ხათუნა თოფურია: „ჩემ წინააღმდეგ თაღლითური სქემა შეიმუშავეს, ეს არის ბანდა ხათუნა ხურცილავას ხელმძღვანელობით“
თაღლითური სქემით ქონების წართმევა და მსგავს სქემებში ადამიანების ჩათრევა, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათობაა. „ქრონიკა+“ მოგიყვებათ კონკრეტულ საქმეზე, სადაც, სავარაუდოდ, თაღლითური სქემით ეცადნენ, ხათუნა თოფურია ჯერ ფულის ჩადებაზე დაეთანხმებინათ, შემდეგ კი მისთვის ქონება წაერთმიათ. ჩვენი რესპონდენტი დღემდე იბრძვის საკუთარი უფლებების აღსადგენად, პროკურატურამ იგი დაზარალებულადაც ცნო, თუმცა საქმეზე კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა.
„ქრონიკა+“ დაზარალებულ ხათუნა თოფურიას ესაუბრა:
_ ვინ და რა გზით ეცადა თაღლითური სქემით თქვენ მოტყუებას?
_ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და სახლის საყიდი ფული _ 20 000 დოლარი გადანახული მქონდა. 2014 წელს ჩემმა თანამშრომელმა, ლედი გელაზონიამ, რომელსაც საკუთარ ძმასთან ერთად ჰქონდა უძრავი ქონების სააგენტო, ამ სააგენტოს კი მართავდა ნინო მიქიანი (ლედი გელაზონიას ძმისცოლი), მირჩია, კერძო უძრავი ქონების სააგენტოსთვის მიმემართა. შეთანხმების პირობები ასეთი იყო: სახლის მფლობელი იპოთეკით ტვირთავდა თავის ქონებას, მე მისთვის უნდა მიმეცა 20 000 დოლარი, მას კი 1500 დოლარი უნდა მოეცა სარგებლის სახით, ხოლო 3 თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა ჩემ მიერ მიცემული 20 000 დოლარი. როდესაც ნოტარიუსში ელისო შიხიაშვილთან მივედით, სახლის მფლობელ ჯეირან მემიშიშის ნაცვლად მისი წარმომადგენელი, დავით შეყლაშვილი გამოცხადდა, რომელსაც დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა. თუმცა მე დავით შეყლაშვილს ბინის მესაკუთრის ნომერი გამოვართვი და დავურეკე. მან ნოტარიუსის თვალწინ დამიდასტურდა, რომ ნამდვილად მისი წარმომადგენელი იყო. ბინის მესაკუთრემ ასევე მითხრა, რომ დავით შეყლაშვილსა და მის მეუღლეს საერთო კომპანია ჰქონდათ და სანამ ბანკი ფულს ჩაურიცხავდა, მანამდე სჭირდებოდათ ეს თანხა. დაპირების თანახმად, მე სახლის მესაკუთრის წარმომადგენელ დავით შეყლაშვილს გადავეცი 20 000 დოლარი, მან კი, პირობის თანახმად, 1500 დოლარი მომცა.
_ რატომ ენდეთ ამ კომპანიას, თავიდანვე გქონდათ თუ არა რაიმე ეჭვები მათ მიმართ?
_ მე ეს ფული ასე თამამად იმიტომ ჩავდე, რომ პარალელურ რეჟიმში ჩემთან ერთად ფული ჩადო ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო მიქიანმა და ნინო მიქავამ. ამ სახლის დოკუმენტი არის 630 000-ლარიანი, ამიტომ იყო შესაძლებლობა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც შემოეტანათ ფული. ოღონდ ყველანი ვიყავით პირველადი რიგის იპოთეკარები, ანუ ჩემგან ჩაიდო 20 000 დოლარი, ნინო მიქავამ ჩადო 25 000 დოლარი, ოფისის მეპატრონემ _ 10 000 დოლარი და მან თქვა, რომ სახლი ნანახი აქვს, მესაკუთრესაც ესაუბრა, საშიში არაფერია და ყველაფერზე პასუხისმგებელი ის იყო, ამიტომაც ვენდე მათ. თან მან იცოდა, რომ 2002 წლიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, ჩემი გოგონა იყო 10 წლის, ბიჭი 5-ის. ამ ქალბატონმა იცოდა, როგორ ტანჯვით გავზარდე შვილები. როდესაც უკვე თანხა უნდა დაებრუნებინათ, მეპატრონესთან დავრეკე, რომელმაც თქვა, რომ მის უნებართვოდ ჩადეს ქონება და ისე მელაპარაკა, თითქოს არ იცოდა, ვინ ვიყავი. ლედი გელაზონია კი, ვინც