ქართველი პოეტების იტალიური ვოიაჟი…
ოთხი ქართველი პოეტის ლექსები იტალიურად ითარგმნა და წიგნად გამოიცა. ნიშანდობლივია, რომ ოთხივე მათგანი აჭარის რეგიონის მკვიდრია. რამდენიმე ხნის წინ ქართველი პოეტები და პროექტის ხელმძღვანელი თეა ჭანტურიშვილი იტალიაში, კერძოდ კალაბრიაში იმყოფებოდნენ. კალაბრია აპენინის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სწორედ იქ ჩექმის ფორმის აპენინის ნახევარკუნძულის წვერში. კალაბრიის დედაქალაქია კატანძარო. ქართველმა პოეტებმა წიგნის ყოველწლიურ ნაციონალურ ფესტივალ „Xenia Book Fair“-ში მიიღეს მონაწილეობა.
„ქრონიკა+“ პროექტის ხელმძღვანელ თეა ჭანტურიშვილს ესაუბრა:
_ ქალბატონო თეა, საიდან დაიწყო აჭარისა და კალაბრიის ურთიერთობა, რომელმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა?
_ ერთი სიტყვით, პროექტი დაიწყო ასე: 2 წლის წინ, როდესაც კულტურის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, დამიკავშირდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი, თანამოაზრე, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი მილანში, ქალბატონი ნუნუ გელაძე, რომელიც გახლავთ თარჯიმანი (ქართულიდან იტალიურად, იტალიურიდან ქართულად) და მითხრა, რომ კალაბრიელ გამომცემელებს აჭრაში ვიზიტის დაინტერესება აქვთ და ხომ არ დამეხმარებიო?
_ საინტერესო შემოთავაზებაა…
_ დიახ, თუმცა კარგად დავფიქრდი. რა თქმა უნდა, იცით, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი საკმაოდ დიდი აქვს, მაგრამ ეს ბიუჯეტი მიზნობრივად არის გაწერილი. მსგავსი ვიზიტები ძალიან რთული დასაგეგმია. იმ პერიოდში ვახტანგ ბერიძეს შემოტანილი ჰქონდა პროექტი, ფესტივალი „ზე-კართან“. მას ვთხოვეთ, რომ საერთაშორისო ელემენტი შეეტანა ამ ფესტივალში და დაეწყო უცხოელი მწერლებისა და პოეტების მოწვევა.
ამ პროექტმა ძალიან კარგად ჩაიარა, ისინი მაღალმთიან აჭარაში იყვნენ ერთი კვირა. ჩამობრძანდა კალაბრიელი ლეონიდე ედიციონის გამომცემელი დომენიკო პოლიტო, რომელსაც ახლდა მხატვარი ალექსანდრო ალეგრი. ალეგრიმ შექმნა აჭარელი მოხუცების პორტრეტების სერია, რამდენიმე მათგანი ჩვენც დაგვიტოვა.
ქალბატონ ნუნუსა და დომენიკოს ჩამოსვლისთანავე ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ გამოცემულიყო ჩვენი და კალაბრიელი პოეტების ერთობლივი წიგნი. დავიწყეთ ამ წიგნზე მუშაობა. პანდემიის გამო სერიოზული ბიუროკრატიული შეფერხებები იყო, რამაც ხელი შეუშალა წიგნის მალე გამოსვლას, მაგრამ წიგნი გამოიცა. ჩვენ ჩასულები ვიყავით კალაბრიაში ამ წიგნის პრეზენტაციაზე.
_ პოეტები როგორ შეარჩიეთ?
_ ამ ორი წლის მანძილზე ქალბატონმა ნუნუმ შეარჩია ოთხი პოეტი: ვახტანგ ღლონტი, ბელა ქებურია, ქალთამზე ანა სურმანიძე და როი აბუსელიძე. ასევე ამ კრებულში შევიდა 4 კალაბრიელი პოეტი.
_ წიგნი იტალიურ ენაზე გამოიცა მხოლოდ?
_ წიგნი არის ქართულ და იტალიურ ენებზე და მასში შესულია ორივე ქვეყნის პოეტთა შემოქმედება.
_ რამდენადაც ვიცი, საკმაოდ წარმატებული პრეზენტაცია იყო.
_ წიგნის პრეზენტაცია შედგა ლეონიდე ეზიციონის მიერ ორგანიზებულ წიგნის ყოველწლიურ ნაციონალურ ფესტივალ „Xenia Book Fair“-ზე. ფესტივალზე იკრიბებიან სხვადასხვა გამომცემლები იტალიის მასშტაბით. ფესტივალი მოიცავს ერთკვირიან ძალიან დიდ კულტურულ ღონისძიებებს ულამაზეს ზღვისპირა ბულვარში.
_ ფესტივალის თქვენთვის საინტერესო შტრიხებზე რას გვეტყვით?
_ სიცილიიდან ჩამობრძანდა უკვე იტალიელ პოეტად მოხსენიებული, ევროპაში ძალიან ცნობილი რუსკა ჟორჟოლიანი.
რუსკა შესანიშნავად ფლობს ქართულს და ერთი საღამო დაეთმო მთლიანად რუსკა ჟორჟოლიანის შემოქმედებას. საინტერესო განხილვები და კითხვა-პასუხის რეჟიმი იყო.
_ ჩვენი პოეტების აქტივობაში რა შედიოდა?
_ ჩვენმა პოეტებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს თავიანთი ლექსები, რომლებიც იქვე წაკითხულ იქნა იტალიურ ენაზე.
მეც მომიწია სცენაზე ასვლა და ჩვენი სამინისტროს საქმიანობაზე საუბარი.
_ კერძოდ?
