ჯონდი ბაღათურია: „ბოკერიასა და სააკაშვილს ღალატი აერთიანებს“
ადრიან გაზაფხულზე, როცა კორონით ინფიცირებულების რაოდენობა დღე-ღამეში 7-8 კაცს არ აღემატებოდა, ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოზე მეტია, მაგრამ „ოცნება“ გვაიმედებს, რომ ჭმუნვისა და ღელვის საბაბი არ გვაქვს. ასეთი დამოკიდებულება „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთვის გაუგებარია.
რატომ ითხოვდა სააკაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას? რატომ უნდა დავუჯეროთ დავით ხიდაშელის ჩამოტანილ რუკებს? რატომ დუმდა ამდენი ხანი „ქართული ოცნება“ დავითგარეჯის თემაზე? რატომ არის პასუხისმგებელი ხელისუფლება იმაზე, რაც ახლა კორონავირუსთან დაკავშირებით ხდება? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ჯონდი ბაღათურია ესაუბრება:
_ ჯონდი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. არის ეჭვი, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას და ეს არჩევნებს უკავშირდება. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ შეთქმულებების თეორიების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომის შედეგია ვირუსის უკონტროლოდ გავრცელება.
_ კერძოდ, რა არის ხელისუფლების დანაშაული?
_ გაზაფხულზე მთავრობამ, მაშინ როცა მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა, ეკონომიკის აღმდგენლად გამოაცხადა ტურიზმი. იმ ქვეყნებთან გახსნა საზღვრები, რომლებიც წითელ ზონებად იყვნენ გამოცხადებული. მაგალითად გერმანიისა და საფრანგეთის მოყვანაც შეიძლება. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი დაკომპლექსებულები არიან, რომ ევროპული ვირუსიც კი კარგი ჰგონიათ.
_ არადა, კორონა სულაც არაა ევროპული, ეს ჩინური ჭირია.
_ კორონავირუსი ჩინურია, ამერიკული თუ აფრიკული, ჯერ კაციშვილმა არ იცის. საქართველოს ხელისუფლებას დააგვიანდა, მაგრამ სწორად მოიქცა, როცა საზღვრები დაკეტა. ამის წყალობით დღეში 7-8 შემთხვევაზე მეტი არ იყო. ამის ფონზე სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, როცა თქვა, რომ ტურიზმი აღადგენდა ჩვენს ეკონომიკას. ყველაზე მეტად ვირუსმა აჭარაში იფეთქა, სადაც ზაფხულში კონცერტი კონცერტზე ტარდებოდა. კონცერტებზე ეწყობოდა დისკოთეკები. ასეთ დროს ადამიანები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან, დახურული სივრცეა და უჰაერობაა.
_ პირბადეც არავის ეკეთა.
_ პირბადეებს ახლა არ იკეთებს ხალხი და ზაფხულში დისკოთეკაზე პირბადით ვინ იცეკვებდა? ამ გარემოებას არავინ მიაქცია ყურადღება და იფეთქა კიდეც კორონამ. ეს პირდაპირ მთავრობის კისერზეა.
_ თქვენი აზრით, საზღვრები რომ არ გაგვეხსნა, მსგავსი არ მოხდებოდა? უცხოეთიდან ტურისტები დიდი რაოდენობით არ შემოსულან.
_ საქმეც ეგ არის, რომ უცხოეთიდან ბევრი არავინ ჩამოსულა. ტურიზმის ეკონომიკური შედეგები ნულის ტოლი იყო, მაგრამ ჩამომსვლელთა მცირე რაოდენობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილიყო.
_ შიდა ტურიზმს არავითარი წვლილი არ მიუძღვის სიტუაციის აფეთქებაში?
_ როგორ არ მიუძღვის! ამდენი კონცერტი და ღამის კლუბების გახსნა არ შეიძლებოდა. ღამის კლუბებია ვირუსის გავრცელების მთავარი კერა. მთავრობა დღესაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
_ ახლა რანაირად უწყობს ხელს?
_ 19 ოქტომბერს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განახლდა. ეს იმ დროს, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. დაუშვებელია დახურულ სივრცეში 30-40 ადამიანის ჯდომა. იქიდან ერთსაც რომ ჰქონდეს კორონა, ყველას გადაედება. რა გადაწყვეტილებებს ღებულობს ეს ხელისუფლება, წარმოდგენა არ მაქვს.
_ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, თითქოს უნდათ, რომ ვირუსი გავრცელდეს.
_ არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არ მინდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება. არასერიოზულადაც კი ჟღერს იმის მტკიცება, რომ საარჩევნოდ ავრცელებენ ვირუსს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვირუსის გავრცელება მათი დანაშაულებრივი შეცდომის შედეგია. ვირუსის ასეთმა გავრცელებამ მოიტანა ისიც, რომ მთავრობამ ნდობა დაკარგა. „ქართულ ოცნებას“ ხალხი აღარ ენდობა. ეს ნორმლური რეაქციაა. როცა 7-8 შემთხვევა იყო დღეში, მანქანებით გადაადგილებაც კი აკრძალეს. ვნების კვირაში საერთოდ საშინელი რაღაცები გააკეთეს.
ჯოჯოხეთური ხმით აცხადებდნენ, ლიტანიობაზე არ წახვიდეთ, არ ეზიაროთო. ახლა დღეში რამდენიმე ათასი ინფიცირებულია და მშვიდად გვეუბნებიან, არჩევნები ჩატარდებაო. ასეთ დროს ადამიანი როგორღა უნდა გენდოს? აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი გამოაცხადეს, ხოლო როცა არჩევნები მოახლოვდა, სვეტიცხოვლობაზე წავიდნენ, ეკლესიაში უამრავი ადამიანი შეუშვეს. პირბადე თითქმის არავის ეკეთა.
ძალიან ცუდია, როცა ხელისუფლება ეშმაკად გადაიქცევა და შენს ტრადიციებს, რელიგიას და ისტორიას ებრძვის. აღდგომის წინ ძალიან ჩაიჭრნენ, მანამდე კარგად იქცეოდნენ, როგორც მორალურად, ასევე პროფესიონალურად, მაგრამ აღდგომის წინ ყველაფერი წყალში გადაყარეს. მაშინ დავწერე კიდეც სოციალურ ქსელში, რომ ამის გამო მთავრობა ნდობას დაკარგავდა. ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი. მართლა ფანტასტიკის სფეროდან არის, რომ კორონა ეკლესიებში ვრცელდება და ღამის კლუბებში _ არა.
_ გინდათ თქვათ, რომ ვიღაცებმა კორონა ეკლესიასთან საბრძოლველად გამოიყენეს?
_ ამის თქმა ძალიან არ მინდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ასეთი შთაბეჭდილება დარჩა. სხვა რა შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს, როცა შენი მთავრობა აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ გაგიშვებს? ძალიან არაკორექტული განცხადებები კეთდებოდა, მათი გახსენებაც კი არ მინდა.
_ რა განცხადებებზე საუბრობთ, პაატა იმნაძემ რომ გვითხრა, აღდგომის ღამეს ეკლესიებში თუ წავალთ, კუბოებს ვერ დავითვლითო?
_ ამ განცხადების ავტორი დღემდე ტელევიზიებში ზის და სულაც არ რცხვენია იმის გამო, რაც გააკეთა. ბოდიშიც არ მოუხდია.
_ 7-8 შემთხვევაზე ასე დაგვზაფრა და ახლა ძალიან მშვიდად საუბრობს.
_ ახლა იმიტომ არის მშვიდად, რომ არჩევნებია მოახლოებული.
ამათი წყალობით კატასტროფულად გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც ამ ვირუსის არსებობა არ სჯერა. იცით, რამდენი ადამიანი მეუბნება, რომ კორონის არ სჯერა. მე მჯერა, რომ კორონა არსებობს და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 1000-ს აჭარბებს. ამის მიუხედავად არ გამოვრიცხავ, რომ ციფრები ხელოვნურად იყოს გაზრდილი. ინფიცირებულთა რაოდენობის ხელოვნური გაზრდა აწყობს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“.
_ მაგალითად?
_ ეს მოსახლეობას დააპანიკებს და ბევრი არ წავა არჩევნებზე. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ აქვთ იმის საშუალება, რომ მომხრეების მობილიზება მოახდინონ. სხვა ხალხი სახლში დარჩება, ესენი თავის მომხრეებს მიიყვანენ და ძალაუფლებასაც თავად გადაინაწილებენ.
_ დღეს „ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობს დავითგარეჯის თემაზე. არადა, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის მანძილზე ეს მტკივნეული საკითხი არასდროს გახსენებიათ.
_ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მთელი ახალგაზრდობა და ეროვნული მოძრაობა დავდიოდით გარეჯაში. იქ სამხედრო პოლიგონი იყო მოწყობილი და მის გაუქმებას ვითხოვდით. არასდროს მდგარან აზერბაიჯანელები ქედს ზევით. არც ერთ აზერბაიჯანელ ჩინოვნიკს ყველაზე ბოროტ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა ის, რომ ოდესმე ქედს ზევით ამოსულიყვნენ. სამწუხაროდ, ის, რაც სიზმარშიც შეუძლებელი ჩანდა, 2007 წელს რეალობად იქცა. ჩვენს ტერიტორიაზე იდგნენ ყოველთვის აზერბაიჯანელები, მაგრამ ჩიჩხიტურის 200-300 მეტრის იქით, უფრო ახლოს არ მოდიოდნენ.
