ხათუნა ლაგაზიძე: „ქართული ოცნება“ კედელთანაა მიყენებული!“
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რას გადაწყვეტს ქართველი ამომრჩეველი 31 ოქტომბერს.
ერთი რამ ცხადია და საზოგადოების დიდი ნაწილიც თანხმდება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველანაირი რესურსი ამოწურა. მოსახლეობა ცვლილებებს ითხოვს, თუმცა აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ ვინ იქნება მოქმედი მმართველი გუნდის ალტერნატივა?
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „უკეთესი უამრავია ოპოზიციურ სპექტრში“.
რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვდგავართ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე? რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:
_ რა გვიჩვენა ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის ფაქტმა? რაზე მიანიშნებს ის, რომ თავდასხმიდან მალევე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მძევლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა დაიწყეს?
_ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობას თუ ცალკე განვიხილავთ, როგორც ერთ მოვლენას, მართლაც გასაგებია „ქოცების“ რიტორიკა, რომ მსგავსი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება… მაგრამ ჩვენ ამ მოვლენას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ, დანაშაულებების იმ საერთო ჯაჭვში, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველდღე ვხედავთ, 22-23 ოქტომბერი მხოლოდ ამის ერთგვარი აპოგეა იყო, როდესაც ერთი დღის მანძილზე რამდენიმე ობიექტის ძარცვის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის პირდაპირი გამოძახილი, ანუ პირველი შედეგი, რაც დამნაშავის დაუსჯელობას მოჰყვება. ცუდი მაგალითი დომინოს პრინციპით გავრცელდება საქართველოში და კრიმინალის კიდევ უფრო მეტ აღზევებას მოიტანს. მეორე, რაც ამ ტერაქტმა გვიჩვენა, ეს გაცილებით უფრო სახიფათო და მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე აიხია სახე, როცა მძევლების სეგრეგაცია დაიწყო პარტიული პრინციპით. ხელისუფლების თვალში იმ მძევლის ადგილზე ვართ ყველანი, არა მხოლოდ ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, არამედ საქართველოს ყველა განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქე, ვინც „ქართულ ოცნებას“ არ ემსახურება პამპერსის როლში. ასეთი მოქალაქეები, დაახლოებით, 70% არიან. როცა ხელისუფლება ეცადა, ამ ყველაფერში დამნაშავედ ოპოზიცია გამოეყვანა და ხელი შეეხოცა მისთვის, ამის ორკესტირებულ მცდელობას მთელი 8 საათის განმავლობაში ვხედავდით, მათ შორის, „ფეისბუქზე“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბოტებისა თუ ტროლების აქტივობებით. ამით ხელისუფლებამ საკუთარი თავი საქართველოს საზოგადოების 70%-ის მიღმა დააყენა. მათ გვითხრეს, რომ კრიტიკულ სიტუაციებში უარს ამბობენ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე, რომ დაიცვან საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე ვხედავდით, რომ „ოცნებამ“ საკუთარი ნებით ჩატეხა ხიდები საზოგადოებასთან, მაგრამ ახლა დავინახეთ, რომ ამ ხიდების ჩატეხვის პარალელურად, საზოგადოების 70% „ქართულმა ოცნებამ“ მტრად გამოაცხადა. იმ დღეს ზუგდიდში სიტუაცია რომ დაძაბულიყო და ასე მშვიდობიანად არ დასრულებულიყო, არ ვარ დარწმუნებული, „ქართული ოცნება“ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს გადაარჩენდა თუ არა. ამიტომაც ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ შევცვალოთ ის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ და ღიად გვეუბნება, _ ასეთ სიტუაციებში დაგიცავთ კი არა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ შეგახოცოთ ხელი და დამნაშავეებად გამოგიყვანოთ. ამიტომ ჩვენ იძულებულები ვართ, 31 ოქტომბერს წავიდეთ არჩევნებზე, შევცვალოთ ეს ხელისუფლება და მოვიყვანოთ ისეთი კოალიცია, რომელიც ჩვენ წინაშე აღებულ ვალდებულებებს დაიცავს. „ქართულმა ოცნებამ“ ამით ხარაკირი გაიკეთა, არა მხოლოდ საზოგადოების თვალში და ქვეყნის შიგნით, არამედ ბოლომდე გააკვირვა დასავლეთი. რომელი ქვეყნის ჭკუათმყოფელი ხელისუფლება დაუშვებს იმას, რომ ღიად, მისი ერთ-ერთი ტვინგაყინული სპიკერის სახით გამოვიდეს და თქვას, რომ მე არ ვარ კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეების ხელისუფლება