ცოტნე აბესაძე: „ხელისუფლებას აღარ გააჩნია კოვიდთან ეფექტიანი ბრძოლის იარაღი“
15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოქმედ პრემიერსა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველ ნომერ გიორგი გახარიასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერობის კანდიდატ გიორგი ვაშაძეს შორის დებატები უნდა გამართულიყო.
პრემიერმა არმისვლის მიზეზად მოუცლელობა დაასახელა და მის ნაცვლად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მივიდა.
დებატებზე ვაშაძემ მმართველი გუნდის ძვირადღირებულ საათებსა და უძრავ ქონებაზე გააკეთა აქცენტი.
რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პრემიერი დებატებზე არ მივიდა? რა მოლოდინები აქვთ „სტრატეგია აღმაშენებელში“? შეძლეს თუ არა მათ ამომრჩევლამდე მთავარი გზავნილის მიტანა?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგარზდა პოლიტიკოსებში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრ ცოტნე აბესაძეს ესაუბრა:
_ ცოტნე, სატელევიზიო დებატებში თქვენი პარტიის ლიდერ გიორგი ვაშაძესთან, გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივიდა, გახარიამ კი განაცხადა, რომ არ სცალია. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
_ მოგეხსენებათ, საზოგაოებრივი მაუწყებლის პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების პირდაპირ ეთერში დებატებს, რაზედაც არც „ქართული ოცნება“ იყო უარზე მანამ, სანამ კენჭისყრაში გიორგი გახარიას ოპონენტად გიორგი ვაშაძე არ ამოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა საქართველოს არაფორმალური მმართველის ხელდასხმული პრემიერ-მინისტრი იმ დონეზე მოუცლელი, როგორც არც ერთი პრემიერ-მინისტრი და არც ერთი პრეზიდენტი მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დებატების ფორმატი არის მსოფლიო პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული პოლიტიკური ოპონირების ფორმა და მასზე უარის თქმა ხაზს უსვამს პიროვნების პოლიტიკურ სიმდაბლეს. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“, მის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავჯდომარეს, მათ პრეზიდენტსა თუ სხვა, ნებისმიერ თანამდებობის პირს არ აქვს და ვერ ექნება კითხვებზე პასუხები, რომელსაც მათ ვუსვამთ ქრთველი ხალხი. ერთადერთი მოპასუხე, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვინც უნდა გასცეს პასუხი საქართველოს გაღარიბებულ, გადაგდებულ, გაბრაზეულ და ქვეყნიდან წასულ მოქალაქეს, შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილი. სხვა დანარჩენი მისი ხელით დასმული მარიონეტები არიან. რადგან, არ აქვთ კითხვებზე პასუხები და კითხვები არის ძალიან მძიმე და ძალიან ბევრი, ქართველი ხალხი უპასუხებს მათ მაშინ, როდესაც ხალხი ყველაზე ძლიერია, ანუ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს!
_ ვაშაძემ აქცენტი გააკეთა ძვირადღირებულ საათებზე, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების კუთვნილებაშია, რის საპასუხოდაც მდინარაძემ კობახიძისგან საჩუქრად საათი გადასცა ვაშაძეს და აღნიშნა, რომ ეს საათები ორიგინალის რეპლიკებია. მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ სიყალბეში ამხილა ვაშაძე. რატომ არის ასეთი მნიშვნელოანი საათების თემა და როგორ ფიქრობთ, რამდენად დაიჯერა საზოგადოებამ მდინარაძის არგუმენტი?
