სად აძლევენ პაციენტებს საკვებს ტუალეტებისა და დერეფნების გახეხვის სანაცვლოდ?
წესით და რიგით, ის დარღვევები, რაც სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში აღმოაჩინა, პროკურატურას უნდა გადაუგზავნოს, ხოლო პერსონალის ნაწილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მისცეს.
პაციენტების შებოჭვა, ცემა, საკვების არმიცემა, ოთახში რამდენიმე დღით გამოკეტვა, დაფხვნილი წამლების მუჭით ძალით პირში ჩაყრა, ჰაერზე გაშვება და დამატებით საკვების მიცემა ტუალეტებისა და დერეფნების გახეხვის სანაცვლოდ _ ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცული ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. ამის თაობაზე მანამდე არაერთი ინფორმაცია და შეტყობინება მიიღო პრევენციის ჯგუფმა. საუბარი იყო საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. ასევე ბევრი შემთხვევა აღირიცხებოდა პაციენტთა შორის კონფლიქტების, რის შედეგადაც ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირები იარებსა და სხვადასხვა სხეულებრივ დაზიანებას იღებდნენ.
ცალკე შესწავლილ იქნა შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები, რომელიც ასევე შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. საავადმყოფოს ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებულია. ურემონტობის გამო, თითქმის ყველა მრავალადგილიანი საერთო პალატები გადატვირთულია. არსებული პანდემიის პირობებში კი ეს ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს წარმოშობს.
დაწესებულებაში პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ შეუძლია, ცენტრი საკუთარი ნებით დატოვოს. სლენგის ენაზე რომ ვთქვათ, ისინი იქ „გამომწყვდეულები“ არიან. სტაციონარში მოთავსებაზე პაციენტის თანხმობა დღემდე გაიგივებულია მკურნალობაზე _ სჭირდება მას ეს თუ არა. შედეგად _ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფორმალურად ნებაყოფლობით, ხოლო, რეალურად, არანებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები იმყოფებიან, რომელთა ნაწილი მუდმივად ითხოვს სახლში დაბრუნებას, ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას და ექვემდებარებიან მათი ნების საწინააღმდეგო ფიზიკურ შეზღუდვას. არ ვაზვიადებთ _ ომბუდსმენის ანგარიშში პირდაპირ წერია: „ისინი წარმოადგენენ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლებს“. ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია იმდენად ართმევს ბენეფიციარებს ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს, რომ მათი საზოგადოებაში დაბრუნება მძიმე ბარიერებთან არის დაკავშირებული. პაციენტების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მისი უფლებების შესახებ.
ხშირად მათი მედიკამენტოზური მკურნალობა გვერდით ეფექტებს უკავშირდება. ცენტრში არ ხდება ანტიფსიქოზური მედიკამენტების გვერდითი ეფექტების სათანადო მართვა, რაც პაციენტებში სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს არ უტარდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხელმისაწვდომი სკრინინგული გამოკვლევები. ქირურგიული სტომატოლოგიის მომსახურებას თუ არ ჩავთვლით, თავად პაციენტი იხდის მომსახურების საფასურს. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი დიდი ნაწილი სტომატოლოგიურ დახმარებას ვერ იღებს.
პაციენტებს შეზღუდული აქვთ კონტაქტი გარე სამყაროსთან, ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ოჯახთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებული არიან პერსონალის კეთილ ნებაზე. პაციენტებიდან არც ერთს უსარგებლია წერილის გაგზავნის უფლებით. ამას მედპერსონალი იმით ხსნის, რომ ეშინიათ ვირუსის გავრცელების. რომ ვითომდა ცენტრში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდულია მნახველების მიღება.