2007 წელს, როცა ქედზე პირველად ამოვიდნენ და აქ ამბავი ატყდა, გვეუბნებოდნენ, დემილიტაცია-დემარკაციის პროცესი მიდის და ვითარებას ნუ გავამწვავებთო. არც გამწვავებულა, რადგანაც აზერბაიჯანელები არავის უშლიდნენ ხელს და ვერც კი მიხვდებოდა კაცი, საერთოდ რატომ იდგნენ იქ. 2012 წელს იქ უკვე შეარაღებული მესაზღვრეები ჩადგნენ და მომლოცველები აღარ გაატარეს. მთელი 5 წელი ხომ ჩუმად იყვნენ და 2012 წელს გვითხრეს, ეს ჩვენი ტერიტორიაა და არ გიშვებთო.
როცა მომლოცველები არ გაატარეს, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტის წევრი ვიყავი. ეს რომ გავიგე, პარლამენტის სხდომაზე გავაკეთე განცხადება. ერთი ამბავი ატყდა, _ რა განცხადებებს აკეთებო?! კინაღამ ქვეყნის მტრად გამომაცხადეს. ამან ვერ გამაჩერა და „ქართული დასის“ ორგანიზებით დავითგარეჯისკენ მოვაწყვეთ მსვლელობა. ამ მსვლელობაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. ამის შესახებაც პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთე განცხადება. ისიც განვმარტე, თუ რატომ დავიწყე ეს პროცედურა. იმ დღეს, როცა აზერბაიჯანელებმა შეუზღუდეს ქართველებს გარეჯაში გადასვლის უფლება, სააკაშვილი დასასვენებლად გადაფრინდა იტალიაში და იქ იშოპინგა კიდევაც. ჩვენმა მომხრეებმა გადაიღეს, თუ როგორ ყიდულობდა ის ძვირადღირებულ საათს.
_ ეგ ცნობილი ფოტოა და მაგ დღეს თბილისში, ორთაჭალაში, წყალდიდობამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა.
_ წყალდიდობა დაემთხვა ამ ამბავს და ასე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. მინდა, ყველამ ნახოს ეს კადრები და მოისმინოს ის, რასაც „ნაციონალები“ მეუბნებიან. ისინი დაზეპირებული ფრაზებით საუბრობდნენ და რაზეც აპელირებდნენ, შემდეგში გააკეთეს კიდეც. თქვეს, _ ჩვენი სიზღვარი ყოველთვის ქედს ქვევით იყოო. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას ამბობდნენ. ისინი გარეჯაშიც კი არ იყვნენ ნამყოფი. ჩვენ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დავდიოდით და ვიცოდთ, რომ აზერბაიჯანელები არასდროს ამოდიოდნენ ქედზე.
ჩვენი მეზობლები ახალ ისტორიას წერენ და უნდათ, რომ ალბანური კულტურის მემკვიდრეებად გამოაცხადონ თავი. გასაგებია, რომ ისტორიის გალამაზება უნდათ, მაგრამ იმაზე არ გვიფიქრია, რა მოხდება, ერთ დღეს ჩვენ შორის ომი რომ დაიწყოს? ამათ ხელშია სტრატეგიული სიმაღლე. აზერბაიჯანი თუ ჩემი სტრატეგიული პარტნიორია, არ მესმის, რატომ ცდილობს ჩემი ტერიტორიების ხარჯზე რაღაც უპირატესობა მოიპოვოს? გარეჯი ჩვენთვის მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული არაა, ეს ადგილი ჩვენი სულიერებაა. ჯერ საერთოდ რატომ უნდა დათმო შენი მიწა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც დაჟინებით ითხოვს იმ ადგილს? ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას არ გამორიცხავენ. აბა, რატომ უნდათ ამ სტრატეგიული სიმაღლის ხელში ჩაგდება? წინა ხელისუფლება ამაში ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს ძალიან დაეხმარა.
_ გავიგეთ, რომ „ნაციონალებმა“ ცუდი საქმე ჩაიდინეს, მაგრამ რატომ დუმდა აქამდე „ქართული ოცნება“? მეცხრე წელი დაიწყო, რაც ხელისუფლების სათავეში არიან და ახლა გაახსენდათ გარეჯა?
