შაქრო ტერტერაშვილი: „ამ ქვეყანაში მხოლოდ უჩა მამაცაშვილია თავისუფალი“
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს. ამის მიუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების გადაბარება მოუწევს. ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციაში რომ მოუწევს გადასვლა, ამაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ შაქრო ტერტერაშვილს ეპარება ეჭვი. ის იმაშიც დარწმუნებულია, რომ „ოცნებას“ მხარდამჭერები უკვე 31 ოქტომბრის საღამოს აქცევენ ზურგს. ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საბაბს მას ხალხის განწყობა აძლევს. ამბობს, რომ 5-6 სოფელი რომ მოიარო კახეთში, მმართველი პარტიის მხარდამჭერს ვერ ნახავ. თუ ვინმე მაინც აღმოჩნდა ისეთი, ის საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დასაქმებული.
როდის აპირებდა „ქართული ოცნება“ დავითგარეჯის თემაზე სკანდალის აგორებას? რატომ იჩქარეს ამ თემის გააქტიურება? არის თუ არა მათ არსენალში სკანდალური ჩანაწერები? ვინ მოიპოვა საქართველოში თავისუფლება? რატომ არ ნანობს „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში აქციის გამართვას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო შაქრო, 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“ ბათუმში ხალხმრავალი აქცია გამართეთ. საკმაოდ ბევრი ხალხი გამოვიდა გარეთ, იმდენი, რომ ტვ „იმედმაც“ კი შეიმჩნია. კორონაპანდემიის დროს ასეთი აქციის გამართვა შეიძლებოდა? თან აქციის მონაწილეებს პირბადეები არ ეკეთათ. გაქვთ იმის გარანტია, რომ „ოცნება“ ეპიდაფეთქებას ოპოზიციას არ დააბრალებს?
_ ამის გარანტია როგორ გვექნება? ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ და თუ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ამასაც ჩვენ დაგვაბრალებენ. არადა, ქვეყანაში კორონა ჩვენს აქციამდე კარგა ხნით ადრე გახდა უმართავი. ჩვენი ბრალი მხოლოდ ისაა, რომ ამ აქციის დროს სათანადო სიფრთხილე არ გამოვიჩინეთ და ყველას არ მოვთხოვეთ პირბადეების გაკეთება.
_ ასეთ დროს სიფრთხილე როგორ არ გამოიჩინეთ?
_ ასე გამოვიდა. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვწუხვარ ამის გამო. ხელისუფლება ახლა ჩვენკენ გამოიშვერს ხელს. მათთვის ამის საბაბი არ უნდა მიგვეცა. მით უმეტეს, რომ აჭარაში ეპიდსიტუაციის აფეთქება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. კოვიდის დროს ბევრი ხალხის შეკრების ტრადიციასაც მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარეს საფუძველი.
მთელი ზაფხული ვუყურებდით, თუ როგორ მიჰყავდათ რეგიონებიდან ხალხი დენდროლოგიური პარკის დასათვალიერებლად. საზოგადოებას აჩვენებდნენ, აი, რა მაგარ რამეებს აკეთებს ბიძინაო. ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული იყო. მეეჭვება, მთელ საქართველოს ერთად გასჩენოდა სურვილი, დენდროლოგიური პარკი დაეთვალიერებინა. წაიყვანეს ხალხი დენდროლოგიურში და იმას უმტკიცებდნენ, რომ ეს კაცი მართლა ხეგლეჯია კი არ იყო, არამედ რაღაც სანახაობა შექმნაო.
დენდროლოგიურ პარკში ნამდვილი ზედახორა იყო. ოპოზიციის აქცია სულ რაღაც ერთი საათი გაგრძელდა, დენდოლოგიურში ხალხი საათობით ელოდებოდა, თუ როდის შევიდოდნენ პარკში. არც პირბადეები ჰკეთებია ვინმეს. ასე რომ, პანდემიის დროს ხალხმრავლობა „ოცნების“ მიერ დამკვიდრებული ტრადიციაა. ხელს სანამ სხვისკენ გაიშვერენ, ჯერ საკუთარ თავს შეხედონ და თავიანთი საქციელი გააანალიზონ.
