ხატია სიჭინავა: „მეტი არ მინდა, აცრა დამაძალონ! მიიღებენ უკან ძალადობას!“

საერთოდ არ ვარ შეშინებული და არ მგონია, რომ თუ კოვიდი შემხვდა, რამე განსაკუთრებული საფრთხე მელის. აქედან გამომდინარე, არც სტრესი მაქვს და არც მის ფონზე გამოწვეული შეტევა“, – განუცხადა ტელეწამყვანმა ხატია სიჭინავამ „ქრონიკა+“-ს.

მისივე თქმით, ვაქცინას უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ემსხვერპლა და ამიტომ ამ ეტაპზე არ აპირებს არანაირი ვაქცინის გაკეთებას.  

„ერთი წელი სრულდება, რაც ვირუსი არსებობს. შესაბამისად, ვაქცინა შეიქმნა თვეებია. მის ირგვლივ კი უკვე უამრავი ინფორმაცია ტრიალებს, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური. ოფიციალური ინფორმაციით (და არა ქართველი ეპიდემიოლოგების მწირი ხედვით, რომლებიც ასევე ჯანმოზე არიან დამოკიდებულები, რადგან საკუთარი აზრი არ გააჩნიათ), უკვე უამრავი ადამიანი ემსხვერპლა ამ ვაქცინას და კიდევ უფრო მეტი გვერდითი მოვლენა გამოიწვია (ბელის დამბლა, ანაფილაქსური შოკი); არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვებში გამოიწვევს სტერილიზაციას, ანუ მათ არასდროს ეყოლებათ შვილები. ასეც და ისეც არსად მეჩქარება. ვინც რიგშია და სულმოუთქმელად ელოდება ვაქცინას, ჩემი დიდი ოჯახის წილსაც მათ ვჩუქნი. გავა წლები, რაც აუცილებელია ვაქცინის გამოსაცდელად და მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები მის უსაფრთხოებაში, ვიფიქრებ, მჭირდება თუ არა მისი გაკეთება. ფაქტია, რომ ადამიანები ისე გამოაშტერეს ამ შიშით და პარანოიით, ჯერ გრიპის ყველანაირი სიმპტომი გააქრეს და კოვიდად გადააკეთეს, ახლა ენტეროვირუსს მიადგნენ. ყველა შემთხვევაში მკურნალობა მიმდინარეობს როგორც ადრე ვმკურნალობდით ან, უკეთესს შემთხვევაში, უწამლოდ, ცხელი ჩაით. მაგრამ შეშინებული ადამიანი ყველაფერს ადვილად იჯერებს. ფსიქოლოგიური სტრესი  კი  ბევრად სახიფათო დაავადებებს იწვევს, ვიდრე ეს 37 სიცხეა. ყველას ერთნაირი ფსიქიკა, უბრალოდ, არ აქვს“, – განაცხადა სიჭინავამ.

კითხვაზე, რას გააკეთებს მაშინ, თუ სავალდებულო გახდა ვაქცინის გაკეთება, ჟურნალისტი გვპასუხობს, რომ ძალით ვაქცინას ვერავინ გაუკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობითვე უპასუხებს.

„მე მარტო არ ვარ და ძალიან ბევრი იზიარებს ჩემს აზრს. მეტი არ მინდა, რამე დამაძალონ! ძალით მკურნალობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ გამიგია და არც მივიღებ! მიიღებენ უკან ძალადობას! რადგან ძალადობა  ერთმხრივი არ არის და ხალხსაც საკმაოდ დიდი ძალა აქვს! ისიც ეყოფათ, მომავალი თაობის დაღუპვა რომ ჯერჯერობით დედის რძესავით ერგებათ! თუმცა მაგაზეც აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი! კბილი კბილის წილ! კოჰაბიტაციას არ ვაპირებთ ჩვენი თავისუფლების უკანონო შემხებლებთან! როგორც მოითხოვს სიტუაცია, ისე ვიმოქმედებთ“, – განაცხადა „ქრონიკა+“-სთან ხატია სიჭინავამ.

გიორგი საკარული