკანონო ქმედებას. ბეგი გელენიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, განაჩენი დამდგარია სააპელაციო სასამართლოში. განაჩენი გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში და, ჯერჯერობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცნობია.
გამოძიება 2011 წელს დაიწყო და ბეგი გელენიძეს 2015 წლის მაისში აკავებენ. მას ედავებიან და დამნაშავედ ცნობენ სამი მუხლით: თაღლითობა, ფულის გათეთრება და გადასახადებისგან თავის არიდება. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მხოლოდ და მხოლოდ, იმას ამტკიცებს, რომ ბეგი გელენიძის ყველა ქმედება კანონიერი იყო. საქმეში არსებული მტკიცებულებები, რასაც გამოძიება ეყრდნობა, შემდეგია: ბეგი გელენიძემ სასამართლოში სარჩელი სესხის ამოღებასთან დაკავშირებით შეიტანა, სამოქალაქო დავა მის პარტიონრთან მოიგო. ამის შემდეგ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ აღმასრულებელმა განკარგულება გასცა ქონების აუციონზე გატანასთან (იძულებით) დაკავშირებით. მესამე მტკიცებულებაა რეესტრის გადაწყვეტილება, რომ მან ახალი კომპანია დაარეგისტრირა. სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ თქვა, რომ გელენიძის მოთხოვნა კანონიერია და ეს მოთხოვნა მას უნდა დაუკმაყოფილდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია აღსრულების ფურცელი. იძულებითი აუქციონი კანონიერად ჩატარდა. აღმასრულებელმა ქონება აუქციონზე იძულებით გაიტანა და კონკრეტული ქონების ყიდვის უფლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა. აუქციონზე გატანილი ქონება ბეგი გელენიძის მეუღლემ შეიძინა, რომელსაც დამოუკიდებელი შემოსავალი ჰქონდა. შეძენილი ქონების საფუძველზე მან ახალი კომპანია დაარეგისტრირა და სწორედ ამ გარემოებას ედავება პროკურატურა. ამბობენ, რომ ეს თაღლითობაა, რაც აბსურდია.
_ მოსამართლე რით ხსნის ბეგი გელენიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს?
_ რეალურად ვერაფერს ხსნის, რაც განაჩენში წერია. მოსამართლე პროკურორის განმარტებებს იზიარებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რას ამბობს პროკურორი?! პროკურორი ამბობს, რომ სესხის ხელშეკრულება ფიქტიურია და აქამდე ეს ცნობილი არ იყო, რადგან მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო ამ ფაქტზე საუბარიო. პროკურორი გელენიძის ადვოკატსა და ბუღალტერზე მიანიშნებდა, რომლებიც პროკურორის ნათქვამს არ ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ სესხის ხელშეკრულება კანონიერი იყო და შესაბამისად ბუღალტერიაში კანონიერად გატარდა. თუ ბეგი გელენიძის მიერ ფულის გათეთრება იმით გამოიხატება, რომ მისმა მეუღლე რუსუდან ბერიაშვილმა ქონება იყიდა, თუ ეს აკრძალული იყო, ბუნებრივია, ის ვერ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას, ამის შესახებ აღმასრულებელს უნდა ეთქვა. ვერ ეტყოდა, რადგან მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა და მას კანონიერად ჰქონდა უფლება, აუქციონში მონაწილეობა მიეღო.
