„ჩემთვის დაზარალებულის სტატუსი რომ მოეცათ, ბევრი რამ გამოიკვეთებოდა“
გიგა გელხვიიძე
2023 წლის ნოემბერს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი 25 წლის გახდებოდა. თემირლანის საქმე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად ამ დრომდე არ არის გამოძიებული, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში დაადგინა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა, გამოძიებაში გამოვლენილი ფუნდამენტური დარღვევების გამო.
აღნიშნული საქმის შესახებ „ქრონიკა+“ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილსა და მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძეს დაუკავშირდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი:
_ ბატონო მალხაზ, თემირლანის მკვლელობიდან უკვე ექვსი წელი გავიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანის ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თქვენ სასარგებლოდ, ამ პროცესებიდან _ ექვსი თვე. რამდენიმე ხნის წინათ თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ მოხდეს საქმის ხელახალი და ჯეროვანი გამოძიება. იყო თუ არა ამ ბრიფინგის შემდგომ რაიმე გამოხმაურება და რა ეტაპზეა ახლა თემირლანის მკვლელობის საქმე?
_ თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ყველამ ვიცით, არის ევროსასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილება, რომ საქმე არასრულყოფილად კი არა, პირდაპირ ვინც ჩაიდინა დანაშაული მათ მიერ არის გამოძიებული და ეს არ არის მათთვის (ევროსასამართლო) მისაღები, უნდა გამოიძიოს სხვა საგამოძიებო ჯგუფმა. ეს უნდა მომხდარიყო სამ თვეში სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, თუმცა ექვსი თვე გავიდა უკვე და დღესაც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ არ გამოიძიონ ეს საქმე და დუმილს ირჩევენ. ვიმედოვნებდი, რომ ექვსი თვის თავზე მაინც დაიწყებდნენ ამ საქმის გამოძიებას. ჩვენ სპეციალური ბრიფინგითაც გამოვეხმაურეთ საზოგადოებასაც, ხელისუფლებასაც და იმ სტრუქტურებსაც, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მის შემდგომ არანაირი გამოხმაურება არ არის და ველოდებით თვის ბოლომდე კიდევ, იქნებ, დაიწყონ რამენაირად გამოძიება. 25 წლის გახდებოდა თემირლანი 25 ნოემბერს, მისი გარდაცვალებიდან კი უკვე ექვსი წელი გადის დეკემბერში. მე არ ვიყავი და არ მქონდა დაზარალებულის სტატუსი, შესაბამისად, არ გვქონდა არანაირ მასალებზე წვდომა. დანაშაული მათ მიერ არის ჩადენილი, იყო ბევრი ტყუილი და დეზინფორმაცია, მტკიცებულებების განადგურება და უხეში დარღვევა _ ყველაფერი იყო ნათელი და დღესაც ასეა. უბრალოდ, რომ მოეცათ ჩემთვის დაზარალებულის სტატუსი, ბევრი რამ გამოიკვეთებოდა და გამოჩნდებოდა, თუ რა სახის დანაშაული იყო ჩადენილი.
_ მკითხველისთვის კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა იყო ძირითადი ნივთმტკიცება ამ საქმეში?
_ ვიცით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იყო ხელყუმბარა. როცა თემირლანი სასიკვდილოდ დაჭრეს, მოიტანეს ხელყუმბარა და ჩაუდეს ხელში, თუმცა თითის ანაბეჭდები ვერ აიღეს. იმწამსვე მოკლეს თემირლანი და გარდაცვალების შემდეგ შეუძლებელი გახდა ანაბეჭდების აღება. ასევე მაშინ, როდესაც მთელი საწოლი სისხლით იყო სავსე, ხელყუმბარაზე ერთი სისხლის წვეთი არ იყო. ამიტომაც ადგნენ და გაანადგურეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება, ხელყუმბარა. ამის გარდა კიდევ იყო სხვა ყურადსაღები ფაქტებიც.
_ რისი ეშინია ხელისუფლებას? რატომ არ იწყებენ ხელახალ გამოძიებას?
_ რატომ არ იწყებენ ამ გამოძიებას? იმიტომ, რომ იქ ძალიან დიდი დანაშაულია და სახეზეა ნივთმტკიცების განადგურება. ტყუილებით შეთითხნილია საქმე.
_ თქვენ ბრძანეთ, თვის ბოლომდე დაველოდები, რომ იქნებ, დაიწყოს გამოძიებაო, რას აპირებთ შემდგომ?