ამ ოფისში მიმიყვანა, მხედველობის არიდან საერთოდ გაქრა. მე ნინო მიქიანთან მივედი, რომელმაც ხელი მომაწერინა, რომ რაღაც მიწა უნდა გაყიდულიყო და ის ფული უნდა მიეცა ერთი იპოთეკარისთვის და გაესტუმრებინა. ნინო მიქიანი 10 000 დოლარით ამ საქმიდან გამოვიდა, ანუ საკუთარი თავი გაისტუმრა და ლილი სანიკიძე ჩასვა, განათლების ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძის დედა, ანუ 15 000 დოლარით გააბევრა ვალი. დავით შეყლაშვილს დავურეკე და ვკითხე, თუ რას აპირებდა, რაზედაც მან მიპასუხა, _ მე ვანო მერაბიშვილის ნათესავი ვარ და ვერაფერს მიზამთ, სადაც გინდათ, ირბინეთ, არაფერი გეშველებათო. ამის შემდეგ ბინის მეპატრონეს შევეხმიანე და ვუთხარი, რომ დროს ვაძლევდი ჩემი ვალის გასასტუმრებლად. არაერთხელ გადავუვადე სახლის აუქციონზე გაყიდვა. საბოლოოდ, 2015 წლის მაისში, სახლი აუქციონზე გაიყიდა. ლილი სანიკიძე და ნინო მიქავა კი 25-25 000 დოლარით გადმომყვნენ. აუქციონის შემდეგ სახლის მეპატრონე უნდა გამოესახლებინათ, ჩავედით გონიოს პოლიციაში, თუმცა გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო.
_ გამოსახლება რა მოტივით გადაიდო?
_ სახლში ლტოლვილია შეჭრილი და მისი გამოსახლების უფლება არ გვაქვსო, _ ასე გვეუბნებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ვინმე კახა შესახლდა და ამიტომ პოლიციამ ბინის მესაკუთრე არ გამოასახლა. ამის შემდეგ აუდიტს შევაფასებინე სახლი, ასევე საჩივარი შევიტანე აღსრულების ბიუროში და 2017 წლის 11 მაისს ბინის მესაკუთრე გამოასახლეს. თუმცა ეს ქალბატონი კვლავ თვითნებურად შეიჭრა სახლში, ამბობდა, რომ არავისგან ფული არ აუღია, რომ დავით შეყლაშვილმა 50 000 დოლარი აიღო და ისინი ერთმანეთში დაობდნენ. ამ საქმეში ბინის მესაკუთრემ პროკურატურა ჩართო, ჩემი მხრივ, პროკურატურას განვუმარტავდი, რომ ჩემი 20 000 დოლარი მართებდა ამ ქალბატონს და მის გამო მიწევდა ქუჩაში ცხოვრება.
_ ამ პროცესებში ლილი სანიკიძე და ნინო მიქავა რა ფორმით იყვნენ ჩართულები?
_ მათ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს, რომ იპოთეკით აქვთ დატვირთული სახლი და მე მაქვს ვალდებულება, მათ კუთვნილი თანხა გადავუხადო. ანუ ჩემთან გაუჩნდათ პრეტენზიები და არა სახლში მესაკუთრის მიმართ, მაშინ, როცა სახლის მესაკუთრე სახლს არ ტოვებდა. მათ მხარდაჭერას ვთხოვდი, ოფისში პოლიციას გამომიძახებდნენ და პოლიცია მეუბნებოდა, რომ ეს ქალბატონები უფრო საშიშები იყვნენ, ისინი არიან ბანდის წევრები, ნინო მიქავა და ლილი სანიკიძე. ამ ამბის გასარკვევად ბათუმში წასვლამ მომიწია, საქმე ეწერა ბათუმის აღსრულების ბიუროს და აღმასრულებელმა პირადად მითხრა, რომ მას ჩემი სახლი აუქციონზე უნდა გაეყიდა, რადგან მას ვადები ჰქონდა და კანონის შესაბამისად უნდა ემოქმედა. რადგან ძალიან ცოტა დრო მქონდა და მანამდე არაერთხელ მივმართე იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ თეა წულუკიანს და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, საერთო ნაცნობი მივაგზავნე თეა წულუკიანთან, რომელმაც საქმის ვითარება აუხსნა, თუმცა თეა წულუკიანისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, _ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ეს ქალები როგორმე თვითონ გააჩეროსო, _ ასე შემომითვალა, თუმცა იცოდა, ძველი მეპატრონე ისევ ჩემს სახლში ცხოვრობდა. ლილი სანიკიძესა და ნინო