ამდენი ხალხი რომ გამოვიდა ქუჩაში კოვიდის დროს, მგონი, ბევრ რამეზე მეტყველებს. „ოცნება“, წესით, იმას უნდა აანალიზებდეს, თუ რამ გამოიყვანა ასეთ დროს ხალხი გარეთ.
_ მაგას ძალიან კარგად ხვდებიან და კარგად რომ ხვდებიან, ამიტომაც წყევლიან ოპოზიციას. თუმცა ეს თქვენს გაუფრთხილებლობას არ ამართლებს.
_ ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა. ხალხს ძალიან აშინებს კორონა, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ამ ვირუსზე უარესიც არსებობს. კორონაზე უარესი „ქართული ოცნებაა“. არ არის სასურველი, როცა პანდემიის დროს ბევრი ადამიანი იკრიბება, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რასაც ხალხი ყველა ვითარებაში ადეკვატურად პასუხობს.
_ თქვენი აზრით, სხვა რეგიონებშიც ასეთივე ხალხმრავალი აქცია იქნებოდა, როგორიც აჭარაში შედგა?
_ ალბათ! ხალხს ყელში ამოუვიდა „ქართული ოცნება“. სიფრთხილე ყველგან უნდა გამოვიჩინოთ. სიფრთხილის გამოჩენისკენ „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებ. ეგენი, ლამის, ყოველდღე ატარებენ დახურულ დარბაზებში შეხვედრებს კოორდინატორებთან. შეხვედრებს 200-300 კაცი ესწრება. დახურულ სივრცეში ამდენი ადამიანის ერთად ყოფნა ძალიან საშიშია. ღია სივრცეში ბევრი ხალხის ერთად ყოფნა ნაკლებ რისკებს შეიცავს.
_ ბათუმში გამართული ხალხმრავალი აქციით აშკარად კმაყოფილები ხართ. ზედმეტად ხომ არ დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების? ასე იოლად არ დათმობს „ოცნება“ პოზიციებს. თან არავინ იცის, როდის რა ჩანაწერებსა და კადრებს გამოაგდებენ.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ის პარტია, რომელსაც შეიძლება, ცრუ მოლოდინები გაუჩნდეს. ძალიან დიდი პრაქტიკა და გამოცდილება გვაქვს. 9 წელი ხელისუფლებაში ვიყავით და მეცხრე წელი დაიწყო, რაც ოპოზიციაში გადავედით. აქციებიც ბევრი ჩაგვიტარებია და _ არჩევნებიც. აქედან გამომდინარე, სიტუაციას ემოციურად არასდროს ვაფასებთ.
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება რაღაც კადრებს გამოაგდებს, ამას მთელი საქართველო ელოდება. კადრებს ელოდებიან როგორც „ოცნებისა “ და ოპოზიციის მომხრეები, ასევე სრულიად აპოლიტიკური ადამიანები. უკვე ყველამ გაიგო, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში „ქართული ოცნება“. გარეჯის თემა შემთხვევით არ წამოუწევიათ არჩევნების წინ. თავადვე აღიარებენ, ეს ამბავი ადრეც ვიცოდით, მაგრამ როგორც ჯოკერს, ისე ვინახავდითო. რაც არ უნდა გამოაგდონ, ხალხზე გავლენას ვეღარ მოახდენენ. მათი ნებისმიერი ქმედება ხალხის გაღიზიანებას იწვევს.
_ ანუ აღარ გადარდებთ, რას გამოაგდებენ? გგონიათ, რომ ხალხი „ოცნებაზე“ უფრო გაღიზიანდება?
