სერგო ჩიხლაძე: „ჭაობსა და ნეგატივთან ასოცირებულ ივანიშვილის ხელისუფლებას უნდა ვუთხრათ უარი“

ირინა მაკარიძე

ქვეყანაში მკვლელი ნარკოტიკის უკონტროლო გავრცელება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგებით სრულდება, არის ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, რომელიც ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ამ პრობლემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ.

ნარკოპოლიტიკაზე, ხელისუფლების მხრიდან საარჩევნოდ შავი სამყაროს გამოყენების პრაქტიკაზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:

_ რაც შეეხება ამ პრობლემას, რომელიც მტკივნეულია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით აისახება ახალგაზრდებზე, კომპლექსურია და ბევრ საკითხს უკავშირდება. შესაბამისად, გადაწყვეტაც უნდა იყოს კომპლექსური. პირველ რიგში, ეს არის პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის გასათვალისწინებელია განათლების კომპონენტი, დაწყებული სკოლის ასაკიდან, რაც მოიცავს ცნობიერების ამაღლებას ბავშვებში და ეს არის ჯანსაღი ალტერნატივების შექმნა ახალგაზრდებისთვის. როდესაც ახალგაზრდებს არ აქვთ გასართობი, არ აქვთ სპორტზე სიარულის შესაძლებლობა, ფინანსური ან ფიზიკური და ასე შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა ვერ საქმდება, შესაბამისად, ის უფრო მოწყვლადი ხდება ასეთი მავნე ზემოქმედების წინაშე. გამოსავალი არის ჯანსაღი ალტერნატივების შექმნა და ახალგაზრდების დასაქმება, რაზედაც სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს. დღეს რას ვხედავთ? ორიდან ერთი ახალგაზრდა, მათ შორის, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ვერ შოულობს სამსახურს, არათუ თავისი სპეციალობით, საერთოდ ვერ შოულობს. უმუშევრობა, ჯანსაღი გართობის ან დასვენების ალტერნატივის არარსებობა, მათ შორის, ფიზიკური აქტივობის არარსებობა, ყველაფერი ეს დაუცველს ხდის ახალგაზრდას. მეორე მიმართულება არის სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ ნივთიერებებზე. რეაბილიტაციაში  იგულისხმება ფსიქო-სოციალური  რეაბილიტაცია, რომ შემდეგ მოხდეს ამ ადამიანის რესოციალიზაცია-რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შესაბამისად, პროფესიული უნარ-ჩვევებიც უნდა მივცეთ ამ ადამიანებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამას აქამდე აკეთებდნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტების ფარგლებში, მაგრამ ეს იყო მწირი და მოკლევადიანი პროექტები. სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც არ არსებობს. მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ამ ადამიანებზე ზრუნვა, რომ იგი არ ჩაერთოს ამ სისტემაში და არ გახდეს დამოკიდებული ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. და მეორე: თუ მაინც აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე, სახელმწიფომ იზრუნოს მასზე. რაც შეეხება კანონმდებლობის ნაწილს, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი, როგორი კანონმდებლობა გვინდა ამასთან დაკავშირებით. აუცილებლად მინდა ქალბატონ ელისოს და ყველა იმ ადამიანს მადლობა ვუთხრა, ვინც ასეთ თემებზე აქტიურობს, არ ეშინია, არ ეპუება და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

_ გამოვლენილი ფაქტებით გამოჩნდა, რომ ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე განსაკუთრებით გაიზარდა. ამასთან, ვრცელდება ფალსიფიცირებული ნივთიერებები, რომლებიც მძიმე დაზიანებას აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას და ხშირად ასეთი ნივთიერების მოხმარება ფატალური შედეგებით ან ფსიქიკური პრობლემებით სრულდება. ამ პრობლემის წინაშე არიან როგორც სოციალურად მძიმე ყოფაში მყოფი, ასევე შეძლებული ფენის წარმომადგენლები, რომლებსაც არც ფინანსური პრობლემები აქვთ, არც გართობის და არც დასაქმების. ამის შესახებ რას იტყვით?

_ როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკა და ეს მიდგომები არ არსებობს, რა თქმა უნდა, იქ გაზრდილი იქნება რისკები. შეიძლება ყველა ქვეყანაში მოიხმარდნენ ნარკოტიკს, მაგრამ არ იყოს პრობლემური გავრცელება, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია სწორი პოლიტიკა, პრობლემის მასშტაბი იზრდება. ამ ფართო გავრცელებაში ყველა მოყვება, შეძლებული ოჯახიც და ღარიბიც, მაგრამ განსაკუთრებულად დაუცველები, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდები, რეგიონებში მყოფი ადამიანები, რომლებსაც არც დასაქმება აქვთ, არც გართობა, ხშირად არც სწავლის საშუალება და არც არანაირი ალტერნატივა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, როდესაც ასეთი მასობრივი გავრცელება ხდება, ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეიძლება ამ უბედურებაში აღმოჩნდეს ჩართული.

_ არსებობს მოსაზრება, რომ საარჩევნო პერიოდში ამ ადამიანების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ლოიალობა გაზრდილია, რადგან მათ იყენებენ საარჩევნო მიზნით, რას იტყვით ამის შესახებ? 

_ რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს ხდებოდა წინა არჩევნებზე, როდესაც ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები იყენებდნენ, მათ შორის, კრიმინალებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს საარჩევნო მიზნებისთვის. ეს არის ზუსტად რასაც გვეუბნება ევროკავშირი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ ასეთი მიდგომით ვერც ევროკავშირში შევალთ და, ზოგადად, ვერც განვითარების გზას დავადგებით. 8 თვე დარჩა არჩევნებამდე, დარწმუნებული ვარ, ყველა გონიერი ადამიანი გააკეთებს არჩევანს, როგორი ქვეყანა გვინდა, რომელსაც კრიმინალები მართავენ ან კრიმინალებს ახალისებენ, უბედურებაში ერთვება ახალგაზრდობა, ჭაობია, უმუშევრობაა, სიღარიბეა, თუ ქვეყანა, სადაც სწრაფი რეფორმებია, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, ბევრი ინვესტიციაა, სამუშაო ადგილები იქმნება, ადამიანების შემოსავლები იზრდება, ბევრი ალტერნატივაა ახალგაზრდებისთვის და სწარაფად სვლა ევროკავშირისკენ… აი, ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს. ამ ჭაობთან, კრიმინალთან და ნეგატივთან ასოცირდება ივანიშვილი, მისი პარტია და მისი მინისტრები. ამას უნდა ვუთხრათ უარი.

_ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით „ოცნებამ“ ისე მიიღო ცვლილებები, რომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. პრეზიდენტის ვეტოსა და საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, მის შეცვლას არ აპირებს. რას იტყვით, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს ცვლილებები „ოცნებისთვის“ და რა არის მასში პრობლემური?

_ ეს არის პირდაპირი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის, ეს არის ერთ-ერთი დათქმა, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად. რა ქნა ივანიშვილის ხელისუფლებამ? _ არათუ არ შეასრულა, საწინააღმდეგო კანონი მიიღო ერთხელ და უკვე მეორედ მიიღებს და დაამტკიცებს, როდესაც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. პრაქტიკულად, ამ 9 დათქმიდან ერთ-ერთს „ქართული ოცნება“ ორჯერ ეტყვის უარს. აქედან ჩანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ ივანიშვილისა და მისი პარტიის პოლიტიკა არ არის ევროკავშირში გაწევრიანება.

_ რას იტყვით იმ თეორიაზე, რომელიც „ოცნების“ წევრებმა ამ საარჩევნო ცვლილებების არგუმენტად განავითარეს, რომ თითქოს ცესკოს თავმჯდომარის მიმართ რაღაც შეთქმულება მზადდებოდა და თუ კანონს არ შეცვლიდნენ, მის ადგილს ოპოზიციური კვოტით გასული მოადგილე დაიკავებდა?

