შოთა მურღულია: ,,რა თანხაც არ უნდა დაგვაკისროს სასამართლომ, თვითმმართველობა ყოველთვის მოგებული იქნება!”

za3

ქუთაისის ბაგა-ბაღების სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები არსებულ დარღვევებზე საუბრობენ და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.

 

2015 წლის დეკემბრიდან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ქუთაისის ბაგა-ბაღებში ატეხილმა ხმაურმა, რომლის კულმინაციაც ერთდღიანი საპროტესტო გაფიცვა გახდა. ქალაქში არსებული 37 სკოლამდელი დაწესებულებიდან მასში მხოლოდ ოთხი ბაღის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები ქეთევან ძოწენიძე, მაკა აბულაძე, ნანა კაკურია და ზაალ ხონელიძე თანამდებობიდან განთვისუფლდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, სასამართლო დავის საგანი გახდა. 3 დირექტორის პოზიცია სასამართლომ გაიზიარა და ბაღების გაერთიანების მიერ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი სხვადასხვა გადაწყვეტილებით არკანონიერად ცნო.

 

2016 წლის 20 მაისს კი  რეორგანიზაცია გამოცხადდა უშუალოდ ბაგა-ბაღების სამმართველოში, რომლის შემდეგაც 2 მოადგილისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციები გაუქმდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ამ დროისთვის ერთ-ერთი მოადგილის, მაკა ნაცვლიშვილის სასარგებლოდ უკვე გამოიტანა და ადგილობრივ თვითმმართველობას მისთვის განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა, რაც, დაახლოებით, 17 000 ლარამდე აღწევს.

 

განთავისუფლებულ გამგეებთან ერთად  ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლებიც სამმართველოს გადაწყვეტილებას ქალაქის თავის ჩარევით ხსნიან და სისტემაში არსებულ დარღვევებზე აკეთებენ აქცენტს.

 

 

 

ზაალ ხონელიძე _ #1 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი:

 

_ მართალია, ერთდღიანი გაფიცვა 2015 წლის 11 დეკემბერს მოეწყო, მაგრამ გაგვათავისუფლეს არა ორ ან სამ დღეში, არამედ ერთ თვეში. როგორც მოგვიანებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების განთავისუფლება იყო ქალაქის ღირსების საკითხი. ვფიქრობ, რომ 8 თვის ორსულისა და მარტოხელა დედების სამსახურიდან გაშვებით ქალაქის ღირსებას არაფერი მომატებია. ხელისუფლებას სურვილი გაუჩნდა, რომ 4 ბაღში დასაქმებულ 185 თანამშრომელს ეს გაფიცვა არაკანონიერად ეღიარებინა. 8 თვის შემდეგ მოახერხეს, რომ რამდენიმე ადამიანი აიძულეს, სამსახურიდან გაშვების შიშით ხელი მოეწერა განცხადებებზე. სწორედ ზეწოლის გამო ზოგიერთმა აღნიშნა, რომ გაფიცვა უკანონო იყო. ზოგს ათქმევინეს, რომ ეს გაფიცვა მაკა აბულაძემ, ნანა კაკურიამ და ზაალ ხონელიძემ მოაწყვეს. ბოლო განცხადება დაიწერა ერთი კვირის წინ და ჩემი ყოფილი თანამშრომლები აიძულეს, მასზე ხელი მოეწერათ. ისინი აღიარებენ, რომ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა მიიღეს. თუ 8 თვის წინ არ მიიჩნევდნენ, რომ უკანონო ქმედების მონაწილეები იყვნენ, ეს განცდა ახლა რატომ გაუჩნდათ? ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენად ექნებოდა მოსამართლისთვის ამ გარიგების აქტს მნიშვნელობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მეორე მხარის ადვოკატების შუამდგომლობა ამ ე. წ. სამხილების წარმოდგენის თაობაზე.

 

_ საიდან იცით, რომ მათ მსგავსი სახის განცხადებების დაწერას აიძულებენ?

 

_ თავად თანამშრომლები ამბობენ. უბრალოდ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან თუ ისაუბრებენ,  დაუყოვნებლივ დაკარგავენ სამსახურს. თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ უკვე ვეღარ უძლებენ გაერთიანებისა და მერიის მხრიდან ზეწოლას.