ცალკე და გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების კვება. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საკვების გემოსთან დაკავშირებით: საჭმელს არ აქვს ცხიმი, აკლია მარილი და შაქარი. ამ ინგრედიენტების დამოუკიდებლად დამატება კი შეუძლებელია, იმიტომ რომ მომვლელები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკვების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. იქ პაციენტების თქმით, დაწესებულებაში ხშირია საკვების მიღების შემდეგ მოწამვლის შემთხვევები. ყველაზე შემზარავი მონიტორინგის ჩატარებისას იყო ის, რომ დაწესებულებაში არ ხდება საკვების ხარისხის შემოწმება.
ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს ხილი არ მიეწოდებათ ან ძალიან იშვიათად და ისიც მცირე რაოდენობით. სასმელ წყალს იღებენ პლასტმასის ბოთლით საპირფარეშოში არსებული ონკანიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია!
საავადმყოფოში მოთავსებული ბენეფიციარები არ არიან დაცული ძალადობისგან. პერსონალი მათ ხშირად უყვირის, უხეშად მიმართავს და არ პასუხობს მოხმობაზე. პაციენტები საუბრობდნენ ცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მედიკამენტების დაფხვნილი სახით ძალით პირში ჩაყრაზე, ინექციების იძულებით გაკეთების პრაქტიკაზე და ამ პროცესში პაციენტების მონაწილეობაზე, მათ შორის, ქალი პაციენტებისთვის ინექციების იძულებით გაკეთების პროცესში კაცი პაციენტების მონაწილეობის შემთხვევებზე. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ სამედიცინო პერსონალი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა დაწესებულებაში პაციენტის მიღების დროს, კერძოდ, პაციენტებს ექცევიან უხეშად და მათ სცემენ.
მომსახურე პერსონალსა და პაციენტების გარდა ხშირია კონფლიქტი და ძალადობის ფაქტები თავად პაციენტებს შორის. ამ დროს პერსონალი, როგორც წესი, არ ერევა, თუ ვითარება უმართავში არ გადადის. ასე მაგალითად, პაციენტებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ შემთხვევაში ერთმა პაციენტმა ცოცხით სცემა მეორე და თმებით ათრია, მაგრამ ვინაიდან პერსონალი ამ დროს სადილობდა, საკვების მიღება არ შეწყვიტს. მეორე შემთხვევაში პაციენტი ყვება, რომ პერსონალი საერთოდ არ მივიდა მის დასახმარებლად, როდესაც მას სხვა პაციენტი სცემდა.
კვლევის შედეგად, პაციენტებს შორის კონფლიქტების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დადგინდა. დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი არის დაწესებულების საერთო სივრცეებისა და პალატების დალაგება. პაციენტები ცდილობენ მოიპოვონ დალაგების უფლება პერსონალისგან, რადგან დალაგების შემთხვევაში, პერსონალი მათ აძლევს სიგარეტსა და დამატებით საკვებს, რომელიც კვების რაციონში არ შედის. კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი ასევე არის ნივთებისა და საკვების ერთმანეთისთვის წართმევა ან მოპარვა, მწეველი და არამწეველი პაციენტების ერთ პალატაში განთავსება.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ძალადობის მსხვერპლი პაციენტები არ იღებენ ფსიქო-თერაპიულ მკურნალობას. იმ შემთხვევებში, როდესაც ძალადობის შედეგად პაციენტს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ მიმართ ხორციელდება მხოლოდ სამედიცინო ინტერვენცია, რაც სხეულის დაზიანებების დამუშავებაში გამოიხატება. მეტი არაფერი!
დაწესებულებაში არ არის მიღებული ზომები პაციენტთა წამების, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან ტელეფონები არ გააჩნიათ, დარეკვის სურვილის შემთხვევაში, თხოვნით უნდა მიმართონ პერსონალს, რაზედაც ხშირად უარს ეუბნებიან. და თუ დარეკვის უფლება მისცეს, პერსონალი მათ თავზე ადგას საუბრისას და მარტო არ ტოვებს.
