საფრთხე #1 _ ქართული პოლიტიკის „ვაი ჭკუისაგან“

ადამიანებს უამრავი უცნაური თვისება გვაქვს. ხშირად გვქონია განცდა, როდესაც თითქოს წინასწარ ვიცით, რომ რაღაც საფრთხე გარდაუვალია და მოქმედებას ვიწყებთ. აქ პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით ამ საფრთხის მიმართულება ან ამასაც ვგრძნობთ, მაგრამ ვცდილობთ, გაუაზრებლად დავუპირისპირდეთ მას. მოკლედ, საფრთხისადმი დამოკიდებულებას ინსტინქტებს მივანდობთ ხოლმე.

უფრო ცუდად არის საქმე, როდესაც საკითხი პოლიტიკას ეხება. პოლიტიკური საფრთხეების აწონისა და გაანალიზების დროს ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე სასარგებლო იდიოტების როლში ან ხბოს აღტყინებით გვიხარია, რომ პროცესიდან ჩვენთვის სარგებელს მოვწველით. ნუ დავწვრილმანდებით სარგებლის განმარტებაზე და ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფოსთვის სარგებელზე ვსაუბრობთ. თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს „სარგებელი“ ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობის შემთხვევაში მაინც სხვა მოცემულობაა _ რეალურად მათ სახელმწიფო და ძალაუფლება საკუთარი ინტერესებისთვის სჭირდებათ და არა პირიქით _ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სახელმწიფოსთვის.
როდესაც ასეთ თემებზე საუბრობ და ძალაუნებურად გიწევს არსებული ნარატივების წინააღმდეგ წასვლა, ეს საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯია. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ უფსკრული ძალიან ახლოს არის, იმიჯზე არ ფიქრობ, რადგან თემის წაყრუება დიდი დანაშაულიც კი არის.

***
ჩემთვის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აბსოლუტურად გასაგებია ოპოზიციის დღის წესრიგი, რომელიც ხელისუფლების ცუდი საქმეების დემონსტრირებასაც მოიცავს საკუთარ თავში, მისი მოხელეების არა მხოლოდ უნიათობის, არამედ დანაშაულის წარმოჩენასაც და ისეთი ვითარების შექმნას, რომელიც საბოლოოდ დააყენებს ხელისუფლების შეცვლის მოცემულობას მორიგ არჩევნებზე. ისევე როგორც სავსებით ლეგიტიმურია სხვა, უფრო მკვეთრი მოქმედებები კონსტიტუციით გარანტირებულ ჩარჩოებში. გასაგებია ხელისუფლების სურვილიც, პოზიციები ნებისმიერი საშუალებით შეინარჩუნოს. აქ მნიშვნელოვნად სასურველია, ეს „საშუალება“ გაწეული საქმიანობა იყოს და სხვა სახის ჩალიჩი და ქმედებები _ დაწყებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩევლის მოსყიდვით ან დაშანტაჟებით დასრულებული, მას არ სჭირდებოდეს. მაგრამ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, რომელიც თითქმის ყოველთვის იგნორირებულია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ. გასული 30 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გავხდით იმის მომსწრენი, რომ პოლიტიკური პარტიების (მმართველის თუ ოპოზიციის) დღის წესრიგი მეტწილად აცდენილია სახელმწიფო ინტერესებს, განსაკუთრებით საფრთხეების გაანალიზებისა და წინასწარ დაგებული მახეებისთვის თავის არიდების ნაწილში. რაოდენ რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს.

***
არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს ერთი ან ვის _ მეორე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. თავის დროზე, გია ჭანტურია კომუნისტების არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო. ძალიან კარგად მახსოვს, სენაკის სამხედრო კომისარიატში ჩემსა და ბატონ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული დიალოგი _ როდესაც მან სინანულით აღნიშნა, დამარცხების მიზეზი გამარჯვება გახდაო (ამის შესახებ ვრცლადაც მაქვს დაწერილი). დღეს ქართველ პოლიტიკოსებს (სხვას რომ თავი დავანებოთ), თუ ჰკითხავთ, ვინ დაამხო მაშინ გამსახურდიას ხელისუფლება, გიპასუხებენ _ რუსეთმა, ÊÃÁ-მ, საბჭოთა ინტელიგენციამ. მაგრამ ერთეულები (მინდა, რომ ერთეულები მაინც იყვნენ) დაბეჯითებით და სწორად იტყვიან, _ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო ომი ÃÐÓ-ს ერთ-ერთი ყველაზე წამატებული სპეცოპერაცია იყო.
