„სახე და სახელ დაკარგული ტექნიკური უნივესტიტეტი “ _ რატომ დახურეს სტუ-ს სტუდენტური ტელევიზია?
„ჩემი სახე და სახელ დაკარგული უნივერსიტეტი!
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე მოგიყვეთ, თუ რა ხდება ჩემ გარშემო. ჩემთვის ცხოვრება ნიშნავს განვითარებას, წინსვლას, საკუთარი კვალის დატოვებას, ხოდა მეც, როგორც შემეძლო ვშრომობდი, ვსწავლობდი, ვიბრძოდი იმისთვის, რომ შემექმნა რამე ღირებული, ასე გაჩნდა „სტუნეტი“ (სტუდენტური ტელევიზია), სივრცე, სადაც განვითარებაზე, წარმატებაზე ორიენტირებულმა მაღალი ღირებულებების მატარებელმა გუნდმა მოიყარა თავი. გავიდა დრო, მოვლენები სხვანაირად განვითარდა, დაიწყო ჩვენთვის სრულიად გაუგებარი ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ, ჰოდა, ასე დაგვშალეს, ტელევიზია დახურეს, დალუქეს, უპასუხოდ დაგვტოვეს. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რატომ დავმარცხდით? ვკითხულობდით, _ ხომ მართლები ვიყავით და როგორ დავმარცხდებოდით?! ვდუმდით და, ალბათ, ამიტომ, სიჩუმეა ყველაზე დიდი ღალატი საკუთარი თავის. ჰოდა, გადავწყვიტე, დავარღვიო დუმილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შიგნიდან მჭამდა. არ ვაპირებთ გაჩერებას, არც დანებებას. ეს უნივერსიტეტია, სადაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან, განვითარებას უფრთხიან და ძალაუფლების დაკარგვის შიშით ანგრევენ ყველაფერ კარგს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი _ ჩვენ კითხვები გვაქვს, მოგიწევთ პასუხის გაცემა!“ _ ეს პოსტი სტუ-ს კურსდამთავრებულმა, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თანამშრომელმა აკაკი ქებურიამ გამოაქვეყნა.
ქებურია „ქრონიკა+“-სთან უკანონოდ დახურულ სტუდენტურ ტელევიზიაზე, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე, პროექტებში დასაქმებულ ნათესავებსა და გაბერილ ხარჯებზე საუბრობს.
რა მოცემულობის წინაშე დგანან და როგორ აპირებენ სტუდენტები სამართლიანობისთვის ბრძოლას? _ აღნიშნული თემის შესახებ ინტერვიუ აკაკი ქებურიასთან:
_ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია, რომლის სტუდენტებმაც მეტი პრაქტიკის მისაღებად და კვლევითი სივრცისთვის მედია ტექნოლოგიების დეპარტამენტში 2014 წელს შევქმენით ლაბორატორია, სადაც ამ ფაკულტეტის სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევები უნდა მიეღოთ. ჩვენმა პროექტმა გაამართლა და იმავე წელს შევქმენით ლაბორატორიაზე დაფუძნებული სტუდენტური ტელევიზია „სტუნეტი“, რომელიც სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. ამ ტელევიზიაში ძირითადი გუნდი არსებობდა, თუმცა სტუ-ს ყველა სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, გაევლო სტაჟირება და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო ამ მიმართულებით ჩართვა. 2014 წლიდან 2018 წლამდე სტუდენტებს არანაირი დაფინანსება არ გააჩნდათ. ჩვენ გვითხრეს, რომ სტუდენტებს უნივერსიტეტი თანხას ვერანაირად ვერ გადაუხდიდა. რამდენჯერმე იყო წახალისება სტუდენტური ჯილდოს სახით და გარკვეული თანხაც ჩაერიცხათ. 2018 წლამდე ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები ინტერნეტ ტელევიზიის მუშაობაში, დადიოდნენ გარე გადაღებებზე თავიანთი ხარჯებით და მომზადებული სიუჟეტები საიტებზე იტვირთებოდა. მხოლოდ ტექნიკა იყო უნივერსიტეტის. 2018 წელს უნივერსიტეტმა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტში შემოსული თანხების გარკვეული პროცენტი უნდა დახარჯულიყო სამეცნიერო მიზნებისთვის. ჩვენ რექტორს შევთავაზეთ, რომ ამ ნაწილში ერთი სტუდენტური პროექტი ჩაგვესვა, მთლიანი პროექტის ღირებულება 6500 ლარი იყო და 13 სტუდენტი გახლდათ ჩართული.
