წითელი რვაფეხა
მეოცე საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოში პოლიტიკური მკვლელობების `რენესანსი~ დაიწყო. სწორედ ამ დროს დროს, ანუ 1995 წლის 20 ივნისს ჭავჭავაძის ქუჩაზე, საკუთარი სახლთან `დემოკრატიისა და აღორძინების ფონდის~ (ამ ორგანიზაციას, სხვათა შორის, `შევარდნაძის ფონდსაც~ ეძახდნენ) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, სოლიკო ხაბეიშვილს კლავენ. იმხანად მომხდარი ყველა მკვლეობის დარად, ხაბეიშვილის მკვლელობაც `მხედრიონს~ ბრალდება და ხელისუფლება საქმე გახსნილად აცხადებს. მოგვინებით, როცა ბრალდებულების სასამართლო პროცესი დაიწყება, მოკლულის ერთ-ერთი მეზობელი, დაახლოებით, ასეთ ისტორიას მოყვება _ იმ დილას შინიდან გამოვედი, სადარბაზოსთან ვიღაც ახალგაზრდები დამხვდნენ და მითხრეს, ახლავე უკან შედი, თორემ შენც მოგკლავთო. ბრძანებას დავემორჩილე, მაგრამ იმ ახალგაზრდების სახე მაინც დამამახსოვრდა და ვინც ტელევიზორში ვნახე, ის ბიჭები არ არიანო, თუმცა სასამართლო გამოძიება ამ `ახალი გარემოებას~ ყურადღება აღარ მიაქცევს… სხვათა შორის, დღემდე არც ის გარკვეულა, 1985 წელს, სოლიკო ხაბეიშვილი რატომ დაიჭირეს. იმხანად ბატონი სოლიკო ცეკას მდივანი იყო და მრეწველობას, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას კურირებდა. შესაბამისად, მის აყვანას სერიოზული სკანდალი მოჰყვა, მით უმეტეს, მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ხაბეიშვილი შევარდნაძესთან მეგობრობდა, შევარდნაძე კი ამ დროს უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო… იმხანად ცეკას კულუარებში ხმა დაირხა, თურმე, ხაბეიშვილის დაჭერით შევარდნაძის გასვრას ცდილობენო. შესაძლოა, არც უამისობა იყო… მოკლედ, შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ინტრიგა რამდენიმე ათეული წლის მერეც `გაუხსნელია~… ისე, ვიღაცები, ალბათ, იტყვიან, 21-ე საუკუნეში ამ ამბების ქექვა რაღაში გჭირდებათო. კომუნისტური წარსულის გახსენება, შეიძლება, მართლაც არ ღირს, მაგრამ სოლიკო ხაბეიშვილი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც, სხვათა შორის, სიკვდილამდე არცთუ დიდი ხნით ადრეა `გაკეთებული~, წერს (სტილი დაცულია):
`ფაქტები ახლო წარსულიდან ისეთსავე როლს თამაშობენ ხშირად, როგორც ვარდები სცენაზე, კულისების დასაფარავად რომ ჩამოჰკიდებენ… შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ დღეს, ასეთი ინფორმაციული ბუმის პერიოდში, მემუარისტიკას მნიშვნელობა დაეკარგა, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. ამის მაგალითად ჩემი ისტორიაც გამოდგება. თუ მომავალი იმ მასალის მიხედვით იმსჯელებს, რაც ჩემზე დაიბეჭდა 1985-6-7 წლებში გაზეთებში და რომლის მოცულობაც მრავალტომეული იქნება, დიდ უსამართლობას ჩაიდენს არამხოლოდ ერთი პიროვნების, არამედ ნაწილობრივ ჩვენი ისტორიის იმ მცირედი მონაკვეთის მიმართ, როცა მე მოღვაწეობა მიხდებოდა…~
ერთი სიტვით, „ქრონიკა+“ საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსული საქმის უცნობი დეტალების გამოქვეყნებას იწყებს
ოქროს კრუხი ლესია უკრაინკას ქუჩიდან
…1985 წლის 5 დეკემბერია. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფარდის უკან ატუზულა და ზამთრის სუსხით გაუკაცრიელებულ ლესია უკრაინკას ქუჩას მშიერი მგელივით ზვერავს. ალექსი ინაურს საკუთარ სიძლიერეში ეჭვი არსოდეს შეჰპარვია, მაგრამ დღეს საბოლოოდ დაარწმუნდა, რომ ყოვლისშემძლეა. ისე, თავიდანვე იცოდა, რომ ყველაფერი ასე დამთვარდებოდა, მაგრამ მაინც ფრთხილობდა, არ უნდოდა, „კვალი“ დაეტოვებინა. იმის შიში კი არ ჰქონდა, რომ „დაიწვებოდა“ და მერე ვინმე პასუხს მოსთხოვდა. უბრალოდ, საქმის „სუფთად კეთება“ უყვარს და მორჩა. ჯუმბერ ილიას ძე და სოლიკო ევტიხიჩიც ერთმანეთის მტერბად ისე აქცია, რომ „თითიც“ არ „გაუნძრევია“.
