უვე და ბელა ბერკემერების წარმატებული პროექტი გერმანიაში

გიორგი საკარული

ქართულ-გერმანულ ოჯახს, რომელსაც უვე და ბელა ბერკემერ-მახარაძე აერთიანებს, ყველა იცნობს. „ქრონიკა+“-ს არაერთხელ დაუწერია ნიჭიერი მევიოლინეს შემოქმედებაზე. მუსიკოსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართული კულტურა მსფლიომ გაიცნოს. ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ასევე აქტიურადაა ჩართული მევიოლინეს მეუღლე, პიანისტი უვე ბერკემერი, რომელიც ძალღონეს არ იშურებს, რომ გერმანელ კოლეგებს ქართული ნაწარმოებები ასწავლოს და შემდეგ უკვე დიდი კოცერტით საზოგადოების წინაშე წარდგეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ერთმა პატარა ოჯახმა მთელ ევროპას შეაყვარა ყველაფერი ის, რაც ქართულია, დაწყებული ხელოვნებიდან, დამთავრებული ქართული კულინარიით.

სწორედ ქალბატონ ბელას იდეა იყო, რომ გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ იბენბიურენში უვე ბერკემერის ხელმძღვანელობით ქართული კულტურის დღეები დაარსდა, სადაც 3 დღის მანძილზე უცხოელებს დაანახეს ის, რასაც ქართველები ხშირად ვერ ვხედავთ _ ეს არის ქართული კულტურის დიდებულება! სამწუხაროდ, ისინიც ვერ ხედავენ, რომლებიც, წესით, ამ ყველაფრის სათავეში უნდა იდგნენ და ხელს უწყობდნენ.

რამდენად წარმატებული წელი ჰქონდა ბერკემერების ოჯახს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე:

