„ქოცების“ დამალული ქონებები
ქართული ნათქვამია, მშიერს ყველა მშიერი ეგონა და მაძღარს _ მაძღარიო. სწორედ ასეა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმე, ანუ მმართველი გუნდის წევრებს, რომელთაც ხელფასებიც აქვთ და ბიზნესებიც, იმის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და ვერც იმას უშვებენ, რომ ბავშვები შიმშილობენ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს უხუცეს წევრსა და „ოცნების“ სახეს, რევაზ არველაძეს, ჰგონია, რომ ბავშვების შიმშილობა, მინიმუმ, ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.
„საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს“, _ განუცხადა რამდენიმე დღის წინ ბატონმა არველაძემ მედიას და ეს მაშინ, როცა იგივე კვირიკაშვილის პრემიერობიდან გაშვების ერთ-ერთი მიზეზი უცხოური ორგანიზაციის კვლევა გახდა, სადაც ბავშვთა შიმშილობაზე იყო საუბარი და რომელიც, როგორც ივანიშვილმა გვამცნო, კვირიკაშვილმა და მისმა გუნდმა დაუმალეს.
რატომ ჰგონიათ „ქოცებს“, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველები და შიმშილის პირას მყოფი ადამიანები არ არსებობენ? _ ეს სხვა საუბრს თემაა, თუმცა იგივე რევაზ არველაძის ზემოხსენებული სიტყვები „ქრონიკა+“-ისთვის იმის ინსპირაცია გახდა, რომ მმართველი გუნდის წევრთა ქონებრივი დეკლარაციებისთვის გადაევლო თვალი.
ზოგადად, „ქოცების“ ქონებების აღწერას ჩვენი მრავალგვერდიანი გამოცემის ერთი კი არა, რამდენიმე ნომერი არ ეყოფა. ამიტომ, ამჯერად, რამდენიმე ყველაზე ოდიოზური ოცნებელის ქონებით შემოვიფარგლებით, თუმცა ვიდრე იგივე რევაზ არველაძის, ნინო წილოსანისა და თბილისის მერის ავლა-დიდებისთვის „შეგავლებინებთ თვალს~, ერთ საგულისხმო ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროზე დაყრდნობითაა მომზადებული.
მოკლედ, აღნიშნულმა ბიურომ, რომელიც, სხვათა შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაა, ამას წინათ, 596 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ „ქოცები“ ქონებას მალავენ, ანუ 596 მაღალჩინოსნიდან 254 დაჯარიმდა.
დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და 31 დეპუტატი. დაჯარიმების საბაბი კი ის გახდა, რომ ამ პერსონებმა საკუთარი შემოსავლები და უძრავ-მოძრავი ქონება დეკლარაციაში არ მიუთითეს. ასე, მაგალითად, ქონების დამალვას შეეცადა „ოცნების“ „ამომავალი ვარსკვლავი“, დეპუტატი ბექა ოდიშარია. კერძოდ, მან არ ასახა არც საკუთარი და არც ოჯახის წევრების შემოსავლები და უძრავი ქონება.
სხვათა შორის, მედიამ „ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ რატომ მალავენ ქონებას, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ამ კითხვამ ივანიშვილის თანაგუნდელები „წყობილებიდან გამოიყვანა“. ზოგმა კი თავის გამართლება „ტექნიკური შეცდომით“ სცადა.
ახლა, რაც შეეხება დაპირებულ ქონებრივ დეკლარაციებს:
დავიწყოთ რევაზ არველაძით, რომელსაც არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ.
ისე, გასაკვირიც არაა, რომ მილიონერი არველაძე მოშიმშილე ბავშვებს ვერ ხედავს. შეიძლება, დეპუტატმა თქვას, მილიონი ერთად თვალით არასოდეს მინახავსო, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი რამდენიმე სახლი და ძვირადღირებული ავტომობილი, საერთო ჯამში, მილიონ ლარს აღემატება.
ქონებრივი დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, გასულ, ანუ 2019 წელს, არველაძემ, როგორც დეპუტატმა, ხელფასის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 344 ლარი მიიღო. შეიძლება, ზოგმა თქვას, ხელფასი რა კომპრომატიაო. კი ბატონო, ჯამაგირი კომპრომატი ნამდვილად არაა, მაგრამ, მინიმუმ, უხერხულია, როცა ადამიანი მშიერი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან ათასებს იღებს და ამ დროს გაიძახის, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენო!
