ჯო ბაიდენი: „შევეცდებით რუსეთს მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენოთ“
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მომაკვდინებელი სანქციების გამკაცრებას მიაღწიონ. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბაიდენმა პოროშენკოსთან, უკანასკნელ დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილა და პროცესს პრორუსული ძალის მიერ მართული უწოდა. ,,რუსეთი გაურბის მის წილ პასუხისმგებლობას, რომელიც მინსკის შეხვედრის დროს იქნა მიღწეული. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები გამკაცრდეს და კრემლის აგრესიას საბოლოოდ წერტილი დაესვას. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს მცდელობა იყოს უკანასკნელი და მომაკვდინებელი რუსეთის მიმართ“ ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა. შაბათს დილით, 24 იანვარს ,,გრადის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით, ქალაქ მორიუპოლის ცენტრი დაიბომბა, რამაც 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში ამბოხებულებს ადანაშაულებს. თუმცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები მკაცრად უარყოფენ ინციდენტთან რაიმე კავშირს. ეუთოს მისიის დამკვირვებლების დასკვნით, სარაკეტო გასროლა ქალაქის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილიდან განხორციელდა. აღნიშნულ ტერიტორიას პრორუსულად განწყობილი ძალები აკონტროლებენ.