ალბათ ვიღაცებს უნდა ავუხსნა, რა განსხვავებაა ÃÐÓ-სა და ÊÃÁ-ს შორის, ავუხსნა განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რომლებიც, ჩვენდა საუბედუროდ, ქართულ პოლიტიკასა და რეალობას ქმნიან: ÃÐÓ ÊÃÁ-ზე ბევრად მობილური, სასტიკი და ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც დღესაც ყველაზე ეფექტიანად და უხეშად მოქმედებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი იდეოლოგია აქვს და ეს არის „რუსსკი მირ“, „მესამე რომი“ არა რელიგიურ კონტექსტში, არამედ იმპერიალისტურ რაობაში, რაც, რა თქმა უნდა, რელიგიასაც მოიცავს. სხვათა შორის, ორგანიზაცია, რომელიც, დიახაც, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასაც მართავს. სხვათა შორის, ÃÐÓ-ს დაგეგმილი და განხორციელებული იყო ყირიმის „მწვანე კაცუნების“ ოპერაციაც, რომლის საბოლოო შედეგიც ყველასთვის ცნობილია.
მცირე გადახვევა: ÃÐÓ (სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო) იცით, წლების განმავლობაში როგორ უსწორდებოდა საკუთარ აგენტებს, რომლებიც მას ყიდდნენ? _ წვავდა! ეს ისე, ლირიკად. ახლა მოდაში საწამლავია. ესეც, _ ლირიკად. სხვათა შორის, ამ სამმართველოს თანამშრომლებს საჭირო დროს არც იმის „აღიარება“ უჭირთ, რომ გეი წყვილი არიან. გაგახსენოთ სოლსბერის „ინციდენტი“, ანუ სკრიპალების საქმე და ეჭვმიტანილები _ ბაშიროვი და პეროვი? თუმცა ქართველ ობივატელს, გნებავთ, პოლიტიკოსებს, მით უფრო ურაპატრიოტებს, ამის გასააზრებლად სად სცალიათ, ცალკე ქართველი უმცირესობები არიან სადევნი, ცალკე კიდევ ხელისუფლებაში დარჩენა-მოსვლის წყურვილი კლავთ. ამასობაში მათი მხედველობის მიღმა რჩება სპეცოპერაცია, რომელსაც ამჟამად ÃÐÓ საქართველოში ატარებს. და ამ სპეცოპერაციაში ძალაუნებურად მონაწილეობს ქართული პოლიტიკური ელიტა _ ხელისუფლება-ოპოზიციით დაწყებული და მათი გულმხურვალე მომხრეებით დასრულებული. მეტიც, ამ ოპერაციაში ისინიც მონაწილეობენ, რომლებიც ფიქრობენ, _ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო და არჩევნებზეც კი არ მისულან არასოდეს. ისინი, ვისაც არც ხელისუფლება ეხატება გულზე და არც _ ოპოზიცია. მოკლედ ახლა, ლამის, მთელი ერი, გაღმა თუ გამოღმა ნაპირას მყოფი, ყველა ორკესტრირებულად უწყობს ხელს ÃÐÓ-ს საკუთარი მიზნების შესრულებაში.

