ქუთაისი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაბრუნდა

XX საუკუნის მიწურული ის პერიოდია, რომლის გახსენებაც ქუთაისლებს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქების მცხოვრებლებს, სიამოვნებას ნამდვილად არ გვრის. მოსახლეობას ნაკლებად წარმოედგინა, რომ დადგებოდა დრო, როცა წარსულში დარჩენილი მოგონებები რეალობად იქცეოდა.

დღეს ქუთაისში იშვიათად მოიძებნება ქუჩა, სადაც გადაადგილება როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვის უპრობლემოდ შეიძლება. დაზიანებული ასფალტის საფარი, ამოყრილი ქვაფენილი, მოუწესრიგებელი ტროტუარები, გაუქმებული ღვარსადენები, დამტვერილი გარემო და კიდევ უამრავი თანმდევი რამ _ ესაა ყველაფერი ის, რაც გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. თანხები, რომელიც ქუთაისში გზების მოწესრიგებისთვის იხარჯება, წესით, ყველაფერ ამას უნდა გამორიცხავდეს, მაგრამ სურათი სულ სხვაგვარია.

ქუთაისის ცენტრალური მოედანი ის ადგილია, რომელიც არა მარტო ადგილობრივების, არამედ უცხოელი სტუმრების ძირითადი თავშეყრის ადგილია. წლების წინათ მოედანზე ქვაფენილი დაიგო, რომელიც ორ ფერში არის გადაწყვეტილი და არსებულ სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა სამუშაოს გამო, რომელთა ჩატარების საწინააღმდეგო მოსახლეობას არც არაფერი აქვს, ქვაფენილი რამდენიმე ადგილას ამოყარეს. მართალია, მოგვიანებით ქვები უკან დააბრუნეს, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით შესრულდა. შედეგად მივიღეთ უსწორმასწორო სივრცეები, სადაც წვიმის დროს გუბეები დგება.  სამწუხაროდ, აღნიშნული ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩება და მოედანიც ყოველწლიურად კარგავს სახეს.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენიმე თვის წინათ საზეიმოდ გახსნილი ნიკეას ქუჩა უკვე დაზიანებულია. 2-კილომეტრიანი გზა უკვე 10 ადგილზეა ამოჭრილი. როგორც სამუშაოთა მწარმოებელ კომპანია „საქმილდამშენში“ აცხადებენ, პასუხისმგებლობა კომპანია „ესემკას“ ეკისრება, რომლის მესვეურებმაც არ გაითვალისწინეს დეტალები და წყლის ქსელი გზის დაგებამდე არ მოაწესრიგეს.

„ჩვენ გავაფრთხილეთ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია „ესემკა“, დაესრულებინათ თავიანთი სამუშაოები და გვითხრეს, რომ ყველაფერი მწყობრში იყო, შემდეგ კი ჩვენი მოწყობილი გზა გადათხარეს. ეს კომპანია არაკომპეტენტურია, თუმცა ახლა ისინი არიან ვალდებულნი, თავიანთი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში ვუჩივლებთ“, _ განაცხადა კომპანია „საქმილდამშენის“ დირექტორმა კობა გაბუნიამ.

რთულია, არ დაეთანხმო ბატონ გაბუნიას, როცა ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია „ესემკას“ პროფესიონალიზმში შეაქვს ეჭვი. დროში გაწელილი სამუშაოები, ერთი და იგივე ქუჩის რამდენჯერმე გადათხრა _ ყველაფერი ეს მათი მუშაობის სტილია, რაც, ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი ხდება.

უშუალოდ „ესემკაში“ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და „საქმილდამშენისკენ“ იშვერენ ხელს, რომელმაც, თურმე, მათი განცხადებით, გზა ისე დააგო, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციის დასრულებას არ დაელოდა.

„ჩვენ ვუთხარით, რომ აქ სამუშაოები იქნებოდა ჩასატარებელი და თავად არ მოიცადეს, იჩქარეს გზის დაგება“, _ აცხადებს „ესემკას“ წარმომადგენელი გიორგი შავიძე.