_ ქართულ საზოგადოებაში დღეს ეს კითხვა ყველაზე აქტუალური უნდა იყოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალებმა“ ღალატი ჩაიდინეს, ყველას ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს, საჯაროდ მივითხოვე სააკაშვილის იმპიჩმენტი და მას ღალატში ვდებდი ბრალს. ინფორმაცია იმის შესახებაც არსებობდა, რომ მათ ამაში ფული ჰქონდათ აღებული.
_ ეგრე ბევრ ვინმეზე შეიძლება იმის თქმა, რომ ფული აიღო.
_ ამის დამამტკიცებელი მასალები მაქვს და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, თუ რა დივიდენდები მიიღეს „ნაციონალებმა“ სახელმწიფო ღალატში.
_ თუ შეგიძლიათ ამის თქმა, გვითხარით.
_ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ღალატის სანაცვლოდ „სოკარ-ჯორჯიაში“ მიიღეს წილები. საუბარია 43%-ზე. ამ აქციებს აკონტროლებდა ალეკო ხეთაგური, რომელიც „ნაციონალების“ დროს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი იყო. ეს ყველაფერი დუკუმენტურად არის დადასტურებული.
_ სადაც არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩაწერილი, რომ ამის და ამის გულისთვის აკონტროლებს აქციებს ალეკო ხეთაგური.
_ ამას ვინ ჩაწერდა, მაგრამ რისთვის არსებობს პროკურატურა? ამ ორგანომ უნდა გამოიკვლიოს, რა დამსახურებისთვის მიიღეს „ნაციონალებმა“ „სოკარ-ჯორჯიაში“ წილები. სააკაშვილი და ბოკერია ხომ ერთმანეთს ღრღნიან, მაგრამ როგორც კი გარეჯაზე მიდგება საქმე, ერთნაირი მესიჯბოქსებით საუბრობენ. მათ ღალატი და დანაშაული აერთიანებს. შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათლად ჩანს, რომ ისინი ღალატით მიღებულ ინვესტიციებს იცავენ.
_ თუ ეს ასეა, რატომ არაფერს ამბობს ამაზე „ქართული ოცნება“? „ოცნების“ ბევრი ლიდერი იმ დროს ბობოლა „ნაცი“ იყო და მათ გარეშე ეს საქმე არ ჩაივლიდა.
_ მეეჭვება, რომ არ სცოდნოდათ. თუ არ იცოდნენ, წაიკითხავენ „ქრონიკა+“-ს და გაიგებენ. მართალია, რესპონდენტი ვარ, მაგრამ ერთი კითხვის დასმის უფლება მეც მაქვს. ვეკითხები თქვენს მკითხველს, _ იმ კაცს არ ჰქვია საქართველოს მოღალატე, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო რუკებზე იტყვის, ყალბიაო? მოღალატეა, აბა, რა არის?
_ ჯონდი, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს რუკები ნაღდია და რაღაც ფალსიფიკაციასთან არ გვაქვს საქმე?
_ დაზუსტებით გეუბნებით, რომ ეს რუკები ნამდვილია. ეს რუკები ნამდვილიც რომ არ იყოს, როგორ შეიძლება ამაზე ყვირილი? ასეთი რამე ჩემთვის წარმოუდგენელია.
_ სიყალბეზე ვინმე თუ იტყვის, სიყალბეაო, ამაში წარმოუდგენელი რა არის?
_ წარმოუდგენელი ისაა, რომ ეს ქვეყანას აზიანებს. ეს რუკები ნამდვილიც რომ არ იყოს, შენ რატომ ყვირიხარ ამას? ეს იგივეა, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მისცე ჩვენება.
_ ბევრი ამბობს, რომ ეს რუკები საქართველოს უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააყენებს.
_ ტყუილია. ეს რუკა ჩემი თვალით მაქვს ნანახი და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს. აუცილებლად უნდა მოვითხოვო ამ რუკის გამოქვეყნება, რომ მსგავსი მოსაზრებები აღარ გაჩნდეს საზოგადოებაში. ეს რუკა საქართველოს არც ერთ მონაკვეთში არ შეუქმნის არახელსაყრელ ვითარებას. 1996 წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტებმა საინტერესო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ საზღვრის დადგენის დროს იმოქმედებდნენ 1938 წლის რუკებით. „ნაციონალები“ ამ რუკაზე ამბობენ, არალეგიტიმური და შემოგდებული დოკუმენტი არისო.
_ რა გარანტია გვაქვს, რომ ეს რუკა ნამდვილად 1938 წელს არის გამოცემული?
