„ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზაა მათთან უფრო ახლოს: ევროპისკენ თუ რუსეთისკენ“

მიხეილ ხაჩიძე

უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა, მიხეილ სააკაშვილის ქეისი, უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება, კონტრშეტევა და სამომავლო გეგმები თუ მოლოდინები, _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა უკრაინის რადის დეპუტატთან, თავდაცვის კომიტეტის წევრ ეგორ ჩერნიევთან. ის ასევე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელია.

ოქტომბრის დასაწყისში რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაიხსნება: „რუსეთსა და აფხაზეთს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“, _ აღნიშნა სეპარატისტთა ლიდერმა. ასლან ბჟანიამ 19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავსს ქმედებებს უწოდა „მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
სეპარატისთა ლიდერის განცხადებამ ერთგვარი ვერსიები გააჩინა იმისა, რომ შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთი უკრაინისთვის პოზიციური სამიზნე გახდეს და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაზე იერიში მიიტანოს. როგორც „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის რადის დეპუტატი, ეგორ ჩერნიევი ამბობს, აფხაზეთი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა და „ამან შეიძლება გაგვირთულოს იქ ოპერაციების წარმოების საკითხი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიპოვით სწორ გამოსავალს“, _ განმარტავს იგი.
ამასთან, უკრაინელი პარლამენტარი სააკაშვილის ქეისზეც საუბრობს. როგორც ის ამბობს, სააკაშვილის განთავისუფლება გაცილებით რთულია მეომარი კიევიდან, ვიდრე მშვიდობიანი თბილისიდან: „მიხეილის გასათავისუფლებლად ამ საქმეში ქართველი ხალხის მხარდაჭერაც გვჭირდება“, _ აღნიშნავს ჩერნიევი.
რაც შეეხება საქართველოს ევროპული გზიდან რუსულ ორბიტაზე გადასვლას, რასაც ევროპარლამენტარები ამ ბოლო პერიოდში „ოცნების“ მთავრობაზე ხშირად აცხადებენ, უკრაინელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ყოველივე ქართველების გადასაწყვეტია. „ქართველი ხალხი“ ირჩევს და მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზაა მათთან უფრო ახლოს: ევროპისკენ თუ რუსეთისკენ“, _ გვეუბნება იგი.
პოლიტიკური მდგომარეობის პარალელურად, უკრაინის რადის დეპუტატი, თავდაცვის კომიტეტის წევრი ეგორ ჩერნიევი, ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზეც თამამად საუბრობს. იგი აცხადებს, რომ ვითარება პოზიტიურად მიდის: „საარტილერიო საფარქვეშ მცირე ქვეითი ჯგუფების დახმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ“, _ დასძენს ის.
„დღეს ჩვენ არ ვარღვევთ ფრონტს, არამედ ვღრღნით და ამას ვაკეთებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე შესაძლებელია ასეთ პირობებში. სხვადასხვა სამხედრო ექსპერტის აზრით, ჩვენ ვაკეთებთ პატარა სასწაულს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰაერში უპირატესობა არ გვაქვს“, _ გვეუბნება უკრაინელი.
ტექნიკა, რომელიც უკრაინას სჭირდება, რადას დეპუტატის თქმით, არის, „თამაშის ჩეინჯერი“ _ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე თვითმფრინავები, რომელიც უკრაინას ამ დრომდე საერთოდ არ მიეწოდება: „ჩვენ მოუთმენლად ველით ცვლილებებს ამ მიდგომებში უახლოეს მომავალში“, _ იმედოვნებს იგი.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს უკრაინის რადის დეპუტატ ეგორ ჩერნიევთან:

