წინანდალში გამაგრებული თავდაცვის მინისტრის წინასაარჩევნო პერიპეტიები
ხელისუფლებას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ირჩევდნენ. შუა საუკუნეებში ბერძნულ პოლისში არსებობდა პირდაპირი დემოკრატია _ ხალხი მიდიოდა ათენის აგორაზე და კოლექტიურად იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. დღეს თითქოს არჩევნებს ხალხი კი არა, ორი-სამი კაცი თუ ატარებს…
ახლა 2016-ის მსგავსად შუა გაკრეფილები აღარ არიან, პირიქით, ბევრი პარტია ახლად ნაწვიმარზე გამრავლებული სოკოებივით მოედო საქართველოს. უმრავლესი პარტიის დღევანდელი მთავარი გზავნილი ერთია: ბიძინა აღარ!
ცენტრისგან განსხვავებით ქაოსია რეგიონებშიც. როგორც ჩანს, კახეთის კურატორი „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილია. ღარიბაშვილი, ძირითადად, წინანდალშია გამაგრებული და იქიდან აკვირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მას მერე, რაც თავდაცვაც ავაყვავეთ, ვიპრემიერეთ და ყველა იმედი ავუსრულეთ ბიძინას, აღმოჩნდა, რომ მთლად მიზანს ვერ მივაღწით… ამ არჩევნებმადე ორი წლით ადრე ყველას ახსოვს 2018 წლის არჩევნები თელავში. პროცესები პირველსა და მეორე ტურში სალომეს დამარცხებით დასრულდა.
მერე ყველა კითხულობდა, _ რატომ? როგორ? ვინ დაუშვა?
არადა, ხალხმა ასე გადაწყვიტა და მორჩა! მაშინ თელავში ზუზუმბოს დასახლებაში მეორე ტურისთვის ალტერნატიული შტაბი გაიხსნა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილი აფინანსებდა. შტაბს თელაველმა ძველმა ბიჭებმა „ნამდვილი თელაველების შტაბი“ უწოდეს. ქუჩაში კაცი აღარ დარჩა, ყველა იქ იყო… როგორ არ დაიხარჯნენ… რა „რაზბორკა“ არ ჩაატარეს, მაგრამ მაინც მწარედ წააგეს…
წაგების შემდეგ კი თელაველების შტაბი „ოცნების“ „გლავნი“ შტაბს აბრალებდა წაგებას, „გლავნი“ შტაბი კი _ „ნაღდი თელაველების“ გააქტიურებას. მოგვიანებით, „ნაღდებმა“ ფული მოითხოვეს, _ წავაგეთ, მაგრამ უკანალი ხომ ავწიეთო?! მაგრამ ფული არ იყო… როგორც მაშინ უთხრეს „ზევიდან“, _ თქვენი ფული ჯამში 30 000 ლარი იყო და ისიც მოგეცითო… არადა, შეუძლებელი გახლდათ 30 000-სად „კარენოი ბიჭების“ გაპოლიტიკოსება.
მოგვიანებით, როცა არჩევნებმა გადაიარა, ბევრი მიხვდა, რომ თელავში „ოცნების“ წაგების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იმ ალტერნატიული შტაბის შექმნა იყო. მოსახლეობა მაშინ იმაზე უფრო გაბრაზდა, რომ უბნის ძველი ბიჭები გაცოცხლდნენ და ოჯახ-ოჯახ ჭკუის დარიგებები დაიწყეს… შტაბობანას თამაში ახლაც ჩვენმა ირაკლიმ ითავა, იგივე შენობა აიღო ზუზუმბოზე და ალტერნატიული „კარენოი“ ბიჭების შტაბიც შექმნა. თუმცა რა?
დავალება ასეთია:
_ რა ვალდებულებები გაქვთ არჩევნებზე?
_ ახლა ჩვენი ვალდებულებაა, არჩევნების დღეს 3 საათიდან დავიწყოთ იმ ადამიანების გამოყვანა სახლიდან, ვისაც არჩევნებზე არ უნდა წასვლა. წინა არჩევნებზე ჩვენმა შტაბმა მეორე ტურში იმუშავა და მიიღო კიდეც 2000-ზე მეტი ხმა, მაგრამ დაგვიანებული იყო, უკვე ვერ შევძელით დროული მუშაობა.
_ როგორ ფიქრობთ, ვინ ხართ?
_ ჩვენ ისინი ვართ, ვინც „ოცნება“ მოიყვანა ხელისუფლებაში, მაგრამ 2016 წლის მერე ქუჩაში დავრჩით. განა, რაა, ვინ გვაქცევს ყურადღებას?! არც არავინ… მაგრამ ქვეყანას „ნაცებს“ ვერ ჩავაბარებთ…
_ ირაკლი შეგხვდათ, ღარიბაშვილი?
_ კი, შეგვხვდა. როგორც ჩანს, ალტერნატიული შტაბის წევრების გამოჩენა „გლავნი“ შტაბთან უხერხულობას შეუქმნის ხელისუფლებას.
თუმცა მათი უპატრონოდ დატოვება იმის ნიშანია, რომ ესენი არჩევნებზე არათუ „ოცნებამ“, არამედ შესაძლოა, სხვა რომელმე პოლიტიკურმა ჯგუფმა წაიყვანოს.
ამიტომ ქალაქის განაპირას არსებული შტაბი სწორედ მათთვის შეიქმნა. როგორც ცნობილია, შტაბს ერთხელ უკვე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი. რა დაარიგა ან რა მოუწოდა, ამას მნიშვნელობა დიდად არ აქვს, მნიშვნელობა აქვს ქუჩის ხმების მობილიზებას. ვიღაცას ლუდის ფართი ახარებს, ვიღაცას _ უფასო სიგარეტი და ყავა…
რა თანხას ხარჯავს ალტერნატიული შტაბისთვის „ოცნება“, ეს ჯერ უცნობია. 2012 წელს ალტერნატიული შტაბის წევრები არათუ „ოცნების“, არამედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან იყვნენ მიბმულები. ხელისუფლებას ცვლილებამ მათი მისამართიც შეცვალა.
საინტერესო ის არის, რომ დღემდე უშტაბოდ არიან დარჩენილები გოგაშვილის ჯგუფები. ისინი არჩევნების დასრულებას ელოდებიან პირველ ტურში და მეორე ტურისთვის თავისი მოთხოვნებით გეგმავენ გამოჩენას.
ამ პოლიტიკურ დინამიკაში იდეოლოგიური ბრძოლა, რამდენადაც ფერმკრთალი არ უნდა იყოს ის ქართულ რეალობაში, ძირითადად, ცენტრიდან მიმდინარეობს.
მაკა მოსიაშვილი