„სანტე“ და „შატილი“ ეტიკეტირების სკანდალში გაეხვნენ ანუ სად იმალება ნამდვილი კარაქი?!
საქართველო 2005 წელს შეურთდა „კოდექს ალიმენტარიუსს“. ეს ერთგვარი სასურსათო გაეროა! თვითონ „კოდექს ალიმენტარიუსის“ ორგანიზაცია 1963 წელს დაფუძნდა სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. კოდექსის კომისიის მთავარ მიზანს წარმოადგენს სურსათის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა. ამაში შედის ხარისხი, ლაბორატორიული პარამეტრების შესაბამისობა, დანამატების კონტროლი, ეტიკეტირება და ა.შ.
საქართველოში ორი ცნობილი კომპანია სწორედ ეტიკეტირების სკანდალში გაეხვია. ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, აუცილებელია პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა. მაგალითად, უმეტესობას სპრედი, რომელშიც ძირითად ინგრედიენტს მცენარეული ცხიმი წარმოადგენს – კარაქი ჰგონია. არადა, კარაქი არის ნაღების და სპრედი – ნახევრად მცენარეული. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ სპრედის ეტიკეტზე, სადაც დიდი ასოებითაა დატანილი პროდუქტის სახელწოდება, არ არის მითითებული, თუ რა პროდუქტია ეს. რა თქმა უნდა, სპრედს „სპრედი“ აწერია (ვის აქვს მრავალათასიანი ჯარიმის თავი), მაგრამ ის შემადგენლობასთან ერთად პროდუქტის მეორე მხარეს, უწვრილესი ასოებით გახლავთ მიწერილი – აი, ისეთი, ძლივს რომ წაიკითხავ.
ეს კანონის დარღვევა გახლავთ, ვინაიდან სურსათის ეტიკეტირების მოთხოვნებში, იგივე ტექნიკურ რეგლამენტში „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ წერია, რომ ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და წონა ხედვის ერთ არეალში უნდა იყოს განთავსებული და გარკვევით წასაკითხი (მ.12, პ.4).
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ თანამშრომლის ანგარიშით, ერთ-ერთი რაიონში მაღაზიებში გაყიდული სპრედების ეტიკეტებზე – „სანტე“, „ხევსურული“ და „შატილი“ კანონმდებლობის სწორედ აღნიშნული მუხლი იყო დარღვეული.
ამ საკითხთან დაკავშირებით 2021 წლის ივლისში საჩივარი შევიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტომ შეისწავლა საკითხი, დააჯარიმა პროდუქტების მწარმოებლები და არასწორად ეტიკეტირებული პარტიების ბაზრიდან ამოღება დაავალა. „სანტესა“ და „ხევსურულის“ მწარმოებელია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუტები“, ხოლო „შატილის“ – ი.მ. კახაბერ მექოშვილი. სხვათაშორის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სწორედ ახლა, კომპანიის მრავალი წლის არსებობის მანძილზე აღმოაჩინა, რომ თურმე „შატილის“ მწარმოებელი არ იყო რეგისტრირებული, როგორც სურსათის ბიზნესოპერატორი. კანონის თანახმად, რეგისტრაცია ყოველწლიურად უნდა მოხდეს, რათა სეს-ს ჰქონდეს ინფორმაცია სურსათის სფეროში მოქმედი საწარმოების შესახებ და შესაბამისი კონტროლი დაგეგმოს.
ივლისში ხომ დაჯარიმდა სამივე კომპანია საკმაოდ სოლიდური თანხით, აგვისტოში უკვე „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენრტმა“ აღმოაჩინა ისევ არასწორად ეტიკეტირებული „სანტე“ და „შატილი“. ამჯერად უკვე არა მოქალაქემ, არამედ ორგანიზაციამ მიმართა წერილობით სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, მარტო დაჯარიმება კი არა, წესიერად და ბოლომდა უზრუნველყო სახელმწიფო უწყებას დარღვევით ეტიკეტირებული პარტიების ბაზრიდან ამოღება.
ეტიკეტირების დარღვევა კი იწვევდა იმას, რომ მოქალაქე კარაქის მაგივრად ყიდულობდა სპრედს – არა კარაქს ანუ. თუ რატომ არის ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი, ეხლავე მოგახსენებთ:
ევროკავშირში ყოველ წლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე განსკუთრებული ყურადღება ექცება ეტიკეტირების გაუმჯობესების საკითხს. კერძოდ, შემოიღეს ეტიკეტზე სურსათის კვებითი ღირებულების მითითების და აღწერის აუცილებლობა. ასეთ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ევროკომისიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დირექტორატის მიერ ინიცირებულმა პარალელურმა კანონპროექტმა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დირექტორატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში „ჯანსაღი კვება და ქრონიკული დაავადებების პრევენციის ევროპული განზომილება“ მოყვანილია შემაშფოთებელი მონაცემები იმის თაობაზე, რომ ბოლო წლებში ბავშვების 30%-ს ჭარბი წონა გააჩნდია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლო მომავალში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გახშირება, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, დიაბეტი, ინსულტები, ზოგიერთი სახის სიმსივნე, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნაკლოვანებები და ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევაც კი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევდა ცხოვრების ხარისხისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის კლებას. აუცილებელი გახდა სწრაფი და კოორდინირებული ღონისძიებების დასახვა ამ პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი გამოსავალი კი სწორედ ეტიკეტირების წესის სრული დაცვა გახლდათ.
ასე, რომ როდესაც მწარმოებლები ფაქტობრიბად ნახევრადმარგარინს კარაქის აბრევიატურის ქვეშ ყიდიან და „სპრედის“ (რომელიც არ არის ნაღების კარაქი) მინიშნება სადღაც აქვთ „გადამალული“, იქნებ ბავშვების იმ 30%-ზე დაფიქრდნენ, რომელთა ჯანსაღ კვებაში შედის კარაქი და გაურკვეველ ზეთებზე დამზადებული ნარევი.
ბოლოს, თუ რა არის სპრედი! ის წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების სინთეზს, რომელსაც ემატება ქიმიური საღებავები, გემოს გამაძლიერებლები, არომატიზატორები. მასში არ შედის კალციუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თამარ როსტიაშვილი