ქვეყანა ისევ ახალ ბატონს ეძებს ანუ კეთილი რჩევა ბიძინა ივანიშვილს
საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“: „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“… დიდი არაფერი, ხო? პრინციპში, ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი, ახლაც მანდ დევს… სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის, რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები, რამაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ.
თუ ამჟამინდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა _ „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“… რა რატომ?
განვმეორდები: ფაქტია _ ქართველებს ბატონის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ჯერ კიდევ კანტი ამბობდა: „ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც სჭირდება ბატონი“. ეს ფილოსოფიური კანონი იმდენად მოგვწონს ქართველებს, რომ ბატონის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. საბჭოთა პერიოდმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ამ შტამპის შესისხლხორცებაში. ლენინი, სტალინი, მერე ისევ _ მკვდარი ლენინი და მუდამ ჩვენს გულებში მცხოვრები „კობა“. როდესაც ქართველებმა გააცნობიერეს, რომ მხოლოდ მკვდრები ვერ უშველიდნენ, იმის მიუხედავად, რომ ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: „არ მომკვდარა, ცოცხალია“, პატარა ბელად-ბატონების ძებნა დაიწყეს _ ვასილ პავლოვიჩი, ედუარდ ამბროსოვიჩი, ჯუმბერ ილიჩი. ცოტა ხნით გუმბარიძე… დამოუკიდებლობის ჟამს _ გამსახურდია, მერე ისევ ედუარდი, „გიჟი მიშა“ და ახლა „მესია ბიძინა“. ის, რომ შიგადაშიგ მავანი და მავანი წვრილ-წვრილ ბელად-პატრონებს ეძებდა და ეთაყვანებოდა, ეს სულაც არ აკნინებს დიდი ბელადებისთვის „იმედის“ თვალით ცქერის ნეტარებას“.
***
როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მობრუნდა, ყველაზე სკეპტიკურად განწყობილებსაც კი გაუჩნდათ განცდა, რომ სტაგნაციაში მყოფი ქვეყანა გამოღვიძებას დაიწყებდა. რას ვგულისხმობ? რომ დაიწყებოდა რაიმე სახის რეფორმები, გაჩნდებოდა იმედი და ადამიანების პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-ეკონომიკური დღის წესრიგი პოზიტივისკენ შეიცვლებოდა.
მაგრამ… მაგრამ… მოდით, „ოცნების“ ყველაზე თავგადაკლულ მომხრეებს ან, გნებავთ, ობიექტურ მსაჯულებს ჰკითხეთ, დაგისახელონ „ოცნების“ მიერ გატარებული ხუთი რეფორმა. უცებ ჩამოარაკრაკონ… ან თუნდაც თქვენ, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობთ, უცებ მითხარით… რა პრობლემაა ხუთი რეფორმის ჩამოთვლა? _ ე, ბიჭო, უჯიკეთ ვინმემ ან უკარნახეთ… ა, ჰო, თუმცა მეც ვერ ვიხსენებ და თქვენგან რას ვითხოვ? ხუთს ნაღდად ვერ ვიხსენებ ვერანაირად, ერთს კი _ იმასაც არასრულფასოვანს _ ჯანდაცვას ვგულისხმობ.
როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მობრუნდა, კიდევ ერთი მასალა დავწერე მის მეორე ას დღეზე (პირველი პრემიერობისას ჰქონდა და არც ის ასი დღე გამიტარებია უყურადღებოდ), იმ სურვილებსა და ამოცანებზე, რომელიც პარტიის ლიდერის წინაშე იდგა.
ისე, ძალიან მეცინება, როცა „ოცნების“ შესახებ დავფიქრდები. მგონი, ეს სენი, რაზედაც ვიცინი, ზოგადპარტიული და ზოგადსახელისუფლებოა. აი, მაგალითად, არც „ნაცებს“ მოსწოდათ არათუ კრიტიკა და შენიშვნები, პოზიტიური იდეაც კი, რომელიც შესაძლოა, სხვას გასჩენოდა. უბრალოდ, ისინი, მეტ-ნაკლებად, ჭკვიანები იყვნენ, ანუ იმ სხვას იდეის ავტორს ან საკუთარ გუნდში ეძახდნენ, ან იდეის განხორციელების უფლებას იღებდნენ ისე, რომ ავტორს კრინტი არ უნდა დაეძრა ან გარკვეული დროის შემდეგ ამ იდეას უფრო კოხტად შეფუთავდნენ და ისე წარადგენდნენ, რომ ვერავის ექნებოდა პრეტენზია საავტორო უფლებებზე.