 

_ რას უკავშირდებოდა გაფიცვა?

 

_ გაფიცვა მოეწყო ხელფასის მომატების მოთხოვნით. არავითარი სხვა სურვილი ამ ადამიანებს არ ჰქონიათ. წინა დღით თანამშრომლები მერიის წინ მივიდნენ არასამუშაო დროს. მათ მერი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელფასი მოემატებოდა მხოლოდ ტექნიკურ პერსონალს 24 ლარით. 184 ლარი ჰქონდა ყველაზე დაბალი ანაზღაურების თანამშრომელს. ამ ამბების შემდეგ მილიონი ლარი გამოიძებნა ქალაქის ბიუჯეტიდან, რომ ხელფასის მატება დაფინანსებულიყო. დაახლოებით 40-40 ლარი მოემატა რიგით თანამშრომლებს. მერიაში აცხადებენ, რომ მომატება მაინც მოხდებოდა და 4 ბაღი გაიფიცა იმისთვის, რომ ქულები დაეწერათ, მაგრამ არ მესმის, ასე ქულები როგორ უნდა დაიწერო, ან რისთვის?

 

_ მხოლოდ გაფიცვა გახდა თქვენი განთავისუფლების მიზეზი?

 

_ ბაგა-ბაღების გაერთიანება კვებაზე 8 მილიონს გამოყოფს. ხშირად იყო დარღვევები და დღესაც არაერთი დარღვევა ფიქსირდება მთელი წლის განმავლობაში. მომწოდებლები და ქალაქის მერიის ხელდასხმით ის თანამშრომლები, რომლებიც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მუშაობენ, ერთმანეთთან მოლაპარაკებაში არიან, _ ე. წ. ატკატების სახით ქალაქის მერიის კონკრეტული მაღალჩინოსნები თანხებს ღებულობენ. როდესაც სასწავლო დაწესებულებაში უხარისხო პროდუქცია შედის, ნებისმიერ თანამშრომელს ეკრძალება ამაზე საუბარი. არაერთხელ დავადასტურეთ, რომ მატლიანი საკვები შედის ბაღებში. მაგალითად: 20, ან 16-ლარიანი კარაქის ნაცვლად შედის 5-ლარინი, რაც, ბუნებრივია, კარაქი არ არის და არ პასუხობს სატენდერო დოკუმენტაციის მოცემულობას.

 

საარჩევნო პერიოდში ქალაქის მერის ხელთ იყო, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარი. მან „ოცნების“ ბორდს შესთავაზა, მაჟორიტარად დაეყენებინათ და თავად დააფინანსებდა საარჩევნო კამპანიას. ამ მილიონ ნახევარ ლარში მესამედი წილი მაინც იქნებოდა ბაღა-ბაღების ტენდერებიდან წასული ე. წ. ატკატები. ჩვენი ინფორმაციით, აუდიტის სამსახური და „ქართული ოცნების“ ბორდი დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ქალაქის მერსა და მის მეგობრებს ამდენი თანხა, როდესაც მათი ანაზღაურება 2000-დან 2500 ლარამდე მერყეობს?! ეს ინფორმაცია არ არის დამალული. ამას ის ადამიანებიც ამბობენ, რომლებიც ვერ არიან კარგ ურთიერთობაში ქალაქის მერთან. მუსირებდა მოსაზრება, რომ მურღულია ერთ-ერთი მაჟორიტარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცებ მოხდა, რომ მხეიძე, მარგველაშვილი და ნარჩემაშვილი დასახელდნენ იმ რამდენიმე ადამიანის მაგიერ, რომლებიც განიხილებოდნენ. როცა არანაირი ბიზნესის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დააფინანსებენ საკუთარ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მილიონობით ლარი ჯდება, უკვე ეჭვს იწვევს და ამიტომ აღმოჩნდნენ მიღმა. ყველაფერი ეს ჩვენს საქმესთან არის გადაჯაჭვული, რადგან ასეთი სახით მილიონები, ძირითადად, გროვდება ბაღებიდან, უკანონო მშენებლობებზე ნებართვის გაცემიდან, თანხებიდან, რომელსაც მერია რიცხავს ვითომ „ტორპედოს“ ანგარიშზე და შემდეგ უკან იღებს და ქალაქში სხვადასხვა ბიზნესიდან აკრებილი თანხებიდან.