_ კონკრეტულად, რას მოიცავდა ეს პროექტი?
_ პროექტის სახელწოდება იყო: „უფრო მეტი სტუ-ს შესახებ“. მას ერთგვარი საინფორმაციო კამპანიის სახე ჰქონდა. ვინაიდან სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს სტუ-ს ინტერნეტ ტელევიზიიდან, უკვე საჭირო გახდა სტუდენტების შენარჩუნება და, ამავდროულად, ამ პროექტით შევძლებდით, უნივერსიტეტში მიმდინარე ღონისძიებები გაგვეშუქებინა და იგი ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. ამ პროექტზე თანხმობა მივიღეთ და პროექტში მონაწილე სტუდენტებს ხელშეკრულება გაუფორმეს. გიორგი კულდონაშვილს, რომელიც სტუდენტური ტელევიზიის ინიციატორი იყო, პრობლემები შეექმნა მმართველ გუნდთან, რადგან მათ დავალებებს არ ასრულებდა, რის გამოც უნივერსიტეტში დევნის მსხვერპლი გახდა. გიორგი დღემდე დეპარტამენტის უფროსია, თუმცა უფუნქციოდ დატოვეს. სწორედ გიორგის მიმართ დაწყებული დევნის შემდეგ დაიწყო ტელევიზიაზე შეტევა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სამეცნიერო პროექტებზე 10% უნდა იხარჯებოდეს, ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა ივანე ჯაგოდნიშვილმა 4-მილიონიანი ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი დახარჯა მხოლოდ პროექტებში, საიდანაც 20 000 ლარი მიჰქონდა მისი ოჯახის წევრებს. ამ ყველაფრის მტკიცებულებები არსებობს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ პროექტებში ჩართულები იყვნენ: მეცნიერები, ლექტორები, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ პროექტში ჩართული 3 ადამიანი თუ საქმეს აკეთებდა, დანარჩენი 5 უბრალოდ მიწერილი იყო, რომ ფული აეღოთ, ფაქტობრივად, პენსიასავით ჰქონდათ. ასევე სტუდენტურ ტელევიზიაში, სადაც, ძირითადად, 13 სტუდენტი აკეთებდა საქმეს, ტრენერად გაფორმებული ჰყავდათ 35 ადამიანი, მათ შორის, დეკანის ცოლ-შვილი, მეგობრები, რომლებსაც არც ერთხელ არ ჩაუტარებიათ ტრენინგები და არც კი იცოდნენ სად მდებარეობდა სტუდენტური ტელევიზია.
_ როცა აღმოაჩინეთ, რომ არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები, რა ზომებს მიმართეთ?
