ტატა ხვედელიანი: „ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი 2012 წლის მოვლენებს“

გიგა გელხვიიძე

„ქართული ოცნება“ ოპონენტებს უკვე ღიად და დაუფარავად უსწორდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მათ მიერ მართული ზონდერ ჯგუფების „ფეისბუკ“ თუ „ტელეგრამ“ არხებზე აქტიურად ვრცელდება იმ პირების პირადი ინფორმაციები, რომლებიც ჩართულები არიან „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებსა და პერფორმანსებში.

„ოცნების“ ღია კანონდარღვევებზე საუბრობენ არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ წრეებში, არამედ პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საკითხია იმ მძიმე მსოფლიო პროცესების პარალელურად, რასაც რუსეთ-უკრაინასა და ისრაელ-ჰამასს შორის ომი ჰქვია.

პარტნიორი ქვეყნების ლიდერები განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ და სთავაზობენ „ქართულ ოცნებას“ სხვადასხვა გზას კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად, თუმცა მმართველი გუნდის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაჟღერებული საპასუხო განცხადებების ფონზე, მარტივად შესამჩნევია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება, არა კრიზისად, არამედ კომფორტის ზონად უფრო მიიჩნევენ და პარტნიორ ქვეყნებს ურჩევენ, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში. მეტიც: მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის არაფერს ნიშნავს საფრთხე, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და ის კანდიდატის სტატუსი, რომლის მოსაპოვებლადაც ქართველ ხალხს ისტორიის მანძილზე სისხლის დაღვრა უწევდა.

ამის პარალელურად, არ უნდა დავივიწყოთ „ოცნების“ სხვა ქმედებები, რომლებსაც ისინი ერთპიროვნულად ან სხვა პარტიის დახმარებით სჩადიან. ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის გენდერული კვოტირება, რომელიც ივანიშვილის გუნდმა პარტია „გირჩის“ დახმარებით გააუქმა. ასევე მნიშვნელოვანი არის რუსული კანონის პარალელურად კიდევ ერთი სხვა რუსული კანონის პოპულარიზაციაც, რომელიც ახლა მეორეხარისხოვნად გამოიყურება, თუმცა მისი მიღების შემთხვევაში შედეგები, შესაძლოა, იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ („რუსული კანონი“) კანონის მიღებისას.

ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტატა ხვედელიანი:

_ ქალბატონო ტატა, პირველ რიგში, იმ პროცესებზე მინდა ვისაუბროთ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება: ღია, დაუფარავ დაპირისპირებაზე გადავიდა „ქართული ოცნება“ თავისი მოქალაქეების მიმართ: ჩასაფრება, ტელეფონებზე დარეკვა და დაშინება, _ როგორ ფასდება ეს ყველაფერი?

_ მართლაც წარმოუდგენელი რამ ხდება, პირდაპირ ურეკავენ არასრულწლოვნებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს და ეს არის მიუღებელი. ამ ყველაფერს აქვს მთავარი მიზეზი და ეს არის ის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მან ეს ძალიან კარგად იცის და ყველანაირი ხერხით ცდილობს, ოპოზიცია და ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გამოიყვანოს წყობიდან და ამის გამო ღია, პროვოკაციულ ქმედებებსაც კი მიმართავს, რომლებიც მიუღებელია. ამ ბავშვების უკან არიან ოჯახები, დედები, მამები, ბებიები, ბაბუები და ეს საერთოდ არ ჯდება არცერთ გონივრულ გადაწყვეტაში.

_ სად ხედავთ გამოსავალს?

_ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება. ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ქმედებებიდან გამომდინარე გავბრაზდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაკონვერტირდეს იმაში, რომ ოქტომბერში უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ხმა მივცეთ ცვლილებებს. მე გავიხსენებ და მოვიშველიებ 2012 წლის მაგალითს, როდესაც ზუსტად იგივე ხერხებით ხორციელდებოდა ადამიანებთან ბრძოლა, განსხვავებული აზრის დევნა და გამომდინარე აქედან, მოქალაქეები მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, გააკეთეს არჩევანი ცვლილებაზე და ამით დასრულდა წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობა. ახლაც ზუსტად იგივე პერიოდს გავდივართ და ცალსახა არის, რომ ჩვენი არჩევანი გახლავთ ევროპა და ევროპული გზა და ყველაფერი უნდა გვაკეთოთ იმისთვის, რომ არ შეიცვალოს ქვეყნის ევროპული კურსი და მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა არ შეცვალოს ჩვენი და ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა.

_ პრემიერის წერილი: ორ ნაწილად გავყოფ ამ შეკითხვას, _ პირველად რომ შემიფასოთ ის მონაკვეთი, სადაც ირაკლი კობახიძემ ილიას მკვლელები (ბერბიჭაშვილები) უწოდა ახალგაზრდებს, რომლებიც დგანან დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე და რეგიონებში სხვადასხვა ლოკაციაზე „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ და საქართველოს ევროპული კურსის დასაცავად.

_ ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში და ამ თვის განმავლობაში ორი საქართველო _ ეს იყო 29 აპრილის აქციაზე („ქართული ოცნების“ ეროვნული მარში) მდგომი საქართველო და ის ყოველდღიურობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე არის. ეს ახალგაზრდები ძალიან განსხვავდებიან საკუთარი ინტელექტით, ქმედებებით, აღქმებით და საუბრით იმისგან, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და ვხედავთ. ისინი ზრუნავენ ქალაქზე, ერთმანეთზე, ჩვენზე, ვინც იქ ვდგავართ. ძალიან განსხვავდებიან იმ საქართველოსგან, რომლის დანახვაც პრემიერს (ირაკლი კობახიძე) სურს რეალურად და აქედან გამომდინარე ეს არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც მიზეზით შეძლოს ამ ქვეყნისთვის არასასიკეთო ცვლილების შეკავება.

_ ამის გარდა, საუბარი შეეხო IQ-საც _ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, არიან მაღალი IQ-ს მატარებლები, ხოლო ვინც წინააღმდეგობაში მოდის „რუსულ კანონთან“ და მთლიანად „ქართულ ოცნებასთან“, შესაბამისად, დაბალი IQ-ს მონაცემების მქონეები არიან, _ კობახიძის შეფასების ამ ნაწილზე რას იტყოდით?

_ ეს არის ზუსტად იმის ნათელი დადასტურება, თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი, წყობიდან გამოიყვანოს საკუთარი ამომრჩეველი, ახალგაზრდები. პროვოკაციულად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით აქციოს ისინი ინსტრუმენტებად და იარაღად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც თავისი ლეგიტიმაციის მომატებისთვის იყენებს პრემიერი და ზოგადად ხელისუფლება.

_ მედიაზე თავდასხმა _ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმ მხრივ, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს (ტელევიზიები, ონლაინ გამოცემები და ბეჭდური მედია) ღიად და დაუფარავად ესხმიან თავს აქციების დროს. ვნახეთ „პუბლიკისა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმები, ასევე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებული წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ახლა კი ვხედავთ უკვე ახალ მეთოდებს _ ეს არის ჩასაფრება და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ის ფაქტი, რაც მოხდა „ტვ პირველთან“, რომელიც შსს-მ ურეაქციოდ დატოვა. როგორია თქვენი შეფასება ამ ყველაფერზე მაშინ, როდესაც შს მინისტრმა დაგვიანონსა კიდევაც თავდასხმები მედიაზე და განმარტა, რომ ეს არის პრაქტიკა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.