***
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მსოფლიოში ლიბერალური ფილოსოფია სულს ღაფავს, საპირწონე იდეოლოგია არ არსებობს და, ამ დროს, რეალურად, ფორსმაჟორში ხდება მისი ჩანაცვლება „ნაციონალიზმის“ იდეით. აშშ-მ და მისმა პრეზიდენტმა, ერთი შეხედვით, რუსეთს მისი იდეოლოგიური საყრდენები წაართვა. წინა პლანზე წამოვიდა ნაციონალიზმის იდეა. სხვა რომ არაფერი, არც ერთი ამერიკული ფონდი, რომელსაც რაიმე სახის, თუნდაც, 1 დოლარის ოდენობის, შეხება აქვს ფედერალურ ბიუჯეტთან, არ აფინანსებს, მაგალითისთვის, სექსუალური უმცირესობების აქტივობებს. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, არც აქტოვობები შეწყვეტილა და არც მოძრაობას მისდგომია რაიმე სახის ზიანი, _ როგორ? ეს დაფინანსება სრულად აიღო საკუთარ თავზე რუსეთმა და უფრო სწორად, მისმა ძლევამოსილმა სამსახურმა _ ÃÐÓ-მ.
მაშინ, როდესაც მსოფლიოს მამები ახალი მსოფლიოს მოდელირების ფორმაზე მუშაობენ (ამის შესახებ ვრცლად ვწერდი რომის კლუბის ამოცანების განხილვისას), რასაც უნდა მოჰყვეს და ეს გარდაუვალი პროცესია, ახალი რელიგიის-იდეოლოგიის შექმნა, რადგან ტრადიციული რელიგიები საკმაოდ დისკრედიტებულნი აღმოჩნდნენ და ვერც ქრისტიანობამ (თავისი განშტოებებით), ვერც ისლამმა (თავისი მიმდინარეობებით) ვერ შეძლეს არსებული გამოწვევებისთვის გაეცათ პასუხი _ ჩვენ წარსულში ვცხოვრობთ. ამ პირობებში ÃÐÓ ცდილობს სწორხაზოვნად გაჰყვეს საკუთარ ამოცანებს და იდეას _ „რუსსკი მირის“ ფორმირებას, სამყაროს „მესამე რომის“ ირგვლივ შემოკრებასა და მართვას.
რამდენიმე დღის წინ თბილისში კერძო ვიზიტით მყოფმა გერმანელმა ჟურნალისტმა (რადგან ჩვენი შეხვედრები კერძო ხასიათის იყო, არ ვაპირებ არც მისი გვარისა და არც სხვა პერსონების გახმოვანებას, რომელთა მოსაზრებებს ქვემოთ წყაროებად ვიყენებ) ასეთი რამ მიამბო: რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა აღმოჩნდეს და რთულად გასააზრებელი _ ÔÑÁ (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) ბევრად უფრო ღია და ცივილიზებული უწყებაა, ვიდრე ÃÐÓ. ÔÑÁ-სთან თანამშრომლობა თვით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისთვისაც არ წარმოადგენს ცუდ ტონს, მაშინ როდესაც ÃÐÓ-სთან კონტაქტებს კეთროვანებივით გაურბიან დასავლეთის სპეცსამსახურები.
მისივე მონათხრობით, ამჟამად მოსკოვსა და დასავლეთში ყველა დაინტერესებულმა პირმა და ექსპერტმა იცის, რა დაპირისპირებაც არის ამ ორ უწყებას შორის.
ნიშანდობლივია რუსი და უცხოელი ანალიტიკოსების მოსაზრებები, რომ პუტინის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, განსაკუთრებით, უკრაინის მოვლენების შემდეგ, აღარ შედის „რუსსკი მირისა“ და „მესამე რომის“ იდეის რეალიზება. ამას რელიგიური საფუძველიც აქვს _ რუსეთის მოსახლეობის 30% უკვე მუსლიმია და ეს საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფაქტორია. როგორც ამბობენ, თავად პუტინიც არ განიცდის მოჭარბებულ სენტიმენტებს მართლმადიდებლობის მიმართ, თუმცა საჯარო ფორმალურ ურთიერთობებს არ გაურბის. ამავდროულად, მისი გაბრაზება კირილისადმი აბსოლუტურად გასაგებიც არის.
როგორც ჩემთან პირად საუბარში ერთმა რუსმა ანალიტიკოსმა განაცხადა, ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ მართლმადიდებლური ერთობა ვერ გახდება რუსეთისა და, მით უფრო, „მესამე რომის“ მაკონსოლიდირებელი იდეა.