არ ვკამათობთ, თუ რამდენად იჩქარა მეორე მხარემ ქუჩაზე ასფალტის საფრის დაგება, მაგრამ ერთი ნათელია, _ „ესემკას“ მუშაობის სტილიდან გამომდინარე, ნიკეას ქუჩა დღესაც გადათხრილი იქნებოდა. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, დაზიანებული გზის საფრის შეკეთების პასუხისმგებლობა მაინც თურქულ კომპანიას დაეკისრება, რომელმაც, როგორც ირკვევა, გზის საფრის რამდენიმე ადგილას ამოჭრა სასმელი მილის ურდულის დარეგულირების მიზნით განახორციელა, რადგან მოსახლეობას წყალი დაბალი წნევით მიეწოდებოდა და რომლის დასადგენად მას, რატომღაც, თვეები დასჭირდა.

„გათხარეს ორმო, დაყარეს ნარჩენები. ყოველ დილა-საღამოს ვხვეტავ, მაგრამ ჩემი შრომა არ ჩანს“, _ აცხადებს მედეა აივაზოვა, რომელსაც ნიკეას ქუჩის აღნიშნული მონაკვეთის დაგვა-დასუფთავება ევალება.

თავად ნიკეას ქუჩის მცხოვრებლები სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას დადებითად აფასებენ, მაგრამ ჯერ კიდევ 9 თვის წინათ დაგებული ასფალტის საფრის დაზიანება მათ გაურკვევლობას და უკმაყოფილებას იწვევს.

„გუშინ ორმოში „ბმვ“-ს მარკის ავტომანქნა ჩავარდა და ორივე მხარეს საბურავები დაუზიანდა“, _ აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ფირუზ ხოფავამ და დასძინა, რომ მსგავსი ფაქტები, ბოლო დღეებია, ხშირად ხდება.

ცნობისთვის: ნიკეას ქუჩა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინასებით 2016 წლის პირველ ნახევარში დაიწყო, ამავე წლის 21 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ქუჩის სრული რეაბილიტაცია ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

რამდენიმე ხნის წინათ ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლებსა და „ესემკას“ წარმომადგენლებს შორის, გაჭიანურებული სამუშაოების გამო, ხელჩართული ჩხუბიც კი გაიმართა, მაგრამ არც ამას გამოუღია შედეგი. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის 2 წელიწადია, მიმდინარეობს და როდის დასრულდება, რთული სათქმელია.

თურქული კომპანიის მისამართით ქუთაისში ხშირად გაიგონებთ საყვედურებს. დროში უსაზღვროდ გაწელილი სამუშაოების გარდა, მოსახლოება მათ პროფესიონალიზმსაც უწუნებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია დავით და კონსტანტინეს ქუჩა, სადაც ახალი მილების ჩაყრის შემდეგ მიწიდან წყლის ჟონვა დაიწყო, რაც, ბუნებრივია, გადათხრილი ქუჩის დატბორვის მიზეზი ხდება.

„წინ მიიწევენ თითქოს, მაგრამ რაც გააკეთეს, უკვე გაფუჭდა. გუშინ დაასრულეს სამუშაოები, ორმოები მიწით ამოავსეს, მაგრამ დღეს დილიდან წყალი ამოდის _ ტბა წარმოიქმნა“, _ აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. წყალმომარაგების კომპანიაში კი ყოველივეს ძველი მილების დაზიანებით ხსნიან, რომლებიც, მათი ვარაუდით, შესაძლოა, რეაბილიტაციის დროს დაზიანდა.

„ახალ ქსელში წყალი არ არის. ძველი მაგისტრალი იმდენად ამორტიზებულია, შესაძლებელია, თურქულ კომპანიას დაუზიანდა“, _ განმარტა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური სამსახურის უფროსმა, მალხაზ გულავამ, რომლის თქმითაც, ხარვეზს კომპანია „ესემკა“ დაუყოვნებლივ გამოასწორებს.