_ დაუჯერებელია, რაც ხდება დღეს. აღვნიშნე კიდევაც და ახლაც ვიტყვი, რომ ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი 2012 წლის მოვლენებს. მედიასთან მიმართებითაც არის დასაგმობი ის, რაც ხდება. მედიაპლურალიზმი და კრიტიკული მედია, ზოგადად, როგორც სხვაგან, ასევე ჩვენს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესში შევდივართ უკვე, ოქტომბერში არის საპარლამენტო არჩევნები და მედიას უნდა ეძლეოდეს სრულად და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება. მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. დასაგმობია ის ყველაფერი, რაც ხდება.

_ არსებობს ტელეგრამის გვერდები, სადაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების პირადი ინფორმაცია (საცხოვრებლის მისამართი, ტელეფონის ნომრები, პირადი ნომრები) საჯაროვდება. თქვენმა გუნდმა ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორსაც კი მიმართა და მათ, როგორც ცნობილია, ასევე წარადგინეს კონკრეტული სახის მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო ტელეგრამის იმ არხიდან („ამხილე“), რომელიც ტელეკომპანია „პოს ტვის“ ჟურნალისტ ნათია ბერიძის საკუთრებაშია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის მიმართ შსს-სა და პროკურატურის ქმედება არის ნული.

_ ყველა ქმედება და მოვლენა, რაც ამ დღეებში ხდება, აუცილებლად იქნება გამოძიებული და დადგება დრო, როცა დამნაშავეებს დააკავებენ და შესაბამისი საქმე აღიძრება მათ მიმართ. ქუჩაში დაუფარავად ძალადობენ ადამიანებზე, გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა არხს (ამ შემთხვევაში ტელეგრამის გვერდებზე გავაკეთებ აქცენტს) იყენებენ იმისთვის, რომ ადამიანების უფლებები დაირღვეს და კრიმინალი წახალისდეს. ჩვენ ვიცით, რომ პერსონალური მონაცემების გასხვისება არის ჩვეულებრივი კანონდარღვევა და შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები უნდა განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს შესაბამისი უწყებების მხრიდან ზემოთ აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებს, თუმცა მაინც არ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი აილაგმება, რადგანაც ვხედავთ, რომ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს ღია დევნა, ძალადობრივი ქმედებები და არ არიან კონკრეტული პირები გამოკითხული ამ საქმეებზე.

_ ძალიან მძიმე შეფასებებს ვისმენთ ბოლო ორ კვირაზე მეტია პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან „ქართული ოცნების“ ქმედებებთან მიმართებით. ყველაზე მეტად მინდა გამოვყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ მეთიუ მილერის განცხადებები, რომლებიც, ფაქტობრივად, იყო პირდაპირი გაფრთხილება „ოცნების“ ხელისუფლების მისამართით, რომ განხორციელდება კონკრეტული ქმედებები და ეს მოხდება მაშინვე, როდესაც საბოლოოდ გააფორმებს საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონს მესამე მოსმენით და შემდგომში, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის მერე. მილერი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ ეს კანონი რუსულია და მას არ აქვს კავშირი აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში მოქმედ კანონმდებლობებთან, _ რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყნის საგარეო პოლიტიკა?

_ მთავარი რაც იყო ამ ყველაფერში და რაც ადასტურებს იმას, რომ ეს არის „რუსული კანონი“, არის ის, რომ ის თანაბარ პირობებში აყენებს ქვეყანას, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ჩვენი მოკავშირეები. ჩვენი მეგობარი ქვეყნები ძალიან დიდი ხანია ბევრ რესურსს დებენ ჩვენს დახმარებაში, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ ნაწილს და ეს არის უკვე წლების ურთიერთობის შედეგი. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება.

_ ისტორიის რა მონაკვეთში აბრუნებს საქართველოს „ქართული ოცნება“ იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც მისი მმართველობის 12 წლის მანძილზე ხდებოდა და ხდება? გარდა რუსული კანონისა, პარალელურ რეჟიმში კიდევ სხვა კანონი განიხილება, სადაც უკვე საუბარია ფილმებიდან კადრების ამოჭრაზე, ცენზურაზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა და ზოგადად პირად სივრცეში, რომელიც შეიძლება მიჩნეული იყოს საზოგადოებაზე, კონკრეტულად კი ბავშვებზე ზეგავლენის მქონედ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორია თქვენი ასოციაცია ისტორიის პარალელურად?