_ საქმეში ე. წ. შავი ჩანაწერების რვეული არსებობს, რომელიც რევიზიის დროს აღმოაჩინეს…
_ რევიზიის აქტი 2012 წლის ოქტომბერშია გაცემული და ჩვენებაც 2012 წლის 15 მარტს არის მიცემული. მათი ინფორმაციით, აღმოჩენილია 18 ცალი რვეული, რომელიც გადაეცა ინსპექტორს. ინსპექტორი ამბობს, რომ 15 მარტს რვეულები ხელწერილით ჩაიბარა, რომელიც შემდგომ ხელწერილითვე გადასცა პროკურორს. რეალურად მტკიცებულება იმისა, რომ მან მიიღო ან სხვას გადასცა, არ არსებობს. მინიმუმ, ეჭვს იწვევს, რამდენად კანონიერად მოხდა ე. წ. შავი ჩანაწერების _ რვეულების მოპოვება ან გადაცემა. საქმეში დეპარტამენტის უფროსის წერილიც დევს, რომელსაც ის საღამოს 20:52 წთ.-ზე აგზავნის ფინანსთა სამინისტროში რევიზიის დანიშვნასთან დაკავშირებით. გაუგებარია, როცა წერილის გაგზავნამდე რევიზიის ავტორი ამბობს, რომ მე ეს რვეულები სამუშაო საათებში წავიღეო. ყველაფერი ძალიან საეჭვო იყო და ამიტომ სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის შუამდგომლობით, პროკურატურიდან ინფორმაცია გამოვითხოვეთ, როდის შევიდა ორი პიროვნება პროკურატურაში 2012 წლის 15 მარტს? თუმცა პროკურატურამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აღასრულა, რაც ცალკე დანაშაულად მიიჩნევა. სასამართლო პროცესზე სამმართველოს უფროსი პროკურორის დაკითხვა მოვითხოვეთ, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემა. სანამ შუამდგომლობას დავაყენებდით, საქმის პროკურომა გიორგი მიქელაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის სამმართველოს უფროს პროკურორ ნათია გორგოძეს შეხვდა, რომელმაც მითხრა, ეს ინფორმაცია ჩემთან საერთოდ არ ინახება და ჩემგან რატომ ითხოვენო?! პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მოსამართლემ პროკურორს უსაყვედურა, რომ იმის ღირსად მაინც ჩაგეთვალეთ, ერთი წერილი მოგეწერათო. ნათია გორგოძის დაკითხვა მოვითხოვეთ, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ზოგადად ინახება და მათ შორის პროკურატურის სერვერზეცო. მან ასევე საქმის პროკურორზე განაცხადა, რომელიც ამბობდა, თითქოს მას შეხვდა და თქვა, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არც ერთ პროკურორთან არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ორივე პროკურორია, ერთი სამმართველოს უფროსი პროკურორია, მეორე _ რიგითი საქმის პროკურორი, რაც ნიშნავს, რომ ან მან მისცა სასამართლოს ცრუ ჩვენება, ან საქმის პროკურორმა მოატყუა მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა თითქმის სამი წელი გაგრძელდა: 2016 წლის მარტიდან _ 2018 წლის 26 დეკემბრამდე. პროცესები მაქსიმალურად გაიწელა, რათა ბეგი გელენიძეს მისი სიმართლე ვერ დაემტკიცებინა. ყველანაირი უკანონობა გამოიყენეს, რაც შეიძლებოდა ამ საქმის ირგვლივ გამოეყენებინათ. დავუშვათ, ბეგი გელენიძემ მართლა ჩაიდინა ეს დანაშაული, სასჯელი შესაბამისი უნდა იყოს. არ შეიძლება, ადამიანს იმაზე მეტი სასჯელი მიუსაჯო, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. 2012 წლის 28 დეკემბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ამნისტიის შესახებ კანონი გამოიცა: 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე, თუ სხვა მუხლები არ ეხება, სასჯელი უნდა შემცირებულიყო ერთი მეოთხედით. თუ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ არ გამოიტანა და ბეგი გენელიძეს ციხეში შვიდ წელიწადზე ერთი წამით მეტის გატარება მოუწევს, ეს უკვე დანაშაულად ჩაითვლება. მოსამართლეები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, დასაჭერები არიან. დღევანდელი მდგომარეობითაც უკანონოა ის გადაწყვეტილება, რაც გელენიძის მიმართ მიიღეს. ყველა ე. წ. მტკიცებულება პროკურატურას 2012 წელსაც ჰქონდა, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არ დაიჭირეს და არც ბრალი წაუყენებიათ. 3 წლის შემდეგ, 2015 წელს აკავებენ _ რატომ?! თუ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სამი წელი რატომ დასჭირდათ ეყურებინათ, რას გააკეთებდა გელენიძე? ძალიან ბევრი შეუსაბამობაა საქმეში მტკიცებულებებს შორის. შესაძლოა, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოკვეთოს მტკიცებულების შესაძლო გაყალბებაზე.