_ არაერთხელ მითქვამს: ამ ხელისუფლების პირობებში ეს საქმე კი არა, ძალიან ბევრი საქმე არის შემოდებული თაროზე, თუმცა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეა და ამის სრულყოფილად გამოძიება და საკუთარი თავის დადანაშაულება არ მოხდება. ამის იმედი მაქვს ნული პროცენტი. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ, _ იმ 12 პუნქტში, რომელიც ევროკავშირმა დააკისრა საქართველოს შესასრულებლად, იქიდან სამი, რომლიდანაც ესენი საუბრობენ შეასრულეთო, ერთ-ერთი არის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. ამათ ვითომ ქაღალდზე შეასრულეს, მაგრამ საქმით არავის არაფერი დაგვანახეს და ვფიქრობ, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ იძულებულები გახდებიან, ახალ წლამდე მაინც შეასრულონ, სხვა შემთხვევაში ამაში უნდა ჩაერიოს ევროპის მინისტრთა კომიტეტი და უნდა მოჰყვეს ამას სანქციები. მაგრამ როდესაც ველოდებით სტატუსს, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ რამდენადმე მოუხდებათ ნაბიჯის გადადგმა და ამ საქმის ხელახალი განხილვა. თუმცა შეეცდებიან, მაქსიმალურად გაწელონ დრო, გამოააშკარაონ რაღაც, ხოლო მათთვის საზიანო დამალონ. უნდა დაიძრას ეს საქმე და თუ არ დაიძრება, მაშინ ევროპის მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩაერიოს და მეც არ დავჯდები გულხელდაკრეფილი, ისევ დავიწყებ აქციებს. ამ ხელისუფლებასთან შერკინება ჩემი ხვედრია, ამას ვერ გავექცევი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა შესაძლებელია, თუ მისი ხელახალი გამოძიება კონკრეტული მიმართულებით და წესის დაცვით დაიწყება:
_ თამთა, რა ღონისძიებები გატარდა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე ამოქმედდა?
_ როდესაც ამოქმედდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, სამი თვე იყო საჭირო გარკვეული პროცედურების გავლისთვის და ექვს თვეში უნდა დაწყებულიყო უკვე აღსრულების პროცესი, _ მთავრობას უნდა წარმოედგინა გეგმა, რა ინდივიდუალურ და ზოგადი ხასიათის ღონისძიებებს გაატარებდა. ეს საქმე გაერთიანდა ციცნცაბაძის ჯგუფში, რომელიც დაახლოებით 15 საქმეს აერთიანებს მესამე და მეორე მუხლებში, რაც გულისხმობს ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას და ამ საქმეების შემდგომ გამოძიებას. მათ შორის ამ ჯგუფში ერთიანდება გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეები და ამ საქმეთა ჯგუფზე ზედამხედველობა გაძლიერებულად მიმდინარეობს, სწორედ დარღვეული უფლების მნიშვნელობიდან და დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე.
ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კომიტეტში გავაგზავნეთ დეტალური ანგარიში, სადაც, ერთი მხრივ, წარვადგინეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა არის ის ინდივიდუალური ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ ამ საქმეზე უფლების აღდგენისთვის არის მნიშვნელოვანი და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ გამოძიების გახსნა და წარვადგინეთ ზოგადი დასაბუთება და რეკომენდაციები, სადაც ვითხოვთ, მათ შორის, სუსის რეფორმირებას და მასზე ზედამხედველობის გაძლიერებას; ასევე სპეცოპერაციების დროს ანგარიშვალდებულების პროცედურებისა და სტანდარტების დაცვას, მათ შორის, ის, რომ ამგვარი სპეცოპერაციების დროს მათ უნდა შექმნან მტკიცებულებები სამხრე კამერებით; ასევე შიდა ანგარიშგების სისტემა უნდა შეიქმნას; ვსაუბრობთ ასევე დაზარალებულის სპეციალურ უფლებებზე, საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის, _ არ აქვს წვდომა დაზარალებულ მხარეს; პანკისის კონტექსტსა და სხვა საქმეებზე, რომელიც ამ კონტექსტიდან გამოჩნდა.
ჩვენ ასევე სექტემბერში, როდესაც სამთვიანი ვადა გავიდა, მივმართეთ გამოძიებას და მოვითხოვეთ ხელახალი გახსნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, რადგანაც კანონით სწორედ მათ აქვთ მანდატი, რომ ევროპული სასამართლოს უფლების დარღვევის შემდეგ ხელახალი გამოძიება უზრუნველყონ საქმეებზე. გვიპასუხეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაივლის კონსულტაციებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტთან და ამის შემდგომ გადაწყვეტენ, რა ღონისძიებებს მიიღებენ აღსასრულებლად.
_ რა ხდება ახლა? რა ეტაპზეა ეს პროცესები?
_ ჩვენ მეორე წერილიც გავუგზავნეთ დაახლოებით ერთი თვის წინათ და ავუხსენით, რომ ასეთი მექანიზმი არ არსებობს, რომ მათ უნდა გაიარონ კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან და რომ ისინი ვალდებულები არიან, ჯეროვნად აღასრულონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების შინაარსი პირდაპირ მიუთითებს ხელახალი გამოძიების დაწყებაზე, რადგანაც ის გამოძიების ფუნდამენტურ დარღვევებზე საუბრობს. გვიპასუხეს, რომ ჩვენ ამ კითხვაზე უკვე გავეცით პასუხი წინა წერილითო.