_ ზემოთაც აღვნიშნე: ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2012 წლის პერიოდს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო წლების მმართველობის მეთოდებს. ხერხები არის იგივე, იგივე ხელწერას ვხედავთ.

_ საბჭოთა პერიოდსა და რეპრესიებს არ გაგონებთ?

_ რა თქმა უნდა, ცენზურა მყარდებოდა საბჭოთა კავშირში, ეს იყო მათთვის მიღებული სტანდარტი და იმის გარდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხერხებით ხდება ადამიანებზე ძალადობა, ასევე ჩვეულებრივ გვაგონებს საბჭოთა რუსეთის მეთოდებს.

_ „ოცნება აპელირებს სტრასბურგის გადაწყვეტილებით და ამბობს, რომ 20 ივნისსაც და ახლაც გამოყენებული იყო პროპორციული ძალა, _ რა განსხვავებას ან მსგავსებას ხედავთ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსა და ახლანდელ პროცესებს შორის?

_ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ნახსენები არის ძალადობრივი შტურმი, რომელიც მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე, რაოდენობაც განსხვავებული იყო მაშინდელი აქციის მონაწილეებთან. 2019 წლის 20 ივნისის პროცესები და პროტესტი ყველანაირად განსხვავებული იყო იმ მოვლენებთან მიმართებით, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. ეს გახლავთ მშვიდობიანი პროტესტი, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ დგანან იქ და ყველა თაობის ადამიანის ნახვაა შესაძლებელი. 20 ივნისის შესახებ ძალიან ბევრი ანგარიში იყო წარმოდგენილი და არაერთხელ გვისაუბრია ამ ყველაფერზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებასაც რომ ნახავთ და დეტალურად იქნება განხილული, იქ მოხსენიებული არის, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტის შენობაზე, რომელიც აღიკვეთა.

_ „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა გენდერული კვოტირება, _ რა განაცხადი გააკეთა მან ამ ქმედებით „გირჩთან“ ერთად?

_ გენდერული კვოტირება იყო დროებითი მექანიზმი და ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას. მოგეხსენებათ, საქართველოს ამომრჩევლების 54% გახლავთ ქალი და ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ გვყავდეს პროპორციულად შესაბამისი ძალა საკანონმდებლო ორგანოში და ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზეც. აქედან გამომდინარე, გენდერული კვოტირება იმ პერიოდისთვის იყო ძალიან კარგი ეტაპი ჩვენს ქვეყანაში და ეს დასტურდებოდა ბევრი კვლევით, მათ შორის, NDI-სა და სხვა ორგანიზაციების, სადაც წერია, რომ გენდერულმა კვოტირებამ გაზარდა ქალთა რაოდენობა საკანონმდებლო და ასევე თვითმმართველობის ორგანოებში. მისი მოხსნა, ისევე როგორც მისი დანერგვაც, სხვადასხვა წესთან არის დაკავშირებული და ეს ამ დროისთვის იყო ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი პარლამენტის მხრიდან, მით უფრო, როდესაც ვხედავთ, რომ ფემიციდის (ქალთა მიმართ ძალადობა) პრობლემა საგანგაშო ნიშნულზეა ჩვენს ქვეყანაში. ეს გახლავთ უკვე ზეპარტიული საკითხი და ამ ეტაპზე გენდერული კვოტირების გაუქმება იყო დამაკნინებელი და, ამავდროულად, ძალიან ცუდი ფორმით მოხდა ის. ძალიან დამაკნინებელი საუბარი ისმოდა პარტია „გირჩის“ მხრიდან ქალების მისამართით და ასევე არასწორი მესიჯები გაჟღერდა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მინდა მოვიყვანო მაგალითი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ („ქართულ ოცნებას“) ქალთა ორგანიზაცია აქვთ და ის შეიკრიბა სწორედ წინა დღეს. მეორე დღეს დარეგისტრირდა „გირჩის“ მიერ ეს ცვლილება, რაც გულისხმობდა გენდერული კვოტირების გაუქმებას და რასაც დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდი პრაქტიკაა ის, რაც ვნახეთ.