„ქრონიკა+“ ასევე ესაუბრა მსჯავრდებულის ძმას, ბესო გელენიძეს, რომელმაც იმ შესაძლო სამართლებრივ დარღვევებსა და უკანონო გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიღო:
_ ბ-ნო ბესო, მოგვიყევით შპს „ფანტასტიკოს“ სკანდალურ საქმეზე. რა მოხდა? ცნობილია, რომ თქვენი ძმა და გიორგი რაუში პიცერიის თანაბარი წილის მფლობელები იყვნენ…
_ თავიდან, 2006 წელს, ეს კომპანია მხოლოდ ჩემმა ძმამ დააფუძნა. „ფანტასტიკოს“ დაფუძნებამდე არსებობდა ინდმეწარმე „ბეგი გელენიძე“. აღნიშნულ პიცერიას ვაკეში ზუსტად ის ფართი ჰქონდა ნაქირავები, სადაც, მოგვიანებით, „ფანტასტიკო“ გაიხსნა. ჩემმა ძმა ბეგიმ თავისი ბავშვობის მეგობარი, გიორგი რაუში გერმანიიდან ჩამოიყვანა და პიცერიაში მზარეულად დააწყებინა მუშაობა. 9 თვის შემდეგ ფართის მფლობელმა ობიექტის გაყიდვა გადაწყვიტა. ვინაიდან პიცერია უკვე მუშაობდა, ჩვენს ინტერესებში შედიოდა, ეს ფართი შეგვეძინა, რისთვისაც საბანკო კრედიტი დაგვჭირდა. შესაბამისად, ინდმეწარმე „ბეგი გელენიძე“ შპს „ფანტასტიკოდ“ გადაკეთდა. პიცერიას ისედაც „ფანტასტიკო“ ერქვა და ბეგიმ გიორგის 50%-იანი წილი შესთავაზა.
_ ადვოკატმა იმ შესაძლო უკანონობაზე ისაუბრა, რაც თქვენი ძმის მიმართ ხორციელდება. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საქმესთან დაკავშირებით და შპს „ფანტასტიკოს“ სახელმწიფოს მიმართ 4 მილიონამდე ლარის ვალი რატომ დაუგროვდა?
_ ვალი „ფანტასტიკოს“ არ დაგროვებია სახელმწიფოს მიმართ, ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა. ჩემი ძმის პარტნიორი, გიორგი რაუში კი 1 მილიონს ითხოვდა. შეუძლებელია, სამ წელიწადში პიცერიამ 12 მილიონ ლარამდე ივაჭროს… გაუგონარი ზღაპრები მოიგონეს. ჩემი ძმა დარწმუნებული იყო მის სიმართლეში. არც აქტიურობდა, რადგან იცოდა და ამბობდა, რომ არაფერი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია. ჩვეულებრივ რამდენიმე მაგიდიან პიციერიას ფლობდა, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავდა. როდესაც ჩემი ძმის მიმართ გამოძიება დაიწყო, მან კერძო აუდიტი მოითხოვა. კერძო აუდიტმა შემოწმება ჩაატარა, ყველაფერი წესრიგში იყო. მხოლოდ 2000 ლარის გადახდაზე იყო საუბარი, რომელიც ჩემმა ძმამ მალევე გადაიხადა. ამის შემდეგ საგადასახადო შემოწმება ისევ ჩატარდა და დადასტურდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა მის კომპანიას არ უფიქსირდებოდა. როდესაც საუბარი დაიწყო რევიზიის მიერ თანხის დაკისრებაზე, რაღაც ასტრონომიულ თანხას ასახელებდნენ… პიცერიას, რეალურად, ამხელა ბრუნვა ვერ ექნებოდა… როცა ჩემი ძმა დააკავეს და ეს ე. წ. შავი ჩანაწერების რვეულები გადმოგვცეს, გავოცდი. საგამოძიებო ორგანოში საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი და დამოუკიდებლად მალევე გავარკვიე, რომ ეს რვეულები ფარსი იყო. რევიზორი ამბობს, რომ კომპანიამ შემოსავლები დამალა და რვეულში ჩაწერილი რაღაც გაურკვეველი ციფრებით მსჯელობს. თავად ამოვიღე ოფიციალურად გადახდილი კომუნალურები და აღმოჩნდა, რომ საერთოდ ახლოსაც კი არ მიდიოდა იმ თანხებთან, რაც იმ შავ რვეულში ეწერა. საბანკო გადარიცხვები, კომუნალურების, იჯარისა და ა. შ. გამოძიებას გადავეცი. ოფიციალურად გადახდილი თანხებისგან განსხვავება ძალიან დიდი იყო, რაც იმ შავ რვეულებში ეწერა. საბანკო გადარიცხვების მიხედვით, ოფიციალურად გვეწერა, რომ 15 რიცხვში გადახდილია 700 ლარი, ამ დროს რვეულში ეწერა არა 15 რიცხვი, არმედ 7 რიცხვი და საერთოდ სხვა თანხა… ჩანაწერებში ისეთი რაღაცები ეწერა, რომელიც ახლოსაც არ მიდიოდა პიცერიის საქმიანობასთან… ფაქტობრივად, ეს იყო ექსპრომტად გაკეთებული შავი ჩანაწერები, რომელიც