სასტიკად ნაწამები და მოკლული ბავშვები – რას უყვება ისრაელიდან დაბრუნებული მომღერალი „ქრონიკა+“-ს?

გიორგი საკარული
ისრაელის დივა _ ასე ეძახიან ისრაელში მოღვაწე ქართველ მომღერალ ფიქრია მეგრელაძეს ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები. მან წარმატების მისაღწევად რთული, მაგრამ საინტერესო გზა განვლო. 8 წელია, ისრაელში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა სასტიკი ომის გამო მას იძულებით საკუთარ სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

რა ხდებოდა ომის პირველ დღეს და რა ხდება რეალურად ახლა? ისრაელში სასტიკად მოკლულ და ნაწამებ ბავშვებზე, ომის შავბნელ დღეებზე, საკუთარ გეგმებსა და შემოქმედებით სიახლეებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მომღერალი ფიქრია მეგრელაძე, რომელიც საქართველოში სულ ახლახან დაბრუნდა:

_ ფიქრია, საუბარი დავიწყოთ იმ დიდი ტრაგედიით, რომელიც ისრაელს დაატყდა თავს. ომი, რომელსაც არავინ ელოდა და ერთ მოულოდნელ დღეს ისრაელი მოექცა ტყვიების ქარცეცხლში. როგორი იყო ის პირველი ღამე, როდესაც განგაშის ზარი გაისმა ქალაქში?
_ ეს იყო შოკისმომგვრელი სიტუაცია. მოულოდნელად თავს დაესხნენ ტერორისტები ისრაელს, ამას მართლა არავინ ელოდა. რაც მაგათმა ჩაიდინეს, ეს არის არაადამიანური ქმედებები, რომელსაც სახელს ვერ დავარქმევ. მთელი ისრაელი გლოვობს. სანამ ეს საშინელება მოხდებოდა, წინა საღამოს საქართველოდან ჩამოვიდნენ მომღერლები, ერთობლივი კონცერტი უნდა გაგვემართა და ამ კონცერტის წამყვანი უნდა ვყოფილიყავი პარალელურად. ჩვენმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, გვიმასპინძლა და გაცნობითი საღამო, ვახშამი შედგა ქალაქ ბათიამში. ყველამ მხიარულად დავამთავრეთ ეს საღამო და ღამის პირველ საათზე დავიშალეთ. როდესაც სახლში დავბრუნდი, მინდოდა დამესვენა, რადგან მეორე დღეს ამხელა საპასუხისმგებლო საღამო მელოდებოდა და დაძინება ვცადე, თუმცა რაღაცნაირი შინაგანი შფოთვა მქონდა, არასაკონცერტო ეიფორია და ზუსტად დილის 7-ის წუთებზე ჩაირთო განგაშის ხმა. თავიდან თითქოს სასწრაფოს ხმა მეგონა, მაგრამ რომ აღარ დასრულდა, კი მივხვდი, რაც ხდებოდა.
საოცრება ისაა, რომ ისრაელს ჩიტის გადაფრენაც კი არ გამოეპარება და ეს 2000 ტერორისტი როგორ შემოვიდა ქალაქში, ეგ უკვე სხვა საკითხია. ამას აუცილებლად გამოიძიებენ, როცა ომი დამთავრდება და ყველას საკადრისს პასუხს გასცემენ. წავიდა ხოცვა-ჟლეტა უდანაშაულო ხალხის, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, რა ფორმებით ხდება ეს?!! ცოცხლად დაწვეს ბავშვები, თავები დააჭრეს, ორსულ ქალს მუცელი დანით გაუფატრეს, ფაქტობრივად, ცოცხალი ბავშვი მუცლიდან ამოუყვანეს, ცალ-ცალკე დაჭრეს ადამიანები, მშობლებს თვალწინ შვილებს უკლავდნენ, აწამებდნენ. ისრაელში შაბათი წმინდა დღეა, ყველა ოჯახი ერთად იკრიბება და ვახშმობს, ეს ტერორისტები კი ამ ყველაფრის შემდეგ დასხდნენ და ცხოველებივით ჭამდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა.