ეს გარემოება ძალიან აწუხებს ÃÐÓ-ს და მის იდეოლოგიურ საყრდენს _ რუსულ ეკლესიას. ისინი, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ და როგორც ირკვევა, ამ თანამშრომლობის საფუძველს ახალი ამოცანა წარმოადგენს. ანუ რუსეთისთვის ახალი, რუსული იდეითა და მართლმადიდებლობით „შეპყრობილი“ ლიდერით პუტინის ჩანაცვლება. პარალელურად, აუცილებელია გარე ეფექტების არსებობა, რუსული ეკლესიის იმიჯის რეაბილიტაცია, რუსული დერჟავის უძლეველობისა და ყოვლისშემძლეობის დემონსტრირება.
ამ ფონზე მეტად საყურადღებოდ მეჩვენა ამავე რუსი ანალიტიკოსის მიერ გაფრთხილების ტონით ნათქვამი ფრაზა: ყურადღებით უნდა იყოთ, განსაკუთრებით უახლოესი 6-9 თვის განმავლობაში.

***
ვაღიაროთ, ივანიშვილის ხელისუფლება საკმაოდ არაეფექტური აღმოჩნდა, ხოლო მისი მოხელეები, ხშირ შემთხვევაში, მავნებლები და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლებიც კი არიან. იმ პირობებში, როდესაც დასავლეთი თავის უამრავ პრობლემაშია ჩაფლული და პარალელურად იქ კონფორმიზმი ყვავის, საქართველოსთვის ვერავინ იცლის. თან ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ რაციონალური აზროვნება და თუნდაც იდეალისტების იდეების რეალიზებისთვის პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. მუდამ ვიღაცისა და რაღაცის შემყურენი ვართ. მხსნელს მუდამ გარეთ ვეძებთ.
დასავლეთში ძალიანაც აწყობთ იმ აზრის პედალირება, რომ ივანიშვილი პრორუსია. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილისთვის დასახულ ამოცანას ქვეყანაში პოლიტიკური ციკლის მშვიდობიანად წარმართვა წარმოადგენს. სხვა ყველაფერი არეული დასავლეთისთვის სტატისტიკაა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აღრიცხავენ, მაგრამ სხვა პოლიტიკური ამოცანების გამო სათანადოდ ვერ რეაგირებენ. ამ ფონზე კი ვიღებთ მოცემულობას, როდესაც ივანიშვილი მისი ხელისუფლების არაეფექტიანობის გამო და ეს მან უნდა აღიაროს მინიმუმ საკუთარ თავთან, გვინდა რომ ჩავანაცვლოთ. მაგრამ ჩავანაცვლოთ მხოლოდ „მეთი“. სხვა ყველა დაღუპავს ქვეყანას. სხვა ყველა მავნებელია, სხვა ყველა დისკრედიტებულია. „მე“ და მხოლოდ „მე“ იყო და არის ქართული პოლიტიკის საზრისი. და ეს „მე“, რატომღაც, ყოველთვის ყველაზე ჭკვიანია, გნებავთ, სასარგებლო იდიოტი იყოს, გნებავთ, გაშიფრული რეზიდენტი და გნებავთ, ინტელექტუალური იმბეცილი (ასეთებიც არსებობენ. რეალურად, ფსევდოინტელექტუალებს ვგულისხმობ).
აქვე დათქმა: არავინ დაობს ოპოზიციის სრულიად ლეგიტიმურ სურვილზე, შეცვალოს ხელისუფლება. დავაა იმაზე, _ როგორ? რა ხერხებით? რა მოტივაციით? რა შესაძლო შედეგით? ისევე როგორც არავინ დაობს ხელისუფლების სურვილზე, შეინარჩუნოს ძალაუფლება. დავის საგანი აქაც იგივეა, _ როგორ? რა ხერხებით? რა მოტივაციით? რა შესაძლო შედეგით? (იყო იდეალისტი ან გნებათ მერკანტილური პოლიტიკაში, სულაც არ გამორიცხავს, იყო პრაგმატული არა მხოლოდ პროცესების დაგეგმვისას, არამედ შეფასების დროს).
საერთოდ სხვაა ხალხის, ელექტორატის მოტივაცია ხელისუფლების ცვლილებებთან დაკავშირებით _ ადამიანებს დღეს და ახლა გვინდა კარგად ცხოვრება.