ცალკე განხილვის თემაა გელათისა და ყაზბეგის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლებთანაც თურქულ კომპანიას, ამჯერად, რაიმე კავშირი არ გააჩნია. ქუჩები ქალაქის ისტორიულ უბანშია.   ქუთაისლები და ტურისტები ერთს გელათსა და მოწამეთამდე, ხოლო მეორეს ბაგრატის ტაძართან მისასვლელად იყენებენ. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაგებული ქვაფენილი რეაბილიტაციის მიზნით აიყარა და იგი ხელახლა დაიგო. უკვე დავიწყებას მიეცა ის, რომ სამუშაოები დროში გაიწელა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, მაგრამ რთულია, ვერ შენიშნო, რომ დაახლოებით ერთი წლის წინათ დაგებული ქვაფენილიანი ქუჩა დღეს კვლავ დაზიანებულია. ზოგ ადგილას ჩავარდნილი და ზოგ ადგილას ამოვარდნილი ქვები ტალღოვან ეფექტს ქმნის, რაც ავტომანქანებით გადაადგილების დროს, მაინცდამაინც, კომფორტული არ არის და არც სატენდერო პირობებით უნდა ყოფილიყო მოთხოვნილი. დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისთვის კი, ბუნებრივია, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები იხარჯება და ეს მაშინ, როცა აღნიშნული ქუჩების მოწესრიგებისთვის სოლიდური თანხა გამოიყო.

დაზიანებული საფრის გამო გამსახურდიას ქუჩის ერთი მონაკვეთის მცხოვრებლებს ხელისუფლებამ მაღალმთიანი და მიუვალი სოფლის იმიტაცია შეუქმნა. ტალახი და გუბეები მოსახლეობას ნამდვილად არ მოსწონს და ამიტომაც პროტესტი აქციის სახით გამოხატა.

„კვების ობიექტი მაქვს. გზა ისეთ დღეშია, რომ აქამდე ვერავინ მოდის. კლიენტები დავკარგე. მერიაში ვრეკავ და არც არავინ მოდის. აქ არის ბანკი, კლინიკა. ეს ის ადგილია, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს. მსგავსი განუკითხაობა კარგა ხანია, არ მინახავს. ქირით მაქვს ობიექტი აღებული და ასეთ პირობებში რა მეშველება, არ ვიცი“, _ აცხადებს მცირე ბიზნესით დაკავებული ნათია ნიჟარაძე.

გაირკვა, რომ ამ ქუჩასაც კონტრაქტორმა კომპანია „ესემკამ“ დააჩინა კვალი. როგორც წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი მიხეილ თათარაძე  განმარტავს, აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის სისტემის გაყვანილობის სატესტო რეჟიმი მოქმედებს. მისივე თქმით, ამ დღეებში დაიწყება გადაერთების სამუშაოები, რომლის დროსაც ძველი ამორტიზებული ქსელი გაუქმდება და ექსპლუატაციაში ახალი ქსელი გაეშვება.

მოსახლეობის პროტესტს საფუძვლიანად მიიჩნევს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია, რომელსაც ქუთაისლებმა მთავარი მეგზევე შეარქვეს, რადგან ხარვეზების გამოსწორება მხოლოდ მისი გამოჩენის შემდეგ მართალია უხარისხოდ, მაგრამ მაინც ხდება. აქედან გამომდინარე, გოგი წულაია დღეს ქალაქში ისეთი მოთხოვნადია, როგორც არასოდეს და ისიც თანაქალაქელების დაძახებისთანავე ყველა დაზიანებულ ქუჩას აკითხავს და საპროტესტო აქციებსაც მართავს. აქციების გასამართი ადგილი კი ქუთაისში იმდენია, რომ წლის განმავლობაში 365 ლოკაციის შერჩევა ბატონ გოგის უპრობლემოდ შეუძლია.

„მითხრან, სად ისწავლეს, სად ნახეს, როცა რამე პრობლემაა, გათხარონ და ერთი კვირა არ გამოჩნდეს ერთი კაციც კი. ციცარივით რომ გაჰყვირიან, ევროპა ევროპაო, მანახონ ერთი ევროპული ქალაქი, სადაც ასე მიატოვებენ გათხრილ ორმოს და ამდენ დისკომფორტს შეუქმნიან ადამიანებს“, _ აცხადებს წულაია.

