ღარიბაშვილის გარემოცვამ „ფრონტერას“ მილები დაჭრა და მიითვისა
ერთხელ უკვე მოვყევით, როგორია ქართულ-ამერიკული სიყვარული ქიზიყურად „ფრონტერას“ მაგალითზე. მაგრამ ერთი მოყოლით არ ვასრულებთ ჩვენს ამბებს… „ფრონტერას“ სალიცენზიო ფართობი, რომელსაც იგი ფლობს საქართველოში, 5060 კვ.კმ-ია და საქართვლოს ოთხ მუნიციპალიტეტს მოიცავს: დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს. და როგორც ვიცით, „ფრონტერას“ პრობლემა 2013 წლიდან მხოლოდ დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ტერიტორიებზე შეექმნა.
რა ხდება დღეს?
კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში, ნაზარლების მეორე ჭაბურღილიდან რამდენიმე თვეა, ნავთობი იღვრება. ადგილზე ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია. ტერიტორიაზე შავი მაზუთის გუბეები დგას. ზოგ ადგილზე ჭაბურღილიდან გადმოსულმა ნავთობმა კალაპოტი გაიკეთა და რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში მდინარესავით მიედინება.
ნავთობით დატბორილი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე თვეა, ვრცელდება, თუმცა მსგავსი მდგომარეობა მხოლოდ ამ ერთ ჭაბურღილზე არ არის, ასეთივე მდგომარეობაა მიმდებარედ სხვადასხვა ჭაბურღილებზეც. თუ დროულად არ მოხდება მისი დაკონსერვება და ნავთობის ადგილზე შეჩერება, შესაძლოა, სავალალო შედეგიც დადგეს.
ახლა ზაფხულია, შეიძლება ვინმემ იქ სიგარეტი გადააგდოს და ამას უკვე ხანძარი მოჰყვება. ხანძარი, რომელიც ათეულობით კილომეტრს დაფარავს და ვაშლოვნის ეროვნულ ნაკრძალსაც შეიწირავს.
ნავთობი ბუნებრივი წნევით ამოდის და არავინ აქცევს იქაურობას ყურადღებას. თვეებია, ივსება ავზები. დაახლოებით რამდენიმე ასეული ლიტრი პერიოდულობით იღვრება. ჩაედინება ფერდობზე, გადის სახნავ-სათეს მიწებს და უერთდება ვაშლოვნის ნაკრძალს
ამას უკვე ეკოციდი ჰქვია!
ვისია ახლა უფუნქციოდ დარჩენილი ჭაბურღილი _ „ფრონტერასი“ თუ სახელმწიფოსი?
როგორც „ფრონტერა“ ამბობს, გასულ წელს წაგებული საარბიტრაჟო სასამართლოს შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიების 99 პროცენტი დაუბრუნეს, ნაზარლების მეორე ჭაბურღილიც ამ არეალში მოყვა. შესაბამისად, მათ ოპერირების გაგრძელების უფლება უბრალოდ აღარ ჰქონდათ. ამიტომ ამერიკული კომპანია ნავთობის დაღვრის ფაქტზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.
„ახლა ეს ნავთობის სააგენტოსა და კორპორაციის პასუხისმგებლობაა. ნავთობის კორპორაციამ და სააგენტომ კომპანიას შეუზღუდეს ოპერირების უფლება. შესაბამისად, ჭაბურღილებიც ნავთობის კორპორაციას ეკუთვნის“.
თუმცა ნავთობისა და კორპორაციის სააგენტო როგორც განმარტავს, „ფრონტერა იყო პასუხისმგებელი, ადგილზე ოპერირება უსაფრთხოდ გაეგრძელებინა ისე, რომ გარემოს დაბინძურების საფრთხე არ შექმნოდა, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, „ფრონტერამ“ არ გაითვალისწინა და ყოველგვარი წესებისა და ნორმების დაცვის გარეშე განაგძო ჭაბურღილის ექსპლუატაცია.
წესით, ახლა უკვე შეფასებული უნდა იყოს გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, „ფრონტერას“ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები სახელმწიფომ დააკისროს.
გარდა იმისა, რომ ნავთობი ნავთობად იღვრება, მნიშვნელოვნად ზიანდება გარემოც. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს რეაგირება, რათა ნიადაგი უფრო მეტად არ განადგურდეს და აღდგენას დაექვემდებაროს.
იქამდე, სანამ სახელმწიფო და კერძო კომპანია არკვევს, ვის ეკუთვნის მიტოვებული ჭაბურღილი, „ქრონიკა+“-მა სხვა გარემოებები აღმოაჩინა:
1.იმ პერიოდში, როცა ადგილზე ოპერირებდა „ფრონტერა“, არასდროს დაღვრილა ნავთობი ისეთი ფორმით, რომ ეკოციდის საფუძველი გამოეწვია;
2.რატომ არ აკეთებს სახელმწიფო არაფერს ამ ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩარებლად? იმიტომ, რომ მას აწყობს ასეთი კატასტროფები, რადგან ამერიკულ კომპანიას ახალ სანქციებს დაუწესებს.
3.რამდენი ხანია, რაც გარემოს დაბინძურების პროცესი დაიწყო? და საერთოდ, რა გახდა ამის მიზეზი?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით:
„ჭაბურღილების საქაჩები გაქრა. იქ იყო ახალი მილებით გაყვანილი სისტემები, რითაც საწვავს იღებდნენ და შემდეგ სხვადასხვა ავზში ათავსებდნენ. გარკვეული პერიოდის წინ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდან ერთ-ერთმა პირმა, კერძოდ ნუგზარ ალუღიშვილმა, მილები დაჭრა და დედოფლისწყაროში მის საკუთარ საწყობში ამოიტანა. ე. ი. სხვისი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა და ქონების მოპარვის შემდეგ ეკოლოგიური კატასტროფაც დაიწყო. მას მერე ნავთობი მილებში კი არა, მიწაზე იღვრება. მისაკუთრებული სხვისი ქონება კი თავისთან სხვადასხვა მიზნისთვის საწყობში დაამონტაჟა.
ვინ არის ნუგზარ ალუღიშვილი?
„ღარიბაშვილის ნათესავი „კაკაშას“ ბიზნესპარტნიორია. აქვს საწყობები, ფლობს მიწებს, სახელმწიფოს დაფინანსებით გააკეთა შემნახველი მეურნეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში.
მოკლედ, აქ, ჩვენთან, რაიონში, ღარიბაშვილის გარმეოცვის ვარსკვლავია“.
რა ელით პირებს, რომელთაც ეკოციდის დანაშაულში აქვთ მიღებული მონაწილეობა?
ეკოციდი ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსის მოწამვლას, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივ განადგურებას, ანდა სხვა ქმედებას ნიშნავს, რასაც შეეძლო ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია. ქართული კანონმდებლობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე.
არ ვიცით, შესაბამის უწყებებს აინტერესებს თუ არა ეკოციდის წარმოშობის რეალური მიზეზი, თუმცა ფაქტია, მანამდე, სანამ აღნიშნულ ჭაბურღილზე ოპერირებდა ამერიკული კომპანია, იქ ეკოციდის საფრთხეები არ იყო. დღეს კი უკვე მძიმე სურათია. მიზეზი, როგორც ვარკვევთ, მოპარული და მითვისებული ქონებაა. ეს ქონება ვის ბალანსზეა, დღემდე სადავოა.
მაკა მოსიაშვილი