და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, მზად ვარ, ხელი შევახოცო საქართველოს ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას?! ფაქტობრივად, ეს თქვა მამუკა მდინარაძემ და ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება გაგანია ტერაქტის დროს შეთქმულებას აწყობდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მართლა ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამათი სიბეცე და სიბრიყვე თუ ამ ზომამდე მივიდოდა, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე 10 დღით ადრე, იმ დროს, როცა ბანკში ყაჩაღია შესული და მძევლები ჰყავს აყვანილი, დაიწყებდა შეთქმულებების ინიცირებას საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ, ვერაფრით ვიფიქრებდი. საბედნიეროდ, ეს შეთქმულება ჩავარდა, მაგრამ ეს შედეგობრივად არაფერს ცვლის. ამით „ქართულმა ოცნებამ“ განუკურნებელი დიაგნოზი დაუსვა საკუთარ თავს და ხელიც მოაწერა მას. ასევე ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კედელთანაა მიყენებული. ასეთი ხელისუფლება ჩვენნაირი ტიპის _ ნახევრად ავტორიტარ სახელმწიფოებში _ ძალიან საშიშია, რადგან ამაზე დიდი სისულელეები შეიძლება გააკეთოს არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში. ამიტომაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად. ველოდები, რომ უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ დიდ სიბინძურეებს ამოაგდებს და საზოგადოება, მედია, პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მაქსიმალურად მობილიზებული, რომ ამ სიბინძურემ არ მოახერხოს უკანმოუხედავად დაკარგული ხელისუფლების „ქართული ოცნებისთვის“ ნაწილობრივ მაინც დაბრუნება. ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების მოგების შანსი განულდა. თუმცა „ოცნება“ არ შეეგუება ამ რეალობას და ეცდება, არჩევნების ბოლო კვირას კიდევ უფრო ღრმა სიბინძურეები ამოიტანოს ზედაპირზე ოპოზიციის დისკრედიტების მიზნით. არჩევნების შედეგები რეალურად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სახის მასალებს ან პროვოკაციას ვიხილავთ. რას დაუპირისპირებს მათ ოპოზიცია და რამდენად მდგრადი იქნება საზოგადოება უკვე ჩვეული ფეიკ-სიბინძურეებისა და ხელისუფლების პროვოკაციების მიმართ? გარდა ამისა, „ოცნებამ“ უკანმოუხედავად დაკარგა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმები, რომელსაც კბილის წაკწაკით შეჰყურებდა, ერთი მხრივ, ხელისუფლება, მეორე მხრივ კი _ ოპოზიცია. მათ დაინახეს მმართველი გუნდის უსუსურობა. დაინახეს ისიც, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნე საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ შეთქმულებების პროვოცირებას გეგმავდა და კრიტიკულ სიტუაციებში საზოგადოებას პარტიული ნიშნით ჰყოფდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე არ არის საუბარი, ამ ხელისუფლებისთვის თანაბრად მიუღებელია ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე მოქალაქე.
_ რამდენად იაზრებს მმართველი გუნდი შექმნილ რეალობას და როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა მას რესურსი, რომ ახლა მაინც იმოქმედოს ადეკვატურად?
_ მთლად ისეთი წყალწაღებულებიც არ არიან, რომ რეალობა ვერ დაინახონ. ისინი ხედავენ შექმნილ რეალობას, ამიტომაც ველი მათგან მორიგ სიბინძურეს, რომელსაც არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვიხილავთ. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ის, რაზედაც უკვე ვრცლად ვისაუბრე და 31 ოქტომბერს უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
_ „ქართული ოცნება“ კი ცდილობდა ბანკზე თავდასხმიდან პირველივე საათებში მძევლების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას და რაღაცნაირად „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერდა ხელს, მაგრამ გაჩნდა მოსაზრება, თავად ხელისუფლებამ ხომ არ მოაწყო ეს თავდასხმა, თუნდაც იმიტომ, რომ ზუგდიდში დაგეგმილი გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური აქცია გადაეფარათ და, პარალელურად, პროვოკაცია მოეწყოთ ნიკა გვარამიასთვის, რომელსაც მძევალი თავდამსხმელის მოთხოვნით უკავშირდებოდა? თან სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელის დაჭერა შესაძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლებას აწყობდა თავდასხმის ასე ინსცენირება?
