საოცნებო წამმზომი
ეს პირველად მოხდა.
არა თვეების, არა წლების, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ათწლეულების მანძილზე პირველად.
ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პირველად წარმოთქვეს ეს სიტყვა: „სანქციები“.
ჯერ რბილად, თეორიულად, როგორც ათას ვარიანტს შორის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი.
ჯერ არავითარ კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ არის, არც არავინ განიხილავს სანქციების შემოღებას, როგორც უახლოესი პერსპექტივის საქმეს.
ამერიკა მაინც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოკავშირედ მიიჩნევს: მთელი თავისი ბიძინებით, ღარიბაშვილებით, კობახიძეებით, კორუმპირებული მოსამართლეებით, ყველანაირ საძაგლობაზე წამსვლელი დეპუტატებით, გაურკვეველი საგარეო პოლიტიკით.
ამერიკა, და მასთან ერთად, ევროპა, „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ბარათის ჩვენებას არ ჩქარობს. სხვა თუ არაფერი, ეს დასავლური სამყაროს ხელწერაა _ გადაწყვეტილებების მიღება აუჩქარებლად, მრავალი მომაბეზრებელი კონსულტაციისა და დისკუსიის შემდეგ ხდება.ასე რომ „ქოცებს“ შეუძლიათ იყონ მშვიდად _ სანქციების დაწესება მარტივი საკითხი არ გახლავთ და მას სერიოზული მომწიფება სჭირდება.მაგრამ ფაქტია _ ეს სიტყვა წარმოითქვა. ამ კონტექსტში თუ იმ კონტექსტში _ ითქვა.
თანაც, რამდენჯერმე. თანაც თქვეს არა ცალკეულმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ოფიციალურმა სახელმწიფო სტრუქტურებმა _ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ელჩმა.
იმ ელჩმა, რომელიც ბედნიერი სახით უჭერდა მხარს ყველა „ქოცურ“ ინიციატივას და რის გამოც ოპოზიციის რისხვის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. კოლექტიური მდინარაძე-თალაკვაძე-ვოლსკი ამას აგდებულ-გულგრილი სახეებით ვერ შეხედავს, რომ „ეს ცალკე აღებული პიროვნებების აზრია და არა აშშ-ის სახელმწიფოს პოზიცია“.
დღეს რაც ხდება ეს უკვე სწორედაც ამერიკის სახელმწიფოს პოზიციაა და არა ცალკე აღებული, თუნდაც, ყველაზე გავლენიანი სენატორების ან კონგრესმენების აზრი.
დღეიდან უნდა ველოდოთ ქოცსექტის აღშფოთებას, _ როგორ გვიბედავს ამერიკა და ჭკუას როგორ გვასწავლის?! საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ვერავინ უკარნახებს მას, რა აკეთოს.
ბოლოს და ბოლოს, ამერიკა 250 წლისაა, ბაბუაჩემის ეზოში კი მუხაა 900 წლის. ალაპარაკდებიან ნაციონალისტები, მართლმადიდებლები, უსაქმურები, ლოთები… ისინი, ვინც დედების მიერ ევროპაში სიმწრით ნაშოვნი ფულით, უკეთეს შემთხვევაში, ჯიპებს ყიდულობენ, ძირითადად კი _ კაზინოებში აგებენ. ალაპარაკდებიან ისინი, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუძლიათ სოციალურ ქსელებში შხამის ფრქვევის გარდა.
„ქართველმა ხალხმა თავისი ბედი თავად უნდა გაარკვიოს“, _ ამბობენ და ვერ იხსენებენ, რომ ქართველმა ხალხმა უკვე ერთხელ გამოავლინა თავისი მმართველობითი ნიჭი 90-იან წლებში.რომ მიუშვა თავის ნებაზე, რასაც ააშენებენ მამაპაპური გრუზინები, 5 ივლისს უკვე დავინახეთ.