_ ვიცით, რისი მკადრებელიცაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ყველაფრისთვის მზად ვართ. გამოაგდონ, რაც უნდათ. ერთი რამ ყველამ იცოდეს: ამ სიბინძურეების ყველა შემოქმედი თავის დროზე პასუხს აგებს კანონის წინაშე. „ოცნების“ მიერ გამოგდებული ნებისმიერი სიბინძურე თავად ივანიშვილსა და მის პარტიაზე იმოქმედებს ცუდად.
_ თქვენ აქტიურად ხართ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და კახეთის მაგალითზე შეგიძლიათ გვითხრათ, არის თუ არა ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლა?
_ როგორ არა! თვითმმართველობები, სუსი, პოლიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებად იქცნენ. კახეთში 4 სოფელი შეიძლება ისე მოარო, რომ „ოცნების“ ერთი მხარდამჭერიც ვერ ნახო. რამდენიმე კვირის წინ დაფუძნებული პარტიის მომხრე შეგიძლია ნახო, მაგრამ ხელისუფლებას აღარავინ უჭერს მხარს. მმართველ პარტიას მომხრეები მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ჰყავს. ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა არ სურს და ხელისუფლებაში დასარჩენად აბსოლუტურად ყველა ზომას მიმართავს. ცდილობენ, რომ რამენაირად მოახდინონ თავიანთი ამომრჩევლის მობილიზება.
ვინმემ მითხრას, სუსსა და პოლიციას რა უნდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბებში?! სუსისა და პოლიციის მაღალჩინოსნები ოჯახ-ოჯახ დადიან და ითხოვენ, რომ ხალხმა 41 ნომერი შემოხაზოს არჩევნებზე. ივანიშვილის პარტია ხშირად იწონებს თავს იმით, რომ აპოლიტიკური პოლიცია გვყავსო. აპოლიტიკური პოლიცია თუ გვყავს, რატომ აიძულებს ხალხს სახელისუფლებო პარტიისთვის ხმის მიცემას.
_ აპოლიტიკური პოლიცია არც არასდროს ჰყოლია საქართველოს, მათ შორის, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალები“ იყავით.
_ სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რომ პოლიცია აპოლიტიკური ყოფილიყო, მაგრამ ახლა ნამეტანი პოლიტიზებულია პოლიცია. „ქართულმა ოცნებამ“ რაც კარგი გვქონდა, ის დაივიწყა და რაც ცუდი გვქონდა, ის დაიტოვა.
_ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, „ქართული ოცნება“ პორტირებული და უვარგისი „ნაციონალებით“ არის სავსე.
_ იქ არიან გადაბარგებული და ათას რაღაცას მაიმუნობენ. ირაკლი კობახიძის გამოცხადებული პროცენტების არავის სჯერა. ამ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს ელაპარაკებიან და ყველამ კარგად იცის, რა ხდება და რომელ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს.
„ქართულმა ოცნებამაც“ კარგად იცის, რა შავ დღეშიც არის. ის ბრძენი კაცი კი ამბობს, 63%-იანი მხარდაჭერა გვაქვსო, მაგრამ იტყუება. ამხელა მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, გარეჯის თემას ახლა არ გამოიტანდნენ.
_ ამ თემის გამოგდებამ, მგონი, მაგათზე იმოქმედა ცუდად. ჯოკერად თუ მიაჩნდათ, ცოტა ნიჭიერად ვერ გაათამაშეს?
_ სხვანაირად აპირებდნენ ამ კარტის გათამაშებას, მაგრამ „მთავარმა“ არხმა დააანონსა ეს თემა. ამათაც იჩქარეს და სიჩქარეში ბევრი შეცდომა დაუშვეს. „მთავარი“ არხი რომ არა, გარეჯის თემას არჩევნებამდე 4 ან 5 დით ადრე გამოაგდებდნენ.
_ ასეთ შემთხვევაში ნიჭიერად გაათამაშებდნენ კარტს?
_ არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე რომ გამოეტანათ ეს თემა, ვერავინ გაიგებდა, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
_ რატომ ვერ გავიგებდით?
_ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამ საკითხის შესასწავლად არავის ეცლებოდა. აბა, დააკვირდით, რა მესიჯებით საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენელბი. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც არჩევნების წინ იქნებოდა ეფექტიანი.