აბა, ხაბეიშვილმა „მოთვინიერება“ მოუნდომა და ამას შეარჩენდა?! სოლიკოს ყველა ჭკვიან კაცად თვლის და თუკი მართლა ასეთი ჭკვიანია, რატომ ვერ მიხვდა, რომ ინაურთან კინკლაობით თავს დაიღუპავდა?! შეიძლება, მიხვდა, მაგრამ ალბათ, ვინმეს იმედი ჰქონდა. ჰოდა, ახლა, იჯდეს და თავის „კრემლის კრიშებს“ ელოდოს. მართალია, „ტყირპიანმა ბელადმა“ „ცენტრი“ „ახალებურად მოაზროვნე“ იდიოტებით გაავსო, მაგრამ ალექსის სიტყვა მაინც ეთქმის და თუ მოინდომა, ევტიხიჩს გვერდით იმ მამათელსაც მიუსვამს.
ისე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „გრძელვადიან შვებულებაში“ ჯუმბერ ილიჩსაც გაუშვებს, მაგრამ „რკინის ალექსს“ პაიკებთან ბრძოლა არ უყვარს, თან ილიჩი იდეალური შემსრულებელია, პირწავარდნილი კარიერისტი. მთავარია, ჩააწვეთო, თუ ამას და ამას არ გააკეთებ, სკამი შეგერყევაო და ხელს ნებისმიერ აბსურდზე მოაწერინებ.
აი, სოლიკო ევტიხის ძე კი კერკეტი კაკალია და ინაური წლების წინ მიხვდა, რომ მისი მოთოკვეა გაუჭირდებოდა. არადა, პირველად რომ ნახა, მოეწონა, განათელბული ბიჭი ჩანს, ავისა და კარგის გარჩევა არ გაუჭირდებაო და შესთავაზა, ჩემზე იმუშავე და ბიუროდან ცნობები მომაწოდეო. სოლიკომ თავი შორს დაიჭირა, აგენტობა ჩემი საქმე არ არისო. ამ უარმა „რკინის ალექსი“ გაამწარა. „ღვაწლომოსილმა ჩეკისტმა“ კეთილშობილება გამოიჩინა, სურდა, ბიჭისთვის ცხოვრება ხონჩით მიერთმია, მან კი გაბედა და ხელი უკრა, ეს რა ზრდილობაა?! კარგი, რახან გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, პასუხსაც თვითონ აგებს და, ალბათ, ინანებს კიდეც, რომ „კა-გე-ბე“-სთან თანამშრომლობას პარტელიტასთან მეგობრობა ამჯობინა, მაგრამ სინანული უკვე გვიანი იქნება!
ჩვენში დარჩეს და, ურჩების მოთვინიერება ალექისი ჰობია. მოსწონს, „თვითდაჯერებული ზეპურნი“ მის ფერხთით რომ ეცემიან, პატიებას სთხოვენ, ევედრებიან. მოვა დრო და, ხოხვას ხაბეიშვილიც დაიწყებს და ფეხის თითებს დაუკოცნის, მაგრამ ალექსი გულჩვილი არ არის, მით უმეტეს, სოლიკო არ შეეცოდება.
საიქიოში ფეხგადადგმული ჩეკისტისთვის „წაქცეულის დამცირება“ სიცოცხლის ელექსირია, თან „წაქცეულსაც“ გააჩნია. მართალია, ხრუშჩოვის დაჭერაში დიდი როლი არ შეუსრულებია, მაგრამ რუს კოლეგებს „პაწა ხელი წააშველა“ და ისეთი განცდა დაეუფლა, გეგონება, ხელმეორედ დაიბადაო. ახლა, ხაბეიშვილი მთლად ნიკიტას დონე არაა, თუმცა ისეთი პირი უჩანს, რომ „მაღლა ასვლა“ არ გაუჭირდება, მაგრამ ალექსიც იქ დახვდება, ტრიუმფალური კარიერის მწვერვალთან და გაანადგურებს!
ახლა, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ინაური ცივსისხლიანია, მაგრამ ეს ცალმხრივი სიმართლეა, თორემ ალექსის შეეძლო, სოლიკო ჯერ კიდევ მაშინ გაენადგურებინა, ფეხი ტრიუმფალური კარიერის პირველ საფეხურზე რომ შედგა.
