შოთა არველაძე: „მე რომ თბილისის მერი ვიყო, „დინამოს“ აუცილებლად დავეხმარებოდი“

a

გასულ კვირას შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის „მაკაბიმ“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი ითამაშა, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“ ისტუმრა და 3:4 წააგო, არადა, 3:0-ს იგებდა და ოთხი გოლი შეხვედრის ბოლოს გაუშვა. როცა ანგარიში 3:1 იყო, „მაკაბი“ კაცნაკლული დარჩა და რუსთა გუნდს ამ ფაქტორმაც შეასხა ფრთები.

„ზენიტი“ ამ დროისთვის რუსეთის ყველაზე მდიდარი კლუბია. პეტერბურგულ გუნდს კომპანია „გაზპრომი“ ინახავს და ფინანსური შესაძლებლობებით „მაკაბის“ ჯიბეში ჩაისვამს. მოედანზე კი ასეთი განსხვავება შესამჩნევი არ ყოფილა, არველაძის გუნდს წარმატების ჩინებული შანსი ჰქონდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წელს „ზენიტმა“ „უეფას“ თასიც მოიგო და სუპერთასიც, ბოლო წლებში რეგულარულად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაში და, შეიძლება ითქვას, რომ „მაკაბიზე“ ყველა პარამეტრით წინ დგას.

არველაძისა და „ზენიტის“ დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. ევროპა ლიგის ჯგუფში ჯერ მხოლოდ ერთი ტურია ნათამაშები და ყველაფერი წინ არის.

„მაკაბი“ რომ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, ეს უკვე მწვრთნელ არველაძისთვის წარმატებაა, თუმცა მიმდინარე სეზონში ამ ებრაული გუნდის ამბიციები ამით როდი იწურება, სეზონი ხომ ეს-ეს არის, დაიწყო.

შეგახსენებთ: არველაძემ მწვრთნელობა ჰოლანდიაში დაიწყო, დამოუკიდებლად კი გუნდების გაწვრთნას თურქეთში მიჰყო ხელი და სამი იქაური გუნდის შემდეგ ისრაელში წავიდა.

შოთას თელ-ავივში ტელეფონით დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით. ცხადია, „ზენიტთან“ მატჩის გარდა სხვა თემებზეც ვისაუბრეთ…

 

ფეხბურთი ამიტომაც მოსწონს ყველას

_არსებობს ასეთი გამოთქმა: ბურთი მრგვალია, თუმცა ფეხბურთი, საბოლოო ჯამში, ლოგიკური თამაშია. „ზენიტთან“ დრამატული მატჩის შემდეგ ეთანხმებით ამ სენტენციას?

_ ის, რაც „მაკაბი“-„ზენიტის“ შეხვედრაში ვნახეთ, ასეთი რამ ფეხბურთში უფრო მოხდება, ვიდრე სპორტის დანარჩენ სახეობაში. ხალხს, ალბათ, ამიტომაც უყვარს უფრო ფეხბურთი…

_ ფეხბურთის ისტორიაში არაერთი დრამატული მატჩი ყოფილა, თუმცა ისეთი საფეხბურთო ტრილერი, როცა 3:0-ის მერე ოთხ გოლს უშვებ, ძალიან იშვიათია…

_ „ზენიტთან“ ამ წაგებას კურიოზს ვერ დავარქმევთ, „ზენიტი“ ამხელა კლუბია და, შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე დიდი გამოცდილებაც აქვს. შეუძლებელია, ეს ყველაფერი გუნდის თამაშის ხარისხზე არ აისახოს. ამას დაემატა ისიც, რომ მატჩის ბოლოს ათი კაცით დავრჩით.

_ მიგაჩნიათ, რომ მსაჯის გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა თქვენი გუნდი?

_ მსაჯის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩვენზე, ფეხბურთელი გაგვიძევეს და მალევე ჩვენს საჯარიმოში დანიშნული თავისუფალი დარტყმით გოლი მივიღეთ. ამის მერე ავიჭერით…

_ ასეთ სიტუაციაში მწვრთნელს რით შეუძლია ვითარების გამოსწორება?

