შოთა არველაძე: „ზოგჯერ გგონია, რომ საბავშვო ბაღში ხარ“

56029

შოთა არველაძემ თურქული სუპერლიგის გუნდი „ქასიმფაშა“ სეზონის დასრულებამდე დატოვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მანამდე ის ასევე თურქული „ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ამ ცოტა ხნის წინათ არველაძე სტაჟირებაზე იყო მადრიდის „რეალში“, ახლა კი რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვიდა და ინტერვიუც ჩამოვართვით.

შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში დღემდე ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანია. ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთელ შოთა არველაძეს საკმაოდ საინტერესო და წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა. მწვრთნელობა 2008 წლიდან დაიწყო ჰოლანდიურ „ალკმაარში“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის თანაშემწედ, გუნდების დამოუკიდებლად გაწვრთნას კი 2010 წლიდან შეუდგა.

„ქრონკა+“-ის კითხვებს შოთა არველაძე პასუხობს:

_ გაქვთ შემოთავაზებები ამ ეტაპზე სხვადასხვა გუნდებიდან?

_ კონკრეტული და საინტერესო ჯერ არაფერია, ვნახოთ…

_ რომელ ქვეყანაში ისურვებდით მწვრთნელობას თურქეთის შემდეგ? უფრო სად მიგიწევთ გული?

_ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. რა თქმა უდა, მწვრთნელობა იქ მინდა, სადაც ძლიერი საფეხბურთო ჩემპიონატია.

_ უკვე გაქვთ არცთუ მწირი სამწვრთნელო გამოცდილება და საინტერესოა, როგორ იწყებდით გუნდის ჩამოყალიბებას, ანუ რა იყო სასტარტო მოცემულობა: კლუბის ფილოსოფიის შექმნა, თუ უშუალოდ გუნდის შენება?

_ როცა საქმეს ხელი უნდა მოჰკიდო, უკვე იცი, სად, რა ვითარებაში გიწევს სამუშაოს დაწყება და ამის მიხედვით მოქმედებ. „ქაისერისფორში“ რომ მივედი, კლუბი უკვე გამართულად ფუნქციონირებდა და მეტი ყურადღება გუნდზე მქონდა გადატანილი, „ქასიმფაშა“ კი ჯერ ვერ იყო გამართულად აწყობილი და საქმე, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ. ამ ყველაფრით საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე.

_ „ქაისერისფორი“ და „ქასიმფაშა“ _ ამ გუნდებში მუშაობით როგორ მწვრთნელად ჩამოყალიბდა შოთა არველაძე?

_ ვფიქრობ, წარმატებულ მწვრთნელად. ყოველთვის იმისკენ ვიყავი, რომ ჩემს გუნდს შემტევი ფეხბურთი ეთამაშა, შეტევით მოეგო და და არა „ჩამჯდარი“ თამაშით. სხვა გუნდებზე მეტი გოლი გაგვქონდა და „ქაისერისფორიც“ და „ქასიმფაშაც“ თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე შემტევ გუნდებად მიიჩნეოდნენ. ზოგ მწვრთნელს ხანდახან მეხუთე მცველი შეჰყავს მოედანზე, რაც მე არ მომწონს და ამის გაკეთებას ვერიდები.

_ წინა ინტერვიუში გვითხარით, მწვრთნელობამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახვაო. ახლა, ალბათ, კიდევ უფრო მკაფიოდ აცნობიერებთ იმას, რომ მწვრთნელებს ხშირად უხდებათ ანგარიშის გაწევა ფეხურთელებისთვის…

_ მასეა, გუნდში ყოველთვის მოიძებნება მეთორმეტე, უკმაყოფილო ფეხბურთელი. ხანდახან გგონია, რომ საბავშვო ბაღში ხარ _ ფეხბურთელები ზოგჯერ ერთმანეთის თეფშებსაც კი უყურებენ, რათა ნახონ, ვინ რა საჭმელი მიირთვა.

_ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, კახა ცხადაძის გაწვრთნილ გუნდს დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება, სახე რომ მიიღოს?

_ ალბათ, ნახევარი წელი, მინიმუმ ექვსი თამაშია ამისთვის საჭირო. ნაკრებს სხვა სპეციფიკა აქვს, კლუბში უფრო იოლია, სწრაფად მიიტანო შენი შეხედულებები ფეხბურთელებამდე, რადგან ამისთვის გაცილებით მეტი დრო გაქვს.