_ ბატონო ეგორ, რა ვითარებაა ახლა ფრონტზე, ზოგადად? ყოველდღიურად ვხედავთ ოკუპანტების დიდ დანაკარგებს, რაც გვახარებს, თუმცა უფრო სპეციფიკურად რომ აგვიხსნათ.
_ იმის გაცნობიერებით, რომ მტრის მრავალშრიანი თავდაცვის ერთი დარტყმით გარღვევა ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა, ტაქტიკა შევცვალეთ.
ახლა ჩვენი მიზანია რუსების საბრძოლო პოტენციალის განადგურება. ჩვენი პრიორიტეტია კონტრსაარტილერიო ომი, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის სისტემების, ასევე მისი ცოცხალი ძალის განადგურება.
საარტილერიო საფარქვეშ მცირე ქვეითი ჯგუფების დახმარებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ.
_ როგორ მიდის კონტრშეტევა? ითქვა, რომ შედარებით ნელია. ამ შეფასებას როგორ განმარტავთ?
_ შეფასება იმისა, არის თუ არა კონტრშეტევა ნელი თუ სწრაფი, არ უნდა გაკეთდეს აბსტრაქტული შეგრძნებებიდან, არამედ იმ პირობებიდან გამომდინარე, სადაც იგი რეალურად ხორციელდება.
წინ გადაშლილი გქონდეს ღია გზა ერთია, მაგრამ როცა შენს თვალწინ არის ნაღმები, თხრილები და აურაცხელი სანგარი მრავალი კილომეტრის სიღრმეში, ეს სულ სხვაა.
დღეს ჩვენ არ ვარღვევთ ფრონტს, არამედ ვღრღნით და ამას ვაკეთებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე შესაძლებელია ასეთ პირობებში. სხვადასხვა სამხედრო ექსპერტის აზრით, ჩვენ ვაკეთებთ პატარა სასწაულს, იმის გათვალისწინებით, რომ ჰაერში უპირატესობა არ გვაქვს.
_ სად არის ახლა ყველაზე მწვავე წერტილები და რით გამოიხატება ის?
_ ცხელი წერტილები არ იცვლება და განპირობებულია კონფლიქტის გეოგრაფიით. ჩვენ ვუტევთ სამხრეთით და ბახმუტის მახლობლად, რუსები კუპიანსკისა და ავდიივკას მიმართულებით გვიტევენ.
_ როდის უნდა ველოდოთ უფრო მასშტაბურ შედეგებს უკრაინის მხარეს?
_ ჩვენი შედეგები დამოკიდებულია ჩვენს სამხედრო პოტენციალზე. როდესაც იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება გაიზრდება და წარმატებული შეტევისთვის დაკარგული ელემენტები, როგორიცაა თვითმფრინავები და რაკეტები, მოგვეწოდება, ჩვენი წარმატებები უფრო დიდი და მასშტაბური იქნება.
_ რა ტექნიკის საჭიროება აქვს ახლა უკრაინას, რა სჭირდება მას ყველაზე მეტად ომისთვის და რას შეცვლის ამ დანაკლისის შევსება?
_ ყველა აღჭურვილობა, რომელიც გვჭირდება, შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: პირველი არის პარიტეტისა და ფრონტის სტაბილურობის შენარჩუნება, ეს არის არტილერია და საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
მეორე არის ის, რომელსაც შეუძლია შეცვალოს შანსები ჩვენ სასარგებლოდ და გახდეს „თამაშის ჩეინჯერი“. ეს არის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და თანამედროვე თვითმფრინავები.
პირველს შეზღუდულად გვაძლევენ, მეორე საერთოდ არ არის მოწოდებული. ჩვენ მოუთმენლად ველით ცვლილებებს ამ მიდგომებში უახლოეს მომავალში.
_ ახლა კი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე უნდა გკითხოთ, _ როგორია ის დღეს? ვგულისხმობ პოლიტიკურ ურთიერთობას.
_ ჩვენ ვყოფთ საქართველოს ხალხსა და ხელისუფლებას. ჩვენ საუკეთესო და თბილი ურთიერთობა გვაქვს ქართველ ხალხთან. მთავრობასთან კი ვისურვებდი, რომ უკეთესი იყოს.
_ ქართველების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, უმეტესობა, ცალსახად უკრაინისკენაა და უკრაინის გამარჯვებას ჩვენს გამარჯვებადაც აღვიქვამთ. რას შეცვლის უკრაინის გამარჯვება საქართველოს რეალობაში, თუნდაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს ორ რეგიონთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით?
_ უკრაინის გამარჯვება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის მცირე ფანჯარა გახსნას. თუმცა ეს იმ პირობით მოხდება, რომ თავად რუსეთში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარება მათ რეაგირების საშუალებას არ მისცემს.
_ ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა თქვეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, შეიძლება რუსული სამხედრო ბაზა განთავსდეს. ეს ხომ არ იქნება უკრაინისთვის პოტენციური სამიზნე?
_ აფხაზეთის რეგიონი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა და ამან შეიძლება გაგვირთულოს იქ ოპერაციების წარმოება. თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიპოვით სწორ გამოსავალს.
_ მიხეილ სააკაშვილზეც გკითხავთ, _ მისი პატიმრობა უკრაინამ არაერთხელ დაგმო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი პირადადაც. ეს ვითარება, სავარაუდოდ, ორ ქვეყანას შორის ძალიან ცუდად ისახება პოლიტიკურად. თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ უკრაინულ საზოგადოებაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბევრი საკითხის შესახებ იწვევს გაკვირვებასა და სინანულს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზედაც. თუმცა ეს ქართველი ხალხის შიდა საქმეა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებზე ხმა მისცეს იმ ხელისუფლებას, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
_ უკრაინა ცდილობს რამე გზებით სააკაშვილის, როგორც თავისი მოქალაქის, დახსნას?
_ ჩვენი დიპლომატია მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სააკაშვილის განთავისუფლება გაცილებით რთულია ომში მყოფი კიევიდან, ვიდრე მშვიდობიანი თბილისიდან. მიხეილის გასათავისუფლებლად ამ საქმეში ქართველი ხალხის მხარდაჭერაც გვჭირდება.
_ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს შორდება და რუსულ ორბიტაზე მიდის, ევროკავშირის მომავალიც კი ბუნდოვანია, რას ფიქრობთ ამ კუთხით?
_ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, როგორც ჩვენი უახლოესი მეგობრისა და მოკავშირის. კერძოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საერთო მომავლის რწმენას ევროკავშირსა და ნატოში. თუმცა ხელისუფლებას ქართველი ხალხი ირჩევს და მხოლოდ მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზაა მათთან უფრო ახლოს: ევროპისკენ თუ რუსეთისკენ.
_ რას ურჩევთ ქართველ ხალხს? რა რეკომენდაციები გექნებათ?
_ ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია, რომელსაც მშვენივრად ესმის ყველაფერი _ მას არავის რეკომენდაციები არ სჭირდება. მჯერა, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.