სახელმწიფოს მიერ შესყიდული, საერთაშორისო ბაზარზე „აკრძალული“ ვაქცინები და მათი შემომტანი კომპანიები
„ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის შედეგადაც (სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით) თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის „გილეადის“ წარმოების პრეპარატს ვადა გაუვიდა. დავით სერგეენკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ანგარიშზე განაცხადა, რომ „მათ „ვიკიპედიაში“ თუ მსგავს პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები აიღეს და ასე დაინგარიშეს.
„ქრონიკა+“-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ც ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება- 560,645,083 ლარი _ ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. რომ ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.
უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.
ზუგდიდის C ჰეპატიტის სკრინინგცენტრში სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამით განისაზღვრა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რომლის ბიუჯეტი შეადგენდა 30 000-დან 1 100 000 ლარს. პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 1 023 951 ლარს, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრა 12 თვით. სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოსადმი წარდგენილ დასაბუთებაში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებული აქვს 3-3,5 თვე. ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მედპროექტთან“, ხელშეკრულების გაფორმებიდან მომსახურების მიწოდების 30-დღიანი პირობით. საბოლოო ჯამში, სკრინინგცენტრის მშენებლობა შეზღუდულ ვადებში ვერ განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ფუნდაშენთან“ და კონტრაქტის ღირებულებამ შეადგინა 1 023 594 ლარი. მიწოდების საბოლოო ვადად განისაზღვრა 4,5 თვე, სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდება კი განხორციელდა 11 თვის შემდეგ. აღნიშნული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის, რომლის შეზღუდულ ვადებში დასრულების პრიორიტეტულობა დადგინდა მთავრობის სამართლებრივი აქტით, მიწოდების ვადების დარღვევისთვის განისაზღვრა სანქცია 0,01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სამშენებლო პროცესის მონიტორინგის ნაკლოვანებებზე, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მშენებლობის ვადების გაჭიანურება. კიდევ ერთი დეტალი: აღნიშნული პროექტი მთლიანად შესრულებულია ქვეკონტრაქტორების მიერ და მასში არ არის გათვალისწინებული გენერალური მოიჯარის საკომისიო მარჟა. აღნიშნულმა ნაწილობრივ იმოქმედა მშენებლობის ხარისხზე, კერძოდ, მშენებლობის პროცესში ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, რომლის გამოსწორებაც გახდა მშენებლობის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი.
ასეთი ობიექტები, კერძოდ C ჰეპატიტის სკრინინგცენტრები, სადაც საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის სერიოზული დარღვევებია გამოვლენილი, რამდენიმეა საქართველოს რეგიონებში. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში კიდევ უფრო შემზარავი ფაქტებია მოყვანილი.
ცუდი აქ ერთია _ წინა წლების ანგარიშები ახლა რომ იდება და თმები ყალყზე გიდგება. იმედი ვიქონიოთ, რომ 2019 ან 2020 წლების ანგარიში ვაქცინების შესახებ 2023 წელს არ გასაჯაროვდება.
ახლა კი მოემზადეთ! ვაქცინები…
იმუნიზაციის პროგრამა მოსახლეობის საყოველთაო იმუნიზაციას ანუ ვაქცინაციას ითვალისწინებს, რომლიც საფუძველსაც წარმოადგენს ვირუსისგან და სხვადასხვა ინფექციისგან დაცვა.
