წითელკაბიანი მაყვალა და ერთი ერთზე ჩხუბის მეტრფე სალომე
ჩვენი ამბავი იცით, რას მაგონებს? ვინმე მაყვალა კვასკვასა წითელ კაბას რომ ჩაიცვამს და სოფლის შარაზე გამოენთება. გამოენთება და ბუღა გამოუდგება, სოფელ-სოფელ რომ არბენინებს და მერე რომ დაჯდება და მოსთქვამს, ბუღა გამომიდგაო. ძალიან კარგად რომ იცის, წითელი ფერი ბუღას აღიზიანებს და მაინც რომ უკვირს და მაინც რომ ვერ ხვდება, რა კავშირიცაა მის მიერ ჩაცმულ წითელ კაბასა და ბუღის გამოკიდებას შორის. ასე ბრძანდებით საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დიდის ამბით აირჩიეთ პრეზიდენტად! იცოდით, რაც იყო, მაინც აირჩიეთ და დღეს გიკვირთ, რომ გამოდის და მიუღებელ და გულისამრევ განცხადებებს აკეთებს!
სასტიკად მოკლული 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში ქვეყნის პრეზიდენტი ვერ ხედავს ვერც საქმის ჩაფარცხვის მცდელობას, არ ესმის საზოგადოების პროტესტის ხმა გამოძიების მიმართ, არც ის აღელვებს, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი რომ არის ჩაბმული დამნაშავეების მფარველობაში, არაფერს ამბობს ამ ყველაფერზე, იმასაც არ გვეუბნება ცალყბად, რომ თვალს მიადევნებს საქმეს, მოითხოვს მკვლელების დასჯას! არა და არა! არაფერზე კრინტს არ ძრავს, მძიმე კრიმინოგენურ ვითარებაზეც არ იღებს ხმას და პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ ეს სასტიკი ძალადობა ჯგუფური იყო! გესმით თუ არა?! პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ რამდენიმე ერთად ურტყამდა შაქარას! ერთს რომ ეცემა და მოეკლა, მისაღები იქნებოდა?
დიახ, სალომე ზურაბიშვილის აზრით, მისაღები ყოფილა! მეტიც, ვაჟკაცობა ყოფილა!
მერე კი მოგვდგა ჟურნალისტებს და ჩვენ დაგვადანაშაულა ბულინგსა და ქართული ენის არცოდნაში („თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემა არის“), მაგრამ ვნახოთ, რა ბრძანა ქალბატონმა ზურაბიშვილმა სიტყვასიტყვით და მერე ვთქვათ, სხვანაირად თუ შეიძლებოდა ამ განცხადების გაგება:
„ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება“.
ზურაბიშვილი გასაგებად ამბობს, რომ ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე, რომ „ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე“ მისთვის მიუღებელი და ძალიან არაქართულია. მეტი რანაირადღა თქვას, რა იყო მიუღებელი შაქარაშვილის ტრაგიკულ ისტორიაში?
თუ ჯგუფურ ძალადობას გმობს და მიიჩნევს მიუღებლად და იქვე ამბობს, რომ ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე, ბოდიში და სხვა რა გამოდის, თუ არა ის, რომ ის ვაჟკაცობად მიიჩნევს ერთი ერთზე მუშტი-კრივს? და ეს მუშტი-კრივი ერთის მიერ მეორეზე წარმოებული ძალადობა არ არის?
უკაცრავად და რომელიმე მორაგბემ ან ძიუდოისტმა მე რომ გამიყვანოს და შუაზე გამგლიჯოს, ერთი ნაწილი არაგვში მოისროლოს და მეორე _ მტკვარში, სალომეს დოქტრინით რა გამოდის? უნდა გამოვიდეს და ვაჟკაცობა უნდა შეუქოს ჩემს მკვლელს?
გეკითხებით, ვის არ ესმის ქართული?! _ ქართულ მედიას თუ მას?! კი, ხშირად ქართული მედიაც სცოდავს ქართული ენის ცოდნაში, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა, როდესაც ქართულის ცოდნას გიწუნებს ქალბატონი, რომელიც ისეთივე წარმატებით აბრუნებს სახელებს და აუღლებს ზმნებს, როგორც აცხობს სააღდგომო პასკებს _ მოტიტყნილსა და მიხრუკ-მოხრუკულს. ქართულს გვიწუნებს ქალი, რომელსაც სჯერა, რომ „მართმადიანია“, აღარაფერს ვამბობ „ჟურნალისტებზე და ანალისტებზე“ ან იმაზედ: „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო“; „ერთად უნდა შევტყნათ და ამითი წავალთ წინ“…
მიუხედავად ამისა, ის გამოდის და ჩვენ გვადანაშაულებს, რომ არ გვესმის ქართული. მისი უტიფრობის კოეფიციენტი იმდენად მაღალია, რომ მიუშვა, მზექალა შანიძესაც შესძახებს, _ არ გესმის ქართულიო! ამდენად, რა გასაკვირია, მედიას დაგვძახოს და ჩაგვიზუსტოს კიდეც: „არ მითქვამს, რომ ერთი ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს არც ჩხუბი. ვთქვი ერთი ერთზე ვაჟკაცობა და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, თქვენ ალბათ არ იცით“.