_ რა განცხადებებზე საუბრობთ?
_ გაიძახიან, „ნაციონალებმა“ გარეჯი გაყიდესო. არჩევნების წინა დღეებში ეს ფრაზა უფრო მეტ წონას შეიძენდა. ხალხს რაღაცნაირად დააჯერებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეთანხმება არ არსებობს მიწის გასხვისებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები შეუმდგარ ფაქტზე საუბრობენ. არჩევნების წინ რომ ელაპარაკათ ამაზე, ხალხი ემოციის დონეზე მიიღებდა გადაწყვეტილებას, როგრც ეს 2012 წელს ბარბარე რაფალიანცის შემთხვევაში მოხდა. არჩევნების წინა ღამეს დააჯერეს მთელი საქართველო, რომ „ნაციონალებმა“ 9 თვის ბავშვი ქვევრში ჩაახრჩვეს. ახლა ეს ტრიუკი აღარ გაუვათ.
_ გარდა იმისა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან გიწევთ ბრძოლა, ერთმანეთსაც გამოუცხადეთ ომი. „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებამ უკვე ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო. ეს ნორმალურია?
_ ვფიქრობ, რომ „ევროპული საქართველო“ საკუთარ თავსა და საკუთარ სინდისს უპირისპირდება. ჩვენ მათ მოწინააღმდეგეებად არ განვიხილავთ თავს. ჩვენი მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური რეჟიმია. საერთოდ არ მაინტერესებს „ევროპული საქართველო“ ან რატომ უნდა მაინტერესებდეს? ვის დაკარგვია გიგა ბოკერია ან სხვა რომელიმე აგრესიული ლიდერი?
_ გასაგებია, რომ ბოკერია არ გაინტერესებთ, მაგრამ ეს კინკლაობა ხმებს არ დაგაკარგვინებთ?
_ არა მგონია, უფრო პირიქით უნდა იყოს ეგ ამბავი. ამომრჩეველი უკეთესად ჩამოყალიბდება. ხმებს ის პარტიები დაკარგავენ, რომლებიც ოპოზიციას ესხმიან თავს.
_ თქვენგანაც ხომ მოდის აგრესია? ნაციონალებიც ხომ უპირისპირდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს?
_ როცა გვლანძღავენ, საპასუხო რეაქცია გვაქვს ხოლმე. ამ დაპირისპირების ინიციატორები არასდროს ვიქნებით, ოპოზიცია არასდროს იქნება ჩვენი სამიზნე. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი მივიდეს არჩევნებზე. ასე უფრო იოლად დავასრულებთ „ქართულ ოცნებას“.
_ თქვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ძალიან გააქტიურდა. იგი ცოტა ხის წინათ ათენში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ახლა იტალიაში აპირებს მსგავსი შეხვედრის მოწყობას. საზღვარგარეთ ძალიან აქტიურად გადაადგილდება და აქ როდის აპირებს ჩამოსვლას?
_ ამის პროგნოზირება ცოტა რთულია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ დასრულდება საპარლამენტო არჩევნები. ძალიან ბევრი კომპონენტი იქნება გასათვალისწინებელი. მისი გააქტიურება არავის უნდა უკვირდეს. მიშა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების პრემიერობის კანდიდატია და მისგან აქტიურობა ნორმალურია. თუმცა სააკაშვილი რაც პოლიტიკაში გამოჩნდა, სულ აქტიურია.
_ ის სულ აქტიურია, მაგრამ წინასაარჩევნო აქტიურობას „ოცნება“ სათავისოდ გამოიყენებს და კიდევ ერთხელ მოაწყობს ისტერიკას, რომ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა დაბრუნდებაო.