ფაქტობრივად, წამში შეიცვალა ისრაელის ცხოვრება და დღეს მთელი ერი გლოვობს. 8 წელია, ისრაელში ვარ და, სამწუხაროდ, ყოველთვის ომია, მაგრამ არასოდეს წამოვსულვარ. როცა საქართველოდან მიკავშირდებოდნენ ჟურნალისტები, ყოველთვის მეკითხებოდნენ, ქალბატონო ფიქრია, არ მოდიხართ სამშობლოში? მაგრამ ყოველთვის გულწრფელად ვეუბნებოდი არას, რადგან ისრაელი ჩემი მეორე სამშობლოა და სადაც ესენი, იქაც _ მე. ზოგადად, სასწაული ხდება, ეს პატარა გოგო-ბიჭები იბრძვიან ომში, ისეთი შემართება აქვთ, ისეთი სულისკვეთება და პატრიოტები არიან, რომ ნამდვილად შესაშურია. ამ ყველაფრის ფონზე ვერ დავტოვებ ჩემს ისრაელს-მეთქი, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ დღეს რაც ხდება, ეს სულ სხვაა, ეს სხვა ომია. ისრაელის თავდაცვამ ტერორისტების 95% პროცენტი გაანადგურა, მაგრამ მაინც დიდი საშიშროებაა, რადგან გადაცმულები დადიან. ღაზის სექტორთან ახლოს არის ქალაქი ჟდეროთი და როდესაც იქ შევიდნენ, პოლიციის შენობა დაიკავეს, თუ არ ვცდები, 14 პოლიციელი მოკლეს, გადაიცვეს იმათი ფორმები, შეესივნენ სახლებს, აკაკუნებდნენ და ატყუებდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ მათ დასაცავად მისულები, როგორც კი სახლის კარს აღებდნენ, ხოცავდნენ ოჯახებს. ის საშიშროებაც არის დღეს, რომ ვინ არის გადაცმული და ტერორისტი უკვე ვეღარ გაიგებ, უკონტროლოა სიტუაცია.
_ თქვენ ცხოვრობთ ქალაქ აშდოთში, ღაზის სექტორთან ახლოს, სადაც ჩამოვარდა უამრავი ყუმბარა. თავშესაფარი სახლში გაქვთ, ანუ ე. წ. ბუნკერი. რამდენად უსაფრთხოა და რამდენად რთულია ამ მუდმივი განგაშის რეჟიმში ცხოვრება?
_ ძველ აშენებულ სახლებში ბუნკერი არის პირველი სართულის ქვემოთ, სარდაფში. ახალ აშენებულ კორპუსებსში კი ეს ბუნკერი არის თვითონ ბინაში. ამ შემთხვევაში არ მიწევდა გარეთ გასვლა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ეს პატარა ბავშვები რომ ჰყავთ, ღამის 2 საათზე, 4-ზე, 5-ზე ლოგინიდან აიყვანე, ჩაიყვანე და რომ არ იცი, რა დროს ჩაირთვება განგაშის სიგნალი, ეს არის სრულიად სტრესული და ჯოჯოხეთი. პირველ დღეს, დილით რომ დაგვბომბეს, 20 წუთში გამოუშვეს 5 ათასი რაკეტა, მთელ ისრაელს ბომბავდნენ. ღმერთს მადლობა, ეს გუმბათები არის რკინის, რომელიც იგერიებს ბომბებს. ჩემს სახლთან რომ ჩამოვარდა ბომბი, გუმბათმა ვერ დაიჭირა და ვიფიქრე, მთელი კორპუსი თავზე დამემხო. ძალიან დიდი შიში და სტრესი გადავიტანე, ერთი კვირა სიცხეს ვერ ვიგდებდი.
_ საქართველოში თქვენი დაბრუნებაც სწორედ ამ სტრესმა და საომარმა მდგომარეობამ განაპირობა?