ერთი ერთზე სიყვარულიო… რა ვიცი, ადრე „ერთად შეტყვნისკენ“ მოგვიწოდებდა წინ წასაწევად და ახლა ერთი ერთზე გვირჩევს… ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მართლაც მწარე ხუმრობის მეტი რაღა დაგვრჩენია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი 19 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში მართლა ვერაფერს ხედავს გასაპროტესტებელს _ ვერც მძიმე კრიმინოგენურ ვითარებას, ვერც დაუსჯელობის სინდრომს, ვერც დამნაშავეების მფარველობას, შეგნებულად გაყალბებულ თუ გინდაც არაკვალიფიციურ გამოძიებას, ვერც მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებს, გადაბუგულ შემთხვევის ადგილს, ვერაფერს, სრულიად ვერაფერს! ვერაფერს ხედავს, არაფერზე ხმას არ იღებს და მაინც არ ჩუმდება და რაღაც სისულელეს ბოდავს!
მაგრამ რა გასაკვირია მისგან ეს? არ გახსოვთ, როგორ მოიქცა გავრილოვის ამბების შემდეგ, ქვეყანა რომ დუღდა? როგორ წავიდა და შუაღამისას როგორ ჩაიპირქვავა ქოთნით ლობიო? მადლობელი არ ვართ, ახლა მათლაფა ხაშითა და „ბუტილკა“ ჟიპიტაურით რომ არ აღნიშნა ეს ტრაგედია?
გეკითხებით, რა გიკვირთ მისგან? განა, არჩევნებამდე არ ეტყობოდა, რა იყო და ვინ იყო? თუ ის თემაა, რა გამოვიწერე და რა ჩამომივიდა? რა, კონდოლიზა რაისი, დალია გრიბაუსკაიტე, თანსუ ჩილერი, მადლენ ოლბრაიტი გამოიწერეთ და სალომე ზურაბიშვილი ჩამოგივიდათ?
არა, ბატონებო, ძალიან კარგად იცოდით, რა „ფრუქტიც“ იყო, ვისაც ირჩევდით, მაგრამ მაინც აირჩიეთ. ახლაც ასეა, გადასარევად იცით, ხედავთ, ვინ ვინაა, ყოველ შემთხვევაში, უნდა ხედავდეთ, მაგრამ მაინც წახვალთ და თქვენივე და თქვენი შვილების ჯიბრზე მაინც ყველაზე უვარგისს მისცემთ ხმას.
სალომე ზურაბიშვილი კი ისევ გააგრძელებს გამაოგნებელი და ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებების კეთებას, ფეხშიშველ ტანტალს, ატმის კრეფას, თუ ელარჯის ზელვას, ლობიოს ჭამასა და ჯონჯოლის მუჭით ყრას, მას ეს ჰგონია პრეზიდენტობა. დიახ, ბატონებო, მან თქვენი ქვეყნის პრეზიდენტობა თავისი სიბერის გაფერადებად მიიჩნია და იფერადებს კიდეც, დგას, ყველას ზემოდან დაგვყურებს და როცა ხმას ვიღებთ, ჯანრი კაშიას კი არა, ჭიპილიას ცოლივით დაგვკივის. მარტო ჩვენ კი არა, თვით ომბუდსმენსაც კი.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა სრულიად სამართლიანად გააკრიტიკა მისი ყოვლად სამარცხვინო განცხადება, სალომემ ოპერის ჭაღივით დაკიდებული საყურეები გააქან-გამოაქანა და მისმა ადმინისტრაციამ დიდი უსტარი გააშანშალა ომბუდსმენის საპასუხოდ. მაგრამ ეს განცხადება იმას უფრო ჰგავდა, კაპასი მაზლის ცოლი რომ წააკეცავს ხოლმე ჩხუბში მაზლის ცოლს ახალთან ერთად ძველისძველ ამბებს. ზუსტად ასე მოჰყვნენ და ჯერ კიდევ წინაასარჩევნო პერიოდში დაგროვილი ბოღმა გადმოანთხიეს: „თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ მუქარაზე“.