_ ეს მეთოდი აღარ გაჭრის და პირიქით, ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს. რაც მეტჯერ იტყვიან „ქოცები“, მიშა დაბრუნდებაო, იმდენჯერ გაიმეორებს ამომრჩეველი, _ ძალიან კარგი, თუ დაბრუნდებაო. ამ ტენდენციას აშკარად ვამჩნევ. მიშას დაბრუნებას ის ხალხიც კი უჭერს მხარს, რომელიც 2016 წლამდე გაჰყვიროდა, _ მიშა არ ჩამოვიდესო! ახლა ეს ადამიანები ამბობენ, ოღონდ ივანიშვილი წავიდეს და ვისაც უნდა, ის ჩამოვიდესო. ყველა ხვდება, რომ მიშას შეუძლია ამათი გაშვება, ამიტომ იმის ყვირილი, რომ მიშა ჩამოვა, ახლა უკვე ჩვენ სასარგებლოდ იმუშავებს.
_ ხალხი ფიქრობს, რომ ოღონდ ივანიშვილი წავიდეს და ვინც უნდა ის ჩამოვიდესო. 2003 წელს გვეგონა, რომ შევარდნაძე თუ წავიდოდა, მას ნებისმიერი აჯობებდა. 2012 წელს ვფიქრობდით, რომ სააკაშვილის წასვლა იყო აუცილებელი და ყველა მასზე უკეთესი იქნებოდა. ივანიშვილის შემთხვევაშიც მსგავსს რეალობას ხომ არ ვიხილავთ? მის შემდეგ მოსული ხელისუფლება წინაზე უარესი ხომ არ გახდება?
_ 2003 წელს ხალხი სწორად ფიქრობდა, რომ შევარდნაძეს ყველა აჯობებდა. მიშამ რომ აჯობა, ამას რად უნდა თქმა. ჭაობში ჩაძირული საქართველო ნორმალურ სახელმწიფოდ იქცა. 2012 წელს ხალხს ნამდვილად არასწორი მოლოდინები გაუჩნდა და ეგონა, რომ ყველა, მათ შორის, ბიძინა, სააკაშვილზე უკეთესი იქნებოდა. ივანიშვილი უარესი გამოდგა, თან ძალიან.
_ მართალია, „ოცნებამ“ ვერ ივარგა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, ივანიშვილმა თავისუფლება მოგვცაო.
_ სუსი ოჯახიდან ოჯახში რომ დადის და ითხოვს, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმა, ეს როგორი თავისუფლებაა? ბიზნესმენებს პირდაპირ ეუბნებიან, თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერთ, პრობლემები შეგექმნებათო. ამას ჰქვია თავისუფლება? იქნებ, სხვაგან სადმეა თავისუფლება და მე ვერ ვამჩნევ?
საზოგადოების რა გითხრათ. მაგრამ ივანიშვილმა თავის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს ნამდვილად მისცა თავისუფლება. მამაცაშვილს ბევრი რამის უფლება აქვს, მათ შორის, იმისიც, რა ფასადაც უნდა, იმ ფასად იყიდის ყურძენს.
_ უჩასა და მისნაირების დაწესებულმა ფასმა _ 80 თეთრმა _ კახელების დიდი აღშფოთება გამოიწვია.
_ კახელები ძალიან გაბრაზებულები არიან. უსირცხვილო ირაკლი ქადაგიშვილი გამოდის და ამბობს, მერე რა, თუ ერთი კილო ყურძენი 80 თეთრი ღირს, წინა წლებში 70 თეთრი ღირდაო. ყველა მიმართულებით უარესდება სიტუაცია, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს. მოსახლეობას თავი გავანებოთ და ქვეყანაში რომ მძიმე მგომარეობაა, ეს თავად ივანიშვილმა აღიარა. 2018 წლის ბოლოს ის გამოვიდა და თქვა, ერთი წელი მომეცით და ყველაფერს გამოვასწორებო. კარგად რომ ყოფილიყო საქმე, ხომ არ იტყოდა, გამოვასწორებო?
ამ გამოსვლიდან თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ, აბა, მითხარით რა გაუმჯობესდა? ბიძინა ივანიშვილს არაფერი შეუცვლია.