 

სულ ვდაობდით ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები და მე, რომ ეს არ იყო ის პროდუქტი, რომელიც ბავშვებს უნდა ეჭამათ და რომელიც სატენდერო პირობებში ეწერა. მაწვნის ნაცვლად წყალი მოჰქონდათ. მეუბნებოდნენ, _ დამშვიდდი, არაფერი ხდებაო… და მეორე დღეს იგივე ხდებოდა.

 

_ ყველა სასამართლო პროცესი ბაგა-ბაღის დირექტორების სასარგებლოდ დასრულდა?

 

_ 4 დირექტორიდან ერთმა არ იჩივლა, დანარჩენმა სამმა პროცესები მოვიგეთ. ნანა კაკურია და მაკა აბულაძე სამსახურში აღდგნენ, მათ 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდათ. ჩემი სასამართლო პროცესი წინა დღეს, 31 აგვისტოს დაინიშნა, როცა ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა. მე სასამართლომ გამამართლა, მაგრამ იმის გამო, რომ პირველ სექტემბერს ხელშეკრულება იწურებოდა, მოსამართლემ ჩემს უფლებამოსილებებში ვერ აღმადგინა.

 

_ რა წააგო მერიამ ფინანსური კუთხით ამ დავის წამოწყების გამო?

 

_ მერიამ ის არამიზნობრივი ხარჯები გამოიყენა, რაც არ უნდა გამოეყენებინა. ბაგა-ბაღების იურისტი არაკომპეტენტურია. მან არასწორი ბრძანებები დაწერა ჩვენი განთავისუფლების შესახებ და სასამართლომ ყველა გაუბათილა. ჩვენი განთავისუფლების შემდეგ სხვა ადამიანები დანიშნეს, რომლებსაც ხელფასს უხდიან. პარალელურად,  სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაცდური ჩვენც უნდა აგვინაზღაურონ. ორმაგი ხარჯი გამოდის. არაერთი ადვოკატი კერძო ხელშეკრულებით აიყვანეს, რადგან რამაზ იობიძე საკუთარ მხარეს ვერ იცავდა და ესეც დამატებითი ხარჯებია. ასევე არის ბაჟი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიტანონ. ყველაფერი ეს ქალაქის ბიუჯეტიდან მიდის. არ გამოვრიცხავ, რომ იმ თანამშრომლების მოსყიდვაზეც იხარჯებოდეს სახსრები, რომლებსაც აიძულებენ, რაღაც განცხადებები და აღიარებები წერონ. ეს შესაძლებელია იყოს პრემიები, თუ რამე სხვა სახით გაცემული თანხები.

 

_ საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებთ  ქალაქის მერს. არ გეშინიათ, რომ ვერ დაამტკიცოთ და ეს ყველაფერი უკვე თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს?

 

_ არაფრის მეშინია. თავადაც იციან, რასაც სჩადიან. დოკუმენტურად არის აღწერილი ყველაფერი და დავადასტურებ, რომ ბაღებში უხარისხო პროდუქცია შედის. დანარჩენი, თუ ვისი ხელიდან მიდიოდა თანხები მურღულიასთან, ან მის მეგობრებთან, ამის გარკვევა კონკრეტული სამართალდამცველი ორგანოების საქმეა. არის ხელმოწერები დოკუმენტებზე, როცა სამუშაო შესრულებული არაა და თითქოს შესრულებულია. მზად ვარ, ნებისმიერ ორგანოსთან ვითანამშრომლო დაინტერესების შემთხვევაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოძიება, ჯერჯერობით, არ დაიწყება, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო, როცა ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

 

 

ქეთი დეისაძე _ ბაგა-ბაღების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი სპეციალისტი:

 