_ პირველ რიგში, სიხარულით და დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 23 წელია, გათხოვილი ვარ გერმანიაში და არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, არც ერთი წამი არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს გარეშე. ჩემი გული აქ, ამ უცხო ქვეყანაში ფეთქავს სამშობლოს სიყვარულით. სწორედ ამ დიდმა სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს მეუღლე უვეს, რომ გერმანიაში ჩაგვეტარებინა ქართული კულტურის დღეები. გასაოცარი და გასაკვირი ისაა, რომ ამ უცხოელ კაცს მთელი ღამეები არ ეძინა, დასვენების დღეებშიც კი მუშაობდა, რათა ქართული კულტურის დღეები ჩაეტარებინა. გამუდმებით მუშაობდა საუკეთესო ხარისხის მისაღებად.
23 წლის მანძილზე მე და უვე ბერკემერი ერთად ვაკეთებთ ქართულ საქმეს როგორც გერმანიაში, ისე საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 18, 29 და 20 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ იბენბიურენში ჩატარდა ქართული კულტურის ფესტივალი სახელწოდებით „კავკასია“. სამივე დღე საქართველოს ეთმობოდა. ფესტივალი გავხსენი ოთარ თაქთაქიშვილის მეორე სავიოლინო კონცერტით, შემდეგ უვემ საგანგებოდ გუნდისთვის და ორკესტრისთვის დაწერა ნაწარმოები ლოცვა, სადაც ჩემი ძმის, პაატა მახარაძის, ლექსი „ლოცვა“ იყო ჩართული, ასევე „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ამოღებული რამდენიმე ფრაზა. ამ სიმღერას გერმანული გუნდი ასრულებდა. ამასთან, ჩვენი კავკასიური კამერული ანსამბლი უკრავდა ცინცაძის მინიატურებს, შესრულდა „ჭრელო პეპელა“, „ქართული ნანა“ და ამ ყველაფერს გერმანელი ბავშვები მღეროდნენ.
მეორე დღე დაეთმო ქორეოგრაფიას. საქართველოდან, კერძოდ კი ოზურგეთიდან, ჩამოვიდა ბავშვთა ანსამბლი „ორბი“, რომლის ქორეოგრაფიც გახლავთ კირილე ყალიჩავა. ბავშვებმა აჩვენეს უმაღლესი კლასი, გაოცებული პუბლიკა ოვაციებს ვერ მალავდა. მესამე დღეს რეზო ჩხიკვიშვილი გვყავდა მოწვეული, რომელიც კითხულობდა ზღაპარ „ილანგუხას“, მუსიკალურად კი ჩემი მეუღლე აფორმებდა. ამ დღემაც ფანტასტიკურად ჩაიარა. საღამოს, დასკვნით ნაწილში, მოწვეული იყო ქალბატონ ლამარა ჭყონიას ქალიშილი, ნათელა ჭყონია, ავსტრიაში მოღვაწე ვარსკვლავი, მომღერალი, რომელმაც რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა. ამ საღამოზე მონაწილეობდა ასევე ჩემი ქალიშვილი, მომღერალი ნინა ბერკემერი, რომელმაც შეასრულა ქართული ნაწარმოებები, იყვნენ კიოლნის კონსერვატორიიდან მოწვეული ქართველი მუსიკოსები, რომლებმაც შეასრულეს მსოფლიო კლასიკური ნაწამოებები და კონცერტი დაიხურა „თბილისოთი“. ქალბატონმა ნათელა ჭყონიამ და უვე ბერკემერმა ერთობლივად შეასრულეს „თბილისო“ და ეს იყო ნამდვილად დიდი ფოიერვერკი, სადაც მაყურებელი ვერ მალავდა ემოციებს. მე, უვემ და ნინამ შევასრულეთ ჩვენი ქართული ხალხური სიმღერები: „ლალე“, „წინწყარო“ და „ჰარალო“. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ასევე ქართული კულინარია და ქართველი მხატვრების ნამუშევრები.
_ ვისი იდეა იყო გერმანიაში ქართული ფესტივალის ჩატარება?
_ იდეა იყო ჩემი, რომელიც განახორციელა ჩემმა მეუღლემ. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი მეუღლის მეგობარი, მარკოსი, ვმუშაობდით პროექტზე. სამმა ადამიანმა ფრთები შევასხით ამ ულამაზესს პროექტს. წელს პირველად ჩატარდა ამ დონის ფესტივალი საქართველოს შესახებ. იმ დონის შრომა ჩავდეთ, რომ ლამის ფეხზემდგომს ჩამეძინა და ვიოლინო ლამის დავამტვრიე.
_ წარმომიდგენია, ეს ფესტივალი როგორ იმოქმედებდა უცხოელ სტუმრებზე, რომ აღარაფერი ვთქვა ქართველებზე.
_ რა თქმა უნდა. ამ ფესტივალის მიზანიც ეს იყო, რომ გერმანელებს გაეცნოთ ჩვენი კულტურა. დამსწრე საზოგადოების უმეტესი ნაწილი უცხოელი იყო. ისინი ვერ მალავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას, ემოციებს. მათ იმდენად ცოტა იციან ჩვენზე, რომ გაოცებულები დარჩნენ ქართული კულტურით. ამბობდნენ, მადლობა ღმერთს, რომ მოვედით და დავესწარითო.
_ საინტერესოა, რამდენად დიდი იყო საქართველოს საელჩოს ჩართულობა და ზოგადად დაინტერესება იმ დროს, როცა უცხო მიწაზე კეთდება ქართული კულტურის დღეები?
_ ძალიან გული მტკივა, რომ საელჩოდან არავინ დასწრებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოსაწვევები მიიღეს. წერილები დაიგზავნა აბოსლუტურად ყველგან: პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კულტურის სამინისტროში, საელჩოში… ავტეხე განგაშის ზარები, და ბოლოს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში ჩაწერა მხოლოდ სამადლობელი სიტყვა და ასეთი სახით გავუშვით ფესტივალზე. სამწუხაროა ის ფაქტი, როცა სრულიად უცხო მიწაზე კეთდება ქართული კულტურის დღეები, მინდა რომ საქართველო რაც შეიძლება ბევრმა გაიცნოს და ამ დროს არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან არ გესწრება…