_ ამის გარკვევა ძნელი არ არის. ამ რუკაზე ნებისმიერს შეუძლია იმის დანახვა, რომ მის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბევრად შორს გადის, ვიდრე ჩიჩხიტურა და უდაბნოა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამ რუკასთან რაიმე კითხვები გაუჩნდეს ქართველ კაცს.
_ ამ რუკასთან დაკავშირებით ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა, ის შარშან ან თუნდაც ექვსი თვის წინ რომ გამოემზეურებინათ. არჩევნების წინ ამ რუკის აფრიალება და მისი გამოყენებით მთავარი ოპოზიციური ძალის ჩაძირვის მცდელობა საარჩევნო ხრიკს უფრო ჰგავს, ვიდრე ისტორული სამართლიანობის აღდგენის მცდელობას.
_ გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლებამ ეს დოკუმენტი შეგნებულად გამოიტანა არჩევნების წინ და უნდა, ამით მოწინააღმდეგის რეიტინგი დასწიოს, მაგრამ ეს ხომ რუკის ბრალი არაა და ეს მის მნიშვნელობას ვერანაირად დააკნინებს. ამას რუკით ჩრდილი რატომ უნდა მიადგეს?
_ ამ შემთხვევაში რუკაზე არავინ დაობს, საუბარია იმაზე, რატომ გამოიყენეს ახლა ეს დოკუმენტი?
_ ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს კითხვები, მაგრამ ვიმეორებ: რუკის მნიშვნელობას მისი გამოქვეყნების თარიღი ჩრდილს ვერ მიაყენებს. ხელისუფლება, ვთქვათ, საარჩევნო ხრიკს მიმართავს, მაგრამ დავითგარეჯასა და ქვეყანაზე ხომ უნდა ვიფიქროთ? მათ რა დაგვიშავეს? რატომ საუბრობენ, რომ ეს რუკები ყალბია? ასე არ შეიძლება. „ნაციონალების“ ამბავი გასაგებია, ღალატს ფარავენ, მაგრამ სხვებისგან მიკვირს.
_ ამ რუკის მიმართ ეჭვებს ხელისუფლების დამოკიდებულებაც აჩენს. თავიდან დიდი ზარზეიმი ატეხეს რუკის გამოჩენის გამო, მაგრამ ძალიან მალე მიავიწყდათ ეს თემა. გასულ კვირას თითქმის არ უხსენებიათ.
_ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამის გამო ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ და არა _ რუკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. „ნაციონალებმა“ რომ ღალატი ჩაიდინეს, ესეც უნდა ვთქვათ და იქვე არც ის დავმალოთ, რომ ეს ამბავი „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში ხმების მისაღებად გამოიყენა. ყველა მხარე უნდა ვამხილოთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ რუკაზე არალეგიტიმურიაო, არ ვთქვათ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს კანონიერი რუკაა. ამ რუკით შეგვიძლია იმის დამტკიცება, რომ დავითგარეჯა ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენია.
_ ამბობთ, რომ ეს რუკა ჩვენს სიმართლეს ამტკიცებსო, მაგრამ მივაღწევთ რამეს? რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს ამ რუკას ხელისუფლება? თუ ჩაივლის არჩევნები და რუკა აღარავის გაახსენდება?
_ 1996 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრებს 1938 წელს გამოცემული რუკის მიხედვით დაადგენს. ეს რუკა ჩვენს ხელთაა, სადაც ნათლად არის ასახული სახელმწიფო საზღვარი. ხელისუფლება რამდენად გამოიყენებს ამ რუკას? _ ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
საზოგადოებამ კეთილი ვინებოთ და თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. არ მივცეთ ხელისუფლებას იმის უფლება, რომ არჩევნების შემდეგ თემა ჩაიფარცხოს. მართლა რამის გაკეთებას თუ აპირებს ეს ხელისუფლება, ეს ამ კვირაში გამოჩნდება.
_ რა უნდა გამოჩნდეს ამ კვირაში?
_ მაინტერესებს, ამ თემაზე „ნაციონალების“ ლიდერებს თუ დაიბარებენ პროკურატურაში. რამდენადაც ვიცი, საგამოძიებო უწყებას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს. პროკურატურას მეც მივაწოდე საინტერესო ცნობები. ამ თემამ თუ აიწია, ე. ი. მართლა აინტერესებთ.
_ თუ მიჩქმალეს?
_ მაშინ გამოდის, რომ მართლა საარჩევნოდ უნდოდათ ამ თემის გამოყენება, მაგრამ რუკა სახეზეა და ამ საკითხს ვერავინ მიჩქმალავს.
შორენა მარსაგიშვილი