_ ჩვენს უნივერსიტეტში დეკანს აბარია აკდემიური მხარე, მენეჯერს კი _ ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გიორგი კულდონაშვილი, ამავდროულად, იყო მედიის ფაკულტეტის მენეჯერი. მიუხედავად ამისა, დაახლოებით მილიონ-ნახევრის პროექტებზე, არც ერთ მოხსენებით ბარათსა და ბრძანებაზე არ არის მენეჯერის ხელმოწერა, ყველაფერზე დეკანი აწერდა ხელს, მხოლოდ ერთ პროექტზეა გიორგის ხელმოწერა _ ეს არის სტუდენტური ტელევიზიის პროექტი. ამ თემასთან დაკავშირებით გიორგი რამდენჯერმე მივიდა რექტორთან და აუხსნა, რომ ფაკულტეტი კრიზისში იყო, რის გამოც ფაკულტეტზე კრიზისების მართვის კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც იყო გიორგი კულდონაშვილი. ამ კომისიაში ჩართული ვიყავი, როგორც კულდონაშვილის წარმომადგენელი და პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული. ჩვენს უნივერსიტეტში ფრანგული არჩევითი საგანია, მთელ უნივერსიტეტში მხოლოდ 7 სტუდენტი სწავლობს და 14 ლექტორია. მსგავსი არაერთი შემთხვევაა. ასევე იყო პროექტები, სადაც შტატები გაბერილი გახლდათ. შეიძლებოდა, ეს პროექტები ისე დარჩენილიყო, რომ ის ადამიანები ჩამოშორებოდნენ, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ. კომისიამ ეს ყველაფერი დათვალა და ოფიციალურად წარვადგინეთ. 2019 წლის პირველ მარტს შედგა კომისიის სხდომა და შევთანხმდით, რომ სამეცნიერო პროექტები დროებით უნდა შეჩერებულიყო, რადგან ის თანხა, რაც ამ პროექტებს სჭირდებოდა, უბრალოდ, არ გვქონდა. ოღონდ არ უნდა გაჩერებულიყო სტუდენტური ტელევიზიის პროექტი, რომლის ღირებულებაც 6500 ლარი იყო. მოხსენებით ბარათშიც, სადაც შეჩერებული პროექტები წერია, რა თქმა უნდა, არ იყო სტუდენტური ტელევიზიის პროექტი, რადგან რექტორთან, დეკანთან და კანცლერთანაც შეთანხმებული გვქონდა, რომ ეს პროექტი არ შეჩერდებოდა. შესაბამისად, სტუდენტებმაც განაგრძეს მუშაობა, მათ მარტსა და აპრილში ჩაერიცხათ თანხა, 17 მაისს კი ბუღალტერიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პროექტში მონაწილე სტუდედენტებს ორი თვის განმავლობაში ერიცხებოდათ თანხა, რომელიც არ ეკუთვნოდათ და, სავარაუდოდ, უკან უნდა დაებრუნებინათ. ამ საკითხის გარკვევას შევეცადე ბუღალტერთან. ორი მოხსენებითი ბარათი მივიღე: პირველი, სადაც შესაჩერებელ პროექტებში სტუდენტური ტელევიზიის პროექტი არ წერია; მეორეში კი წერია, რომელიც პირველი მარტით თარიღდებოდა. იმჟამინდელ მთავარ ბუღალტერ ჯემალ ალანიას ვუთხარი, თუ რატომ ერიცხებოდა ორი თვე ამ სტუდენტებს თანხა თუ არ ეკუთვნოდათ? ე. ი. ასეთ შემთხვევაში თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი დგება-მეთქი, რაზედაც ბატონმა ჯემალმა მიპასუხა: „მე ამ თემასთან დაკავშირებით ვიყავი რექტორთან, კანცლერთან და ვუთხარი, ამ თემას არ შევიტენი. ბრძანება, როგორც ჩაანაცვლეთ, ისე „გააპრავეთო“. ანუ მან პირდაპირ მიპასუხა, რომ რექტორის მიერ ჩანაცვლებულ ბრძანებას არ „შეიტენიდა“. შემდეგ დეკანთან მივედით და ვკითხეთ, _ თუ პროექტი შეჩერებული იყო პირველი მარტიდან, რატომ ვიღებდით დავალებებს და რატომ არ გაგვაფრთხილეთ შეჩერების შესახებ? რაზედაც გვითხრა, რომ კომისიის საფუძველზე მიიღო პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება. დეკანმა გვანახა კომისიის დადგენილება, რომელზედაც კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა არ არის და თან კონკრეტულად არაფერი წერია, მხოლოდ ზოგადად აღნიშნულია, რომ ფაკულტეტზე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდეს პროექტები. დეკანს ამის შემდეგ დაწერილი აქვს მოხსენებითი ბარათი, თუ რომელი პროექტები უნდა შეჩერდეს. ამ ბარათის საფუძველია კომისიის დასკვნა, რომელზედაც თავმჯდომარის დასკვნა არ არის. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული დარღვევაა. ამავდროულად, მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული პროექტები, რომელიც ოფიციალურად შეჩერებული იყო, ჩუმად გრძელდებოდა, აქ მონაწილეობდნენ დეკანი და მისი მეუღლე, მხოლოდ ამ პროექტებიდან 6000 ლარი მიჰქონდათ, ე. ი სტუდენტებს პროექტი შეგვიჩერეს და თვითონ განაგრძეს სარგებლის მიღება. ფაკულტეტზე ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ფაქტია, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ.