_ ოფიციალური მიზეზი ჩვენი განთავისუფლებისა იყო რეორგანიზაცია სამმართველოს ადმინისტრაციაში ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე. სულ 3 შტატი შეამცირეს. ეს არის სასაცილო, რადგან დაწესებულება, რომელსაც ადმინისტრაციაში 40-მდე თანამშრომელი ჰყავს, 3 შტატის გაუქმებით ეკონომიკურ ეფექტს ვერანაირად მიიღებს. როგორც კი გაგვათავისუფლეს, იმაზე მეტი თანამშრომელი აიყვანეს ხელშეკრულებით, ვიდრე ჰყავდათ. როცა რეორგანიზაციის საჭიროების დასაბუთებული ვერსია მოვითხოვეთ, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ მივიღეთ და სწორედ ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს, რათა გარკვეულიყო, რამდენად სამართლიანად განხორციელდა აღნიშნული პროცესი. პირველი რეორგანიზაცია გაერთიანებაში, ჯერ კიდევ, 2015 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარდა, პარალელურად განხორციელდა ატესტაცია, რათა კვალიფიციური კადრები დარჩენილიყო. რა თქმა უნდა, ესეც ფასადური იყო. მაშინ სრულად გააუქმეს მეთოდკაბინეტი და  რამდენიმე ადამიანი გაუშვეს, რომლებიც მეგობრული და ნათესაური პრინციპებით ჰყავდათ მოყვანილი, რადგან ვისი შტატიც დარჩებოდა, ატესტაციის გავლაც მას უწევდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 100-საკითხიანი ტესტი არც ერთ საჯარო სამსახურში არ გამოუყენებიათ. 50 საკითხი კანონმდებლობიდან იყო, ხოლო 50 _ უნარები. გარდა ამისა, პროცესში არ ჩართეს საგამოცდო ცენტრი და უნივერსიტეტში თავისივე შედგენილი ტესტებით ჩაგვაბარებინეს. უამრავი პროცედურული დარღვევა იყო. საინტერესოა, თუკი მერიის თანამშრომლებისთვის ტესტები 60-საკითხიანი იყო, რატომ იყო 100-საკითხიანი აქ? მაგრამ მიუხედვად ამისა, ჩავაბარეთ. პირადად მე 84 ქულა ავიღე.

 

დღეს პირველად მინდა განვაცხადო, რომ მათ არ ჰქონდათ დაგეგმილი გაერთიანების ადმინისტრაციაში  რეორგანიზაცია. მათი სურვილი იყო, ფილიალების დირექტორების განთავისუფლება, რათა თავისიანები მოეყვანათ, რადგან არჩევნებისთვის ემზადებოდნენ. ვერ მოძებნეს ფორმა, როგორ გაეშვათ და უცებ მოიფიქრეს რეორგანიზაცია. ხოლო რაც შეეხება მათ ახლობლებს, რომლებიც გაუშვეს, უბრალოდ, გამოცდებს აარიდეს და შემდეგ ხელშეკრულებით მოიყვანეს. ამ დროისთვისაც ააიპ-ში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელსაც გამოცდა არ გაუვლია.

 

300 თანამშრომელი გასაუბრებით მიიღეს მხოლოდ მეორე ცვლის პედაგოგად და 100-%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მათგან 280 პარტიული ნიშნითაა შერჩეული.

 

რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს ვიმუშავე და ჩემი მეგობრები ამ პარტის წევრები არიან. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ოქმი შედგა, რომ მე ჩემი კვალიფიკაციით დაკავებულ თანამდებობას შევეფერები. ვითხოვ გაირკვეს, თუ რამდენად სამართლიანი იყო ჩემი განთავისუფლება და, ამავე დროს, ამინაზღაურდეს ის ფინანსური ზარალიც, რაც მათი ქმედების გამო მივიღე. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას გაარკვევს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

 

 

 

ნანა ლორთქიფანიძე _ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი:

 

_ რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება,  სამსახურიდან გაგეთავისუფლებინათ ადმინისტრაციაში მომუშავე   კონკრეტული სამი პირი?

 

_ ჩვენთან რეორგანიზაცია დაიწყო და ამის გამო შტატები შემცირდა. ორი მოადგილე მყავდა და ერთი საზოგადოებასთან ურთიერთობის  სპეციალისტი. მოადგილეებს შეთავსებული ჰქონდათ ის ფუნქციები, რომლებიც სპეციალისტების დონეზე ჩაშლილია და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვემცირებინა, რადგან ვფიქრობ, რომ სპეციალისტებიც მშვენივრად ართმევენ თავს.

 

_ რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, არ აპირებთ, ახალი კადრი აიყვანოთ?

 

_ არა.

