შირვან ალიევი: „გარეჯი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია“
„მე, შირვან ალიევი, ეთნიკური აზერბაიჯანელი, თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, სოფელ ყარაჯლის მცხოვრები, სპციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით), ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, გულგრილი ვერ დავრჩები იმ მოვლენების შემხედვარე, რაც ხდება საქართველოს, ჩვენი დედასამშობლოს ისტორიული მიწის, დავითგარეჯის ირგვლივ.
მე დედასამშობლო შემთხვევით არ მიხსენებია, – დიახ, საქართველო, მისი მიწა, მთა, ბარი, ჰაერი, ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა, საქართველოში მცხოვრები მრავალათასიანი აზერბაიჯანელის დასაცავიცაა. დღეს ვნებათაღელვა არ წყდება დავითგარეჯის კუთვნილების შესახებ. მე, როგორც სპეციალობით ისტორიკოს-ფილოლოგი, ვაფიქსირებ, რომ ქართულ და არა მარტო ქართულ ისტორიულ წყაროებში, შავით თეთრზეა დაფიქსირებული, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ძველი და მეტად ღირებული ძეგლია, რომელმაც იმ დროიდან, როცა ის დაარსდა, ეს კი მოხდა მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში, ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ, საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მე არ ვაპირებ პოლემიკის გამართვას, ერთს კი მტკიცედ დავაფიქსირებ, რომ მწამს და მჯერა სამხრეთ კავკასიის ორი უძველესი ერის, ქართველებისა და აზერბაიჯანელების სიბრძნის, რომ ამ საკითხს მათი მთავრობები და ხალხი უმტკივნეულოდ და ბრძნულად გადაწყვეტენ, რათა, როგორც იტყვიან, „სამართალმა პური ჭამოს“…
მაკა მოსიაშვილი