_ პირებთ კიდევ ტრადიციულად ყოველ წელს გააკეთოთ ქართული კულტურის დღეები გერმანიის მასშტაბით?
_ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაგვეხმარებიან. სიმართლე გითხრათ, უვეს იმდენად ეტკინა გული, რომ მეეჭვება, კიდევ გაიმეოროს ასეთი კონცერტი. გულსატკენია უყურადღებობა და უმადურობა, თორემ მე და ჩემი ოჯახი ძალიან დაფასებულები ვართ აქ. ჩვენს სათქმელს ყოველთვის ვამბობთ ყველგან, მაგრამ უვეს ნამდვილად ეკუთვნოდა მადლობა და დაფასება… თორემ მე, როგორც ქართველი, მიჩვეული ვარ მსგავსს რაღაცებს და ჯანდაბას, არ არის პრობლემა. არ ვიცი, ნახეთ თუ არა უვეს ნამღერი „სულიკო“, ხალხი ოვაციებს ვერ მალავდა, ფეხზე წამოუდგა და ისე უსმენდა, გაგიჟდა ხალხი.
_ ზოგადად, ძალიან საწყენია დაუფასებლობა და უმადურობა, მით უმეტეს, როდესაც შენი ქვეყნის კულტურის წარმოჩენას ცდილობს უცხოელი. სამწუხარო რეალობაა. ქალბატონო ბელა, ახლა ვისაუბროთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე, რომელიც საქართველოში დანერგეთ და გინდათ, რომ ეს კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდეს ჩვენთან. ვისი იდეით დაიწყო აღნიშნული კონკურსის ჩატარება?
_ იდეა ეკუთვნის არაჩვეულებრივ ქალბატონს, სოფიო ღლონტს. იმერეთის რეგიონის მასშტაბით დავიწყეთ ჩემი ძმის, აწგადაცვლილ პაატა მახარაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით: „მე ვიმღერებ, შენ აშენე“. ეს ციტატაც პაატას ერთ-ერთი ლექსიდანაა და მინდა, რომ ამ ფესტივალმა ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მოიაროს. ეს არ გულისხმობს პოეტის გაცნობას, არამედ იმ ახალგაზრდების დასაქმებას, რომლებიც იმუშავებენ და შექმნიან პოეტის ლექსებზე თავიანთ ნამუშევრებს და შემდეგ დაჯილდოვდებიან ბავშვები პროზასა და პოეზიაში. შარშან გურიაში იყო ეს ფესტივალი, რასაც უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. მონაწილეობა მიიღო 70-მა ბავშვმა. იყო გრანდიოზული დასკვნითი საღამო. ახლა ეს ფესტივალი იმერეთის მასშტაბით გვინდა, რომ ჩავატაროთ. ჩვენ მოვუწოდებთ იმერეთის მოსახლეობას და მუნიციპალიტეტებს, რომ ჩაერთონ. ბავშვებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, წარმოაჩინონ საკუთარი თავი.
ეს ფესტივალი, ფაქტობრივად, პაატას პოეზიის ირგვლივ ტრიალებს. მისი საშუალებით ახალგაზრდა პოეტების აღმოჩენის შესაძლებლობა იქმნება. ბავშვები პოეტის ლექსზე წერენ თავიანთ ნამუშევრებს, რომლებსაც აფასებს კომპეტენტური ჟიური.
_ საქართველოში რამდენად ინტერესდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები? დიდია მათი ჩართულობა მსგავსს ღონისძიებებში?
_ როგორც კი ჩამოვალ, იმერეთის გუბერნატორთან მექნება შეხვედრა და ამ საკითხზე გავესაუბრები. გურიიდან მქონდა ფანტასტიკური ხელშეწყობა. დაგვითმეს თეატრი, ბავშვები ჩამოიყვანეს სამარშრუტო ტაქსებით, ნემსს ვერ ჩააგდებდით, ისეთი ამბავი ხდებოდა, მადლობას ვუხდი ყველას. თუმცა ფინანსურად ამ ბავშვების დაჯილდოება გადავიდა ჩემს მხრებზე. ასევე მყავდა დამატებითი სპონსორები, მეგობრებმა დამიჭირეს მხარი. ყველაფერს შევუწყვეთ ხელი ერთობლივად, ყველაფერი უმაღლესს დონეზე ჩატარდა. ამ საღამოს წარმატებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ გაგრძელებულიყო ფესტივალი. ეს ყოველივე სრული კრახით რომ დასრულებულიყო, ამას აღარ გავაგრძელებდი.
_ დაბოლოს, ახალი წელი მოდის და როგორ ხვდებით ამ დღესასწაულს? გერმანიაში იქნებით თუ საქართველოში ჩამოდიხართ?
_ წელს გერმანიაში, ტრადიციულად ოჯახში შევხვდებით, შევიკრიბებით, გავაწყობთ სუფრას და აუცილებლად ჩავრთავ ლაივს და მივულოცავ ჩემს სამშობლოს ოჯახთან ერთად, ასევე ერთ მუსიკალურ ნომერსაც ვაჩუქებ ჩემს მსმენელს. მე გურიაში დაბადებული და გაზრდილი ქალი ვარ, მადლობელ ვარ უფლის, რომ ისეთ მხარეში დავიბადე და გავიზარდე, როგორიცაა გურია, კერძოდ, სოფელი ნატანები. იმიტომ ვარ ასეთი საინტერესო, რომ ერთი უბრალო სოფლელ გოგო ვარ. ვამაყობ ჩემი სოფლით, ჩემი სამშობლოთი, ვამაყობ იმით, რომ გერმანიაში მცნობენ, როგორც ქართველს. თუ ოდესმე მომიწვევენ საქართველოში ახალ წელს, აუცილებლად მოვესიყვარულები ჩემს სამშობლოს. რაც შეეხება ჩამოსვლას, იანვარს ჩამოვდივარ სამი კვირით. საქართველოს აუცილებლად ვეტყვი ჩემს სათქმელს, იქნება ეს ტელევიზია თუ გაზეთი, მოგეფერებით ყველას, ჩაგიკრავთ გულში.