_ ამას წინათ გერმანიასთან 0:2 რომ დავმარცხდით, მარკო როისის გოლი მეხსიერებიდან მალე ვერ წაიშლება _ მარიო გიოტცემ სამ ქართველ მცველს აჯობა, მეოთხემ კი პოზიციურად ვერ ითამაშა კარგად და როისსაც გატანა არ გასჭირვებია. ამ კონკრეტულ ეპიზოდში ჩვენი ნაკრების დაცვის ასეთი ჩავარდნა რისი ბრალი უნდა იყოს?

_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან ბრაზილიის დაცვა ისე მოიშალა, რომ გერმანელებმა შვიდი გოლი გაიტანეს. გერმანიასთან ჩვენც დაგვიცდა ფეხი, ამ კონკრეტულ ეპიზოდში გიოტცეს კლასმა ბევრი რამ განაპირობა, ცხადია, ჩვენი მხრიდან იყო გამოუცდელობის ფაქტორიც.

_ ოცი წლის წინათ გერმანიასთან თბილისში ასევე 0:2 წავაგეთ, მაშინ თქვენი თაობა თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, იმ შეხვედრაში თქვენც ითამაშეთ. მატჩის შემდეგ გერმანელთა მთავარ მწვრთნელს, ბერტი ფოგთსს  ჰკითხეს, საქართველოს ნაკრებზე რა აზრი შეგექმნათო და ასეთი პასუხი მივიღეთ: თქვენი დრო მალე დადგება, რადგან თქვენ უკვე შეგიძლიათ, რომ მეტოქეს თავბრუ დაასხათო. ახლა კი გერმანიის ნაკრების მწვრთნელს ჩვენს გუნდზე ასეთი რამ არ უთქვამს…

_ ბერტი ფოგთსს მაშინ, ალბათ, ეგონა, რომ რასაც ვთამაშობდით, ეს იყო ჩვენი გუნდის ფილოსოფია. რეალურად კი ჩვენი ნაკრების ის თამაში თაობის ამოჩემება უფრო იყო. მაშინ ზოგი ჩვენს ტიკი-ტაკაზე  ამბობდა, რა ხდება, ეს რა „კოოპერატივი“ გაუმართავთო. ფოგთსს რომ თავი დავანებოთ, ალბათ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ჩვენი საქმე დაღმა წავიდოდა…

_ რა აჩენს კარგ მწვრთნელს? რა ფაქტორების თანხვედრაა აუცილებელი?

_ მთავარი ფაქტორი ფეხბურთელებია, მწვრთნელი მათ მაგივრად ვერ გაიქცევა მოედანზე. მწვრთნელი საქმის კარგი ორგანიზატორი უნდა იყოს, თუმცა მას, პირველ რიგში, მაინც ფეხბურთელთა კარგი თაობა სჭირდება.

_ ინტერვიუს ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებზეც უნდა გკითხოთ: „რეალი“ და „იუვენტუსი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ _ ამ დაპირისპირებების პროგნოზი როგორია?

_ ვფიქრობ, „რეალი“ თავის თამაშს ითამაშებს, მადრიდელებს იტალიელი მწვრთნელი ჰყავთ და იტალიურ „იუვენტუსთან“ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „იუვენტუსს“  ჩემპიონთა თასის ნახევარფინალებში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება „ბარსელონა“-„ბაიერნის“ დაპირისპირებას, ამ გუნდების სათამაშო სტილი დღეს ერთმანეთის მსგავსია. როცა „ბარსა“ გააკონტროლებს ბურთს, ეს რთული გამოცდა იქნება „ბაიერნისთვის“, რადგან ბავარიელებს მაინცდამაინც არ უყვართ უბურთოდ სირბილი. ალბათ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება „ბარსელონაც“, თუ „ბაიერნი“ მოახერხებს ბურთზე კონტროლს. მიუნხენურ გრანდს არ ეყოლება არიენ რობენი და სხვა ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელებიც, თუმცა „ბაიერნი“ უკვე არცთუ ცოტა ხანია, ასეთი პრობლემებით მაინც კარგად რომ თამაშობს. არ უნდა დაგვავიწყდეს „გვარდიოლას“ ფაქტორიც, ის ხომ დიდი სტრატეგია. „ბაიერნში“ მართლაც რიგიანად ათამაშდა ტიაგო ალკანტარა, ის რომ „ბარსადან“ ბავარიულ გრანდში არ გადასულიყო, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, მან და „ბაიერნმა“ ერთმანეთი მართლაც კარგად შეავსეს.

_ ლიონელ მესის გამო, ალბათ, გსურთ, რომ „ბარსამ“ აჯობოს „ბაიერნს“…

_ შესაძლოა, ასეც იყოს და კიდევ იმიტომ, რომ მინდა, თბილისში გასამართ სუპერთასზე ან „რეალი“ ჩამოვიდეს, ან „ბარსელონა“…

 

                                                                                                      დავით თავართქილაძე