ესენი კი, როგორც ბებიაჩემმა იცოდა თქმა, ებრაელებისგან დაწყევლილებს ჰგვანან: არც თავად იციან და არც სხვისი გაეგონებათ.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა ის ასი დღეც გაფლანდა და შემდგომი დღეებიც მიაყოლა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოთხოვილი ერთი წლის უმეტესი დროც გაილია. და ახლა საზოგადოებაში მოსალოდნელ რეფორმებზე არავინ ფიქრობს.
***
არაერთხელ გამიკრიტიკებია სახელისუფლებო პიარი. მქონდა ამის საფუძველი და სულ რამდენიმე ხნის წინ ისევ გავიმეორე ჩემი მოსაზრება ერთ თანამდებობის პირთან არაფორმალური შეხვედრის დროს. დამეთანხმა _ სუსტი წერტილია ნამდვილადო და უცებ „მაგრამ“ წარმოსთქვა და იმდენად უსუსური არგუმენტები მოიყვანა პიარმამების დასაცავად, რომ უხერხულად ვიგრძენი თავი. იმიტომ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ გახლავთ იდიოტი და ბრიყვი. მერე უცებ ასეთი რამ ვუთხარი: თქვენ იმას ხომ არ ფიქრობთ, ვინც ამ უგერგილო, უხეირო და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ პიარზე და პერსონების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს, ვინმეს თანამდებობას უმიზნებდეს? პირადად მე ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფო ზიანდება, თორემ „ოცნების“ პოლიტიკურ მომავალზე ვერ ვიდარდებ-მეთქი. გაუკვირდა, ალბათ, შინაგანად მართლა ფიქრობდა: „კრიტიკოსებს“ თანამდებობები უნდათო“.
იცით, რატომ გავიხსენე ეს ამბავი? მხოლოდ იმიტომ, რომ ამ იდიოტ პიარმამებს ვუთხრა, _ მართლა თქვენი სკამი კი არ უნდა ვინმეს ან თქვენს პიროვნულ ან პარტიულ ბედზე კი არ ვზრუნავთ, როდესაც ქვეყანას აზიანებთ თქვენი უვიცობით და დეგენერატობით, რა თქმა უნდა, პროტესტი გვიჩნდება. ან როდესაც რჩევას ვიძლევით, იმაზე კი არ ვფიქრობთ, როგორ გამოვძვრეთ ვითარებიდან და თქვენს შვილებს როგორ მიართვათ ორჯერ მეტი ნაზუქი, არამედ იმაზე, რომ ეს ქვეყანა უფსკრულში არ გადაჩეხოთ.
აი, 2017 წლის 22 ივნისის წერილში ასეთი რამ მიწერია პიარზე: არასოდეს მომწონდა „ოცნების“ _ ბიძინა ივანიშვილის პიარი (არ გავმიჯნავ, რადგანაც, როდესაც ვამბობთ „ოცნებას“, ვგულისხმობთ ბიძინას და როდესაც ვამბობთ ბიძინას, ვგულისხმობთ „ოცნებას“.) თუმცა ეს თავად ივანიშვილის გემოვნების საკითხია, თუ იმაზე თვალს დავხუჭავთ, რომ ნებისმიერი არაპროფესიონალიზმი ქვეყანას ვნებს და სახელმწიფოს აზიანებს.
