ქუმსიშვილი _ პრემიერი, კვირიკაშვილი _ პრეზიდენტი, მღებრიშვილი _ МЧС-ში, გოგაშვილი _ სახლში!

რას გეგმავს ივანიშვილი არჩევნების შემდეგ?..

 

 

ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში მეორე ტური იქნება, კალაძის შტაბშიც არავინ დაობს. ამჯერად მთელი აქცენტი გადატანილია მხოლოდ იმაზე, ვინ იქნება კალაძის კონკურენტი მეორე ტურში _ ზაალ უდუმაშვილი თუ ალექსანდრე ელისაშვილი?

 

2012 წლის მერე ეს პირველი არჩევნებია, როცა ბიძინა ივანიშვილი პარტიის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს, მას არც კახი კალაძის მხარდამჭერი განცხადება გაუკეთებია. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ივანიშვილი, ამ ეტაპზე, საგარეო ურთიერთობების დალაგებით და საკუთარი კაპიტალისთვის გარანტიების მიღებითაა დაკავებული, ამიტომ ნაკლებად აინტერესებს, რა მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

არჩევნების შემდგომ კი, ოპოზიციის გააქტიურებისა და ქუჩის აქციების დაგეგმვის პარალელურად, რევოლუციურ საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ საზოგადოებაში დაგროვილი უარყოფითი მუხტის გასანეიტრალებლად ბიძინა ივანიშვილი გვიან შემოდგომაზე საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოემზადება, გადადგომამდე მისი გარემოცვა აქტიურად მუშაობს ფინანსური სქემების დასალაგებლად. „ქრონიკა+“-ს ამ თემაზე მასალები უკვე მზად აქვს და კონკრეტულ ფაქტებს გაზეთის მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

პრემიერის პოსტზე ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა განიხილება.

თანამდებობას დატოვებს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ძალოვან უწყებაშიც სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდება.

ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობას დატოვებს, თავადაც იცის და მისმა ახლო გარემოცვამაც. მართალია, ის ბოლომდე ცდილობდა ივანიშვილის გარემოცვის დარწმუნებას, რომ ღარიბაშვილის სიმამრთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოდ. ნარკოტიკების გახმაურებული სკანდალისა და ჩადებებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენების მერე, მღებრიშვილი თანამდებობის გარეშე რჩება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას საპენსიო უწყებას, ე. წ. მჩს-ს შეუქმნიან და იქ გადაიყვანენ.

თანამდებობის გარეშე რჩება სუს-ის უფროსის სკანდალური მოადგილე _ სოსო გოგაშვილი. ერთი ვერსიით, მისი გადაყვანა თავდაცვის სამინისტროში იგეგმებოდა, მაგრამ „ციანიდის საქმის“ საბოლოოდ ჩამოშლის შემდეგ მისი ბედი გადაწყვეტილია _ „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, გოგაშვილს უკვე ჰქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, _ დავრჩე თუ წავიდეო? და პასუხად მიიღო, რომ არჩევნების დასრულებისთანავე უნდა წავიდეს. გოგაშვილი, ბოლო დროს, არსად ჩნდება, მათ შორის, სამსახურშიც იშვიათად დადის.

კულუარული ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც. მისი პროკურორობის პირობებში, თითქმის კომიქსად გადაიქცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და სასამართლოში ახლა შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს პარალელურად, „ვენოკების“, ბუშტების, წიგნებისა და საჩუქრად დარიგებული ცხვრების საქმეს განიხილავენ. ასევე სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია საუკუნის სკანდალს _ „ციანიდის საქმეს“. პროკურატურა ერთ დღეს გვიმტკიცებდა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა (მინიშნება იყო პატრიარქზე). მოგვიანებით, გაირკვა, რომ დეკანოზი მამალაძე შორენას მოწამვლას აპირებდა. გრიფით საიდუმლო სასამართლო პროცესიდან მოწმეების ჩვენებების გასაჯაროების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ შეცდომას შეცდომა მიამატა, გამოძიება დაიწყო და დაკითხვაზე დეკანოზ მამალაძის ადვოკატები და ჟურნალისტები დაიბარა.

მთავარი პროკურორის პოსტს კარგა ხანია, ქ. თბილისის პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი უმიზნებს, მაგრამ მას, ამ ეტაპზე, სერიოზული „კრიშა“ არ ჰყავს, რადგან, თავის დროზე, თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. ე. წ. კახელების კლანის კანდიდატურას კი მთავარი პროკურორის პორტფელს არავინ ჩააბარებს. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ახალი სახეები მთავარი პროკურორის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას ლობირებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვება მოუწევს ე. წ. კახელების კარტელის ნარჩენებს, პირველ რიგში კი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მთავარი სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადების სპეცოპერაციას და რომელმაც უშუალოდ მიიტანა ადგილზე ჩასადები ორი წონაკი ბუპრენორფინი. თარაშვილს შესაძლოა, თანამდებობიდან გადაყენება არ აკმარონ, _ მას ან დაიჭერენ, ან ღარიბაშვილის გარემოცვაზე ჩვენების მიცემა და გამოძიებასთან თანამშრომლობა მოუწევს.

არჩევნების მერე ხელისუფლებაში კახელების კლანის გავლენები საბოლოოდ განულდება _ ღარიბაშვილის გარემოცვის ნარჩენები: ზედელაშვილი, ჯანელიძე, ჭიკაიძე, _ სახელმწიფო კანცელარიაში კრიზისების მართვის საბჭოში არიან თავმოყრილი და მათ ხელფასებზე სახელმწიფო სამ მილიონ ლარს ხარჯავს. არჩევნების მერე კრიზისების მართვის საბჭო დაიშლება და ღარიბაშვილის გარემოცვის ბოლო ნავსაყუდელიც წარსულს ჩაბარდება.

ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები ვრცელდება თავად „ქართული ოცნების“ შიგნით. ერთი ვერსიით, არჩევნების შემდეგ ღარიბაშვილის ფაქტორს რუსები ისევ გაააქტიურებენ, გამოქვეყნდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა, სადაც მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი დაუფიქსირდება. ამის შემდეგ კი მას საპრეზიდენტო მარათონში ჩართავენ. მეორე ვერსიით, ივანიშვილისგან დამოუკიდებელ თამაშს ღარიბაშვილი ვერც ამჯერად გაბედავს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის გარემოცვამ ხელშეუხებლობის გარანტიები მას შემდეგ მიიღო, რაც პირობა დადო, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერეოდა. სწორედ ამ პირობის მერე გადარჩნენ დაჭერას ზვიად ჯანყარაშვილი, დავით შავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი, ძმები ჩხენკელები და სხვები, მაგრამ „ქართული მარშის“ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, როგორც ამბობენ, ჯანყარაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მას ისევ დაკავებით დაემუქრნენ. სწორედ ამიტომ შეწყდა „ქართული მარშის“ აქტიურობა და კანცელარიასთან დაანონსებული 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, არაფერს შეცვლის, მთავარი ამბები სწორედ მეორე ტურის წინ და შემდეგ გველოდება.

ელისო კილაძე