_ რა გზას მიმართეთ მას შემდეგ, რაც თქვენს ქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია?
_ 2019 წლის ივნისში გავაკეთეთ პეტიცია, რომლის მიხედვითაც სტუდენტები მხარს უჭერენ სტუდენტური ტელევიზიის არსებობას და ითხოვენ იმ გუნდის დაბრუნებას, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა. 4 ათასამდე ხელმოწერა შევაგროვეთ. როგორც წესი, ჩვენს ქვეყანაში ვინც ხმას იღებს უსამართლობაზე, ავტომატურად მიუღებელი ხდება, ასეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც. სტუდენტური ტელევიზიის პროექტს ვხელმძღვანელობდით მე და თინათინ მედულაშვილი, მებარა ტელევიზიის კურატორობა. მას შემდეგ, რაც ჩვენ პეტიცია დავწერეთ, დეკანმა შექმნა კომისია, რომელიც გვამოწმებდა, დავდიოდით თუ არა სამსახურში. ამ კომისიაში შემავალ ადამიანებს ყოველდღიურად ვნახულობდი უნივერსიტეტში, უბრალოდ, არ ვიცოდი, თუ გვამოწმებდნენ. საბოლოოდ, შექმნილმა კომისიამ ოქტომბრის ბოლო ორი კვირა დამიჯამა, ეს საკითხი გაიტანეს ეთიკის კომისიაში, რომელზედაც არ დამიბარეს. ჩუმად ჩაატარეს კომისიის სხდომა და ამის საფუძველზე მე და თინათინ მედულაშვილი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს.
_ ფიქრობთ, რომ თქვენი განთავისუფლების მოტივი პეტიციის შექმნა იყო? მანამდე თუ ჰქონდათ სამსახურიდან თქვენი უკანონოდ მოხსნის მცდელობა?
_ დიახ, ვფიქრობ, რომ მოტივი სწორედ ეს იყო, _ ვერ აიტანეს, რომ უსამართლობაზე თვალი არ დავხუჭეთ. ამ შემთხვევამდე ბატონ ვანოს ჰქონდა სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების მცდელობა. მან მოხსენებითი ბარათი დაწერა ჩემი განთავისუფლების შესახებ, თუმცა მიზეზი არ აღუნიშნავს. _ რის საფუძველზე მიშვებთ-მეთქი? რომ ვკითხე, პასუხი ვერ გამცა. სწორედ ამის შემდეგ შექმნეს ვითომ კომისია. ასევე ამათ ჰქონდათ არგუმენტი, რადგან პროექტი შეჩერდა, შესაბამისად, ხელფასიც არ უნდა ჩაგვრიცხოდა, რაზედაც ვუთხარით, რომ სასწავლო წლის დასაწყისში თავიდან მივიღებდით სტაჟიორებს სტუდენტურ ტელევიზიაში და ავამუშავებდით, ამ ყველაფერს კი უხელფასოდ გავაკეთებდით, რაც არ აწყობდათ, _ მათი მიზანი იყო, ჩვენგან წაერთმიათ ჩვენივე შექმნილი სტუდენტური ტელევიზია, რადგან მათთვის პიროვნულად მიუღებლები ვიყავით, მეც და გიორგიც.