 

_ გაფიცვის გამო 4 ბაღის გამგე განთავისუფლდა. აუცილებელი იყო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება?

 

_ მათ შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები დაარღვიეს. ერთი დღის საწავლო პროცესი ჩაიშალა, რის გამოც ძალიან ბევრი მშობელი განაწყენდა.

 

_ თქვენს პოზიციას მხარი არ დაუჭირა პირველი ინსტანციის სასამართლომ როგორც გამგეების მიმართ, ისე ადმინისტრაციის განთავისუფლებულ თანამშრომლებთან მიმართებით. ყოფილ მოადგილესთან, ქალბატონ ნაცვლიშვილთან დაკავშირებით სამმართველოს, დაახლოებით, 17 ათასამდე ლარის გადახდა დაეკისრა. არ მიგაჩნიათ, რომ ძალიან ძვირი  დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები?

 

_ ეს პროცესები არ არის ჯერ საბოლოო და აუცილებლად გასაჩივრდება.

 

_ ალბათ დამეთანხმებით, რომ თანხა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაცვლიშვილს უნდა გადაუხადოთ, გაცილებით ბევრია, ვიდრე თანამდებობაზე დატოვების შემთხვევაში აიღებდა იგი ხელფასის სახით.

 

_ კი და სწორედ ეს გადაწყვეტილება არის გასაჩივრებული, რათა დადგინდეს, თუ საიდან გამოიყვანეს ეს თანხა?

 

_ არსებული ინფორმაციით, ბევრი თანამშრომელი აიყვანეთ ხელშეკრულებით. თუკი რეორგანიზაცია შტატების შემცირებისა და ფინანსების დაზოგვის  მიზნით გაკეთდა, რატომ გახდა აუცილებელი ახალი თანამშრომლების აყვანა?

 

_ გაცილებით მცირე ხელფასზე არიან და მოკლე ვადით, საჭიროებიდან გამომდინარე.

 

_ თქვენ შესთავაზეთ განთავისუფლებულ თანამშრომლებს? იქნებ, ისინი თანახმა იყვნენ?

 

_ უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო მოადგილისთვის სპეციალისტისა და ტექნიკური სპეციალისტის შტატის შეთავაზება. ტოლფასი უნდა ყოფილიყო.

 

_ რეორგანიზაციისა და ახალი თანამშრომლების ხელშეკრულებით აყვანის შემდეგ გაერთიანებამ ფინანსური შეღავათი მიიღო?

 

_ რა თქმა უნდა.

 

_ დაახლოებით, რამდენი?

 

_ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ეს ბუღალტერიამ უნდა დაიანგარიშოს. არ მაქვს ზუსტი ციფრი.

 

_ ხომ არ უკავშირდებოდა განთავისუფლებები რომელიმე პირის პარტიულ სიმპათიებს?

 

_ არანაირად. არც ერთი პირი არ იყო რომელიმე პარტიის საქმიანობაში ჩართული.

 

 

 

მაკა ნაცვლიშვილი _ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის ყოფილი მოადგილე:

 

_ ჩემთვის გაუგებარი გახდა განთავისუფლების მიზეზი და სწორედ ამიტომ მივმართე სასამართლოს. წინა დღეს ჩამატარებინა თათბირი, მეორე დილით მივედი და მეუბნება, რომ შენი შტატი გაუქმებულიაო. პირველი რეორგანიზაცია 6 თვით ადრე ჩატარდა, ვიდრე ჩვენ გამოგვიშვებდნენ. მაშინ მეთოდგაერთიანების სპეციალისტების თანამდებობები გააუქმეს, მაგრამ როცა ამ გადაწყვეტილების გამო პროტესტი გამოითქვა და შეცდომად ჩათვალეს, ადგნენ და სპეციალისტები ხელშეკრულებით აიყვანეს, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა პირები.  ხელშეკრულებით კი იმიტომ აიყვანეს, რომ გამოცდაზე არ გასულიყვნენ. პირველი რეორგანიზაციის შემდეგ ვინც გადავრჩით, კონკურსი გავიარეთ, შემდეგ გასაუბრებაზე გავედით და როგორც წესია, ჩვენთან უვადო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან 6 თვის შემდეგ კი რეორგანიზაცია ისევ გამოაცხადეს.

