შთამბეჭდავი ისტორია 3 წლის ბიჭზე, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა!
3 წლის ცოტნეს გადარჩენის საოცარი ისტორია საკმაოდ მძიმე ინციდენტით იწყება: პატარა ბიჭი მე-6 სართულის აივნიდან გადავარდა და უმძიმესი მრავლობითი დაზიანება მიიღო. დედას ამის შესახებ ძიძის ტელეფონის ნომრიდან უცნობმა ადამიანმა შეატყობინა. მშობელს არც კი სჯეროდა, რომ მისი შვილი გადარჩებოდა:
„მეგონა, მატყუებდნენ, ვერ ვიჯერებდი. ცოტნეს მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ გადარჩენის 1%-საც ვერ ვუშვებდი გონებაში“, _ იხსენებს დედა, რომლის შვილიც უკიდურესად მძიმე ტრავმული შოკით, სისხლდენითა და მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 3 წლის ცოტნეს თავის, სახისა და კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.
„მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული კვლევების შედეგების გათვალისწინებით, პაციენტს მრავალმხრივი ქირურგიული ჩარევა ჩავუტარეთ. თანმიმდევრობით, საჭიროებისამებრ განვახორციელეთ ოპერაციები თავის ტვინის, სახისა და კიდურების არეში. მას ქალა-ფუძის მრავლობითი მოტეხილობა, ორივე მხრის ძვლის, წინა მხრის ძვლებისა და მენჯის ძვლის მრავლობითი ტრავმა აღენიშნებოდა. მკურნალობის პროცესი დიდ მოთმინებას საჭიროებდა“, _ იხსენებს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულების ხელმძღვანელი, თამაზ გაბუნია. მისივე შეფასებით, მათ წარმატებულ შედეგს მიაღწიეს მკურნალობის სწორი ტაქტიკით, თანმიმდევრული მოქმედებებითა და მრავალპროფილური გუნდის მაქსიმალური მობილიზებით.
დღეს ცოტნე ცხოვრებას ჩვეული რიტმით განაგრძობს და, პერიოდულად, სამედიცინო შემოწმებას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.