გაგიკვირდებათ, და 7 თვეზე გახლდათ განაწილებული. შვიდივე რვეული ერთნაირი ყდით იყო, ერთნაირი კალმით დაწერილი, ჩანაწერებში ერთი და იგივე დღეები მეორდებოდა. პროკურატურას ელემენტარულს ვეკითხები: თუ ჩემი ძმა დამნაშავეა, სამოქალაქო საქმეშიც მოუხსნეს ყადაღა და საქმის წარმოება შეწყვიტეს, იმიტომ რომ არაფერი უკანონო არ ყოფილა… წარმოგიდგენიათ, 28 ლოტი იყო აუქციონზე გასაყიდად გატანილი, სადაც არც გვარი და არც სახელი ჩანს _ ვინ ყიდის და ამ 28 ლოტიდან, ჩემმა რძალმა რამდენი შეიძინა, დანარჩენი სხვებმა შეიძინეს და თუ ეს უკანონო ქმედება იყო, იმ სხვებს რატომ არ უშვებენ პასუხისგებაში? დავუშვათ, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაც ფიზიკურად გამორიცხულია… რატომ არ მისცეს ამ შემთხვევაში პასუხისგებაში აღმასრულებელი, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი რძალი, თუ შეთანხმებულად მოქმებდნენ?! აი, ეს არის გაუგებარი… რევიზიის აქტი, რომელზედაც დამოკიდებულები არიან, არაუფლებამოსილმა პირმა შეადგინა, შესაბამისად, მის მიერ გაცემული დოკუმენტი უკანონოა. ინსპექტორი პაპინაშვილი რევიზიის ჩატარების შემდეგ 2007 წლის საგადასახადო კოდექსს დაეყრდო და ამით ჩემი ძმის კომპანიას გადასახადები დაარიცხა. 2007 წლის საგადასახადო კოდექსით, რა მუხლებიც მან ახსენა, პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება ჩატარდეს შემოწმება უკვე ჩატარებულ პერიოდზე, თუ მოსამართლის ბრძანება არ იქნება. მოსამართლის ბრძანება არ ჰქონდა და მეორე მუხლში ასევე წერია: რევიზიის ჩატარება უნდა განახორციელოს საგადასახადო ორგანომ… ჩვენ შემოსავლების სამსახურს რამდენიმე წერილით მივმართეთ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პასუხი მოვიდა, სადაც დადასტურდა, რომ ფინანსთა სამინისტროს ინსპექტორი არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს. მას არ ჰქონდა რევიზიის ჩატარების უფლება და რომც ჰქონოდა, 2012 წელს მოსამართლის ბრძანება სჭირდებოდა. ახლა ყველაზე მთავარი პრობლემაა, თუკი სასამართლო გადაწყვეტლება მიიღებს, რომ ინსპექტორმა პაპინაშვილმა რევიზიის აქტი გასცა და ეს არის უკანონო, მარტო ჩემი ძმის საქმეზე კი არა, პაპინაშვილს რა აქტებიც გაუცია, ყველა უკანონოა. ეს არის პრობლემა და ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც პროკურორმა საპროცესო გარიგება შემოგვთავაზა. 3 400 000 ლარს ედავებოდნენ ჩემს ძმას და გვითხრეს, რომ ჩვენ არაფერს აღარ მოგთხოვთ, მაქსიმუმ, ერთ კვირაში გამოვუშვებთო… _ სანაცვლოდ რას ითხოვთ-მეთქი? _ 10 000 ლარი ბევრი ხომ არ იქნება, რომ გადაიხადოთო… გამეცინა და ვუთხარი, _ კაცს 10 წელი მიუსაჯეთ და პირველი ინსტანციის შემდეგ რა შეიცვალა? ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, მერე რა მოხდება-მეთქი? _ გარანტიას გაძლევთ, არაფერი მოხდებაო. ეს პროკურორი იყო მიქელაძე! ეჭვები უფრო გაგვიმძაფრდა, რომ რაღაც ვერ იყო ამ საქმეში. პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვეთ. თავდაპირველად მოსამართლემ დაგვიკმაყოფილა, მაგრამ სასაცილო იცით, რა იყო?! სამხარაულმა როდესაც საბუთების გადაგზავნა მოითხოვა, აღარ გადაუგზავნეს… სამხარაულმა კი მოიწერა, ამ საკითხზე ნამსჯელი გვაქვსო და მოგვწერეს, რომ ე. წ. შავი ჩანაწერები არ არის საგადასახადო დოკუმენტების ტვირთის მატარებელიო. წარმოუდგენელი უსამართლობა ხდება. ჩემი ძმის სიმამრის ბინა იმ მიზეზით დააყადაღეს, რომ თითქოს ფულის გათეთრების შედეგად იყო ნაყიდი. რეალურად, ეს ბინა 1972 წლის თებერვალს მიიღო და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დროს ჩემი ძმა დაბადებულიც არ იყო.