_ არ შემიძლია, ამ ლოგიკას გავყვე, მაგრამ ერთ რამეს დაბეჯითებით გეტყვით: როცა საზოგადოების ერთი ნაწილი უშვებს, რომ მსგავსი ტიპის ძარცვა, ყაჩაღობა, ტერაქტის მცდელობა თავად ხელისუფლებამ დადგა, იმ ხელისუფლების საქმე, უბრალოდ, წასულია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელშიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არ შედიან, უშვებს იმის ალბათობას, რომ მას ჰყავს ტერორისტი ხელისუფლება?! ეს მოიმკო „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში, ეს არის აქ მთავარი და არა ის, იდგა თუ არა ამ თავდასხმის უკან „ქართული ოცნება“. ხალხის გარკვეულ ნაწილს ხომ სჯერა, რომ ამის უკან შეიძლება, ხელისუფლება მდგარიყო. ვფიქრობ, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად აუცილებლად დააკავებენ ვიღაცას: ზუგდიდის ტერაქტში რეალურ დამნაშავეს თუ ვერ დაიჭერენ, ვიღაცას აიძულებენ საკუთარ თავზე დანაშაულის აღებას. სხვა გამოსავალი „ოცნებას“ არ აქვს. თუ „ოცნება“ ფეიქდამნაშავეს შემოგვთავაზებს, ამის ამოცნობა არ იქნება რთული, რადგან რეალური დამნაშავე მართალია ნიღბით, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, მას მკაფიოდ და დიდხანს უჩანდა თვალები. ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ ასეთი ფერის თვალები არ მინახავსო. არ არის გამორიცხული, ლინზები კეთებოდა, მაგრამ მაინც მისი იდენტიფიცირება თვალის ჭრილითა და ფორმით შესაძლებელი იქნება. ამიტომ როცა „ოცნება“ დამნაშავეს შემოგვთავაზებს, მისი ფეიკობის გარკვევა, დიდწილად, მედიაზე იქნება დამოკიდებული.
_ არჩევნებამდე, სულ რაღაც, 1 კვირა რჩება. ვხედავთ, რომ სახელისუფლებო მედიის დაკვეთით ჩატარებული კვლევები რადიკალურად განსხვავდება ოპოზიციური მედიის კვლევებისგან. რისი თქმა შეგვიძლია ამ კვლევების მიხედვით და როგორ შეცვლის მაჩვენებლებს ზუგდიდში მომხდარი ფაქტი?
_ „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს არ ვეცნობი, აზრს ვერ ვხედავ. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ეთერებში ვხედავთ, წვდომა გვაქვს კვლევების ნედლ მასალასთანაც. დაახლოებით ორი კვირის წინ, სანამ ზუგდიდის ფაქტი მოხდებოდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35%-ს არ სცდებოდა, ასევე მაღალი იყო ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის პროცენტიც. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არათუ ვერ გადასცდება 35%-ს, საგრძნობლად დაიკლებს. დღევანდელი მოცემულობით შემიძლია გითხრათ, რომ 25 ოქტომბერს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, „ოცნება“ კატასტროფულად წააგებდა. ვნახოთ, რას ამოაგდებს „ოცნება“ ბოლო კვირის განმავლობაში.