 

_ ფიქრობთ, რომ კონკრეტული პირები გახდნენ შტატების გაუქმების მიზეზი?

 

_ ძალიან ბევრ რამეში ვეწინააღმდეგებოდი. არ მივდიოდი ისეთ რამეებზე, რაზეც უნდოდათ, წავსულიყავი და თვალი დამეხუჭა. ნამდვილად არ ვაპირებ წლების გატარებას ციხეში. მათ აუცილებლად მოეკითხებათ იმ შეცდომებზე, რასაც სჩადიან. თუ ჩვენი განთავისუფლება პიროვნული არ იყო, როცა 2 შტატი დაიშვა, ჩვენთვის უნდა შემოეთავაზებინათ. იქნებ, მე მივდიოდი შემოთავაზებულ პოზიციაზე?

 

_ კონკრეტულად, რა შეცდომას გულისხმობთ?

 

_ უამრავი რამ იყო, რის გაკეთებასაც გვაძალებდნენ და მე უარი განვაცხადე. მაგალითად, უტენდეროდ წასულიყო თანხები, რომლებიც მერე საპრობლემო იქნებოდა. ამიტომ მომიშორეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

 

_ სასამართლომ გაგამართლათ და გაერთიანებას სოლიდური კომპენსაციაც დააკისრა. რამდენად ძვირი დაუჯდა გაერთიანებას თქვენი განთავისუფლება?

 

_ გაცილებით ძვირი დაუჯდა. ესაა ხელფასის ანაზღაურება, კომპენსაციისა და კერძო ადვოკატების აყვანის ხარჯები. პირადად მე უნდა ამინაზღაურონ 8 თვის ხელფასი, 6 თვის კომპენსაცია და ბაჟის თანხა. სადღაც, ეს იქნება 15 0000-დან 17 000-მდე. საუბრობენ თანხების დაზოგვაზე და, ამ დროს, უამრავ შტატს ამატებენ. აჰყავთ კერძო ადვოკატები მაშინ, როდესაც აიპს იურიდიული სამსახური აქვს. როცა ამ საკითხზე პრეტენზია გამოვთქვი,  მიპასუხა, იმდენი საქმე აქვსო. რა საქმე აქვს? არაკომპეტენტური არის და ყველა სასამართლო პროცესი წააგო. ბუნებრივია, აპირებენ, სააპელაციოში გაასაჩივრონ, მაგრამ იმდენად არაკანონიერადაა ყველაფერი განხორციელებული, საინტერესოა, რა უნდა გააკეთონ ისეთი, რომ მოიგონ? ვერ ასაბუთებენ, რატომ გამათავისუფლეს. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, იანვრიდან ისევ აცხადებენ რეორგანიზაციას და ასე აპირებენ უსასრულოდ. ადამიანმა ისე მაინც უნდა გააკეთო, რომ ყოველ 6 თვეში არ აცხადო რეორგანიზაცია, რაც არასწორი მუშაობის შედეგია.

 

ტენდერებს სამმართველოში მე ვხელმძღვანელობდი, თავმჯდომარე ვიყავი და კანონმდებლობა ვიცი. ამჯერად თავმჯდომარედ ჰყავთ ის, ვისაც მე ვამოწმებდი _ კოორდინატორი, ხოლო ადმინისტრაციის უფროსი მოადგილედ დანიშნეს, რომელსაც არანაირი ურთიერთობა შესყიდვებთან არ გააჩნია. ეს იგივეა, ფიზკულტურის მასწავლებელი ინგლისურის გაკვეთილის ჩასატარებლად შეუშვა. შესყიდვების კანონიც კი არ აქვთ წაკითხული და არ იციან, რომ როცა არ კადრი გყავს, მაშინ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გაერთიანების ხელმძღვანელი უნდა იყოს.

 

 

 

შოთა მურღულია _ ქუთაისის მერი:

 

_ სამმართველოში ერთი წლის განმავლობაში რეორგანიზაცია რამდენჯერმე განხორციელდა, რატომ?

 

_ რეორგანიზაცია განახლებისა და რეფორმის გატარების ერთ-ერთი მთავარი მეთოდია. სადაც რეორგანიზაცია მხოლოდ ადმინისტრაციას ეხება, არა მგონია, რამე გასაკვირი იყოს. თუ ბაღებზე ვსაუბრობთ, 400-მდე ახალი თანამშრომლის შტატი დაამატა ბოლო 3 წლის განმავლობაში. თუმცა ამაზე არავინ საუბრობს და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, 5 ან 6 კაცი თუ შემცირდა სადღაც.