_ როგორ ფიქრობთ, ვისი ინტერესი უნდა იყოს თქვენი ძმის ციხეში უკანონოდ გამოკეტვა?
_ ამდენი წლის მანძილზე, ერთადერთი კითხვა გვიჩნდებოდა: ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი ძმის ციხეში ჩაჯდომა? ყველა ეს კითხვა და პასუხი მხოლოდ ერთი ადამიანისკენ მიდიოდა და ეს ადამიანი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
_ რატომ და რა ურთიერთობა ჰქონდა ოქიტაშვილს თქვენს ძმასთან?
_ ჩემს ძმას ქობულეთში ჰქონდა კლუბი „ბუმერანგი“. ამ საქმიანობაში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ოქიტაშვილი ჩვენი პარტნიორი იყო და ჩემს ძმასთან გაუგებრობა მოუვიდა. დათოს ევალებოდა ივენთების მოწყობა, სტუმრების ჩამოყვანა. იმაზე მეტ თანხას ითხოვდა, რა შემოსავალიც კლუბს არ უფიქსირდებოდა. ის თავად განკარგავდა ჰონორარებს, რომელსაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს უხდიდა. კოლოსალური თანხები მიჰქონდა სატელევიზიო სიუჟეტებზე და ა. შ.
მოკლედ, მათი თანამშრომლობა ვერ შედგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იგი ჩვენს ოჯახს ემუქრებოდა. ჩემი ძმის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებდა, ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით საზიზღრობებს ავრცელებდა, რომ ჩვენ ვიყავით მკვლელები, ყაჩაღები, ზონდერები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წარმომადგენლები. ოქიტაშვილს სასამართლოში ვუჩივლეთ და საქმეც მოვიგეთ. ის ყველაფერი ვერ დაადასტურა, რასაც ჩვენ წინააღმდეგ ჭორაობდა.
_ გიორგი რაუშსა და დათო ოქიტაშვილს დღეს რა საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ?
_ პიცერიაში ახლა წილობრივად როგორ არიან, არ ვიცი, მაგრამ გადასარევი ურთიერთობა აქვთ… მათი მიზანი მიღწეულია _ ჩემი ძმა ციხეშია! ოქიტაშვილი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, რომ არ გამოჩნდეს და დავალებებს ასრულებს. ამ ქვეყანაში არაფრის იმედი აღარ მაქვს, განხილვის პროცესი ისე გაწელეს, ჩემმა ძმამ შიმშილობა გამოაცხადა და მოსამართლეს უთხრა: აღარ მინდა არაფერი, უბრალოდ, მალე მორჩით საქმის განხილვასო. სამი წელი დავდიოდით, მაქსიმალურად წელავდნენ სხვადასხვა მიზეზით. გაგეცინებათ და რამდენჯერმე ჩემი ძმა ციხეში ვერ იპოვეს, სასამართლო მაგიტომ გადადეს. მოსამართლემ ერთხელ მომილოცა და მითხრა, თქვენი ძმა გაათავისუფლესო. ვკითხე, რატომ ამბობდა ამას და მითხრა: წერილი მაქვს, რომ ციხეში არ არის და გამოუშვესო. ასეთი კურიოზები ხშირად ხდებოდა. ერთხელ შეეშალათ და სხვა პიროვნება მოიყვანეს… ამდენი წელია, სამართლებრივი გზებით უშედეგოდ ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ელემენტარულად, ადამიანს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დიაბეტიკია, რამდენჯერმე მიმართა ადმინისტრაციას მისი ავადმყოფობის შესახებ და სანამ ინსულტი არ მოუვიდა ციხის პირობებში, ყურადღება არავინ მიაქცია. შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს და ისევ უკან დააბრუნეს. არანაირი წამალი იქ არ არსებობს, რომელიც ამ დიაგნოზს შველის, ჩვენ ვუგზავნით.
_ რას აპირებთ, თუ უზენაესმა სასამართლომ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღო?
_ თუ უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის უტყუარი მტკიცებულებები, რაც ჩემი ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებს, ველით, რომ სტრასბურგი იტყვის: არ შეიძლება, ადამიანი მხოლოდ იმის გამო გამოკეტონ ციხეში, რომ ვიღაცას მისი გარეთ ყოფნა არ სიამოვნებს.
ლევან ქემოკლიძე