თუმცა „ოცნების“ მიერ დაკარგული ხმები არ ნიშნავს ავტომატურად ოპოზიციის მიერ შეძენილ ხმებს. ყველაზე უარესი ვერსია იქნება, ამომრჩევლები სახლში რომ დარჩნენ იმ მიზეზით, ოპოზიციაშიც ვერ დაინახონ სიტუაციის გაუმჯობესების რესურსი. ოპოზიციისთვის არჩევნებამდე დარჩენილი ეს ერთი კვირა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ამ ერთ კვირაში ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამომრჩეველი ერთ რამეში დარწმუნდეს _ ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის კოალიციური მთავრობა გადარჩენის რეალური შანსია. ეს კოალიციური ხელისუფლება იმითაც არის კარგი, რომ ძალიან მაღალი დონის კონკურენცია იქნება თავად ხელისუფლების შიგნით, აგრეთვე კორუფცია აღმოიფხვრება, რადგან ხელისუფლებაში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ერთმანეთსაც გააკონტროლებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი. კიდევ ერთ რამეში უნდა დაარწმუნოს ოპოზიციამ საზოგადოება, რომ ეს არის უნიკალური არჩევნები, რადგან ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ დაიკარგება. მაგალითად, თუ წინა არჩევნებზე ამომრჩეველი ფიქრობდა: რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, მე 3%-იანი პარტია მომწონს, იმას არც ბარიერის გადალახვის და მით უფრო, არც ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვსო, _ დღეს ასე არ არის, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, რადგან 2%-იან პარტიასაც აქვს ისეთივე შანსი, როგორიც 20%-იან პარტიას, რომ სახელისუფლებო ძალის წარმომადგენელი გახდეს, ანუ შევიდეს სახელისუფლებო კოალიციაში. ასე რომ, ყველა ამომრჩეველს შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ მისთვის სასურველი პარტია შეიძლება გახდეს ხელისუფლების წარმომადგენელი და დაიცვას მისი ინტერესები. ეს უნდა მიიტანოს ოპოზიციამ ამომრჩევლამდე. და თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევნების შემდეგ გამოვა და იტყვის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეს ოპოზიციაც უნდა წავიდეს.
ამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, წინა კვირას გამოგვიცხადეს, რომ ერთი დღის განმავლობაში 1795 დაინფიცირებულში 130 მედპერსონალია და, ამავე დროს, გვეუბნებიან, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში დაინფიცრებულთა დღიური როდენობა 4000-მდე ავაო, პროპორციულად რომ გადავთვალოთ, ნოემბრის შუა რიცხვებში დღიურად, მინიმუმ, 300 დაინფიცირებული მედპერსონალი გვეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ჩვენ დავდგებით სრული ეროვნული კატასტროფის წინაშე, როცა ათიათასობით კორონით დაავადებულს, უბრალოდ, მედიკოსი-მომვლელი არ ეყოლება. „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად დაკარგა ის დრო, როცა შეეძლო გადაემზადებინა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ან პენსიაში გასული სამედიცინო მუშაკები, სამედიცინო რესურსის სრული მობილიზაცია გამოეცხადებინა. ამიტომ, დღეს თუ არა ხვალ, ჩვენ ამ ხელისუფლების ხელში დავდგებით სრული ეროვნული კატასტროფის _ ფაქტობრივად, გენოციდის საფრთხის წინაშე.
_ თქვენ ყურადღება გაამახვილეთ დაინფიცირებულთა რეკორდულ მაჩვენებელზე, რომელიც დღითი დღე იზრდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება კოვიდ 19-ს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს; რომ ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს კენჭისყრის დღეს; ასევე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად მიუშვა კოვიდ 19. იზიარებთ ამ პოზიციას?