კიდევ მცირე გადახვევა გააზრებისთვის: თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკური ცხოვრება რომ არ მოეკლა და ხელოვნურად არ შეექმნა ოპოზიცია, არ მოეხდინა პროცესების, პარტიებისა თუ პერსონების მარგინალიზება, 2009 წელს გვექნებოდა მოცემულობა, როდესაც პარლამენტი სხვა კონფიგურაციის იქნებოდა და მთავრობა კიდევ _ ჯანსაღად კოალიციური. ასეთ პირობებში და მოცემულობაში არც ივანიშვილს მოუწევდა პოლიტიკაში შემოსვლა და ქვეყნის აღმშენებლობა სხვა დღის წესრიგით გაგრძელდებოდა.
ახლა ოპოზიციის ამოცანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, პირადად მისი და ხელისუფლების წარმომადგენლების მარგინალიზებით, დისკრედიტებით. ამ დროს ვიღებთ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, ივანიშვილისადმი უმთავრესი პრეტენზიაა მისი პრორუსობა და, მეორე მხრივ, მისი ხელისუფლების წარმომადგენლების უნიათობა და დანაშაულებები. პარალელურად ვაღიაროთ, რომ პროევროპული ოპოზიცია ჯერაც ვერ წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც ბოლომდე გაჰყვება ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა და აქ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე აპელირება ყოვლად უადგილოა. თუ იმას აბედინებ და გიბედავენ, რომ საბოლოოდ შედეგი გაგიყალბონ, ე. ი. _ სუსტი ხარ და სუსტები აქ _ ამ ქვეყანაში კი არა, არსად უყვართ და არ ენდობიან.
და როგორ ფიქრობთ, რუსეთი, რომელმაც დაამხო გამსახურდია, ლეგიტიმაცია „მისცა“ 2003 წლის 23 ნოემბერს (გაიხსენეთ ივანოვის ვიზიტი), „გააპრავა“ 6 მაისი და _ „ასლანი წავიდა“, „მოიყვანა“ ივანიშვილი, ასე გულარხეინად ზის და იყურება, როგორ „დავამხობთ“ ივანიშვილს და მის ადგილზე მოგვაყვანინებს „ქიბროწაშვილს“, რომელიც ჯერ არსად ჩანს? ვიმეორებ, ÃÐÓ, რომელმაც საქართველოში დაგეგმა და განახორციელა ყველა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სისხლიანი სპეცოპერაცია, თვით კოდორის სპეცრაზმის წევრების ლიკვიდაციის ჩათვლით, გულხედაკრეფილი ზის და გვიყურებს?!.
ისევ ზემოთ დასახელებულ გერმანელ ჟურნალისტს მოვიხმობ და მის მოსაზრებას გაგაცნობთ ამ კონტესტში: გაუგებარია, რატომ არ ფიქრობს თავად ივანიშვილი და მით უფრო, ოპოზიცია „ივანიშვილის ფაქტორის“ მეხამრიდად გამოყენებას?
ამასთან მიმართებით ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ვერც ივანიშვილისა და ვერც ოპოზიციის ნაცვლად პასუხს ვერ გავცემ.
თუმცა საკუთარ თავს ცინიკურ-ირონიული გადახვევის უფლებას მივცემ: მთავარი ხომ ისაა, რომ პოლიტიკური ელიტა ორივე ფლანგზე ფიქრობს და დარწმუნებულია _ სწორედ მისი მოქმედების გეგმა და სტრატეგიაა შეუმცდარი.

***
ამ დროს რა ხდება ÃÐÓ-ს ფრონტზე? _ ყველაფერი საკმოდ წარმატებულად. მას სრული კონტორილი აქვს დაწესებული საქართველოს ეკლესიაზე _ სახელმწიფოზე სახელმწიფოში (გადაიკითხეთ კონკორდატი) და სინოდში ფლობს საკონტროლო პაკეტს; ჰყავს უამრავი გავლენის აგენტი; აფინანსებს სხვადასხვა მედიასაშუალებას; მისი ხელდასხმული პირები არიან სახელმწიფოს სტრუქტურებში და პოლიტიკურ პარტიებში, _ როგორც მმართველში, ასევე ოპოზიციაში; უდიდესი მხარდაჭერა და გავლენა აქვთ მის მიერ ნაკვებ ინტელექტუალებს; დაბოლოს, ÃÐÓ-ს საქართველოში ჰყავს ადგილობრივი ლიდერი, საკუთარი „ნასტავნიკი“ _ ლევან შიოევიჩ ვასაძის სახით (რა თქმა უნდა, სათადარიგო მოთამაშეებიც ჰყავს, მაგრამ ისინი ასე ღიად არ ჩანან).