ახლა ის ვითარებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ვერ უნდა ენდოს საკუთარ გემოვნებას. იცით, როგორაა საქმე? აი, კულინარიულად რომ ავხსნა, რადგან გემოვნებაზე ვსაუბრობ: სახლში მუსლიმი ან ებრაელი სტუმარი რომ დაპატიჟო და სუფრის ცენტში ღორის თავი დადო. მერე რომ მიხვდები, მიქარე, ეს თავი გაატანინო, მაგრამ ყველა კერძში ღორის ხორცი იყოს გარეული. ანუ წესს, ადათსა და ტრადიციას რომ შეურაცხყოფ სტუმრისას და მაინც დაჟინებით მოითხოვ, სუფრა არავინ დატოვოს. ახლა ისიც გავიაზროთ, რომ სუფრაზე _ მენიუზე პასუხისმგებელი პირი იქვე, ამ შეურაცხყოფილი ადამიანების თანდასწრებით შეაქე _ ხომ ადვილი განსასაზღვრია ამ წვეულების შედეგი, დამოკიდებულება და პროცესების შემდგომი განვითარება? რაოდენ გულწრფელიც არ უნდა ყოფილიყო იმ წვეულების მთავარი მასპინძელი საკუთარ ზრახვებში სტუმრებისადმი და მათ მიმართ პატივისცემაში, ხვდებით, რა უჩალიჩეს მენიუს შემდგენელმა თუ მზარეულებმა? ასეა, რაოდენ გულწრფელიც არ უნდა იყოს ბატონი ივანიშვილი საქართველოს სამომავალო გაბრწყინების საქმეში, ფაქტია, რომ ეს საქმე მეტწილად იდიოტებსა და დეგენერატებს მიანდო. განსაკუთრებით პიარის ნაწილში. მართალია, არც სხვაგან ბრწყინავენ, მაგრამ აქ სრული მარაზმი ხდება.
***
ისევე ამონარიდი, კანტს მოვიშველიებ: „უზენაესი ბელადი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი და მიუხედავად ამისა, უნდა იყოს ადამიანი. ეს ამოცანა ურთულესი ამოცანაა შესასრულებლად. არ არსებობს მასზე უფრო რთული ამოცანა…“
ივანიშვილისა და სახელმწიფოსთვის სამწუხაროდ, სამართლიანობის ლოზუნგით სახელმწიფოს სათავეში მოსული „ოცნება“ ისეთივე უსამართლო აღმოჩნდა, როგორიც მისი წინამორბედები და უარესიც _ მან წინა ხელისუფლებების ყველა უგვანობა გააუმჯობესა. ის, რომ „მაშინ, იმ 9 წელს“ რაღაც ცუდად იყო, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ახლა არსებობს ცუდად მოქცევის, მართვისა და საქმიანობის ლეგიტიმაცია. უბრალოდ, ის, რაც ახლა ხდება ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების სამართალია, რომელიც მუდამ „მართალია“ და საბოლოოდ თავისი სამართალი კლავს.
***
და მაინც, ერთხელაც გავრისკავ და ვიტყვი, რა შეიძლება ახლა იყოს გამოსავალი: გავიაზროთ, რომ პუტინის „ჩახუტება“ იუდას ამბორს ჰგავს, ასევე შევთანხმდეთ, ეს ქვეყანა _ სახელმწიფო, არჩევნებამდე უნდა მივიდეს და ამ გზაზე მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანი უნდა ვნახოთ. თუმცა ცხადია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად დემორალიზებულია და ეს მდგომარეობა, ცალკეული სპიკერების რიხის მიუხედავად, უკვე მოცემულობაა. ისიც ცხადია, რომ 2020 წლამდე ქვეყანაში თუნდაც მინიმალური რაღაცები უნდა გაკეთდეს, თუნდაც პური გაიყიდოს მაღაზიებში და ამ პურის ყიდვა ყველაზე უმწეო ადამიანებმაც უნდა შეძლონ. ეს პროცესი ავტოპილოტით ვერ განხორციელდება, ამიტომ პარლამეტში საკონსტიტუციო, საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად აუცილებელია სხვა ფუნდამენტური პროცესებიც. კერძოდ:
პირველი _ მთავრობის სრული შემადგენლობით დათხოვნა და აქ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორი მინისტრი იყო. ეს პოლიტიკური ტვირთი და ნაბიჯია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას. ახლა ვიღაც მეტყვის: კადრები? რამდენიც გნებავთ, იმდენი პროფესიონალია ამ ქვეყანაში და ეს არ გახლავთ პრობლემა. ვსაუბრობ პროფესიონალზე, რომლისთვისაც სახელმწიფოს ინტერესებია უმთავრესი და დაბეჯითებით ვიცი, რომ ისინი ამ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ნამდვილად არ დააზიანებენ;
