ფირცხალავა-ცააძე საქართველოს წინააღმდეგ
2006 წლის 2 მაისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი პირი _ ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება ხელახლა დაიწყო და 2015 წლის 2 თებერვალს ე. წ. კორტების საქმე გახსნილად გამოცხადდა. საქმეზე 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავეს.
დაკავებულთა შორის იყო შს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცაავა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ფირცხალავასა და ცააძეს 12-12 წლით, კახაბერ ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს 3 წლით, გრიგოლ კვინიკაძეს კი დაუსწრებლად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი რამდენიმე სკანდალში გაეხვია, _ მან ჯერ ფირცხალავას ოჯახს განუცხადა, რომ ჩვენება იძულების წესით მისცა და პროკურატურაში ისიც მოისმინა, რომ იური ვაზაგაშვილი უნდა მოკვდესო, მოგვიანებით კი პოზიცია ისევ შეცვალა და ფირცხალავას ოჯახი ზეწოლაში დაადანაშაულა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კობა გოგატიშვილი დღესაც მოწმის დაცვის პროგრამაშია და შეცვლილი გვარ-სახელით „ყაზტრანსგაზშია“ დასაქმებული.
დაკავებული გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე კი აცხადებდა, რომ კორტების საქმის ძიების მომენტში მასთან პროკურატურის გამომძიებელი მივიდა და შესთავაზა, რომ გიორგი ცააძეს ხელი დაედო ირაკლი ფირცხალავასთვის და მას დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ. გიორგი ცააძის უარის შემდეგ პროკურატურამ სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების დამუშავება დაიწყო.
მოწმეთა დაშინებისა და გადაბირების ფაქტები კი არაერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში დაფიქსირდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 205-4 მუხლში და პატიმრობის შესახებ კანონში გარკვევით წერია, რომ ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე საკნებში ათავსებენ და იზოლატორის ადმინისტრაცია ვალდებულია, შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდეთ.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად სწორედ იმას მიიჩნევდა, რომ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირები 2006 წელს ერთ საკანში ისხდნენ 15 დღით და სწორედ ეს ფაქტი გახდა სტრასბურგის სასამართლოს შეშფოთების საგანი.
საინტერესოა სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი მუხლები:
126-ე მუხლი:
2006 წლის 23 მარტს პირველმა განმცხადებელმა საჩივარი შეიტანა საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ პატიმრობის შესახებ კანონის 86/2 მუხლის დარღვევით, ოთხივე ბრალდებული თბილისის მე-7 საპყრობილეში ერთსა და იმავე საკანში ჰყავდათ მოთავსებული და აცხადებდა, რომ საშუალებას აძლევდა, ბრალდებულებს თავიანთი ჩვენებები შეეთანხმებინათ და ამით ხელი შეეშალათ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის. სსსკ-ის 161/1 მუხლის თანახმად, მან მოითხოვა პატიმრების დაუყოვნებლივ ერთმანეთისგან განცალკევება.
127-ე მუხლი:
იმავე დღეს პირველმა განმცხადებელმა იგივე შუამდგომლობით მიმართა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსსა და გენერალურ პროკურორს.
130-ე მუხლი:
ამ საჩივრებს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
131-ე მუხლი:
2006 წლის 27 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ოთხი ბრალდებული 2006 წლის 8-23 მარტს მართლაც ერთ საკანში იყო მოთავსებული, რადგან თბილისის მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რემონტი დასრულდა, ისინი ერთმანეთისგან განაცალკევეს. სახელმწიფოს მიერ ზეპირი მოსმენისთვის სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტები იმ ფაქტს ადასტურებს, რომ ბრალდებულები ერთსა და იმავე საკანში ჰყავდათ მოთავსებული. არსებობს ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ 2006 წლის 21 თებერვალს და 25 მარტს ერთ-ერთმა კომპანიამ მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.
133-ე მუხლი:
პირველი განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ის კომფორტი და ლმობიერება, რომელსაც სახელმწიფო ორგანოები აშკარად იჩენდნენ ოთხი ბრალდებულის მიმართ, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ბრალდებულებს არ მიეცათ კაფე „შარდენში“ მყოფი შს მაღალი თანამდებობის პირებისა და შს მინისტრის მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება.
ეს არის ფრაგმენტები სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან.
ე. წ. კორტების საქმეზე სწორედ ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები. საქმეზე დაკავებულ შვიდივე სპეცრაზმელს ჩვენებების ერთმანეთთან შეთანხმების საშუალება ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სახალხო დამცველმა იმის მტკიცებულება წარადგინა, რომ ე. წ. კორტების საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები თვეების განმავლობაში „მატროსოვზე“ #19 საკანში ისხდნენ. 2 თებერვალს დაკავებული ცააძე და ფირცხალავა „მატროსოვზე“ 4 თებერვალს გადაიყვანეს, რამდენიმე სპეცრაზმელი გლდანის მერვე დაწესებულებაში დატოვეს, ხოლო 19 თებერვალს ისინიც „მატროსოვზე“ გადაიყვანეს და თავიანთ მეგობრებთან ჩასვეს. 19 თებერვლიდან 7 აგვისტომდე სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელები ერთად, ერთ საკანში, დაახლოებით, ხუთი თვის განმავლობაში ისხდნენ. მიუხედავად საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მით უფრო, რეაქცია არ ჰქონია საქმის პროკურორ ამირან გულუაშვილს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი ცააძე მეზობელ #17 საკანში იჯდა და ესმოდა, როგორ მეცადინეობდნენ სპეცრაზმელები პროკურატურის მიერ დაწერილი ჩვენებების დაზეპირებაში. გიორგი ცააძემ ეს ყველაფერი მოსამართლე კოჭლამაზაშვილს მოუყვა და ასევე წინასწარ უთხრა, რა ჩვენებებს მისცემდნენ სპეცრაზმელები სასამართლოზე. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა ცააძე და ფირცხალავა სამარტოო საკანში იყვნენ მოთავსებული, არ ჰქონდათ ტელევიზორი და რადიო, ხოლო კახა ნაკანი იმ ზომამდე მივიდა, რომ ვენები გადაიჭრა.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ როცა 2015 წლის 22 აპრილს მონიტორინგის მიზნით „მატროსოვზე“ იმყოფებოდნენ, აღმოაჩინეს, #19 საკანში ერთ საქმეზე ბრალდებული შვიდივე სპეცრაზმელი ერთად ისხდა, მათ ცნობაც მოითხოვეს, როდის ჩასვეს ისინი ერთად. სპეცნაწილის უფროსმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ეს ცნობა მისცა კიდეც.
ფირცხალავა-ცააძის საქმემ საქართველოში ორივე ინსტანცია გაიარა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი არც მიიღო. მათი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ არც ერთ მათგანს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ საჩივარი სტრასბურგში გაიგზავნა.
საქმე „ფირცხალავა-ცააძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და სახელმწიფოს მისი მოსაზრებების წარდგენა 2019 წლის 7 თებერვლამდე მოსთხოვა. სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ასევე მოსთხოვა, დროის ამავე მონაკვეთში წარედგინა პოზიცია დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით.
„ქრონიკა+“ ახლაც ცდილობს გაარკვიოს, ფირცხალავა-ცააძის საქმეზე ქართულმა სახელმწიფომ გასცა თუ არა პასუხი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს კითხვებს დადგენილ ვადაში (ანუ 7 თებერვლამდე), მაგრამ ამ დრომდე ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. იუსტიციის სამინისტროში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ელისო კილაძე