ასევე, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბატონი არველაძე თბილისში, შვილთან ერთად, 270 000 აშშ დოლარის ღირებულების სახლს და 5 000 აშშ დოლარის ღირებულების არასაყოფაცხოვრებო ფართს ფლობს. ეს ფართი მამა-შვილმა 2016 წელს შეიძინა. არველაძის ცოლის, მარინა ხომერიკის საკუთარებაში ასევე თბილისში მდებარე ორი ბინაა, საიდანაც ერთის ღირებულება 38 000 დოლარია, მეორისა კი – 11 900.
ამას გარდა, დეპუტატის ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთებს ახმეტასა და გარდაბანში, ასევე საცხოვრებელ სახლს ახმეტაში, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, არველაძეს მემკვიდრეობით და მიწების განაწილებით ერგო.
სხვათა შორის, 2015 წელს მხცოვანმა დეპუტატმა 2014 წელს გამოშვებული Toyota Prado შეიძინა, რომელშიც 54 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
ცხადია, ამ ძვირადღირებული მანქანიდან მოშიმშილე ბავშვები არ გამოჩნდებიან!
არველაძის დეკლარაციაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია ასახული, კერძოდ, ირკვევა, რომ 2019 წელს დეპუტატმა „რიკოს“ 127 000 აშშ დოლარის ღირებულების თამასუქი შეიძინა, საიდანაც, 2019 წელსვე, 5 920 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
მას შემდეგ, რაც არველაძემ ზემოხსენებული ძვირადღირებული ავტო იყიდა, „ Mercedes ML320“ აღარ „დაევასა“ და, პრაქტიკულად, „კაპიკებად“, ანუ 2 500 აშშ დოლარად გაყიდა.
იმავე წელს 25 000 აშშ დოლარი შვილს აჩუქა.
ისე, ავტოების ყიდვა-გაყიდვისკენ მიდრეკილება მხოლოდ დეპუტატ არველაძეს კი არა, თბილისის მერსაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კახა კალაძემ და მისმა თანამეცხედრე ანუკი არეშიძემ ხუთი მანქანა გაყიდეს, ერთი კი შეიძინეს.
კერძოდ: კალაძემ „ FIAT 500 ABARTH “ 20 000 აშშ დოლარად გაყიდა, „ TOYOTA LAND CRUISER 200 “ _ 58 000 დოლარად, „ MINI CLUBMAN JOHN COOPER WORK “ კი _ 30 ათასად.
რაც შეეხება მერის მეუღლეს, ანუკი არეშიძემ „ TOYOTA LAND CRUISER 200 “ 121 445,43 ლარად გაყიდა, „ RANGE ROVER SPORT SVR “ კი _ 100 000 ევროდ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს კახა კალაძემ ერთი ძვირადღირებული ხელშეკრულება გააფორმა, კერძოდ, შპს „კოლხეთის“ 100%-იანი წილი გაასხვისა.
ამ გარიგების ფასი 10 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა თანხა კალაძეს 2019 წელს არ მიუღია.
დეკლარაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2024 წლის 3 დეკემბრამდეა, ანუ ხელშეკრულებით მყიდველმა, შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთმა“, კახა კალაძეს 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტი 5 წლის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.
ცნობისთვის: „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ დირექტორი თენგიზ წულაიაა. შპს „კოლხეთის“ საკუთრებაში 19 767 კვ/მ ტერიტორიაა ქობულეთის პლაჟთან, აღმაშენებლის ქუჩაზე.
რეესტრის თანახმადვე, შეიცვალა შპს „კოლხეთის“ სახელწოდება და ის ამჯერად შპს „ქობულეთი რიზორთია“.
შპს „ქობულეთი რიზორთ დიველოფმენთის“ წილებს შპს „ქობულეთი კაპიტალი“ და შპს „ეიაიჯი კაპიტალი“ ფლობენ.
სხვათა შორის, გასულ წელს, კალაძემ, როგორც ირკვევა, უკრაინაში მდებარე მიწის ნაკვეთი 500 ათას დოლარად გაყიდა, ბაკურიანში მდებარე ორი ნაკვეთის გაყიდვით კი ასევე ნახევარი მილიონი დოლარით იხეირა.
ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს კალაძემ „საოჯახო და პირადი ხარჯებისთვის“ 368 027 ლარი, 455 480 ევრო და 36 336 დოლარი გაისროლა „ჰაერში“. 50 ათასი ლარი „ოცნებას“ შესწირა, 270 000 ლარი კი ქველმოქმედებაზე დახარჯა.
ვერ გეტყვით, რომ ეს ქალბატონი ქართული პოლიტიკის ისტორიაში რამე მნიშვნელოვანი საქმით შევა, სამაგიეროდ, მას უკვე აქვს თიკუნი _ „მამას გოგო“. ეს „კლიჩკა“ კი ნინო წილოსანმა მას შემდეგ აირტყა, რაც ცნობილი გახდა, რომ მამიკომ 150 ათასი აჩუქა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მამიკო დეპუატ შვილიკოს ათასებს ჩუქნის. ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციები ნათელყოფს, რომ ბოლო სამ წელიწადში მშობელმა მას 300 ათასი ლარი აჩუქა.
სხვათა შორის, დეპუტატის ქონება, საერთო ჯამში, ორ მილიონადაა შეფასებული. უფრო კონკრეტულად, წილოსანი, რომელიც „ბრძნული“ გამონათქვამებით გამოირჩევა, თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, 124.7 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს, რომელიც 2016 წელს 310 ათას ლარად შეიძინა; ასევე ფლობს თამარაშვილის ქუჩაზე 224,7 კვ.მ ბინას, რომელშიც 2009 წელს 250 ათას ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დეპუტატის საკუთრებაშია 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართიც, რომლის ღირებულებაც 60 ათასი ლარია, თუმცა ამ ფართიდან წილოსანის საკუთრება მხოლოდ 33%-ია.
წილოსანს სხვა არასაცხოვრებელი ფართებიც აქვს. კერძოდ: 82,90 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ღირებულება _ 80 ათასი ლარი; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2009 წელს 10 ათას ლარად შეიძინა; 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, რომელშიც 2009 წელს 40 ათასი ლარი გადაიხადა.
ცნობისთვის: ქალბატონმა ნინომ ორი წლის წინ, ე. ი., 2018-ში „ Toyota 200“ შეიძინა, რომელშიც 50 ათასი ლარი გადაიხადა.
დეკლარაციის თანახმადვე, ნინო წილოსანი 5 კომპანიის _ შპს „მკურნალი 2002“-ის; შპს „ენ-დუო-კონცეპტ“-ის; შპს „რეტრო 77“-ის; „ S.R.O Almitrans “-ის (ჩეხეთი) და U.S „TRADING“ -ის (აშშ) პარტნიორია.
2019 წელს წილოსანმა, ხელფასის სახით, 57 ათას 792 ლარი მიიღო.
დეპუტატი ქალბატონი, როგორც ირკვევა, მხოლოდ შვილების კი არა (სამი შვილი ჰყავს), საკუთარ განათლებაზეც ზრუნავს. ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გასულ წელს შვილების განათლებაში 56 075 ლარი დააბანდა, საკუთარი IQ-ს ამაღლება კი, სულ რაღაც, 1690 ლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე და მამა ბადრი წილოსანი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელები არიან. მათ წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაიწყო გამოძიება.
ამ საქმის პრეისტორია კი, დაახლოებით, ასეთია:
2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა). პროკურატურა ზემოხსენებულ კომპანიას 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ანუ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა და ისინი გირაოთი გაათავისუფლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, სადაც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შესაკეთებლად, ხელოვნურად გაზრდილი თანხა, 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო“, _ იუწყებოდა მაშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.
ამის შემდეგ წილოსანები „ოცნების“ მეხოტბეები ხდებიან. ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბადრი წილოსანის ქალიშვილი, ნინო წილოსანი, მმართველი პარტიის სახელით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გვევლინება და, ცხადია, არჩევნებს იგებს კიდეც.
სხვათა შორის, ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, ნინო წილოსანს პოლიტიკისკენ მიდრეკილება ყასიდადაც არ ჰქონია, რაც მისი ოფიციალური ბიოგრაფიიდანაც ჩანს: ქალბატონი წილოსანი 1982 წლის 19 თებერვალს დაიბადა; 1998-2002 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. 2007 წელს, მომავალმა დეპუტატმა, აუდიტის სასწავლო კურსი გაიარა.
