„ჰუმანიზმის“ საფარქვეშ _ დასავლეთის რეაქცია ირანის ლიდერების ავიაკატასტროფაზე
მიხეილ ხაჩიძე
ირანის რამდენიმე ლიდერის ავიაკატასტროფამ _ სახელმწიფოსი, რომელიც ღიად უჭერს მხარს პუტინის რუსეთს და აწვდის მას იარაღს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ეხმარება ჰუსიტ ტერორისტებსა და „ჰეზბოლას“ ისრაელის წინააღმდეგ _ ბევრი ადამიანი დააფიქრა იმაზე, არის თუ არა რეალობის აღქმა დასავლელი პოლიტიკოსებისგან ადეკვატური?
მას შემდეგ, რაც თეირანმა ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდაცვალება, ევროპელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ირანელებისადმი სამძიმრის გამოხატვა, მათთან „სოლიდარობაც“ კი. შეერთებულმა შტატებმაც, მიუხედავად ირანის საზოგადო მტრული იმიჯისა, მიმართა პატივისცემის ჟესტებს პოლიტიკოსის მიმართ, რომელსაც მეტსახელად „თეირანის ჯალათს“ უწოდებენ და რომლის კისერზეც ათასობით ირანელის სიკვდილით დასჯაა. ამ ამბის შემდეგ გასაკვირი აღარ იქნება დასავლელი პოლიტიკოსების „თანაგრძნობის“ მოსმენა პუტინის სიკვდილის შემდეგაც კი.
„ჰიტლერის სიკვდილი“ ახალი სტილით
შესაძლებელია თუ არა წარმოვიდგინოთ, რომ 1945 წელს დასავლელმა ლიდერებმა სამძიმარი გამოუცხადეს გერმანიის ხალხს ადოლფ ჰიტლერის „ტრაგიკული სიკვდილის“ გამო? ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხი აშკარად უარყოფითია, მაგრამ რეალობა უფრო რთულია _ სწორედ ასეთი თანაგრძნობა გაუგზავნა გერმანელებს ირლანდიის მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა, ეამონ დე ვალერამ _ ამისთვის ის პირადად ეწვია მესამე რაიხის ელჩს დუბლინში 1945 წლის 2 მაისს _ ჰიტლერის მიერ თავის მოკვლიდან ორი დღის შემდეგ. გარდა ამისა, 3 მაისს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, დუგლას ჰაიდი, ეწვია ელჩს ნაცისტების ლიდერის ტრაგიკული გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოსახატავად.
ეს ეპიზოდი ირლანდიის ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყნის მრავალი პარტნიორის შეფასება არ შეცვლილა მისი პოლიტიკური შეცდომის გამო (ირლანდიამ ოფიციალურად შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი ომში, თანაც მან იმ ფაქტის იგნორირებაც კი მოახერხა, რომ ირლანდიის ტერიტორია და გემები არაერთხელ დაზარალდა ვერმახტის შეცდომით). რა თქმა უნდა, არცერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი დუბლინის მაგალითს… და ხუთ დღეში გერმანიამ ხელი მოაწერა უპირობო კაპიტულაციას.
ამ დრომდე ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ „ირლანდიური სირცხვილი“ დასავლურ ტრატეგიად გადაიქცეოდა. მაგრამ ვერტმფრენის ჩამოვარდნამ, რომელმაც შეიწირა ირანის ისლამური რესპუბლიკის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის, პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდულაჰიანი, აჩვენა სერიოზული პრობლემები. დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების უმრავლესობამ ნებაყოფლობით იკისრა 1945 წლის ირლანდიის როლი. დიახ, მართალია საუბარი არ არის პუტინზე, მაგრამ იბრაჰიმ რაისი არანაკლებ ტოქსიკური, ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ლიდერია, რომელიც პასუხისმგებელია თავის სამშობლოში ათასობით ადამიანის სიკვდილზე.
1980-იანი წლებიდან მას ეკავა გამორჩეული თანამდებობები ირანის სასამართლო სისტემაში და არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით პოლიტპატიმრისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების სიკვდილით დასჯაზე. მაშინაც მას ზედმეტსახელი „თეირანის ჯალათი“ ერქვა. ირანში მისი პრეზიდენტად ყოფნის პერიოდშიც ყველას კარგად ახსოვს მიტინგების ჩახშობა და სასტიკი დარბევები. რაისი, ნაწილობრივ, პასუხისმგებელია საზღვარგარეთ დაღუპულებზე, მათ შორის, უკრაინაში, რადგან ის პრეზიდენტია 2021 წლიდან და მხარს უჭერდა ირანის სამხედრო დახმარებას რუსეთის აგრესიულ ომში. თუმცა მისმა სიკვდილმა დაამტკიცა, რომ თანამედროვე ევროპელ პოლიტიკოსებს არ უჭირთ დაივიწყონ საერთაშორისო ლიდერის მიერ ჩადენილი დანაშაულები.