ნურავინ მოიტყუებს თავს ხელისუფლებაში ან, გნებავთ, ოპოზიციაში, რომ ისინი შეძლებენ ქუჩაში ასი ათასობით ადამიანის გამოყვანას, თუ ქვეყანა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ასეთი რამ უკიდურესი საფრთხის დროს _ 2008 წელსაც ვერ შევძელით და „ჯაჭვზე“ არავინ დამიწყოს ახლა საუბარი. ეს სამოქალაქო აქტი იყო და არა ის მდგომარეობა, რომ ქუჩაში მდგარი მასა პარტიზანულ ომში ჩაებმებოდა. სულაც რომ დაემთხვეს ერთმანეთს „ოცნებისა“ და დასავლური ოპოზიციის ინტერესები, მათი მომხრეები ქუჩაში ერთად არ აღმოჩნდებიან და მით უფრო _ სანგარში.
ქუჩაში ორივე ძალას აჯობებს ეკლესია და ფსევდო ნაციონალ-პატრიოტები, რომლებთანაც იდეოლოგიური დისპუტი და მსჯელობა შეუძლებელია და რომლებიც სახელმწიფოს ვერ აღიქვამენ ავტორიტარიზმისა და ძლიერი პატრონის _ ლიდერის გარეშე. მართალია, თუნდაც გასული წლის 17 მაისს ცალკეული „დემოკრატიული“ ძალები და პერსონები ძალიან პროვოცირებდნენ მოვლენების ესკალაციას, მაგრამ სრულებითაც არ ითვალისწინებდნენ, რა გეგმები ჰქონდა მეორე მხარეს, ეკლესიას და „ოჯახის სიმწინდეს“ ამოფარებულ ფსევდო ნაციონალ-პატრიოტებს.
მესმის, რომ ხელისუფლება და დასავლური ოპოზიცია უკიდურესი ურთიერთზიზღისა და კონფრონტაციის პირობებში ცდილობენ, პროცესებიდან სარგებელი გამოწველონ _ ვინ თავისთვის, ვინ სახელმწიფოსთვის, მაგრამ საკუთარი ქმედებებით, კეთილი ზრახვების შემთხვევაშიც კი, დღესდღეობით, სრულად ჯდებიან ÃÐÓ-ს გეგმაში და სცენარში.
როგორც ჩანს, ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ხვდება, რა საფრთხეს შეიცავს რუსეთი! მოსკოვში ლაბორატორიები არსებობს ÃÐÓ-სა და უშიშროების საბჭოს სისტემაში, რომელიც ყოველდღიურად, დაუღალავად სწავლობს ყველა სიახლეს საქართველოზე და აკონტროლებს თითოეულ ცენტს, რომელიც აქ ირიცხება.
ივანიშვილის ხელისუფლების დასუსტება მისი ფავორიტების, გნებავთ, გახარიას, გნებავთ, ბახტაძის ან ნებისმიერის მარგინალიზებით, ან ოპოზიციის სრული დისკრედიტების მცდელობით, რაც ვნახეთ თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პოლიტიკური პრაგმატიზმისგან სრულიად დაცლილი ქმედებებია. რაც შეეხება ხალხს _ ელექტორატს, ასეთ მოცემულობაში ისინი ძალაუნებურად გადადიან მოქმედების სხვა გეგმაზე და მათი ქვეცნობიერი ხშირად საკუთარი თავისა და საბოლოოდ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ არჩევანს აკეთებს. ამ დროს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოტივაცია ნამდვილად კეთილგანზრახულია _ ხალხს კარგად და მშვიდად ცხოვრება უნდა, მაგრამ სად არის კარგი ცხოვრება? ვინ არის ამის გარანტორი? დისკრედიტებული ხელისუფლება თუ დისკრედიტებული ოპოზიცია? საკუთარ დღის წესრიგს მიღმა ვერმომზირალი ეს ორი ძალა ძალაუნებურად უბიძგებს ამომრჩეველს სხვა მიმართულებით. ანუ ასე ძნელი გასათვლელია, ვის ინტერესებში ჯდება გათიშე და იბატონე, მაშინ როცა საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება? ეს სულაც არ გახლავთ რიტორიკული კითხვა, მით უფრო, ზემოთ მონათხრობის გათვალისწინებით.