_ ხელისუფლებას ჩაკეტვა ახლა არ აწყობს. დღეს კი ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობასო, მაგრამ ჭკუა დაუშლით თუ სინდისი? ისინი თუკი წავიდნენ არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, აუცილებლად ჩაგვკეტავენ. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს მათ არაფერს უშველის, რადგან მოუწევთ ან მასობრივი დაჯარიმებები, ან ადმინისტრაციული წესით მასობრივად ადამიანების დაკავებები და დარბევები. ეს კი უარესს შედეგს გამოიღებს. უამრავი ხალხია დაკავებული ადმინისტრაციული წესით წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სადაც ეს ადამიანები აუცილებლად დაავადდებიან კოვიდ 19-ით, კიდევ უფრო მეტად მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს „ქართული ოცნება“. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ თუ „ოცნებამ“ ახლა არჩევნების გაყალბება და შემდეგ პროტესტის ჩახშობა მოახერხა, ეს მას შერჩება და ის მშვიდობიანად გადააგორებს სოციალურ, სამედიცინო, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების გაყალბებისა და პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობის შემთხვევაში, _ ეს უბრალოდ არ შერჩებათ! ამიტომაც მათ კეთილგონიერებას უნდა მოუხმონ, რომ აღიარონ არჩევნების ის შედეგები, რომელიც 31 ოქტომბერს დაიდება. მანამდე, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ხალხი საარჩევნო უბნებთან არ მიუშვან სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, კრიმინალების გამოყენებით. კრიმინალური ფონის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიმინალს, როგორც იარაღს, იყენებს საზოგადოებაზე ზეწოლისთვის და მასზე სამუშაოდ. ხელისუფლებამ თავისი რესურსი ამოწურა, დანარჩენი ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რამდენად დაარწმუნებს იგი ხალხს.
_ ფაქტია, რომ დღეს უკვე საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჭარბ ნდობაზე საუბარი ზედმეტია. თქვენი შეფასებით როგორია დღევანდელი მოცემულობით ნდობის მაჩვენებელი?
_ „ქართულმა ოცნებამ“ ნდობის ყველანაირი რესურსი ამოწურა, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე _ დასავლეთში. ასე რომ, სასიცოცხლო აუცილებლობაა ამ ხელისუფლების შეცვლა. „ფეისბუქში“ ჩემს პოსტებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კომენტარები მხვდება, _ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს, უკეთესი ვინ მოვაო? უკეთესი უამრავია ოპოზიციურ სპექტრში. ამ შემთხვევაში არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ პარტიას. კოალიცია სწორედ იმით არის მომხიბვლელი და გამართლებული, რომ ბევრი „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი მოხვდება ხელისუფლებაში და მათი ერთობლივი საქმიანობით მივიღებთ გაცილებით კარგ შედეგს.
არჩევნებამდე დარჩენილი ერთი კვირა ოპოზიციის ტესტია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რომც გაბედოს არჩევნების გაყალბება და პროტესტის ძალადობის გზით ჩახშობა, მას ძალაუფლება მაინც არ შერჩება, ამიტომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესშია, რაციონალურად მიუდგნენ არჩევნების შედეგებს და იმ ციფრებს, რასაც მიიღებენ. ხომ შეიძლება, 8 წლის მანძილზე ერთხელ მაინც მოიქცნენ ღირსეულად?!
8 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასასვლელად ვიბრძოლებდი. ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, უპირველესად, რასაც არ ვაპატიებ „ოცნების“ ხელისუფლებას, არის ის, რომ „ოცნებამ“ საქართველო აქცია სოფლის ორღობედ, რუსეთის დავალებით დაუკარგა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ადგილის დაკავების პერსპექტივა და მოუსავლეთისკენ მიაქანებს, მაშინ როდესაც რეგიონში ეპოქალური ძვრები მიდის: პუტინი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა უნდა დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, ტრამპი სომხეთის მიმართ სიმპათიას ამჟღავნებს, მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის მერე აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაიჭრას სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით და მეორე მხრივ, ერთა თვითგამორკვევის პრინციპის დაცვით; თურქეთი და უკრაინა სტრატეგიულ მოკავშირეობაზე თანხმდებიან, ალიევი აცხადებს, რომ უკვე დაიწყო ფიქრი სომხეთის საერთაშორისო პროექტების ჩართვაზე ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის მერე. და ამ დროს საქართველოს ბეჩავი ხელისუფლება საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობით და საქართველოს ღრმა ჭაობში ჩაფლობით არის დაკავებული: ამასობაში საქართველო თავის უნიკალურ შანსს კარგავს _ მსოფლიოს პოლიტიკის პერიფერიობისთვის იწირება და რეგიონული ჩიხის როლს უნდა დასჯერდეს. ამიტომ წავიდეთ არჩევნებზე და არ მივცეთ საშუალება, რომ ჩემი შვილი, თქვენი შვილები და საქართველოს მომავალი რუსული „ოცნების“ მძევლებად იქცნენ.
ნენე ინჯგია