 

ბოლო რეორგანიზაცია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ იყო მიმართული. გასაკვირი არფერია და ჩვენ ვნახეთ, რომ კანონშიც ჩანაწერი გაჩნდა, რომლითაც თვითმმართველობები ვალდებულნი არიან, ადმინისტრციული ხარჯები შეამცირონ და ამას უკვე მეორე წელია, ვაკეთებთ. თუმცა გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს. დიდი რეორგანიზაციების დროს რისკია იმისა, რომ ნებისმიერ დამიანს კომპლექსურად ვერ მიუდგე და ვიღაც დაიჩაგროს. ყოველთვის მივბრუნებულვარ და თუკი ადამიანს პროტესტი გამოუთქვამს, განმიხილავს, რატომ მიიჩნევს იგი თავს დაჩაგრულად.

 

_ ადმინისტრაციიდან განთავისუფლებული ადამიანები პრეტენზიას გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ მათი განთავისუფლების შემდეგ ბევრი ადამიანი მიიღეს როგორც შტატში, ისე ხელშეკრულებით, რამაც ხარჯები კი არ შეამცირა, გაზარდა.

 

_ როცა რიცხვებზეა საუბარი, აქ დათვლა ძალინ ადვილია. გაერთიანების ხელმძღვანელს ჰყავდა 2 მოადგილე, 37 ბაღის გამგე და Pღ-ი, რომელიც არაფერს აკეთებდა. პიროვნულ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბაღმა ყველა პიარკამპანია წააგო. ამიტომ არა მარტო კონკრეტულ ააიპ-ში, არამედ საერთოდ გადავწყვიტეთ, რომ პიარი მართოს მერიამ, ხოლო სადაც ადმინისტრაციაა, მას უფროსმა და ბაღების გამგეებმა მიხედონ. 2 მაღალანაზღაურებადი პოზიცია, ფაქტობრივად, არაფრის მაქნისი იყო.  ადამიანებზე არ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში. სამაგიეროდ, გავაძლიერეთ მეთოდკაბინეტი გაცილებით დაბალანაზღაურებადი ადამიანებით. როგორ შეიძლება, ამ დროს ფული არ დაზოგილიყო? არის უფროსი და რაღად უნდა მას 2 მოადგილე?

 

_ თანამდებობიდან განთავისუფლებულები ამბობენ, რომ სამმართველოში ძალიან ბევრი დარღვევაა…

 

_ თქვენსავე კითხვაშია პასუხი, _ განთავისუფლებულები ამბობენო. ან გაბრაზებულები ამბობენო. გაბრაზებულები კარგს იტყვიან? მათი მთავარი ამოცანა არის, ზიანი მიაყენონ, ვისზეც ნაწყენი არიან. ამ ადამიანების ობიექტურობას ვერანაირად დავუშვებ. 37 ბაღის გამგიდან ერთი იყო მამაკაცი, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობდა და როცა სამსახურიდან განთავისუფლდა, რამდენიმე დღეში თქვა, რომ საშინელებებს ვაჭმევთ, თურმე, ბავშვებს. ჯერ რამდენად ამორალური უნდა იყო ადამიანი, თუ შენ ეს იცოდი და ამას არ ამბობდი, იმიტომ, რომ ბაღის გამგე იყავი!

 

_ კონკრეტული პიროვნება აღნიშნავს, რომ ის ამბობდა ამის შესახებ და ძალიან ხშირად ჰქონდა კამათი.

 

_ ვისთან? თუ შენ ხედავ, რომ ბავშვს ვიღაც ჯანმრთელობას ულახავს, კამათი კი არა, ყველაფერი უნდა  გადახიო. უნდა გამოხვიდე და ხმამაღლა  თქვა ეს. ჯერ სად არის, ან მისი წერილი ან რამე?! ქალაქის მერი ვარ და რა მორალური უფლება უნდა მქონდეს, თვალი დავხუჭო, როცა ბავშვს რამე უფუჭდება?! მისი შვილიც დადიოდა ბაღში და ჩემიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც მშობელი, შეიძლება ვიცოდე, რომ ჩემს შვილს ცუდ საჭმელს აჭმევდნენ და მე შესაძლებელია, ამას შევეგუო? ვერ წარმომიდგენია, ამას არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვისი შვილის გამოც  შევეგუო.