_ როგორ არ შეუცვლია: პრემიერი გამოცვალა _ მამუკა ბახტაძე გიორგი გახარიამ ჩაანაცვლა.
_ მერე, ესაა ცვლილება?! რა მნიშვნელობა აქვს, პრემიერის კაბინეტის კარზე გაკრულ აბრაზე ვისი გვარი ეწერება?! თან პრემიერის შეცვლამ რა გამოასწორა?! _ ლარი უფრო მეტად გაუფასურდა! კრიმინალმა მოიმატა! უფრო მეტი საგარეო ვალი ავიღეთ და ა. შ. „ქართული ოცნება“ პირად საქმეებს კარგად აგვარებს, მაგრამ ქვეყანას ვერ მართავს. 31 ოქტომბერს ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.
_ შეცვლა შეგვიძლია, მაგრამ შევცვლით? რა პროგნოზები გაქვთ?
_ ველოდები „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადაბარგებას.
_ ასე მარტივად გადავლენ ოპოზიციაში?
_ მარტივად რომ არ თმობენ, მაგიტომ კადრულობენ ყველა სისაძაგლეს. ამის დასტურია გარეჯის საქმე. როცა ხალხის სერიოზული მხარდაჭერა აღარ გაქვს, ძალიან ძნელია, კარში გაიბოტო და წასვლაზე უარი თქვა. ძალიანაც რომ მოვინდომოთ ოპოზიციამ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. მომხრეები აღარ ჰყავს ამ პარტიას. ხომ გითხარით, 4-5 სოფელს ისე მოივლით, ამ პარტიის მარდამჭერს ვერ ნახავთ. ვიღაცამ თუ მაინც გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, პირდაპირ უნდა ჰკითხო, რომელ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს. სხვა ადამიანები ამათ მხარს არ უჭერენ. ან როგორ უნდა დაუჭირონ? _ მთელი ქვეყანა თავდაყირა დააყენეს. ერთი ჯანდაცვით და საყოველთაო დაზღვევით ამაყობდნენ. ახლა ეს სისტემაც ამოუყირავდათ.
აქამდე თავს იწონებდნენ, რომ კორონა-პანდემიას კარგად გავუმკლავდითო. მაგალითისთვის ამერიკაც კი მოჰყავდათ, იქ ამდენი ინფიცირებულია და ჩვენთან ასე ცოტაო. იმაზე კი არ უფიქრიათ, თუ რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობს ამერკაში. პროცენტულად ინფიცირებულების რაოდენობით ამერიკასაც ვუსწრებთ და სხვა ქვეყნებსაც. სადღაც პირველ სამეულში შევდივართ.
ამათ, ყველა სიკეთესთან ერთად ეკონომიკაც ჩამოშალეს. ეკონომიკის ჩამოშლა იწვევს კონკრეტული ადამიანების მდგომარეობის გაუარესებას. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. უაზრო რეგულაციები დააწესეს, ვერც კორონა შეაჩერეს და ეკონომიკაც გაანადგურეს.
_ ინფიცირებულთა რაოდენობა საეჭვოდ იზრდება. არ გიფიქრიათ, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება? აქციების დაწყების შემთხვევაში ჩაკეტავენ ქვეყანას?
_ აბა, ერთი გააყალბონ არჩევნები და ქვეყნის ჩაკეტვა-არჩაკეტვას მაგათ ვინ ჰკითხავს. 31 ოქტომბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე, „ოცნებას“ ხალხიც კი არ დარჩება შტაბებში.
_ ასე ძალიან ხართ მაგათ დამარცხებაში დარწმუნებული?
_ დარწმუნებული ვარ, რომ დამარცხდებიან. სადაც გინდა გაიაროთ, ყველგან „ოცნებას“ აგინებენ. ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები ამბობენ, რომ ივანიშვილს უჭერენ მხარს. არ გამოვრიცხავ, რომ ამას სამსახურის დაკარგვის შიშით ამბობდნენ და სინამდვილეში ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.
შორენა მარსაგიშვილი