_ დიახ. აქ ოჯახი დავზაფრე, ჩემი ტყუპისცალი და, ჩემი შვილები, შვილიშვილები, სანათესავო 24-საათიან კავშირზე იყვნენ და ძალიან განიცდიდნენ ჩემს იქ ყოფნას. შეშინებულ ბავშვებს რომ ვხედავდი, ვიფიქრე, ჩემი აქ ყოფნით უფრო სერიოზული ტრავმა არ მივაყენო ბავშვებს-მეთქი და უფრო ამიტომ წამოვედი საქართველოში. როცა გაიგეს, რომ ჩემთან ბომბი ჩამოვარდა, საერთოდ გადაირივნენ. ჩემი წამოსვლიდან ორ დღეში ისევ ჩემს სახლთან ჩამოვარდა ბომბი.
_ თვითონ მოსახლეობაში პანიკა არის?
_ პანიკა უფრო პირველად იყო, მაგრამ სულიერად ძლიერები არიან, უცებ მობილიზდნენ და საომარი მდგომარეობაში ჩადგა ქალიც და კაციც. ახალდაქორწინებული ებრაელი წყვილი იტალიაში სამოგზაუროდ იყო წასული და როცა ომის შესახებ გაიგო, ჩამოვიდა ისრაელში და ორივემ იარაღი აიღო. ორი კვირის ნამშობიარები ქალი ავტომატს რომ ხელში აიღებს და ომში წავა თავისი ქვეყნის დასაცავად, უკვე ზედმეტია საუბარი. აქ მიხვდებით, თუ როგორი შემართება აქვთ და როგორი პატრიოტები არიან.
_ საქართველოს საელჩოზე რას გვეტყვით? რამდენად მობილიზებულები იყვნენ და არიან, რამდენად ხშირად გამოდიოდნენ კონტაქტზე?
_ 24 საათი იყო და არის ჩართული ცხელი ხაზი, საქართველოს საელჩო ძალიან აქტიურად მუშაობს და ზრუნავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. მართლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ყველას, ინფორმაციას მუდმივად აწვდიდნენ, ცდილობდნენ, რომ პანიკა არ ყოფილიყო და ვისაც სურვილი ჰქონდა ისრაელის დატოვების, ამაში ხელს უწყობდნენ.
_ თუმცა ემიგრანტების დიდი ნაწილი დარჩა და სასიხარულო ისაა, რომ ისინიც კი ჩართულები არიან დღეს ებრაელების დასახმარებელ საქმეში, ვგულისხმობ საკვების მომზადებასა და მათ დაპურებას. როგორ ფიქრობთ, ასეთი სასტიკი ომის დროს რატომ მიიღო ემიგრანტების დიდმა ნაწილმა ისრაელში დარჩენის გადაწყვეტილება? შიშის გამო, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ თუ?
_ სავარაუდოდ, ამის შიშიც იყო, მაგრამ შიშზე მეტი არის ის, რომ ქართველებიც არიან ამ ომში და ყველანაირად ეხმარებიან მათ. ვიცი რამდენიმე ქართველი ემიგრანტი, რომლებიც მოხალისეებად მიდიოდნენ ომში, მაგრამ არ წაიყვანეს. უამრავი მეგობარი შევიძინე, უამრავი ემიგრანტი გახდა ჩემი ოჯახის წევრი. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისრაელში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ, როგორც ჩანს, უფლის ნებით, ისრაელში ავედი, ასე ამბობენ ხოლმე _ ისრაელში ასვლა _ და არ შემიძლია არ გამოვყო ერთი ადამიანი, რომლის დამსახურებითაც ისრაელში მოვხვდი. მე ქართველმა ებრაელებმა შემიყვარეს, მიმიღეს, ეს არის მოსკოვში მცხოვრები ქალბატონის, სვეტლანა ბენ შლომოს დამსახურება. არავინ ნაცნობი არ მყავდა და აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, რადიკალურად განსხვავებული მენტალობისა და ტრადიციების ხალხთან აღმოვჩნდი. საერთოდ, ებრაელები იცით, როგორები არიან? ან მიგიღებენ, ან _ არა და თუ მიგიღეს, აღარ გაგიშვებენ გულიდან. მთელმა ისრაელმა ჩამიხუტა და ამით ვარ ბედნიერი.
