ცოტნე აბესაძე: „სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციას ერთიანობა უნდა აიძულონ“

„როდესაც საკუთარ ამომრჩეველს აჩვენებ, რომ არ ხარ პრინციპების ერთგული, ეს ამომრჩეველიც გაჩვენებს, რომ მისი მხარდაჭერა აღარ გაქვს“, _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ის რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ცოტნე აბესაძე. აბესაძე იმასაც ამბობს, რომ სწორედ სამოქალაქო აქტივისტებმა უნდა აიძულონ ოპოზიცია, ერთიანი იყოს.რა მოცემულობაშია ამომრჩეველი? უნდა გააგრძელონ თუ არა გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება სამოქალაქო აქტივისტებმა? რა შანსები აქვს ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე?

ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ სამოქალაქო აქტივისტ ცოტნე აბესაძეს ესაუბრა:

_ ცოტნე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ადგილები დაიკავა, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ეს კრიზისი დასრულდა?

_ პოლიტიკური კრიზისი არ იწყება ოპოზიციის პარლამენტში არყოფნით და არ მთავრდება ოპოზიციის პარლამენტში შესვლით. კრიზისი გახლავთ ქვეყნის მდგომარეობა, რომელშიც ის ახლა არის. ადამიანების დიდ ნაწილს ჰქონდა განცდა და მოლოდინი, რომ 2020 წლის არჩევნებზე მთავრობა შეიცვლებოდა და ამ ქვეყანაში ყოფნას, მუშაობას, დარჩენას აზრი ექნებოდა. სწორედ ამ მოლოდინით კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი რჩებოდა საქართველოში. 2020 წლის გაყალბებულმა არჩევნებმა და ხელისუფლების მესამე ვადით მიტაცებამ ეს მოლოდინი გააქრო. ახლა ადამიანების დიდი ნაწილი სამშობლოს ტოვებს და სხვაგან მიდის საარსებოდ. აქ რჩებიან პენსიონერები და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები. ძალიან გაუჭირდა და ვეღარ სუნთქავს მცირე ბიზნესი, რაც აქრობს სამუშაო ადგილებს და ისევ და ისევ ადამიანებს უბიძგებს, დატოვონ ქვეყანა და სხვა ქვეყანაში იმუშაონ. რეკორდულად გაუფასურებულია დოლარი, რეკორდულად გაძვირებულია საწვავი და რეკორდულად ძვირია სხვა ყველა პროდუქტი, რაც ასევე იძულებულს ხდის ადამიანებს, წავიდნენ და შეუერთდნენ ემიგრანტების ისედაც ძალიან დიდ რიცხვს. სწორედ ეს არის კრიზისი, რომელსაც რამდენიმე 2%-იანი პარტიის პარლამენტში შესვლა ვერ გადაწყვეტს. აუცილებელია შეიცვალოს მთავრობა, რადგან განცდა, რომ აქ ცხოვრება ღირს, დაუბრუნდეს ადამიანებს.

_ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა? რით შეიძლება აიხსნას ეს გადაწყვეტილება?

_ თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლა დემოკრატიის პრინციპია და ამაში გასაკვირი არაფერია ნორმალურ მოცემულობაში, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებით ჩვენ მივიღეთ არანორმალური ვითარება, როცა აშკარა და ცხადია, რომ არჩევნები გაყალბებულია და ძალაუფლება _ მიტაცებული; როცა ამ პროცესებიდან მალევე იჭერენ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს; როცა ამ მოცემულობაში თანამდებობას სკანდალურად ტოვებს პრემიერ-მინისტრი; როცა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და გვაქვს ბოიკოტი, _ ამ არანორმალური ვითარების დროს ბოიკოტის შეწყვეტის საფუძველი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაშიც უნდა გაცვლილიყო ბოიკოტი. რაც ახლა ჩვენ მივიღეთ, პრინციპულად აცდენილია ამ მთავარ მოთხოვნას. ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გამოიჩინეს სიმტკიცე და ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა, რომ უკვე თითქოსდა ყველა წინადადებაზე თანახმა იყვნენ, აწერდნენ ხელს და შედიოდნენ პარლამენტში, ეს მიუთითებს მათ უმწიფარობაზე, სისუსტესა და პოლიტიკურ უნდობლობას აჩენს საზოგადოებაში მათ მიმართ. ამ ნაბიჯით მათ დაკარგეს 2020 წლის არჩევნებზე მოპოვებული მხარდაჭერის დიდი ნაწილიც. ძალიან ცდებიან, როცა სხვადასხვა გადაცემაში დებატების დროს ისინი აპელირებენ თუნდაც იმ 2-3%-ზე, რომელიც ოქტომბერში ჰქონდათ. ეს მხარდაჭერა არ არის მუდმივი. როდესაც საკუთარ ამომრჩეველს აჩვენებ, რომ არ ხარ პრინციპების ერთგული, ეს ამომრჩეველიც გაჩვენებს, რომ მისი მხარდაჭერა აღარ გაქვს.

_ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევიდა, პასუხობს თუ არა საზოგადოების დაკვეთას და, რეალურად, როგორია საზოგადოების განწყობა, _ სურს თუ არა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა?

_ საზოგადოებას სურს ამ ქვეყანაში ცხოვრება, დაიწიოს დოლარის კურსმა, დაიწიოს საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასებმა, გაჩნდეს სამუშაო ადგილები და ცხოვრების დონე გაიზარდოს. ამომრჩეველი, რომელიც ხმას აძლევდა ოპოზიციურ პარტიას, ამას იმიტომ არ აკეთებდა, რომ მათ პარლამენტში კაბინეტები გადაენაწილებინათ, ბიუჯეტიდან საკმარისზე დიდი ხელფასები აეღოთ, თანაშემწეები დაენიშნათ, კომფორტი შეექმნათ და ეცხოვრათ ბედნიერებს. მე პირადად წარმოვადგენდი ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას და ვმონაწილეობდი წინასაარჩევნო კამპანიაში. მე ვარწმუნებდი ადამიანებს, რომ ღირდა ბრძოლა მთავრობის შესაცვლელად და პრინციპულობას ვპირდებოდი მათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მსგავსი რეალობა ამომრჩეველში იწვევს უნდობლობის განცდას და აღქმას, რომ ყველაფერი ტყუილია და ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის. არაფერია ცუდი იმაში, რომ საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის იბრძოდე და მუშაობდე ამისთვის, მაგრამ მაშინ სწორად უნდა აირჩიო პროფესია. პოლიტიკოსობა არ გამოდგება კეთილდღეობის მოსაწყობად. ისინი უნდა წავიდნენ ბიზნესში და კერძო სექტორში, მათ თუ არ შეუძლიათ საკუთარი კეთილდღეობა და კომფორტი დადონ სასწორის პინაზე და ამის მიხედვით არ მიიღონ გადაწყვეტილებები, ისინი არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში!

_ იზიარებთ თუ არა იმ პოზიციას, რომ ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და სწორედ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს პროტესტის გამოსახატად?

_ რა თქმა უნდა, ეს დემოკრატიის ანაბანაა, რომ ყველა ვერ იქნება ხელისუფლებაში და ოპოზიციაში დარჩენილი პოლიტიკური ძალები საკანონმდებლო დონეზე აქტიურები უნდა იყვნენ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ნორმალური ვითარება. ასეთ სიტუაციაში, როცა მიტაცებულია ხელისუფლება და არ აპირებს არჩევნების გზით შეიცვალოს, როდესაც გვაქვს პრაქტიკა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის თუ წარმომადგენლის საკანონმდებლო ინიციატივა არ გასულა და არ დამტკიცებულა პარლამენტში, როცა სიტყვა გაქვს მიცემული ათობით ათასი ამომრჩევლისთვის, რომ პარლამენტში არ შეხვალ, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ცალსახაა, რომ ამ სიტუაციაში, ამ პარლამენტში შესვლა, ისე რომ არ მიგიღია ვადამდელი არჩევნები, მიუღებელია და უკიდურესი სისუსტისა და უმწიფრობის მანიშნებელია.

_ სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირზე დღემდე აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. აქვს თუ არა პროტესტის გაგრძელებას აზრი?

_ იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიების ერთიანობა, ფაქტობრივად, დაშლილია და ასე თუ ისე პოლიტიკური პროცესი გადასულია საკანონმდებლო ორგანოში, სამოქალაქო აქტივისტების ლოკალური პროტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ აქვს. სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შენარჩუნება და გაცოცხლება ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ოპოზიციის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოების ყველაზე აქტიურმა ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, უნდა აიძულონ ოპოზიცია იყვნენ ერთიანები და ამ ერთიანობით დაუპირისპირდნენ ოლიგარქიულ სისტემას.

_ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების ბედი. დღევანდელი მოცემულობით აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ შანსი, რომ 43%-ზე მეტს მიიღებს?

_ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღემდე და 2021 წლის ოქტომბრამდე არსებითად არაფერი შეცვლილა. ხელისუფლებას ისევ აქვს ლეგიტიმური თუ არა, არჩევნებზე ხმების კანონიერი თუ უკანონო მობილიზაციის ბერკეტები. ამდენად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობა, საერთო მაჟორიტარებებსა და საერთო მერობის კანდიდატზე შეთანხმება. სხვა ყველა შემთხვევაში თითქმის შეუძლებელი იქნება ივანიშვილის პარტიის დამარცხება. დღეს ამ პოზიციის აქტიური ლობისტი არის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ნიკა მელია, ასევე მყარად დგას ამ პოზიციაზე ევროპული საქართველო. აუცილებელია სხვა, ყველა პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ ასევე გაიზიაროს ეს აზრი და ერთიანი პოზიციებიდან მიიტანონ დარტყმა მიტაცებულ ხელისუფლებაზე. სხვა ყველა შემთხვევაში, ყველა ე. წ. მესამე ცენტრებისა და დამოუკიდებელი თამაშის მონაწილე პოლიტიკური პარტიები ითამაშებენ ბიძინას თამაშს და დაეხმარებიან „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნებაში. ხოლო ერთიანობისა და საერთო კანდიდატებზე შეთანხმების შემთხვევაში, ოპოზიციას დიდი შანსი აქვს ბევრი სოფლის, თემის, ქალაქის მოგების და ვადამდელი არჩევნების მოპოვების. თუ გადავხედავთ ისტორიას, ამ ქვეყანაში ხელისუფლებები იცვლებიან მაშინ, როდესაც ერთ მხარეს დგას მმართველი ძალა, ხოლო მეორე მხარეს ერთიანდება ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ასე უპირისპირდება მას. სხვა ყველა გზა ივანიშვილის გზაა, სხვა ყველა, ვინც იტყვის, რომ რაღაც (სხვა შემთხვევაში შესაძლოა, გასათვალისწინებელი) არგუმენტებით ვერ იქნება ამ ერთიანობის მომხრე, ძალაუნებურად, „ოცნების“ „მხარდამჭერი“ გახდება არჩევნებში.

_ რა სამოქმედო არეალი რჩება ოპოზიციას და როგორი წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულა?

_ ერთიანობა არის ერთადერთი შანსიც და გამოსავალიც არსებული სიტუაციიდან, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის ოლიგარქიულმა სისტემამ და რომელზედაც პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მეტწილად უღალატეს საკუთარ პრინციპებს და იმედი გაუცრუეს საკუთარ ამომრჩეველს. ახლა მათ აქვთ შანსი, დაბრუნდნენ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ერთიანობით. თითოეული მათგანის მოწოდებები ახალი მესამე თუ მეოთხე პოლიტიკური ცენტრების შექმნაზე არის ივანიშვილის თამაში და ამით ისინი აჩვენებენ, რომ იბრძვიან 2-3 პროცენტისთვის და არა გამარჯვებისთვის.

ნენე ინჯგია