მიქავას ბაჩო ახალაიას დეიდაშვილი ირმა კვარაცხელია ეხმარებოდა, რომელმაც ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, _ თუ მათ მიერ შემოთავაზებულ ადვოკატ ხათუნა ხურცილავას (რომელიც ნასამართლევი აღმოჩნდა) არ ავიყვანდი, ისინი ამ სახლს გამიყიდდნენ. სააღსრულებლოში მითხრეს, რომ მათ სახლის გაყიდვის უფლება ჰქონდათ, რადგან მე ვალდებულება უნდა შემესრულებინა და მათთვის თანხა უნდა გადამეხადა. ირმა კვარაცხელია ამტკიცებდა, რომ მას ნინო მიქავასთან ერთად ჰქონდა ფული ჩადებული, უბრალოდ, იმ პერიოდში რუსეთში ვცხოვრობდი და ამ დრომდე ამიტომ არ ვჩანდიო. ირმა კვარაცხელიამ, ლილი სანიკიძემ და ნინო მიქავამ მიმიყვანეს ადვოკატთან, დამაწერინეს შეთანხმების აქტი, სადაც წერია, რომ ამ სახლიდან (რომელიც 200 000 დოლარი ღირს) 40 000 დოლარზე მეტი არ მინდა. როგორც კი ეს შეთანხმების აქტი დამაწერინეს, სააღსრულებლოდან ჩემ წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გამოიტანეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ მე 40 000 დოლარს მომცემდნენ და დანარჩენი ფული მათ რჩებოდათ. ამ პროცესებში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნინო მიქავა და ირმა კვარაცხელია, ლილი სანიკიძე კი კულუარულად მოქმედებდა, მისი შვილის გამო გამოჩენა არ უნდოდა, რადგან თამარ სანიკიძე, როგორც უკვე აღვნიშნე, განათლების მინისტრი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურ რეჟიმში დამყვებოდა სანიკიძისა და მიქავას მიერ აყვანილი ადვოკატი, ერთი წუთით მარტო არ მიშვებდა არსად, თუ არ დავემორჩილებოდი, სახლს გამიყიდდნენ, ფაქტობრივად, მათი ტყვე ვიყავი. სახლის ყოფილმა მეპატრონეებმა კი ხელი მკრეს და წამაქციეს. პოლიციის სამმართველოს უფრომა ზაზა დიასამიძემ კი იმის ნაცვლად, რომ ჩემი უფლებები დაეცვა, საკუთარი სახლიდან გამომაგდო.
_ რატომ დასთანხმდით შეთანხმების აქტს?
_ დავთანხმდი, რადგან სახლს მიყიდდნენ, თუმცა, როგორც შემდეგ გავიგე, ამ შეთანხმების აქტს არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონია, ამ ფურცელზე ბეჭედიც კი არ არის დარტყმული, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა იმ პერიოდში ვერ გავაცნობიერე, პანიკაში ვიყავი და შესაბამისად ვიქცეოდი. ნერვიულობისგან დიაბეტიც კი დამემართა. ამასობაში ბინის მესაკუთრეს ვუთხარი, რომ სანიკიძე და მიქავა სახლს მიყიდდნენ, რაზედაც მითხრა, _ სულ არ მაინტერესებს ქუჩაში თუ დარჩები, ჩვენ უფრო კარგად გავიყოფთ ამ ფულსო. ანუ მათ თაღლითური სქემა ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. ეს არის ბანდა, ამ ბანდის ხელმძღვანელი კი ადვოკატი ხათუნა ხურცილავაა, ამ გზით აწერენ სახლებს ადამიანებს. მოკლედ, ესენი შეთანხმდნენ, რომ სახლი გამიყიდონ და ქუჩაში დამტოვონ. მას შემდეგ, რაც ეს გავაცნობიერე, პროკურატურაში სარჩელი შევიტანე. ეს საქმე გენერალური ინსპეციის დეპარტამენტის ხელმღვანელ ბაკურ აბულაძის კონტროლის ქვეშ იყო, რომელმაც პირდაპირ მითხრა: „ქალბატონო ხათუნა, ვერაფერს გშველით, უძლური ვარ, არ ვიცი, ამათ ვინ მფარველობსო“. პროკურორი ზურაბ ბენდელიანი იჯდა და ტიროდა, _ ეს რა დღეში ხართო! როცა მივხვდი, პროკურატურის გზით არაფერი გამოვიდოდა, სახალხო დამცველს მივმართე, რომელმაც საერთოდ არ მომაქცია ყურადღება, დღემდე არ მაქვს პასუხი. მეტიც: გონიოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა დაისამაძე მე მედავებოდა, _ ნულოვან აუქციონზე რატომ გაქვთ სახლი ნაყიდიო? მანამდე პროკურორმა შოთა ხორავამ მითხრა, _ ხელვაჩაურის რაიონში უჩემოდ ჩიტიც ვერ შემოფრინება, ეს სახლი უკვე დაკარგული გაქვსო. ამის შემდეგ ხორავას პროკურატურაში ვუჩივლე, 2019 წლის მაისში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა დაზარალებულად მცნო. ეს ქალი სახლიდან უნდა გამოეყვანათ, მე ტერიტორიაზე არ მიშვებდნენ. გამოსახლებას არ დამასწრეს, პოლიციის უფროსი ზაზა დიასამიძე მეუბნებოდა, რომ ხათუნა ხურცილავასთან (ადვოკატთან, რომელიც სანიკიძემ და მიქავამ დამიქირავეს) ვარ კონტაქტში და შენი მოსვლა საჭირო არ არისო. თურმე, ჩემს სახლში დებოშს ვიწვევდი, გამოსახლების დროსაც არ ჩამბარებია გასაღები. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი: სანამ დაზარალებულის სტატუსი მექნებოდა, 2018 წელს ჩემი სახლის ყოფილი მესაკუთრე, ჯეირან მემიშიში, ტელევიზიით გამოდის და ამბობს, რომ შესასვლელი გზა დაიმეწყრა, სახლის კედლები დაზიანდა და კომპენსაციას ითხოვს. რეალურად კი ორი ბუჩქი დაიმეწყრა და ამის გამო 700 ათას ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. პარალელურად, ჩემი გერმანელი მეზობელი ჩემს გზაზე 30 მეტრით შემოიჭრა უნებართვოდ. ასევე ტენდერის შემდეგ, სამუშაოების დროს, გზა დაავიწროეს, ჩემს სახლამდე ვეღარც სახანძრო და ვეღარც სასწრაფო მანქანა ვერ შედის, სამაგიეროდ, ააშენეს 4 კოტეჯი, რომელიც ნიკოლოზ ნიკოლეიშვილმა ააშენა, მას დავურეკე და მითხრა: „როგორც კი ხმას ამოიღებ, კისერს წაგაჭრი და ისე დაგმარხავ, ვერ გიპოვიანო“, თუმცა შემდეგ გავარკვიე, რომ ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი ფორმალურად ყოფილა ამ კოტეჯების მესაკუთრე. ამის გარდა, თურმე ჩემი სერვიტუტი (მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების, სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ გამოყენება) ლაშქარა ღურწკაიამ ნიკოლოზ ნიკოლეიშვილზე გაყიდა.
_ მას შემდეგ, რაც სახლის ყოფილი მესაკუთრეები სახლიდან გამოასახლეს, მოვლენები როგორ განვითარდა?
_ მას შემდეგ, რაც ყოფილმა მესაკუთრემ ჩემი სახლი დატოვა, სახლს ერთ-ერთი დაცვის კომპანია იცავდა. ერთ ღამეს შეტყობინება მომივიდა, რომ ჩემი სახლიდან ამ დაცვის კომპანიას სიგნალი აღარ მიეწოდება. თურმე, ძველი მეპატრონე მისულა ელექტრო-პრო ჯორჯიასთან და პოლიციასთან ერთად ჩემს სახლში და მრიცხველი გამოუგლეჯავს. მარეგულირებელ კომისიაში მივედი, განცხადება დავწერე და მითხრეს, რომ მსგავსი რამის უფლება ყოფილ მესაკუთრეს არ ჰქონდა.
_ ახლა საქმე რა ეტაპზეა?
_ ახლა სანიკიძე და მიქავა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავყიდოთ ეს სახლი, შენს ფულს მოგცემთ, დანარჩენი ჩვენ ვიცითო. რომც გადავწყვიტოთ ამ სახლის გაყიდვა, ჩემი ტერიტორია მეზობელს აქვს მითვისებული, სახლამდე მისასვლელი გზა დავიწროებულია, ასეთი მოცემულობით ვინ მოინდომებს სახლის ყიდვას? შსს-მ, გენერალურმა ინსპექციამ ამ საქმეში სხვისი ცხოვრების ხელყოფა დაადგინა, აქტი გადააგზავნა ბათუმის პროკურატურაში, საიდანაც პასუხი მოვიდა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ გამოიკვეთა, მაგრამ დავა შეგიძლიათ გააგრძელოთო. ასევე ამ ორი ქალბატონის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, მაგრამ ამ ეტაპზე პასუხი არ არის.
ნენე ინჯგია