_ გაძევებამდე ერთი შეცვლა უკვე გახარჯული მქონდა, შემდეგ იძულებითი შეცვლა განვახორციელეთ და ერთი შეცვლაღა დამრჩა, რაც გამოვიყენე კიდეც. 77-ე წუთამდე, სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, „მაკაბი“ მწვრთნელის დავალებას კარგად ასრულებდა, მერე კი… ფეხბურთი ასეთი თამაშია და ამიტომაც მოსწონს ყველას.

_ ევროტურნირებზე არაერთხელ მომხდარა თამაშის მსგავსი შემობრუნება, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის „ბაიერნი“-„მანჩესტერის“ ფინალი 1999 წელს. ასეთი მატჩები, ალბათ, მწვრთნელისთვის თავისებური გამოცდილებაა…

_ „ზენიტი“ თავისი შესაძლებლობებით ჩემპიონთა ლიგის გუნდია, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშობს. წლეულს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის გუნდია. რა თქმა უნდა, „ზენიტთან“ ასეთი მარცხით ცხოვრება არ მთავრდება, უბრალოდ, თამაში გამარჯვებამდე რომ მიგვეყვანა, ეს ისტორიული შეხვედრა იქნებოდა „მაკაბისთვის“ და ამიტომაც არის ორმაგად გულდასაწყვეტი ეს წაგება.

 

მიზანი: მხოლოდ ჩემპიონობა

_ არის საჯაროდ ცნობილი, თუ რამდენია „მაკაბის“ ბიუჯეტი? ალბათ, ყველა ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, რა გაქანების კლუბია „მაკაბი“?..

_ არ ვიცი, რა ბიუჯეტი აქვს „მაკაბის“, ისე კი ჩვენი კლუბი თავისი შესაძლებლობებით ევროპის საშუალო დონის გუნდების მარაქაში უნდა იყოს. გერმანია, იტალია, ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი _ ამ ქვეყნების კლუბებს „მაკაბი“ თავისი შესაძლებლობებით ვერ გაუთანაბრდება.

_ „მაკაბიმდე“ თურქულ გუნდებს წვრთნიდით და ისრაელის ლიგას როგორ შეადარებდით თურქეთის ჩემპიონატს?

_ ისრაელში, ასე ვთქვათ, უფრო ფეხბურთს თამაშობენ, თამაშის უფრო ტექნიკურ სტილს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე თურქეთში, სადაც პირველ პლანზე თამაშის ფიზიკური სტილი და შედეგია. ისრაელში, ისევე როგორც თურქეთში, ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. „მაკაბის“ სტადიონზე ახლა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და, ჯერჯერობით, თელ-ავივის მთავარ სტადიონზე ვთამაშობთ საშინაო მატჩებს. „ზენიტთან“ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა ჩვენ მხარდასაჭერად.

_ კლუბის ხელმძღვანელობამ ისრაელის ჩემპიონატში, ალბათ, ევროსაგზურის მოპოვება დაგისახათ მიზნად…

_ მიმდინარე სეზონში ისრაელის ჩემპიონობა გვსურს _ ასეთია ჩვენი მიზანი.

_ „მაკაბის“ სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფია, ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილი. მასთან ადრე ახლო ურთიერთობა გაკავშირებდათ? როგორც ცნობილია, „მაკაბიში“ სწორედ უმცროსი კრუიფის მოწადინებით აღმოჩნდით. თქვენი და მისი საფეხბურთო გემოვნება ემთხვევა?

_ ზოგჯერ კი, ზოგჯერ _ არა. ხორდი კრუიფი ჭკვიანი, ენერგიული დირექტორია, ბევრ ინფორმაციას ფლობს, გუნდური პრინციპით მუშაობს, სწრაფად მოქმედებს, მართლაც მისი იდეა იყო „მაკაბიში“ ჩემი მიწვევა. მას მანამდეც ვიცნობდი, თუმცა „მაკაბიმდე“ ახლო ურთიერთობა არ გვქონია.

