სოციოპათი ტურები და მომაკვდავი ქვეყანა

გახარიას გადადგომამ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მწვავე, ქვეყნისთვის რისკის შემცველი დაპირისპირება ვერ მოხსნა _ მხოლოდ მოკლე დროით გადადო.
„ქოცობის“ გენერალიტეტში დარჩენილმა სოციოპათებმა, მათ შორის, ყველაზე ოდიოზური და ავადმყოფი _ ირაკლი ღარიბაშვილი _ პრემიერ-მინისტრად გაამწესეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მეორე სერია დაიწყება _ ნიკა მელიას დაპატიმრება ამ დაჯგუფებისთვის ღირსების საკითხია.

გახარიამ სისუსტე გამოიჩინა, სავარაუდოდ, ღარიბაშვილი არ გამოიჩენს.
ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მახინჯ სახეს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს.
საქართველო უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებშია და ეს კრიზისი დღეს-ხვალ არ დასრულდება. 2019 წლის მდგომარეობაში დაბრუნებასაც კი წლები და დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა _ სადღეისოდ დაინფიცირების მასშტაბები შემცირდა, თუმცა როგორც კი ეკონომიკა გაიხსნება, ეპიდემიაც ახალი ძალით იფეთქებს.
ბიზნესები იხურება, უმუშევრობა 4%-ით გაზრდილია და ეს მხოლოდ ოფიციალურად, რეალურად სახლებში უსაქმოდ ასობით ათასი ადამიანი ზის.
დღეს ქვეყანას ისე უჭირს, როგორც არ გასჭირვებია 90-იანი წლებიდან.
და, აი, ამ ფონზე, „სოციოპათების ოცნება“ პრემიერ-მინისტრად აყენებს ადამიანს, რომელიც მათი უბადრუკი საზომებითაც კი გამომწვევად არაკომპეტენტური და არაფრის მაქნისია.
ის მთელი ცხოვრება დაკავებული იყო მაღალპროფესიული მლიქვნელობით და ქაღალდების ერთი უჯრიდან მეორეში გადალაგებით. მას არავითარი ეკონომიკური ხედვა არ გააჩნია, ის ძალიან სწრაფად და ეფექტიანად დაასამარებს იმასაც კი, რაც ჯერჯერობით დარჩა.
მისი 2-წლიანი პრემიერ-მინისტრობა იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმაც კი დაინახა, რომელიც, როგორც წესი, იდიოტებს დიდი სიამოვნებით აწინაურებს.
ის იმაზე მეტი იდიოტი აღმოჩნდა, ვიდრე ივანიშვილის გარემოცვისთვის დასაშვებად მიიჩნევა.
რა იმისთანა დამსახურება აქვს ამ არარაობას, რომ სხვა არარაობების ჯგუფმა ის ურთულეს პერიოდში, ფაქტობრივად, ქვეყნის ხელმძღვანელად დანიშნა?
მხოლოდ ერთი _ მას „ნაციონალები“ ზომაზე მეტად ეზიზღება.
ქვეყანა კომატოზურ მდგომარეობაშია, მას სასწრაფო შველა სჭირდება და ამ დროს პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ნიშნით შეირჩა _ წინა ხელისუფლების გადამეტებული ზიზღის მიხედვით.
ის, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი და არსებობის მოტივაცია არა ქვეყნის აშენება, არამედ წინა ხელისუფლების ლანძღვაა _ ახალი ამბავი არ გახლავთ. ამას მოითხოვს მისი სამიზნე აუდიტორია _ კოლექტიური „გოგა ხაინდრავები“, რომლებისთვისაც „ნაცმოძრაობა“ ავადმყოფური აკვიატების საგანი გახდა.
თუმცა ეს არასდროს ყოფილა ისეთი აშკარა, როგორც _ დღეს. ურთულეს პერიოდში ქვეყანას სათავეში ჩაუდგება ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ეკონომიკა სად იწყება და სად თავდება.
ერთადერთი მიზეზის გამო _ ის „ნაციონალებს“ ვერ იტანს. „ქართული ოცნების“ ფასეულობათა სისტემის ნამდვილი სახე: ჯანდაბას წაუღია ყველაფერი, ეკონომიკა დაიქცეს, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდეს, ოღონდ „ნაცების“ ჯინაზე.
ეს არც არის გასაკვირი _ ის დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანას მართვას, უკეთესს ვერავის წამოაყენებდა. ელემენტარულად, არავინ ნორმალური და დალაგებული არ ჰყავთ და ვერც ეყოლებათ. რაც თვითონ არიან _ დაკომპლექსებულები, ფსიქოლოგიური პრობლემებით, ისეთი აირჩიეს.
მთავარი მოქმედი პირი მთელ ამ უმსგავსობაში არის ქართველი ხალხი. ერი, რომელიც ისტორიული პროცესისგან დაიღალა, რომელმაც თავისი უმწეობის, არაორგანიზებულობისა და უგუნურების გამო 30 წლის მანძილზე ერთსა და იგივე წრეზე დადის, რომლის ბოლოშიც ისტორიის სანაგვეა.
ერი, რომელმაც შემოქმედებითი ენერგია დაკარგა და ზრუნავს მხოლოდ ინდივიდუალურ კეთილდღეობასა და უცხოეთში წასვლაზე _ ისტორიულად განწირულია. მას წინსვლა და განვითარება არ უწერია.
დღეს ჩვენ ქვეყნის გადაშენებისა და დაცარიელების რთული, ხანგრძლივი და მძიმე გზის დასაწყისში ვართ. ქართველმა ხალხმა მთავარი რამ დაკარგა _ გადარჩენის ჟინი და წინააღმდეგობის უნარი. ერი სრულიად მშვიდად ადევნებს თვალს იმას, რომ პოლიტიკურ ელიტას მისი წუხილები საერთოდ არ აღელვებს; რომ უღრმესი კრიზისის დროს ქვეყნის მეთაურად ინიშნება სრული არარაობა _ მხოლოდ იმის გამო, რომ მას წინა ხელისუფლება სხვებზე მეტად ეზიზღება.
ამით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ღიად ეუბნება: „საერთოდ არ გვაინტერესებს, თქვენ როგორც ხართ, რა გინდათ და რა გაწუხებთ. მიიღეთ ეს და გაჩუმდით“.
ნებისმიერი სხვა ღირსეული ერი უკვე დიდი ხნის წინ აჯანყდებოდა. მაგრამ ისტორიისგან დაღლილი, ენერგიადაცლილი და იმუნიტეტმოშლილი _ არა.
ის ითმენს. ყველაფერს: უპერსპექტივობას, მაღალჩინოსნების სასახლეებს, რჩეული იდიოტების ბატონობას და იმასაც, რომ მოქალაქეთა კეთილდღეობასა და ქვეყნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანია სულიერად ავადმყოფი არამზადების პირადი ბოღმა.
ითმენს და ამასობაში უცხოეთში ნებისმიერი გზით გაქცევას ცდილობს. ვინც აქ რჩება _ ისიც კი საქართველოს თავისი შვილებისთვის საცხოვრებელ ადგილად არ განიხილავს.
„ჩვენ კი გავიჭედეთ და დავრჩით, მაგრამ შვილები აუცილებლად უნდა წავიდნენ“, _ ჩვენი დროის ყველაზე ტიპური ტექსტი.
მომაკვდავ ქვეყანას ტურები დაეუფლნენ.

თენგიზ აბლოთია