_ მიგიღეს და გახდით ისრაელის დივა, როგორც ისინი გეძახიან. წეღან თქვით, რომ არასდროს მიფიქრია ისრაელში ცხოვრებაზეო. თქვენ ასევე გქონდათ შანსი, რომ მოსკოვში დარჩენილიყავით, გემღერათ და იქ გაგეკეთებინათ კარიერა. რატომ ისრაელი?
_ 16 წელი ვცხოვრობდი მოსკოვში, მაგრამ არ დავრჩი იქ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ყველაფერი, ალბათ, ზემოდან წყდება. რაც არ უნდა დაგეგმო ცხოვრებაში, ღმერთს როგორც ნებავს, ყველაფერი ისე ხდება და მადლობელი ვარ უფლის, რომ ისრაელში მოვხვდი, ამ წმინდა მიწაზე. ახლა უკვე ისეა, რომ სადაც მივდივარ და კონცერტში ვმონაწილეობ, ყველა ისრაელიდან ჩამოსულ მომღერალს მეძახის.
_ რთული იყო ის გზა, რაც ისრაელში გაიარეთ? რამდენად გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?
_ რთული გზა გავიარე იმ მხრივ, რომ საშინელი ნოსტალგია მქონდა. ჰავა, წესები, კულტურა, ტრადიციები, გარემო, _ ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულია ჩვენგან. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს სფეროში, შოუბიზნესში როცა მოღვაწეობ, საქართველოში ღამის 3-4 საათზე ვიძნებდით, რადგან გვიწევდა ან სტუდიაში ყოფნა, ან კონცერტი, ან პრეზენტაცია და ა. შ. აქ, ისრაელში, დილის 4 საათზე უკვე დილა მშვიდობისას ეუბნებიან ერთმანეთს. იმდენად მშრომელი ხალხია, რომ დილის 4 საათიდან იწყებენ მუშაობას. ამიტომ არის ასეთი ძლიერი ქვეყანა და წარმოიდგინე, უდაბნოში შექმნეს უძლიერესი სახელმწიფო. მეც დროთა განმავლობაში გამიცნო, შემიყვარა და მიმიღო ისრაელმა, ამით კი ბედნიერი ვარ.
_ ფაქტობრივად, იძულებით დაბრუნება მოგიწიათ სამშობლოში, რაც, ერთი მხრივ, კარგია იმიტომ, რომ წლებია, აქ არ ყოფილხართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მოწყდით საყვარელ საქმეს და შემოქმედებითი პაუზის გაკეთება მოგიწიათ. რა ხდება დღეს? თუ აპირებთ აქ აქტიურად გააგრძელოთ თქვენი საქმე და გეგმავთ თუ არა ისევ ისრაელში დაბრუნებას?
_ რა თქმა უნდა, სანამ ომი არ დამთავრდება და ეს სიტუაცია არ დალაგდება, ისრაელში ვერ ჩავალ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ახლა იქ არავის ემღერება. ცუდი ის არის, რომ ვარაუდობენ, ეს ომი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი და წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვცხოვრობ საქართველოში, ჯერჯერობით ტურისტივით ვარ, რადგან მართლა არ ვიცი, სად რა ხდება და როგორ, თუმცა ჩემი მეგობრების დახმარებით დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში მალე გავერკვევი. მინდა, რომ აქტიურად ჩავერთო თბილისურ ცხოვრებაში და შემოქმედებითი კუთხით ბევრი რამ გავაკეთო.
სხვათა შორის, შარშან მე და თემურ თათარაშვილმა ჩავწერთ ძალიან ლამაზი დუეტი, ამ სიმღერის ავტორი არის ჩვენი უნიჭიერესი კაკი ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი გახლავთ შორენა ტაბატაძე და გადაღებული გვაქვს კლიპიც, რომლის მონტაჟიც ახლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, მსურს, რომ ჩავერთო კონცერტებში, სხვადასხვა ღონისძიებაში და აქტიურად გავაგრძელო ჩემი საყვარელი საქმე.