ეს ამბავი 1967 წელს მოხდა. მაშინ ხაბეიშვილი კომკავშირის ცეკა-ს მეორე მდივანი იყო. კომკავშირის ცეკა, ცხადია, ხელწამოსაკრავი ორგანო არაა, მაგრამ „პირველი პლეადის“ კომუნისტები ახალგაზრდებს, ცოტა არ იყოს, ალმაცერად უყურებენ. ამ მხრივ სოლიკო გამონაკლისია, პარტიული ბომონდი მისი ორატორობით მოხიბლულია. ერთი სიტყვით, პატივს სცემენ და მის სიტყვას ანგარიშს უწევენ…
სოლიკო ალპინიზმითაა გატაცებული. ეს „სენი“ „გეპეიში“ შეეყარა და დღემდე ვერ განიკურნა. ნამდვილი მთა კი პირველად 15 წლისამ ნახა. მასწავლებელმა მოწაფეები „ლერმონტოვის ადგილების“ მოსანახულებლად წაიყვანა. ყმაწვილებს საქართველოს სამხედრო გზა უზომოდ გრძელი და დამღლელი მოეჩვენათ, მაგრამ ანაზდეულად მყინვარწვერს „გადააწყდნენ“ და გაირინდნენ. სოლიკო მაშინვე მიხვდა, რომ მყინვარწვერი სხვა მთებს არ ჰგავდა, ის მთაზე ამოსული მთა იყო, რომელმაც დროის ცვალებადობას მედგრად გაუძლო!..
სოლიკოს მყინვარწვერი შეუყვარდა, ის გახდა მისი ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრების აზრი, მაგრამ ბიჭმა იცის, რომ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის მთა მიუწვდომელია. თვითონ კი სწორედ ასეთი მოკვდავია და, მაშასადამე, მყინვარს ვერასოდეს მისწვდება. ჰოდა, ისღა დარჩენია, მისი შიში და იმედი ჰქონდეს, მაგრამ გავა წლები და, „შეყვარებულები~“ ერთმანეთს შეხვდებიან…
…კარგა ხანია, კომკავშირის ცეკაში რესპუბლიკური ალპინიადისათვის ემზადებიან. სოლიკოს გული სწყდება, რომ მთაში ვერ მიდის, მაგრამ მთამსვლელებს გვერდიდან არ სცილდება. ბიჭებმა ექსედიციის ხელმძღვანელადაც აირჩიეს, მართალია, არ მოდიხარ, მაგრამ ხან რა გვჭირდება, ხან _ რა და შენს გვარს რომ გაიგებენ, უარს არაფერზე გვეტყვიანო. ერთი სიტყვით, ეს ჩვეულებრივი ფორმალობაა, სინამდვილეში კი ექსპედიციას სპორტის ოსტატი, ჟორა ბერძენიშვილი მეთაურობს…
_ ადამიანები, ვინც მთას იცნობენ, მათი ბუნება და საიდუმლოება იციან, ერთმანეთს ხშირად მთების განზომილებით განიხილავენ, _ სოლიკომ ბიჭებს გზა დაულოცა, _ აბა, თქვენ იცით და გახსოვდეთ, რომ მთა კეთილიცაა და ბოროტიც. მთა რომ არა, ჩვენს მიწას რა დააპურებდა? მდინარეებს უხვი წყლით სწორედ მყინვარები აჯილდოვებენ, მაგრამ თუ ბუნება განრისხდა, ადამაინებს ღვარცოფს სწორედ მთის მეშვეობით უგზავნის და ამ დროს მთა ბოროტია!
მთა 1967 წელსაც გაბოროტდა და ქვათაცვენამ ორი ალპინისტი იმსხვერპლა. ამ ამბავმა თბილისამდე ჩამოაღწია თუ არა, ცეკა-ში საგანგებო თათბირი ჩატარდა, ალექსი ინაურმა ყველაფერში სოლიკო დაადანაშაულა და მისი პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, თუმცა ბიურომ უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
მაშ ასე, ხაბეიშვილი „რკინის ალექსის“ კლანჭებს უკვე მეორედ გადაურჩა, მაგრამ საკითხავია, „დამალვას“ როდემდე მოახერხებს ან სად დაემალება?
…უშიშროების კომიტეტის შეფს რკინის ნერვები აქვს და, როგორც წესი, ემოციების გამოხატვა არ სჩვევია. ყოველ შემთხვევაში, არც წყენას იმჩნევს და არც _ სიხარულს, მაგრამ ყური რომ მოჰკრა, შევარდნაძემ ქუთაისის ქალაქკომის მდივნად სოლიკო ხაბეიშვილი დანიშნაო, თვალები აუციმციმდა. სხვა დრო რომ იყოს, სოლიკოსთან ძველი მტრობა შეიძლება, არც გახსენებოდა, მაგრამ ედუარდი მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებს. მართალია, ცეკას ახალ მდივანს პირადად არაფერი უთქვამს და არც უგრძნობინებია, მაგრამ ალექსის ყველგან თავისი „ყური“ ჰყავს და დეტალურად იცის, სად რა ხდება.
მოენეებს თუ დაეჯერებათ, ამასწინათ ამბროსოვიჩი ინაურზე ისეთი გაცეცხლებული ყოფილა, რომ სულ ცოცხალი და მკვადრი უგინებია. ამ დროს კაბინეტში ხაბეიშვილი შესულა და დაუწყნარებია, ინაურს ურჩევნია, თავის მორფინისტ შვილიშვილებს მიხედოსო.