_ ქალების როლი ზოგადად პოლიტიკაში და ქართულ პოლიტიკაში.

_ ქალთა როლი ძალიან დიდია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 2023 წლის მარტში, რუსული კანონის პირველად ინიცირების დროს, როდესაც, ფაქტობრივად, ამ პროტესტის ავანგარდში, ისევე როგორც პარლამენტში, ასევე გარეთ, ქუჩაში მიმდინარე აქციებზე იყვნენ ქალები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც დაეთანხმა „გირჩის“ ამ ინიციატივას, იყო სწორედ ის, რომ მან პრეცედენტულად სცადა, ქალების მიმართ განხორციელებულიყო ეს ყველაფერი, რათა ქალთა მოძრაობა დასუსტებულიყო. მაგრამ ამან ქალებზე და ზოგადად ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე ვერ იმოქმედა, _ ჩვენ ვხედავთ თუ რამდენი ქალი დგას აქციაზე და როგორ იბრძვიან ისინი.

მე წარმოვადგენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქალთა ორგანიზაციას, ვარ მისი ხელმძღვანელი და ძალიან ხშირად გვაქვს რეგიონებში გასვლები და შეხვედრები ქალებთან. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქალი არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მსურველი რეგიონებში. ბევრი ქალი ღიად აფიქსირებს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და მაისშიც გვაქვს აქტივობები დაგეგმილი რეგიონებში, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე.

_ რა პრობლემები აქვთ ქალებს რეგიონებში?

_ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ (არა მხოლოდ) უწევთ ცხოვრება რეგიონებში ქალებს, პოლიტიკურ წნეხს ვგულისხმობ, ასევე არის რეგიონები, სადაც ხშირია ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდის შემთხვევები. ეკონომიკური გაძლიერება არის ძალიან დიდი გამოწვევა, მოწყვლადები არიან ქალები დღესდღეობით რეგიონებში და მათ უჭირთ საკუთარი პოლიტიკური ხედვების დაფიქსირება. ოჯახური ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ცნობიერების დონის ამაღლება, ამასაც ვაწყდებით ხოლმე რეგიონებში.

_ საარჩევნო წელია, მიუხედავად იმ პროცესებისა, რაც ხდება ქვეყანაში, პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. რა შეთავაზება აქვს „გახარიას“ გუნდს ამომრჩევლისთვის განსხვავებული სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც ოპერირებენ ქართულ პოლიტიკურ ველზე?

_ ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით პარტიის რეგისტრაციის პერიოდში, ვარეგისტრირებთ პარტიას და ვაგროვებთ ხელმოწერებს. უკვე პარტიის პოლიტიკური ხედვების პრეზენტაცია გვქონდა თებერვალში და მივყვებით ძალიან მკაცრ დღის წესრიგს. უკვე წარვადგინეთ ეკონომიკური მიმართულებით პროგრამული ხედვა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვიცვათ თბილისისა და რეგიონის მოსახლეობა.

ასევე ხედვების პრეზენტიაცია გვქონდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებით და მართლმსაჯულების მხრივ. ქალთა ორგანიზაცია ამჟამად მუშაობს გენდერული პოლიტიკის გაძლიერების დოკუმენტზე და სადღაც ივნისის დასაწყისში გვექნება წარდგენა. აქ განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს ქალბატონებს. ეს ყველაფერი იქნება ინტერაქტიური ხასიათის, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩევლებს და შემდგომში ვკონცერტრირდებით ზუსტად იმ პრობლემატიკასთან, რომელიც მათ აწუხებთ.