_ „მაკაბიში“ რომელიმე ქართველი ფეხბურთელის მიწვევას არ აპირებთ? უფრო რომელ ქვეყნებში ეძებთ თქვენთვის საინტერესო მოთამაშეებს?

_ ამ ეტაპზე _ არა. საერთოდაც, ფეხბურთელების სელექციის დროს არ ვირჩევთ რომელიმე ქვეყანას, ან რეგიონს. გუნდში იმ ფეხბურთელებს ვიწვევთ, რა საშუალებასაც კლუბის ფინანსები გვაძლევს.

 

მე რომ თბილისის მერი ვიყო

_ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე გადავერთოთ. ჩვენმა კლუბებმა წლეულსაც უხეიროდ ითამაშეს ევროსარბილზე და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, _ კარგი იქნება, თუ თბილისის მერია დაეხმარება „დინამოსო“. თქვენმა ნათქვამმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, _ „დინამო“ ხომ ისედაც პრივილეგირებული კლუბია საქართველოში?..

_ ვფიქრობ, მერიას მართლაც შეუძლია ფინანსურად დაეხმაროს „დინამოს“, ეს კლუბი ხომ თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოც არის. სოციალური პროექტის ფარგლებში მერიას რატომ არ შეუძლია „დინამოს“ დახმარება?! თუ „დინამო“ ისეთი ლეგიონერებით გაძლიერდება, რომ გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ეს ხომ ჩინებული ივენთი იქნება. თუ თბილისი უფრო მეტ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს, ეს ხომ ყველას გაუხარდება. გასაგებია, რომ სხვას განსხვავებული აზრი და არგუმენტები აქვს მერიისგან „დინამოს“ შესაძლო დახმარებაზე, მე კი ჩემი აზრი დავაფიქსირე. მე რომ თბილისის მერი ვიყო, „დინამოს“ აუცილებლად დავეხმარებოდი.

_ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლი წარუმატებლად დაიწყო, შინ ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა. ნაკრების ფეხბურთელი იყავით და როგორ ფიქრობთ, დასაწყისი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ პირველი მატჩის ფაქტორი გაზვიადებულია?

_ ჩვენს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი მწვრთნელი ყოველთვის ახალი ტაქტიკით, ახალი იდეებით მოდის გუნდში. შესარჩევ ციკლში დასაწყისი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა იგებ, ფეხბურთელს უფრო სჯერა მწვრთნელის, _ რადგან გავიმარჯვეთ, ე. ი. მწვრთნელი სწორად მართავს გუნდს. ეს ზრდის მოტივაციას. ვფიქრობ, საშინაო მატჩები ამ ფაქტორის გათვალისწინებით ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

ყველგან მესი გინდა

_ ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გაწვრთნა მანამდე თქვენ შემოგთავაზეს. რატომ თქვით უარი?

_ იმიტომ, რომ ამით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მე არ ვიქნებოდი საუკეთესო მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისთვის.

_ და ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო ვარიანტად ჩვენი ეროვნული გუნდისთვის?

_ კახა ცხადაძე, რადგან მან მოკლე დროში მოახერხა ჩვენი ნაკრებისთვის ახალი სახის შექმნა.

_ ბოლო დროის საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა მიგაჩნდათ. აზრი ხომ არ შეიცვალეთ? ისევ მიგაჩნიათ, რომ გვარდიოლაზე კარგად არავის შეუძლია ლამაზად მოთამაშე და შედეგიანი გუნდის შექმნა?

_ ასეთი კატეგორიული არ ვიქნები. უბრალოდ, სადაც არ უნდა მიხვიდე, ისევ მესი გინდა, მესი ყველა გუნდში გჭირდება, რომ შექმნა რაღაც ბრჭყვიალა.

 

                                                                                                                  დავით თავართქილაძე