_ ეს არის იმდენად არასერიოზული და სასაცილო თეორია, რომ თვითონ ცესკოს თავმჯდომარე გაწირეს იმისთვის, რომ დასცინონ. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად არასერიოზულად უდგებიან საარჩევნო სისტემის რეფორმირებას.

_ თუმცა გაირკვა, რომ გიორგი კალანდარიშვილი დიდად ამის გამო არ წუხს და ის კაპიტალის შეგროვებით არის დაკავებული. აღმოჩნდა, რომ მას 5 ბინა აქვს შეძენილი ბოლო პერიოდში და თან ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად აცხადებს, რომ ის გაჭირვებული ოჯახიდან არასდროს არ ყოფილა. ეს რას აჩვენებს და რამდენად არის მისი ხელმძღვანელობით არჩევნების სამართლიანად ჩატარების შანსი?

_ ეს არის „ქართული ოცნების“ სავიზიტო პასუხი, რომ მისი ჩინოვნიკები 50-ჯერ და 100-ჯერ მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე მათ მიერ ოფიციალურად მიღებული შემოსავლებია. უახლოესი 30 წელი საერთოდ რომ არაფერში დაეხარჯათ თანხა, ლეგალური შემოსავლებით მაინც ვერ შეიძენდნენ ერთ ასეთ ბინასაც კი. ეს არის ტიპური კორუფციის მაგალითი, რაც უნდა დავამთავროთ 26 ოქტომბერს. 

_ გკითხავთ მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ: სასამართლოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის საარჩევნო შედეგების გასაჩივრება. ვხედავთ როგორ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ ვეტინგს _ მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას, რას იტყვით ამის შესახებ?

_ ვეტინგი, იგივე კეთილსინდისიერების კვლევა, არის ერთ-ერთი ეფექტიანი ბერკეტი და ბევრ ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის, უკრაინაში. ამ კანონის შემუშავებაში ჩვენი გუნდის ლიდერი, გიორგი ვაშაძე იყო ჩართული.  ალბანეთსა და სხვაგან არის გამოყენებული ასეთი მიდგომები. აქ მნიშვნელოვანია, _ ადამიანები დაინახავენ, რომ კონკრეტულ მოსამართლეს, რომელსაც სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ცხოვრობს ხელფასზე, მაგრამ უცებ იშენებს მილიონიან სასახლეს ან რამდენიმე ბინას ან ფლობს ასეულ ათასობით ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც მოსამართლეობის პერიოდში შეიძინა. ეს არის ძალიან მკაფიო შესაძლებლობა, დავინახოთ რომელი მოსამართლეა კორუმპირებული და რომელი _ არა. ის, ვინც კორუმპირებულია და ვერ ასაბუთებს თავის ქონებას, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს სასამართლო სისტემაში. „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ამას, რადგან ცდილობს დაიცვას თავისი კლანი სასამართლოში, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ კორუფციაში. კლანური კორუმპირებული სასამართლო არის ერთ-ერთი ბურჯი, რომელზედაც დგას ივანიშვილის პარტია.

_ ამ რეალობის გათვალისწინებით, რაზე იქნება ოპოზიციის წარმატება დამოკიდებული?

_ ოპოზიციის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოახერხებს ის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მობილიზებას, რამდენად დაამყარებს ნდობას ამომრჩეველთან, რამდენად რეალისტური იქნება ოპოზიციის გათვლები და შეთავაზებები. მნიშვნელოვანი და პრინციპული კომპონენტია, რამდენად კოორდინებული იქნებიან პარტიები ხმების დაცვისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობის კუთხით. აუცილებელია ელექტორატის მობილიზება, რომ ურნებთან მოვიდეს იმაზე ბევრად მეტი ამომრჩეველი, ვიდრე მოვიდა 2020 წელს.