პროტესტის მიზეზი გახდა მჭედლიძის ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარი. გზამ აქ დეკემბერში წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ფორმა დაკარგა, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების  პრობლემას წარმოქმნის და ავტომანქანების დაზიანების მიზეზიც გახდა. პროტესტმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაამართლა, მაგრამ რამდენად დაეხმარება იგივე ფორმა მერიის წინ შეკრებილ თავისუფლების ქუჩის მე-4 შესახვევის მცხოვრებლებს, რთული სათქმელია. მათი თქმით, მოუწესრიგებელი ქუჩა ანტისანიტარიის კერაა და იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორია მსგავს პირობებში არსებობა, ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ სამშენებლო ნარჩენები დაყარეს.

„ორი წელია, ანტისანიტარიაში ვცხოვრობთ და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზაფხულობით. ბავშვებში იმატა ალერგიებმა, ხოლო მოხუცებში _ ჰაერის უკმარისობამ. ბაყაყების ყიყინი უკვე სოფლებშიც კი აღარ ისმის და ჩვენ რა დავაშავეთ?“ _ განაცხადა აქციის მონაწილე ციცი გოგრიძემ.

როგორც გაირკვა, თავისუფლების მე-4 შესახვევში გზა, ჯერ კიდევ, 2015 წელს, სასმელი წყლის მილის გამოცვლის მიზნით, გაჭრეს და მის შემდეგ არც არავის გახსენებია. მოსახლეობის პროტესტს ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ქათამაძეც შეუერთდა. მისი თქმით, ქუჩაში საფარი, ჯერ კიდევ, 2016 წელს უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვადები შეცვალა. „გზის მოწესრიგება არც 2017 წლის გეგმებში შედის. როგორც ჩანს, ქუთაისის მერიისთვის ხალხი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს“, _ განაცხადა ქათამაძემ.

„გადავჭერით გზა და, დაახლოებით, ორთვენახევარია, ეს სამუშაოები დასრულდა. თურქულ კომპანიასთან გვაქვს შეთანხმება და მიმდინარე წლის ბოლომდე აღმოვფხვრით ამ პრობლემას“, _ დაამშვიდა აქციის მონაწილეები ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა.

ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მოტივით დღეისთვის ქალაქის ქუჩების უმეტესობა გადათხრილია. სასმელი წყლის გრაფიკის გარეშე მიწოდების იმედით მოსახლეობა შექმნილ დისკომფორტს ითმენს, მაგრამ გაუსაძლისი სიცხეების დროს რთულია აიტანო მტვერი, რომელიც ქარის დროს, რაც ქუთაისში არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით შეიმჩნევა. მტვერიანობის თვალსაზრისით დღეისთვის ქალაქი ერთ-ერთი  მოწინავეა საქართველოში, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ცენტრალური ქუჩების დღეში რამდენჯერმე მორწყვა, მით უმეტეს, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ამ მიმართულებით რაიმეს ნაკლებად ცვლის.

მოკლედ, რთულია ქუთაისში იპოვოთ ადგილი, სადაც გზის საფარი არათუ სტანდარტების შესაბამისად არის დაგებული, არამედ ელემენტარულ ნორმებსაც კი აკმაყოფილებდეს. სამაგიეროდ, ძალიან გრძელია სია იმ ქუჩებისა, სადაც გადაადგილება უპრობლემოდაა შესაძლებელი.

ცხადია, ქალაქში გზების მოწესრიგებისთვის მილიონები იხარჯება, მაგრამ მოსახლეობის განცხადებით, მთავრი არა მარტო გამოყოფილი თანხების ათვისებაა, რაც, რატომღაც, კარგ მუშაობად ითვლება, არამედ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაა. ფაქტია, რომ, ჯერჯერობით, ვხედავთ, მხოლოდ ბიუჯეტში არსებული თანხებს ერთი და იგივე ქუჩების რეაბლიტაციისთვის მაქსიმალურად გამოყენებას და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. სწორედ ასეთ პირობებში აბსოლუტურად ლეგიტიმურია ქუთაისლების მიერ დასმული კითხვა, _ როდემდე?!

 

ხვიჩა ვაშაყმაძე