_ რატომ იყავით თქვენ მათთვის მიუღებლები და იყო თუ არა მედია პროდუქტში მომზადების ნაწილში დეკანატის მხრიდან კონკრეტული ჩარევები და მოთხოვნები?
_ ჩვენ მიუღებლები ვიყავით და სწორედ იმიტომ გვებრძოდნენ, რომ სტუდენტურმა ტელევიზიამ მათი მითითებები არ გაითვალისწინა, არ გავაშუქეთ „ქართული ოცნების“ აქციები და აქტივობები. 2017 წელს მერისა და საკრებულოს არჩევნები დროს მოგვიწია პარტიული აქტივობის გაშუქება, რამაც სტუდენტური ტელევიზიის შიგნით ობიექტურად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მას შემდეგ არც ერთხელ არ შეგვისრულებია კონკრეტული დავალება. რაც შეეხება ჩვენ განთავისუფლებას, ეს დადგმული სპექტაკლი იყო და იმჟამინდელ რექტორს მივმართეთ, რომ ეს ყველაფერი გამოეკვლია, ის კი მიმართავდა დეკან ივანე ჯაგოდნიშვილს, რომელმაც, რეალურად, უკანონოდ გაგვათავისუფლა. დიდი ხნის განმავლობაში ერთ წრეზე ვტრიალებდით, რეალურად პასუხებს ვერ ვიღებდით. უნივერსიტეტს სახელს ნუ გაუტეხავთ. ამით ცდილობენ ჩვენზე ზეწოლას და ჩვენს შეჩერებას. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტი მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში პრეტენზიები გვაქვს კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც ძალაუფლებასა და თანამდებობას ბოროტად იყენებენ. ხაზგასმით ვამბობ, რომ უნივერსიტეტს არავინ ერჩის. უნივერსიტეტის შიგნით ყველა ნაბიჯი გადავდგით, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ აუცილებელია საჯაროდ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე.
_ რა არის ამ ეტაპზე თქვენი მოთხოვნა?
_ ორი კვირის წინ უნივერსიტეტთან გამართულ ბრიფინგზე რექტორს მოვთხოვეთ იმ ადამიანების დასჯა, რომლებიც, უბრალოდ, სტუდენების მიერ სიმწრით გადახდილ ფულს ფლანგავენ. ეს პირები არიან: ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი, დეპრტამენტის თანამშრომელი ავთანდილ ადეიშვილი და თვითმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე, რომელიც ყველანაირად ცდილობს, პარტიული გახადოს უნივერსიტეტი. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს რექტორისგან, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ იმისთვის, რაც გააკეთეს. ასევე ვითხოვთ უკანონოდ შეჩერებული ტელევიზიის აღდგენას. ამ ყველაფრისთვის მათ მივეცით დრო. რექტორი საქმის კურსშია, ჩვენ მოვუყევით ეს ყველაფერი, მან იურიდიულ დეპარტამენტსა და აუდიტს ამ საკითხის მოკვლევა დაავალა. რექტორს როცა ვკითხეთ, რა პოზიცია ჰქონდა, მან გვიპასუხა: ივანე ჯაგოდნიშვილს არჩევნები იანვარში უწევს და თვითმმართველობის არჩევნებიც დეკემბერშია, ამიტომ ახლა რამის გაკეთებას აზრი არ აქვსო. ე. ი. იმის გამო, რომ არჩევნებია, მათ ეს ყველაფერი უნდა შერჩეთ ან კიდევ უარესი, შესაძლოა, არჩევნებში მოიგონ და ისევ განაგრძონ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
„ქრონიკა+“-ის ზარებს არ პასუხობენ: დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი, სტუ-ს თვთმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე და დეპარტამენტის თანამშრომელი ავთო ადეიშვილი.
ნენე ინჯგია