სოლიდარობა „თეირანის ჯალათს“
ალბათ, პირველი დასავლელი მაღალჩინოსანი, რომელმაც საკამათო განცხადება გააკეთა, იყო ევროკომისარი იანეს ლენარჩიჩი, რომელიც პასუხისმგებელია კრიზისების მართვასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. მისი განცხადება გაჩნდა კვირას, ანუ ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდაცვალების ოფიციალურ დადასტურებამდე _ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ თეირანმა, რომელმაც კატასტროფის ადგილი ვერ იპოვა, დახმარებისთვის ბრიუსელს მიმართა. „ირანის მოთხოვნით, ჩვენ ვააქტიურებთ Copernicus-ის რუკების სერვისს (სერვისი, რომელსაც შეუძლია სწრაფად უზრუნველყოს სატელიტური სურათების მოპოვება, _ რედ.) იმ შვეულმფრენის ავარიასთან დაკავშირებით, რომელზედაც, როგორც იტყობინებიან, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ“, _ თქვა მან და დაამატა ჰეშთეგი #EUSolidarity. სწორედ ამან გამოიწვია აღშფოთების ერთსულოვანი ტალღა ღამით კომისრის პოსტის გამო.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ბრიუსელში გამოეხმაურა ფაქტს, იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რომელმაც მთელი ევროკავშირის სახელით გამოთქვა თავისი „გულწრფელი მწუხარება“ თეირანის ჯალათის გარდაცვალების გამო. ამ ტვიტის ინდიკატორებმა აჩვენა, თუ რამდენად შეუსაბამო იყო მიშელის განცხადება რიგითი ევროპელების მოსაზრებებთან. მისი პოსტი მხოლოდ ათასმა ადამიანმა „მოიწონა“ და კრიტიკულმა კომენტარებმა ერთად ათეულობით ან თუნდაც ასჯერ მეტი მხარდაჭერა მოიკრიბა.
ამის შემდეგ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა, ირანის მოსახლეობას სამძიმარი გამოუცხადა. სხვა დასავლელმა ლიდერებმაც გაიმეორეს მსგავსი მანტრა „ხალხის“ შესახებ.
ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ ფაქტს, რომ გასულ კვირამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ გააკრიტიკეს ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება (რაისისა და ამირ-აბდულაჰიანის წარმომადგენლობით), რომ ის ავიწროვებს თავის ხალხს, ახორციელებს რეპრესიებს და სჯის დემოკრატიულ გამოვლინებებს. ავიაკატასტროფამ მათ განცხადებებში ამის ხსენების ადგილი კი აღარ დატოვა.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ 2022 წლამდე მსოფლიოს არ ჰქონდა გაგებული პუტინის რეჟიმის არსი და საფრთხე. 2022 წლიდან კი დემოკრატიამ დაინახა ტირანი პუტინის რეჟიმის რეალობა და სახე. მაგრამ, სამწუხაროდ, ირანის ისტორიაში პარტნიორების ქმედებების ფონზე, ცხადია, რომ საკითხი სხვაგვარადაა. და, ჯერჯერობით, ეჭვი არ არის, რომ პუტინის სიკვდილის შემდეგაც კი დასავლეთში ბევრი იქნება თანაგრძნობის გამოხატვის მსურველი იმ გაკვეთილების საპირისპიროდ, რაც მსოფლიოს, ჯერ კიდევ, 1945 წელს უნდა ესწავლა.
***
როგორც ცნობილია, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა 2024 წლის 19 მაისს ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში. Bელლ 212 (ამერიკული წარმოების) შვეულმფრენი ირანში ბრუნდებოდა აზერბაიჯანიდან, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საზეიმოდ მოინახულეს მდინარე არაქსზე აშენებული ორი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც გადის ამ სახელმწიფოებს შორის საზღვრის გასწვრივ. ვერტმფრენის დაბრუნებისას შეწყდა კომუნიკაცია საერო და რელიგიურ წარჩინებულებთან. მეორე დღეს დადასტურდა, რომ ის მთას შეეჯახა, ავარიას არავინ გადაურჩა. 30-საათიანი ძებნის შემდეგ ცხედრები იპოვეს. სამძიმარზე ჩავიდნენ ირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრიც კი მაშინ, როცა იქ არცერთი ევროპელი ლიდერი არ ჩასულა. თავად რუსეთიც კი მხოლოდ საპარლამენტო დელეგაციის დონეზე იყო წარმოდგენილი.