_ იმ მიღწევებზე, რაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა ჰქონდეს ლოკალურ ორგანიზაციას. ძალიან საინტერესო შეხვედრა მომიწყვეს რეჯო კალაბრიის მერთან, ეს იყო მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. რეჯო კალაბრიაში ათასობით ქართველი მუშაობს და ისინი უკვე ამ კულტურის განუყოფელი ნაწილი არიან. ბევრი ემიგრანტი მოვიდა და ძალიან თბილი შეხვედრები გვქონდა ჩვენს ქალბატონებთან, რომლებიც წიგნს ყიდულობდნენ.
_ როგორც ვიცი, ამ ღონისძიებას გამოხმაურება ჰქონდა იტალიის სხვა რეგიონებიდანაც.
_ დიახ, დღეს, მაგალითად, იტალიის სულ სხვა რეგიონიდან დამიკავშირდა ქართული სათვისტომო, მათ უნდათ ჩვენი იქ ჩასვლა. არ მეგონა, ასე ორ დღეში მთელ იტალიას თუ მოედებოდა ჩვენი პოეტების ვიზიტი, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა, რაც განაპირობა ჩვენმა სტატუსმა, გამოსვლებმა, ჩვენმა სითბომ. იქიდანაც ძალიან დიდი სითბო და სიყვარული წამოვიღეთ.
_ თავად ქართველების მიმართ დამოკიდებულებაზე იტალიაში რამდენად პოზიტიურად აისახება ეს მოვლენა?
_ ქართველები იქ უკვე საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ითვლებიან. ძალიან ტოლერანტულად და ნორმალურად აღიქვამს ის საზოგადოება ჩვენი თანამემამულეების საქმიანობას ადგილზე. ელემენტარულ რაღაცას მოგიყვებით: გავედი წყლის საყიდლად და მოხუცმა ადამიანმა მკითხა, _ ქალბატონო, საიდან ბრძანდებითო? როცა ვუთხარი, ქართველი ვიყავი, ცრემლები წამოუვიდა, _ 10 წელი ჩემს ოჯახში ქლაბატონი ნანა ცხოვრობდა, რომელიც ჩემს მომაკვდავ მეუღლეს უვლიდაო და ჩამეხუტა. თითქოს არაფერი, მაგრამ მთელ ერს მადლობა გადაგვიხადა იმ სიყვარულსთვის, იმ სითბოსთვის, რომელიც ამ ადამიანის ოჯახმა იგრძნო.
_ მერთან შეხვედრა გამოყავით და რით იყო ის საინტერესო?
_ გადმოგვცეს მადლობის წერილები თვითონ კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტისგან, რომელსაც ძალიან საინტერესო, ამაღლებული სიტყვები უწერია, რომ იტალია ყოველთვის დაუდგება საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ეს მკაფიოდ ხაზგასმული იყო ყველგან და კიდევ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ეროვნულ პარკში _ ასპრემონტეში. დიდი სურვილი გამოითქვა აჭარასთან დამეგობრების: ან ბათუმის ბულვართან ან ბოტანიკურ ბაღთან ან მტირალას ეროვნულ პარკთან ან სამივესთან.
ჩვენი ორდღიანი მოკლე ვიზიტი უაღრესად დატვირთული იყო დილიდან საღამომდე საინფორმაციო შეხვედრებით. მეტი მიღწევა, მგონი, შეუძლებელია და ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელმაც თანხები გაიღო ჩვენს მგზავრობაზე. ადგილზე იქაურმა მხარემ გვიმასპინძლა ყველაფრით, მაგრამ მგზავრობის თანხები ამ დიპლომატიურ-კულტურული მისიისთვის დახარჯა სამინისტრომ.
_ სამომავლო გეგმები?
_ თუ ჩვენ გვექნება ხელშეწყობა, ეს უნდა გაგრძელდეს, რადგან უკვე 100 000-ს გადააჭარბა იქ მცხოვრები ქართველების რიცხვმა. ეს ერთგვარად ჩვენი მინისამშობლოა. ეს ხალხი ერთად და შეკრულად ცხოვრობს, აქვს ურთიერთობა სამშობლოსთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაც შეგვიძლია, ყველას უნდა დავეხმაროთ, რომ მათი კონტაქტი სამშობლოსთან არ გაწყდეს და მომავალმა თაობებმაც იცოდნენ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეს დიდი მხარდაჭერაა არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით, ძალიან დიდი ზურგია ჩვენთვის ევროპაში. ქალაქის მერთან შეხვედრისას ვიგრძენი, როგორი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალული სათვისტომოს ხელმძღვანელისადმი. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ წიგნების, მუსიკალური ინსტრუმენტების შეკრება და გაგზავნა მათთან, რომ ლოკალური კულტურული ცენტრები გაძლიერდეს. მოვუწოდებ ყველა ქართველს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი თანამემამულეების თანაგდომისთვის, რომლებიც სამშობლოსგან შორს ცხოვრობენ. ჩვენ მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ყოველთვის ჩვენთან არიან. მათ კი ევროპიდან სამშობლოში ცოდნა და გამოცდილება უნდა წამოიღონ.
_ როდესაც იტალიაზე საუბრობთ, განსაკუთებული ემოცია გეუფლებათ…
_ რა თქმა უნდა, იტალიური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და საერთაშირისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს ვფლობ. გამართულად ვსაუბრობ იტალიურად. ამ ყველაფერმა ჩვენი ვიზიტისას დამატებით პოზიტიური როლი შეასრულა. მოკრძალების გარეშე ვიტყვი, რომ ერთგვარი აჟიოტაჟიც კი გამოიწვია ამ ვიზიტის ფარგლებში.
ზუკა ნემსაძე