***
დიახ, სამწუხაროდ, არსებობს სტანდარტი და ჩარჩო, რომელიც ყველაფრის თქმის უფლებას ვერ იძლევა. ეს სტანდარტი მაიძულებს, არ ვთქვა, ვინ არიან ის პოლიტიკურად „პრადვინუტი“ და ყოვლისმცოდნე პერსონები, რომლებიც თავიანთი ქმედებებით სწორედ რომ რუსულ საქმეს ემსახურებიან, როგორც ერთ ასევე მეორე მხარეს. მაგრამ ზემოთ პოლიტიკური მიზაშეწონილობა ვახსენე და ახლა ამ მიზაშეწონილობიდან გამომდინარე ვიკითხავ: ამ ურთიერთსიძულვილს რომ გადააყოლეთ სახელმწიფო, ხვდებით?! თქვენი საზიზღარი სტრატეგიით ვინ მოგყავთ ხელისუფლებაში?! ÃÐÓ-ს პროექტი _ ვასაძე და ეკლესია?! საით მიგყავთ ეს ქვეყანა?!
ნამდვილად არ დავწერდი ამ ყველაფერს, რომ არა ბოლო ინფორმაცია. ჩემმა ახლობლებმა კარგად იციან, რომ ამ დღეებში ისრაელიდან რამდენიმე ადამიანი მსტუმრობდა.
მათი მოსაზრებები ამ საკითხზე _ ანუ რუსეთის ქართულ ამბიციებზე _ უფრო საგანგაშო მეჩვენა. თან ძალიან არ მესიამოვნა ერთი ფრაზა: კრიზისის დროს ბიზნესმენები ყველაზე ადრე იყიდებიან და თან _ სარფიანად! და ეს არ იყო ივანიშვილის კონტექსტში ნათქვამი. ეს რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ქართველ ბიზნესმენს ეხებოდა და შემდგომ კრებსითად _ სხვებსაც. თან ისიც მითხრეს, სამწუხაროდ, ქართველი ბიზნესმენებისთვის რუსული ბაზარი და რუსული ბონუსები დღესაც მიმზიდველიაო. ამ გონიერმა ადამიანებმა დიალოგის დროს არაერთხელ ახსენეს ÃÐÓ-ც. ესეც ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენა.
მოკლედ, საჯაროდ მეტის თქმისგან თავს შევიკავებ. მაგრამ, იქნებ, რამდენიმე ჭკვიანი ადამიანი დასხდეს პარტიული კუთვნილებებისა თუ სიმპათიების მიუხედავად, დაფიქრდეს ამ ქვეყნის ბედზეც და საკუთარ ქმედებებზეც. ახლა ძალა და კუნთები კი არა, ჭკუა და სიბრძნეა საჭირო.
იმდენს ნუ ვიზამთ, რომ ქართული პოლიტიკის „ვაი ჭკუისაგან“ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი დაგვიჯდეს.

P.S. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე რომ არ დამენახა, ამ ყველაფერს არ დავწერდი. თან ისიც მესმის, რომ შესაძლოა, ვინმეს უფრო მეტი ინფორმაციის მოთხოვნილებაც გაუჩნდეს და ბევრი რამ არასაკმარისად ეჩვენოს. თუმცა, როგორც ვთქვი, მეტის უფლებას, ამ ეტაპზე, ვერ მივცემ საკუთარ თავს და იმათთვის, ვინც უნდა იფიქროს, ვგონებ, ესეც საკმარისია.

გოჩა მირცხულავა