 

_ რა სიხშირით მოწმდება საკვების ხარისხი საბავშვო ბაღებში?

 

_ ბაღის გამგემ პროდუქტი უნდა მიიღოს და თუ ხედავს, რომ ის არ ვარგა, სრული უფლება აქვს, რეაგირება მოახდინოს. შეტანა ხდება ცენტრალიზებულად, ანუ დიდი შესყიდვა ხორციელდება. ამოვიღოთ ტენდერები. სულ არის სერიოზული ვაჭრობა. სადაც ბევრი მონაწილეა და ფასი კონკურენციით იკლებს, იქ გარიგების შანსი ნულია. ასევე შეუძლებელია, არ მოვითხოვოთ ყველა პროდუქტზე სერტიფიკატი.

 

ადრე ბავშვებს კარაქის მაგიერ მარგარინს აჭმევდნენ. ფული დავამატეთ, რომ კარაქი მიიღონ და არა მარგანინი. მოვაკელით სხვა რამეს და ვთქვით, რომ ბაღში სამჯერადი კვება უნდა იყოს.

 

_ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება  მეორე მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. თუკი შემდეგმა ინსტანციამ არსებული გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხების გადახდა გვიწევს?

 

_ ასეც რომ იყოს, ჩვენ იმდენი თანხა დავზოგეთ იმ ორი მოადგილის განთავისუფლებით, რომელთა იქ ყოფნა არაფერს გვაძლევდა, რომ რაც არ უნდა თანხა დაგვაკისროს სასამართლომ, თვითმმართველობა ყოველთვის მოგებული იქნება. ამ გადაწყვეტილებით სამომავლოდაც დიდი ოდენობით ფინანსები დაიზოგება.

 

_ რამდენად შეიძლება, განთავისუფლება გაფიცვის მიზეზი გახდეს? იქნებ, ამ დროს უპრიანია, სხვა ფორმის გამოყენება?

 

_ გაფიცვა არ ნიშნავს, საბოტაჟი მოაწყო. გაფიცვა ნიშნავს, გამოხატო პროტესტი, რომელსაც წინასწარი გაფრთხილების თავისი ფორმა აქვს. არის სფეროები, რომელშიც გაფიცვა დაუშვებელია. თუ რამეს გეგმავ, წინასწარ უნდა გამოაცხადო, რომ ამა და ამ დღეს გავიფიცებითო და ყველა თავის ბავშვს მიხედავს. ცუდი ტონია, როცა შვილს ქუჩაში დაუტოვებ ადამიანს. ვიღაცას არ ჰყავს დამტოვებელი და შენ დილით მშობელთან ერთად მოსულ ბავშვს უკან უშვებ, რომელმაც ვერ გაიგო, რა ქნას, _ ან სამსახური უნდა დაკარგოს, ან მეზობელს მიაბაროს, ანდა ქუჩაში დატოვოს მშიერი. მომზადებული იყო საკვები. წინა საღამოს მერიაში იყვნენ. ეთქვათ, თუ რამეს აპირებდნენ და თადარიგს მაინც დავიჭერდით. 37 ბაღიდან მხოლოდ 4 გაიფიცა. დანარჩენი ვერ აიყოლიეს. მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, სხვისი შვილი დაჩაგრო. მერე გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილა და ბევრი პარტია შეიცვალა ბოლო პერიოდში. გამორიცხულია, შოთა მურღულიამ ბაღების თემაში ნებისმიერი პარტიის ჩარევა დაუშვას და ბავშვები ვინმეს პოლიტიკური მიზნისთვის დააზარალოს. მე მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ეს სკამი იმად არ მიღირს, ბავშვებით მანიპულირება გავაკეთო.

 

მიუხედავად იმისა, რომ ის თანამშრომლებიც უკანონოდ მოიქცნენ, როცა ბავშვები არ მიიღეს, გამოვედი და განცხადება გავაკეთე, რომ ვერავინ შეეხება.

 

 

 

ხვიჩა ვაშაყმაძე