2003-2007 წლებში ნინო წილოსანი ს/ს „ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში“ საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა; 2008-2011 წლებში კი ამავე ქარხნის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი გახლდათ; 2011 წლიდან დღემდე შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; 2014 წელს დააფუძნა „ფონდი წილოსანი“ და დღემდე მისი პრეზიდენტია; არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; სწავლობს სტენფორდის დისტანციურ კურსებზე (გადაწყვეტილების მიღებისა და რისკების მენეჯმენტი).
სხვათა შორის, ნინო წილოსანი იმ დეპუტატთაგანია, რომელიც, თავის დროზე, არჩევნების პროპორციულ სისტემას აქებდა და ადიდებდა. მას შემდეგ კი, რაც „ოცნებამ“ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, „პლასტინკა“ წილოსანმაც ამოატრიალა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ხალხს სიკეთეს პროპორციული კი არა, მაჟორიტარული სისტემა მოუტანს.
წილოსანის ასეთი „სახეცვლილება“ ოპოზიციამ იმით ახსნა, რომ ის იქ დაიბარეს, სადაც ჯერ არს და დაემუქრნენ, რომ თუ პროპორციულს მხარს დაუჭერდა, მამამისისა და ქმრის წინააღმდეგ „მიძინებული“ საქმე გაცოცხლდებოდა. მაშინ ისიც ითქვა, რომ წილოსანს უშუალოდ თითქოს თბილისის მერი, კახა კალაძე „ეკაჩავა“.
ჩვენში დარჩეს და, ნინო წილოსანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2017 წლის იმ ანგარიშშიც არის მოხსენიებული, რომელიც პარლამენტის წევრთა ბიზნესთან კავშირებს, მათ შეუთავსებელ საქმიანობასა და არადეკლარირებულ ქონებას ეხება. კერძოდ, ამ ანგარიშში ვკითხულობთ:
„საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში. უმრავლესობის 14 წევრს _ ლევან ბეჟანიძეს, ბიძინა გეგიძეს (გეგიძე ამჟამად უმრავლესობის წევრი აღარაა), ლევან კობიაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, კობა ნარჩემაშვილს (უმრავლესობა ნარჩემაშვილმაც დატოვა), გია ჟორჟოლიანს (აღარც ჟორჟოლიანია უმრავლესობის წევრი), შოთა ხაბარელს, დიმიტრი ხუნდაძეს, ედიშერ თოლორაიას, დიმიტრი სამხარაძეს, გედევან ფოფხაძეს, ერეკლე ტრიპოლსკის, მარიამ ჯაშს, სოფიო კილაძეს არადეკლარირებული ბიზნეს-აქტივები აქვთ.
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია _ 31 კომპანია, ნინო წილოსანი _ 13 კომპანია და კახაბერ ოქრიაშვილი _ 13 კომპანია.
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. პარლამენტის რამდენიმე წევრი რეგისტრირებულია დირექტორად _ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, იოსებ მაკრახიძე, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში (აწ უკვე ყოფილი „ქოცი“), დიმიტრი ხუნდაძე.
დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი არის 25 შემთხვევაში; არადეკლარირებულია 7 შემთხვევა…
უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში. დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ კი _ 4 შემთხვევაში (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: რევაზ არველაძე, დიმიტრი მხეიძე, ნინო წილოსანი და რატი იონათამიშვილი.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული:
კახაბერ ოქრიაშვილი _ შპს „პსპ ფარმა“, „პსპ დაზღვევა“. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 16,584,494.85 ლარი; იოსებ მაკრახიძე _ შპს „იბოლია“. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2,250,440.00 ლარი.
…პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და ქონების, ასევე მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს, ასევე პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას.
კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს _ დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცველ ორგანოს გადაუგზავნოს. სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი“.
მოგეხსენებათ, საქართველოში კანონები მხოლოდ ღარიბებისთვის არსებობს. შესაბამისად, კანონის დარღვევისთვის, ანუ იმისთვის, რომ კონკრეტული დეპუტატები სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ და ახორციელებენ, არც ერთი მათგანი არ დასჯილა, ანუ სადეპუტატო უფებამოსილება არ შეწყვეტილა.
ერთი სიტყვით, „ქოცებს“ ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა _ ქალამნად. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ეს „ფულოსანები“ ქვეყანაში არსებულ სიდუხჭირესა და უკიდურეს გაჭირვებას ვერ ხედავდნენ!
გიორგი აბაშიძე