სამი წლის წინ ანტირაბიული იმუნოგლობულინის შესასყიდად ცენტრმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი იმუნოგლობულინის 30 600 (5 მგ) დოზის შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 1 630 062 ლარი. სატენდერო დოკუმენტაციით შეთავაზებულ ფარმაცევტულ პროდუქტს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნა: „ფარმაცევტული პროდუქტი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაშვებული უნდა ყოფილიყო ამავე დადგენილებაში მითითებული რომელიმე ქვეყნის ბაზარზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა _ ფრანგულმა მწარმოებელმა კომპანია „სანოფი პასტერმა“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება იმუნოგლობულინის, კომერციული დასახელებით _ „ფავირაბის“, მიწოდების თაობაზე, სახელშეკრულებო ღირებულებით 1 630 062 ლარი. ხელშეკრულების პირობის დაცვით, „სანოფი პასტერმა“ ცენტრს მიაწოდა 13 746 დოზა. იმის გამო, რომ იგვიანებდა იმუნოგლობულინის წარმოებაზე ნებართვის გაცემის პროცედურა საფრანგეთის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ (ყურადღება მიაქციეთ ამ გარემოებას, _ რედ.), გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შპს „ჯიპისისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესყიდულ იქნა 6 000 (დაახლოებით, 3 თვის მარაგი) დოზა იმუნოგლობულინი „ვინრაბი“, რომლის საქართველოს ბაზარზე დაშვება განხორციელდა ერთჯერად იმპორტზე ნებართვის საფუძველზე. საფრანგეთის მარეგულირებელ ორგანოებში იმუნოგლობულინის წარმოებაზე ნებართვის გაცემის პროცედურის დაგვიანების გამო შეწყდა კომპანია „სანოფი პასტერთან“ გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოების გამო, ცენტრმა მრავალწლიან შესყიდვაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ანტირაბიული იმუნოგლობულინი 2 002 350 კილოგრამი წონისთვის საჭირო მოქმედი ნივთიერების საერთაშორისო ერთეულების (ს.ე.) რაოდენობით, სავარაუდო ღირებულებამ შეადგინა 1 902 392 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით 1 459 312 ლარი. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული იყო ანტირაბიული იმუნოგლობულინი კომერციული დასახელებით _ „პრემირიგი“, რომელზედაც იმ მომენტში მიმდინარეობდა და არ იყო დასრულებული ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციის პროცედურები. აუდიტის შედეგად დადგინდა კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებული რისკები: აღნიშნული პრეპარატის მიწოდების შესაძლებლობა დაშვებულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ერთ-ერთი მოთხოვნით, რომლის მიხედვით, „პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა მოსაწოდებელი საქონლის საქართველოში რეგისტრაციის დოკუმენტი. მოცემული მოთხოვნით, ერთი მხრივ, გაფართოვდა პოტენციურ მიმწოდებელთა არეალი, ვინაიდან დაშვებულ იქნა დაურეგისტრირებელი პრეპარატის მიწოდების შესაძლებლობა, მაგრამ, მეორე მხრივ, გაიზარდა მისაწოდებელი სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებული რისკები. ამ შემთხვევაში დაურეგისტრირებელი პრეპარატის ერთჯერად იმპორტზე თანხმობის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება დაეფუძნა ხარისხის შესაბამისობის მინიმალურ სტანდარტებს. იმუნოგლობულინ „პრემირიგის“ მიხედვით, ტენდერის გამოცხადების თარიღისათვის მიმდინარე რეგისტრაციის პროცედურები დასრულდა რეგისტრაციაზე უარის თქმით, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი კლინიკური მონაცემები კონკრეტული იმუნობიოლოგიური პრეპარატის ეფექტურობის, უსაფრთხოებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ.
როგორია? გავაგრძელეთ!
16 854 ფლაკონის მიწოდების ნებართვა გაიცემა შპს „ეი-ბი-სი ფარმაციისთვის“ მოცემული რაოდენობის პრეპარატის ერთჯერად იმპორტზე. საქონლის მიღების დროს განხორციელებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას არ იყო დაცული „ცივი ჯაჭვის“ პრინციპის მოთხოვნები. კერძოდ: სატრანსპორტო ყუთებში მოთავსებული იყო ყინულის ელემენტები, თუმცა არც ერთ ყუთში არ ეწყო გაყინვის ინდიკატორები ან ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის სხვა მოწყობილობები, რომლებიც დაადასტურებდა ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების („ცივი ჯაჭვი“) დაცვას. ამის გამო მოცემული პარტია დაწუნებულ იქნა და დაუბრუნდა მიმწოდებელს. იმდენად, რამდენადაც ქვეყანა რჩებოდა იმუნოგლობულინის სტრატეგიული მარაგის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ჯიპისისთან“ 5 000 ფლაკონის ანტირაბიული იმუნოგლობულინის კომერციული დასახელებით _ „ვირნაბის“ შესყიდვაზე, რომლის მიხედვით ერთეულის ღირებულებამ შეადგენა 25,60 ლარი და კონტრაქტის ჯამური მოცულობიდან გამომდინარე, 36 895 ლარით აღემატებოდა მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ეი-ბი-სი ფარმაციის“ ფასს. ამასთანავე, აღნიშნული პრეპარატის ერთეულის ღირებულება შპს „ჯიპისის“ ზემოაღნიშნული ტენდერის მიხედვით შემოთავაზებული ჰქონდა 18,22 ლარად. შესასყიდი ვაქცინა დამზადებული უნდა ყოფილიყო ქსოვილოვან კულტურაზე ან კვერცხის ემბრიონზე და უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული მთავრობის #188 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ან უნდა მიკუთვნებოდა ამავე დადგენილებაში მითითებულ რომელიმე ქვეყნის ბაზარზე დაშვებულ სამკურნალო ან რეგისტრირებული FDA ან EMA-ს მიერ ან პრეკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მოცემულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯი-პი-სი“ და მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ანტირაბიულ ვაქცინა „ზუდის კადილას“ წარმოების „ლისავაკის“ დასახელების 194 965 დოზის (ღირებულებით 1 879 461 ლარი) მიწოდების თაობაზე.
„ჯანმოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მოცემული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგი, რომლის მიხედვით წარმოების სანიტარიული ნორმები და ხარისხის კონტროლის სისტემა არ პასუხობდა GMP-ს ( Good Manufacturing Practices ) სტანდარტებს და მწარმოებელი კომპანია ვერ იღებდა პასუხისმგებლობას პროდუქტის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ნებაყოფლობით მიიღო გადაწყვეტილება, 2015 წლის აპრილის შემდგომ წარმოებული RO111, RO112, RO113 და RO115 სერიის ვაქცინის ქსელიდან ამოღების შესახებ (მოცემული სერიის ვაქცინა საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 2015 წლის აგვისტოსა და ოქტომრის თვეებში, სულ 86 000 დოზა). აღნიშნულის თაობაზე ცენტრს ეცნობა 2016 წლის 11 თებერვალს და დაიწყო გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული შესყიდვის გზით ალტერნატიული ვაქცინის შესყიდვის პროცედურები. ამის შემდეგ ფრანგული კომპანია „სანოფი პასტერის“ საქართველოს წარმომადგენელობასთან გაფორმდა ხელშეკრულება 40 000 დოზის „ვერორაბის“ შესყიდვის თაობაზე, რომელიც სრულად იქნა მიწოდებული. იმის გამო, რომ ქვეყანა არ დარჩენილიყო ვაქცინის გარეშე, ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, _ ახალი ვაქცინის ხარჯზე ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ვაქცინის საკმარისი, სტაბილური მარაგის შექმნამდე გახარჯულიყო ზემოხსენებული სერიების „ლისავაკი“ და ამის შემდგომ მომხდარიყო მისი გაუხარჯავი დოზების დაბრუნება მწარმოებელი კომპანიისთვის. უფლებამოსილი პირების განმარტებით, მოცემული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუმართავს ვაქცინის სავალდებულო ამოღების მექანიზმის გამოყენების თაობაზე და აგრეთვე „ლისავაკის“ მიხედვით, 2015 წელს განხორციელებულ სამედიცინო ინტერვენციების შედეგებს, რომელთა შესაბამისად არც ერთი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ალტერნატიული ვაქცინის შესყიდვის შემდგომ გაიხარჯა 17 388 დოზა ზემოხსენებული სერიების ვაქცინა „ლისავაკი“, ხოლო 7 420 გაუხარჯავი დოზა დაუბრუნდა მწარმოებელ კომპანიას.
კონტროლის სისუსტე ქვეყანაში ანტირაბიული ვაქცინის სტარტეგიული მარაგების რაოდენობის განსაზღვრისა და სწორი განაწილების მიზნით, ცენტრში ყოველთვიურად წარმოადგენს როგორც საკუთარ, ისე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებას.
დღესდღეობით ეპიდზედახმედველობის პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს ცენტრთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე ახორციელებს 3 რეგიონული და 60 რაიონული მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრი. ცნობისთვის: ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშში არ არის ასახული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 2015 წლის საწევრო გადასახადის მიხედვით წარმოშობილი კრედიტორული დავალიანება _ 230 728 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბერს არსებული კურსით შეადგენდა 557 485 ლარის ეკვივალენტს, ხოლო გადახდის მომენტისთვის (2016 წლის 15 თებერვალი) არსებული კურსით _ 587 503 ლარს, კურსთაშორისმა სხვაობამ შეადგინა 30 018 ლარი. მოცემული დავალიანების საფუძველია 2015 წელს საქართველოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის 2019 წლამდე საწევრო გადასახადის გადახდის შეთანხმებული გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად როგორც მიმდინარე წლების, ისე ძველი დავალიანების დაფარვას და რომლის გათვალისწინება შესაძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
რა შეიძლება ითქვას ამის შემდეგ: რომ საქართველოში წლების განმავლობაში შემოდიოდა ანტირაბიული ვაქცინები, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არ დაიშვებოდა. და რომ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხსენებული ანგარიში, ამის შესახებ ვერც კი შევიტყობდით.
თამარ როსტიაშვილი