_ ვაშაძე, მთელი მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქცენტს აკეთებს მმართველი გუნდის წარმომადგენლების ძალიან ბევრ კორუფციულ გარიგებაზე, გაუსაძლისს გაჭირვებაზე, რომელშიც ჩავარდა საქართველოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობა; ქვეყანაში უსმართლო საბანკო პოლიტიკაზე, რომელმაც სახლ-კარის გარეშე დატოვა საქართველოს ბევრი მოქალაქე; ჩამოშლილ ეკონომიკაზე, გაუფასურებულ ლარზე, უმძიმეს ჩავარდნებზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში; უსამართლო სასამართლოსა და ასევე მმართველი გუნდის წარმოუდგენელ სიმდიდრეებზე, რომლებსაც ისინი ფლობენ საათების, მანქანების, უძრავი ქონებისა თუ სხვა სახით. ხოლო ჩვენ ვნახეთ, რომ გახარიას გამოგზავნილმა, დამარცხებისთვის განწირულმა პოლიტიკურმა პაიკმა _ მდინარაძემ, ზემოთ ჩამოთვლილ აქცენტირებულ თემებთაგან გამოარჩია მათგან ყველაზე მსუბუქი, საათების საქმე და სამარცხვინოდ ცდილობდა თემით მანიპულირებას, რომელზედაც მათ პასუხი გაეცემათ 31 ოქტომბერს.
_ ოპოზიციურ სპექტრში ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ კოვიდ-19 შეგნებულად მიუშვა, რომ მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე. თქვენ თუ იზიარებთ ამ პოზიციას?
_ ვფიქრობ, რომ არსებულ ხელისუფლებას აღარ გააჩნია კოვიდთან ეფექტიანი ბრძოლის არც ერთი იარაღი და უნდათ მათ ეს თუ არ უნდათ, ვირუსი აუცილებლად გაიქცევა. მათ მოსამზადებლად ვერ გამოიყენეს ზაფხულის ის პერიოდი, როდესაც ვირუსი თითქმის ჩამქრალი იყო და სრულიად მოუმზადებლად შეხვდა საქართველო კოვიდის მეორე ტალღას. შედეგიც სახეზეა _ დღეს ყოველდღიურად 1000- ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რაც მოსახლეობის რაოდენობით ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ძალიან დიდი რიცხვია. მაშინ, როდესაც ჩვენ გავაჩერეთ თითქმის სრულად ეკონომიკა და დარტყმის ქვვეშ დავაყენეთ ქართული ოჯახების ეკონომიკური წესრიგი, იმ მოტივით, რომ ეფექტიანი ყოფილიყო კოვიდთან ბრძოლა, შედეგი მივიღეთ რადიკალურად განსხვავებული _ ვნახეთ ძალიან დიდი ჩავარდნა ე. წ. საამაყო კრიზისმენეჯერების შემოქმედებით. ამდენად, შეგნებულად მიუშვა თუ არა ხელისუფლებამ ვირუსი, რაზედაც მტკიცებით ფორმაში საუბარი, ამ ეტაპზე, როდესაც ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არის, მიზანშეუწონლად მიმაჩნია _ მნიშვნელოვანია შედეგი და მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ დღეს საქართველო არის ძალიან დაუცველი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
_ არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრემიერი ტოქსიკურობას ააანონსებს და აცხადებს, რომ ოპონენტები ყველაფერზე წავლენ. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის გზავნილია ეს მთავრობის მეთაურის მხრიდან?
_ მინდა გითხრათ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელთანაც ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტი გვაქვს, ვართ ძალიან მშვიდად, ვმუშაობთ კონსტრუქციულად და ველოდებით დამაჯერებელ გამარჯვებას 31 ოქტომბერს. ამ სიტუაციაში ერთადერთი, ვისაც ქვეყანაში სურს შემოიტანოს ტოქსიკური, დაძაბული, დაპირისპირებაზე აგებული წინასაარჩევნო დღის წესრიგი, არის გუნდი, რომელიც მარცხდება _ გუნდი, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში დატოვა უნიათობის, კორუმპირებულობის, რუსეთუმეობის, გადამგდების სახელი. თუმცა მიუხედავად იმისა, რაზეც არ უნდა წამოვიდეს ხელისუფლება და რა დაძაბული დღის წესრიგიც არ უნდა შემოგვთავაზოს ოპოზიციურ სპექტრს, ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მშვიდი, ჩვენი პასუხი იქნება მათი დამაზიანებელი პოლიტიკის დაიგნორება, ხოლო საზოგადოების პასუხი იქნება არჩევნების დღეს.
_ არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. შეძლო თუ არა „სტრატეგია აღაშენებლმა“ საკუთარი გზავნილის ამომრჩევლამდე მიტანა?
_ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მანამ, სანამ ის პოლიტიკურ ბლოკად ჩამოყალიბდებოდა, გაცილებით ადრე ძალიან აქტიურად მუშაობდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემების დაძლევის მექანიზმების შემუშავებაზე, მათ პრეზენტირებასა და საზოგადოების ინფორმირებაზე ამ თემების გარშემო. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრატეგია აღმაშენებელი ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ბლოკად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ათვისებული გვაქვს საქართველოს ყველა რეგიონი, რეგიონული შტაბები გვაქვს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში და გვყავს ძალიან მაგარი აქტიური, ენერგიული ჯგუფები მთელ საქართველოში, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, გასული თვეების განმავლობაში, ჩართული არიან კარდაკარის წარმოებაში და არ დარჩენილა თითქმის არც ერთი ქართული ოჯახი, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ მისულან, არ მოუსმენიათ მათი პრობლემები და არ მიუწოდებიათ მათთვის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმები, რომელიც სტრატეგია აღმაშენებელს აქვს შემუშავებული.
_ როგორია თქვენი პროგნოზი? პირველ ნოემბერს იქნება თუ არა ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა?
_ ამ კითხვაზე ძალიან მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ, ეს გარდაუვალია!
_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ ქართველი ხალხი არ შეეგუება უკუსვლას, სიღატაკეს, ქვეყნიდან გაქცევას, უპერსპექტივობას და აუცილებლად გაეცემა პასუხი ღატაკი ხალხის მდიდარ მთავრობას, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დაკარგულია და უმძიმეს რეალობას, რომელიც საქართველოში დგას, თვალს არ უსწორებს.
_ პარტიის შიდა კვლევებიც გეცოდინებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა არის „სტრატეგია აღმაშენებელის“ მაქსიმუმი?
_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის ფოკუსირებული კონკრეტულ პროცენტებზე არჩევნებში, ის არ არის ორიენტირებული, თუ რამდენი კაცი ეყოლება ან არ ეყოლება პარლამენტში, ან როგორ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სამმართველო უწყებაში. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით შედეგი იქნება ძალიან მაღალი. არამედ ჩვენი მიზანი და ჩვენი მაქსუმუმი იქნება ის, რომ პირველი ნოემბრიდან ამ ქვეყანამ დაიწყოს ძალიან სწრაფი ტემპებით ამოსვლა ჭაობიდან და საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს, რომ მისი ქვეყანა ვითარდება ისე, როგორც არც ერთი ქვეყანა ამ რეგიონში.
_ თუ ოპოზიციური კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, დაუჭერთ თუ არა მხარს გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატ სააკაშვილს?
_ ოპოზიციური კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ოპოზიციური პარტია და ეს ერთობა დააკომპლექებს მთავრობას. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი არჩევნებზე და ჩვენთვის ქართველი ხალხის ნება უზენაესია. ჩვენ მოლაპარაკებებში შევდივართ ყველასთან, ჩვენი სტილი არ არის დაპირისპირება, ჩვენი სტილია კონსტრუქციული, თანამშრომლობითი პარტნიორობა მიზნის გარშემო, რომელიც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ინტერვიუს თუ განცხადებას, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თუ ნებისმიერი წარმომადგენელი ოპოზიციურ ძალებთან შედის კინკლაობაში. და ჩვენ სწორედ ასე ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას.
_ რა უპირატესობები აქვს გიორგი ვაშაძეს სხვა პრემიერობის კანდიდატებთან შედარებით?
_ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და მისი ხელმძღვანელის უპირატესობა სხვა ნებისმიერი გუნდის მიმართ არის ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარ შემუშავებული კომპლექსური, დახვეწილი და ქვეყნის შეუქცევადად განვითარებისთვის მომართული გეგმები, რომლებიც სტრატეგია აღმაშენებლის ფორმატით ერთიანდება.
ნენე ინჯგია