მეორე _ ახალ მინისტრთა კაბინეტს, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრს მიეცეს მოქმედების სრული კარტბლანში, რაც გულისხმობს მყისიერი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რათა ქართული ეკონომიკა არ ჩამოიშალოს და ღატაკი და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს;
ეს გადაწყვეტილება შესაძლებელს გახდიდა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესები, მეტ-ნაკლებად, სტაბილურ ფაზაში გადასულიყო და არჩევნებმადე მთავარი ძალისხმევა მიმართულიყო გარე საფრთხეების მინიმალიზებისა და ეკონომიკური მდგრადობისკენ. აქაც პირველ პუნქტს შევავსებ _ ცვლილების პირობებში მთავრობა უნდა გადადგეს სრული შემადგენლობით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რომელიმე მოქმედი მინისტრის პრემიერად წარდგენა. ახლა ვიღაც შემომედავება _ „ეს“ მინისტრი კარგია და რატომ წავიდეს? ან საერთოდ მთავრობა რატომ უნდა გადადგეს? იმის გამო, რომ ქუჩაში რამდენიმე ახალგაზრდა ცეკვავს, მღერის და გახარიას გადადგომას მოითხოვს?
ისე, ამ „სიმღერასა და ცეკვა-თამაშზე“ მაჩაბელი გამახსენდა… რომელი? როგორ მიგახვედროთ? აი, ლადოს „საღაღობო“ გახსოვთ? ჰო, აი, ეს:
„…დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!..“
ამიტომ ეგ სიმღერა რიტმში ნუ აგაყოლებთ ფეხს, სხვა დატვირთვა აქვს მაგას, სხვა პოლიტიკური მდგენელი, რომელსაც, რატომღაც, „ოცნებაში“ ვერ იგებენ. ეს ის სიმღერაა სწორედ _ ფიცხელ ომში რომ მღეროდა… და გარეთ ღირებულებათა ომია მერწმუნეთ… ომი, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ერთი გამარჯვებული ეყოლება _ ქართველი ხალხი და ცუდი, ძალიან ცუდი იქნება თუ ქართველი ხალხის ნაწილი ამ ომის შედეგად უნდა დამარცხდეს. ნუთუ, ერთად ვერ უნდა შევძლოთ ერთხელ მაინც გამარჯვება და თან ისე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ვინ ხელისუფლებაშია და ვინ _ ოპოზიციაში.
***
დიახ, „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“, იცით, როგორ მინდა, რომ ეს ბატონი არ იყოს არც დიდი პოლიტიკოსი, არც დიდი ფულის პატრონი, არც გამორჩეულად ჭკვიანი ან პირწავარდნილი თაღლითი და შარლატანი. იცით, როგორ მინდა, რომ ერთხელ მაინც მოიძებნოს ღირსეული ბატონი _ გამოცდილი, თავდადებული, მადლიერი, გონიერი და მამაცი. ვიღაც იტყვის, _ შეხედე, ახალ დიმიტრი გელოვანს ეძებსო. არა, შეცდით _ ზუსტად ვიცი, ვისაც ვეძებ ამ ქვეყნის ბატონად _ მის უდიდებულესობა საქართველოს მოქალაქეებს! მოქალაქეებს, რომლებიც მიშას და ბიძინას დამარცხებისთვის კი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ იმავე მიშასთან და ბიძინასთან ერთად გამარჯვებისთვის! გამარჯვებული საქართველოსთვის გასწირავენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ…
მოკლედ, ასე, „ქვეყანა კვლავ ახალ ბატონს ეძებს“ და ახლა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ეს „ბატონი“ უამრავი გარე და შიდა საფრთხის, გამოწვევის, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით პუტინი არ აღმოჩნდეს.
ისევ შემოტენა პუტინიო, იტყვის ვიღაც, მაგრამ ასეა და რა ვქნა!..
გოჩა მირცხულავა