ქვეყანა, რომლის მოსახლეობის ნახევარი „ჩემი დედას შ…ის“ გაიძახის, თავის ნებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუშვა _ საერთაშორისო კონტროლისა და მეურვეობის გარეშე ის ისეთ რამეს ააშენებს, რომ ქვეყანა 3-4 წელიწადში ნაკუწ-ნაკუწ დაიშლება.
„ქოცების“ უკმაყოფილება საერთაშორისო პოზიციის გამო სასაცილოა. ეს სწორედ ის საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართულ ოცნებას“ ისეთ რაღაცებს პატიობს, რაზედაც სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ ცოცხლად შეჭამდა.
ეს ის საერთაშორისო საზოგადოებაა, რომლის ზეწოლამაც 2012 წელს წინა ხელისუფლებას დათმობა აიძულა _ რომ არა ამერიკისა და ევროპის მკაცრი ტონი „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებით, ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი კოოპერატივით, ან ემიგრაციაში იქნებოდა, ან საკანში ფეხებით ჩამოკიდებული.
ეს ის საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელმაც ყველანაირი საარჩევნო დარღვევა გაათეთრა, რომელმაც ღარიბაშვილი იმის შემდეგ ჩაიხუტა, რაც გაირკვა, რომ ის ბერას ბრძანებით მოზარდებს ატერორებდა.
ეს ის საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელმაც, ფაქტობრივად, აიძულა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა (მოკითხვა ბატონ მიშელს).
ეს ის საერთაშორისო საზოგადოებაა, რომელიც არსებული დანაშაულებრივი ხელისუფლების სანდო დასაყრდენი ყოველთვის იყო.
მაშინ, როდესაც 2012 წელს ამერიკა და ევროპა „ნაცმოძრაობას“ „ქოცებისთვის“ ძალაუფლების გადაბარებას ავალდებულებდა, ქოცსექტაში არავის გასჩენია პროტესტის გრძნობა „საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო“;
არც მაშინ, როდესაც ელჩებმა და დიპლომატებმა პროპორციულის გადაგდება არ შეიმჩნიეს;
არც მაშინ, როდესაც ოპოზიციას პარლამენტში მათრახით ერეკებოდნენ.
და, აი, დღეს, უცებ გაეღვიძათ სუვერენიტეტის პატივისცემა. მაინცდამაინც მაშინ, როდესაც მათ ძვირფასს ხელისუფლებას საფრთხე დაემუქრა.
არა უშავს. ცოტა დრო კიდევ გაქვთ, სანქციებს ჯერ არავინ შემოიღებს _ ასეთი საქმეები სწრაფად არ კეთდება.მაგრამ ეს სიგნალია _ უპირობო ნდობის დრო წარსულს ჩაბარდა. და თუ ივანიშვილი, ბოლოს და ბოლოს, გონს არ მოეგო, სანქციები აუცილებლად იქნება. ამასთან ერთად, თუ კიდევ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან გაუქმდება და ათასობით ქართველი ევროპაში ფულის შოვნის შესაძლებლობას დაკარგავს _ მშვიდობით, „ოცნება“.
ბიძინა არც პუტინია, და არ სი ცზიანპინი. მისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება დასავლეთისთვის ერთი ხელის მოსმის საქმეა.
რუსეთის იმედი ნუ გექნებათ _ რუსეთი თავის ვასალებში ელიტას არჩენს, ანუ თალაკვაძესა და კობახიძეს არ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს ვერანაირად გამოადგება თქვენს ამომრჩეველს, რომლის 70% ხელფასის გამო გაძლევთ ხმას.
აბა, გაბედეთ და ორი თვე დაუგვიანეთ მათი ძვირფასი ხელფასები. მერე ნახავთ, თავად როგორ მოგივარდებიან მაგ თქვენს შუშის კოლბაში.
ასე რომ, გონს მოდით, დრო კიდევ საკმარისზე მეტი გაქვთ, თუმცა წამმზომი ჩართულია.
თენგიზ აბლოთია