ჯერ ერთი, სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები? მოიცა, კაცი კანდიდატის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების კეთება მოსულა და ქალის მიმართ _ არა? კაცს რომ შვილებით დაემუქრო, ეს მისაღებია და თუ ქალს დაემუქრე _ აღმაშფოთებელი? და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ბრძოლასა ან სოციალურ ყოფაში ქალი ხარ თუ კაცი? ეს როგორაა, თავად ითხოვ გენდერულ თანასწორობას და მერე კაცის თანასწორად რომ გლანძღავენ და გთათხავენ, ეგ აღარ გეპიტნავება და როგორც ქალი, შეღავათებს ითხოვ?
გენდერზე აპელირება ლოგიკური და გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე სწორედ გენდერული ნიშნით გიტევს და ცდილობს შენს დისკრიმინაციას.
საქართველოს ომბუდსმენმა საკმაოდ პრინციპული და ამომწურავი პასუხი გასცა სალომე ზურაბიშვილს. გასაგებად განუმარტა, რომ მას, როგორც ომბუდსმენს, რეაგირება ექნება მაშინ, როდესაც იგი ან როგორც პრეზიდენტი ან როგორც მთავარსარდალი დაექვემდებარება დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით!
დანარჩენ შემთხვევაში კი მას თმენის ვალდებულება შეახსენა. დიახ, მაღალი თანამდებობის პირებს ხშირად უწევთ მკაცრი კრიტიკისა და აგრესიული განცხადებების მოსმენა, მაგრამ როგორც ომბუდსმენი სალომეს უხსნის: „ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი – ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება“. ლომჯარიამ ზურაბიშვილს ისიც შეახსენა, რომ მისი ვალი არაა რომელიმე თანამდებობის პირის დაცვა საზოგადოების ბულინგისგან: „ჩემი მანდატი არ ითვალისწინებს შევაფასო, რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა. არასწორი განცხადებები კეთდება, როცა თანამდებობის პირები სახალხო დამცველს სთხოვენ, დაიცვან ისინი საზოგადოების ბულინგისგან“.
მართლაც საინტერესოა, რა ნებავს ქალბატონ პრეზიდენტს? გამოვიდეს, აბრახუნოს ათასი სისულელე და პასუხად ოვაციები მიიღოს? ან რას ეძახის ბულინგს, _ პასუხად აგდებულ შეფასებებს რომ იღებს სრულიად დამსახურებულად? ბულინგი არ ნებავს, დაიღალა, თურმე, ბულინგისგან! არადა, ბულინგი ის იყო, რასაც იგი, სალომე ქართველი, აწარმოებდა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ! დიახ, სწორედ სალომე ზურაბიშვილი ეწეოდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სრულიად აღვირახსნილ ბულინგს დასავლურ მედიაში. მეტიც: ჯაბა-კიტოვან-სიგუას მიმართ ოსანას გალობით შეეგება ზვიად გამსახურდიას დამხობას, 1992 წლის 7 იანვარსვე გამოხტა და გამოაცხადა: „ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი, დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა. ამისთვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუასა და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა. სალომე ზურაბიშვილი“.
დიახ, სწორედ სალომე ზურაბიშვილი ეწეოდა თავის ქმარ ჯანრი კაშიასთან ერთად ცილისმწამებლურ კამპანიას საქართველოს პირველი პრეზდენტის წინააღმდეგ.
ზვიად გამსახურდია 1991 წლის 2 თებერვლის პრესკონფერენციაზე აცხადებდა: „რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქცია საქართველოს მტრების ხელშია. გესმით, კრემლის აგენტურის ხელშია. პირველ რიგში, კაშია, ლაშქარაშვილი, კლიმიაშვილი და აი, ესენი დათარეშობენ ეთერში და მსოფლიოს წამლავენ“.
აი, ამ ქალს, ამ ბულინგისა და ცილისმწამებლური კამპანიის ავტორ ქალს, დღეს ბულინგი აღიზიანებს. უნდა, ისე არახუნოს სისულელეები, რომ პასუხიც კი არავინ გასცეს, არც არავინ გამოთათხოს, არც გამოლანძღოს, არც დაწყევლოს. ბულინგი არ უყვარს. არა, როგორ არ უყვარს, მაგრამ მაშინ უყვარს, როცა თვითონ ეწევა და მაშინ სძულს, როცა მას ატყდება ხალხის სამართლიანი რისხვა.
დაბოლოს, დიდევ ერთხელ ყველაფერი თქვენი ბრალია, თქვენ ჩაიცვით წითელი კაბა, თქვენ გამოიწერეთ სალომე ზურაბიშვილი და ჩამოგივიდათ სალომე ზურაბიშვილი. რაც გამოიწერეთ, ის ჩამოგივიდათ და შეირგეთ და შეიზილეთ.
რეზო შატაკიშვილი