ახლა ველოდებით, რომ ისინი წარადგენენ მინისტრთა კომიტეტზე სამოქმედო გეგმას, რა პოზიციებით წარდგება მთავრობა და გაზაფხულზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველია, საგაზაფხულო შეკრებაზე უკვე შეაფასებს მთავრობის მიერ გაგზავნილი სამოქმედო გეგმის ეფექტიანობასა და ჯეროვნობას. გამოძიების დაწყების პროცესს აჭიანურებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს გამოძიების აღსრულებაზე ბარიერები ექმნება და ევროპული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემა მათ უფლებებს არ უზრუნველყოფს.
_ რამდენად ჩააბარა ხელისუფლებამ სპეციალურ გამოძიებაში გატარებული სტრუქტურული ცვლილებით ტესტი სამართლიანობის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი სიგნალია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ იყოს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდნენ და ასევე აქვს გამოძიების გადასინჯვის მექანიზმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საქმეზე ისინი ტესტს ვერ აბარებენ.
_ ევროპული კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციები ცნობილია, რომელიც ასევე ცალსახად ავალდებულებს ხელისუფლებას, გაამკაცროს აღსრულების ნაწილში ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები. ეს რეკომენდაციები, მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანა, სწორედ მათი აღსრულებით ელოდება სტატუსის საბოლოოდ მიღებას, დაეხმარება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს წინსვლაში?
_ ამ ნაწილში საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობაში გაატარა ცვლილება, რომლითაც გაზარდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შიდა სასამართლო სისტემაზე გავლენის მექანიზმები. კონვენციების განმარტების დროს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს გათვალისწინებული და მექანიზმებიც არის ხელახალი განხილვის. ეს რეკომენდაცია ძირითადად შესრულებულად ჩაეთვალა საქართველოს, ვინაიდან ეს საკანონმდებლო ბაზა შექმნა. უშუალოდ ევროკავშირი არ შედის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების გახმაურების საკითხზე და ვფიქრობ, ის, რაც თქვენ მკითხეთ, არ უნდა დავუკავშიროთ ამას.
_ განვლილი პრაქტიკებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ან თუნდაც წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, რამდენად არსებობს ამ საქმის საფუძვლიანი და სამართლიანი გამოძიების მოლოდინი?
_ პირველ რიგში, პრინციპი უნდა გავიაზროთ, რომ მინისტრთა კომიტეტი საქმეზე აღსრულებას არ ხურავს, სანამ რეკომენდაცია არ შესრულდება. ჩვენ გვაქვს საქმეები, რომლებზედაც შვიდი და ათი წელია, გამოძიება არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ამ საქმეზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა და გამოძიების მთავარი პრინციპი დაირღვა, მათ შორის, გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები შეგროვდა სუსის და არა პროკურატურის მიერ, რამაც ამ მტკიცებულებების ნამდვილობა სადავო გახადა; იგივე სპეცრაზმელების, როგორც მთავარი მოწმეების ახსნა-განმარტებების აღება დაგვიანებით მოხდა და მათ ჰქონდათ საშუალება თავიანთი ახსნა-განმარტების თანხვედრაში მოყვანის, რაც სტრასბურგმა გააკრიტიკა. იმის თქმა მინდა, რომ ამ საქმეზე ძალიან სერიოზული ხარვეზებია დაშვებული, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადი დაზიანების ხასიათისაა. გამოძიების წინაშე ვამტკიცებთ, რომ არსებობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიუკერძოებელია და დამოუკიდებელი გამოძიების პირობებში საქმეზე სიმართლის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის საგამოძიებო ექსპერიმენტი, მათ შორის, სუსის შიგნით შიდა კომუნიკაციების მასალების ამოღება, ჩინოვნიკების გამოკითხვა. ეს არის საიდუმლო მასალებზე ჩვენი დაშვება და ამის საფუძველზე უკვე ახალი შუამდგომლობების დაყენება და ა. შ. ასე რომ, სინამდვილეში, ამ საქმეზე რჩება ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებისა და საგამოძიებო მოქმედებების სივრცე, რომელიც, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი და მიუმხრობელი გამოძიების შემთხვევაში ჩვენ და, პირველ რიგში, მაჩალიკაშვილების ოჯახს სიმართლის დადგენის საშუალებას მისცემს. ამიტომ ხელახალი გამოძიება არის სპეციალური მექანიზმი, რომელიც მაჩალიკაშვილების დარღვეულ უფლებას აღადგენს.