სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობიდან _ სრულ გამოჯანმრთელებამდე
გიორგი ლომჯარიას არასდროს დაავიწყდება დღე, როდესაც ძლიერი ტკივილი და მარცხენა თვალში მხედველობის დაკარგვა იგრძნო. მისთვის ამის გახსენება მარტივი არც დღეს არის იმის მიუხედავად, რომ 59 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პაციენტი აღმოჩნდა.
„მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის ნაწილობრივ თრომბირებული ანევრიზმა _ ეს გახლდათ ჩემი დიაგნოზი. ექიმებმა განმიმარტეს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა მქონდა, თუმცა ჩემთვის არც ერთი წამით არ მოუციათ უფლება, სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარი დამეკარგა“, _ იხსენებს 59 წლის პაციენტი.
სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა წამიერად იგრძნო, როგორ კარგავდა მხედველობას მარცხენა თვალში. ოჯახის წევრებმა ოზურგეთის კლინიკაში მიიყვანეს, საიდანაც პაციენტი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში სასწრაფოდ გაგზავნეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს დიაგნოზი სიცოცხლისთვის შეუთავსებელ მდგომარეობას განეკუთვნება, ვინაიდან ანევრიზმით გამოწვეულ სისხლჩაქცევას, როგორც წესი, უფრო მძიმე ფორმებში გამეორება ახასიათებს“, _ განმარტავს ნეიროქირურგი და მედიცინის დოქტორი, ლადო წიქარიშვილი.
ანევრიზმა მხედველობის ნერვებს აწვებოდა და მხედველობის დაქვეითებას იწვევდა, რის გამოც ოპერაცია კომბინირებული მეთოდით ჩატარდა. აუცილებელი გახდა მიდგომა ქალა ფუძეზე და ვიზუალიზაცია საძილე არტერიის კისერზე მანიპულაციის უსაფრთხოების მიზნით. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. კარგად ჩაიარა პოსტოპერაციულმა პერიოდმაც.
პაციენტი 10 დღეში ბინაზე გაეწერა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.