ცენტრში დასჯის თავისებური მეთოდებია შემუშავებული. მაგალითად, შეუძლიათ პაციენტი ხანგრძლივი დროით ჩაკეტონ პალატაში, რაც კანონმდებლობით სასტიკად დაუშვებელია.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაწესებულების პერსონალის მხრიდან უგულებელყოფილია უსაფრთხოების დაცვის მინიმალური წესები, როგორიცაა პირბადის ტარება და თერმოსკრინინგი. ვიზიტის დროს დაწესებულების პერსონალის უმეტესობას არ ეკეთა პირბადე და მათ COVID-19-ზე ტესტირება არ უტარდებოდათ. თუ სტაციონარში მყოფ პაციენტს აღენიშნება ცხელება, მართვა ხდება ადგილზე, ექიმი თერაპევტის მიერ, მისი COVID-19-ზე ტესტირება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ კვლავ ფიქსირდება ცხელება.
სტაციონარის განყოფილებებში არსებული დერეფნების, პალატებისა და სველი წერტილების ძირითადი ნაწილი საჭიროებს სასწრაფო რემონტს. საკუთრივ პალატებში პაციენტთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 6 -მდე. ფანჯრებზე არ არის დამონტაჟებული ფარდები ან ჟალუზები და დღის განმავლობაში ზოგიერთ საწოლს ადგება პირდაპირი მზის შუქი, რაც ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, იწვევს ასეთ პალატებში მყოფი პაციენტების დასიცხვას. პაციენტების უმრავლესობა კვირაში ერთხელ სარგებლობს პირველ სართულზე განთავსებული საერთო საშხაპით, ხოლო ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების პრობლემა, სარგებლობენ განყოფილებებში არსებული საშხაპეებით. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ განყოფილებებში არსებული საშხაპეების ონკანები და ტუალეტები საჭიროებს შეკეთებას, უნიტაზებზე თავსახურების დამონტაჟებასა და ა. შ. ზოგიერთ პაციენტს საპონიც კი არ ჰქონდა. ისინი აცხადებდნენ, რომ პერსონალს მათთვის არ მიუცია და საპნით დაბანის შესაძლებლობა მხოლოდ კვირაში ერთხელ, ბანაობის დროს ეძლეოდათ. ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა კბილის ჯაგრისიც, თუმცა აცხადებდნენ, რომ კბილის პასტა არ ჰქონდათ.
ქალი პაციენტების გადმოცემით, ჰიგიენური საფენების მოთხოვნის შემთხვევაშიც, პერსონალი უარს ეუბნება იმ მიზეზით, რომ „არ სცალიათ“ და აძლევენ იმ შემთხვევაში, თუ „ხასიათზე არიან“.
დაწესებულებაში პრობლემურია პაციენტთა პარაზიტებისგან დაცვა. ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ხშირია პაციენტების დატილიანების შემთხვევები და ამ პრობლემის მოგვარებას პერსონალი ტილების საწინააღმდეგო ხსნარების გამოყენებით ცდილობდა. სწორედ ამის გამო, ორივე (კაცთა და ქალთა) განყოფილებაში არიან პაციენტები, რომლებსაც თავი გადაპარსული აქვთ და როგორც გაირკვა, გადაპარსვის მიზეზი პაციენტების დატილიანება იყო.
პალატების ნაწილში არსებულ ლოგინებზე გადაკრულია დახეული და დასვრილი თეთრეული. რამდენიმე პაციენტს არ ჰქონდა ზეწარი და ბალიშის პირი. ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, პაციენტებს არ ეძლევათ ახალი (უხმარი) თეთრეული, ხოლო თეთრეულის პერიოდული გამოცვლა ხდება 1 ან 2 თვეში ერთხელ.
პრობლემურია პაციენტების ტანსაცმლით უზრუნველყოფის საკითხი. პაციენტების უმრავლესობას არ გააჩნია პირადი ტანსაცმელი და თეთრეული (საცვლები და ბიუსტჰალტერები). როგორც გაირკვა, განყოფილებებში მყოფი პაციენტების ტანსაცმელი ირეცხება ერთიანად და, ამავე დროს, პაციენტებს ეძლევათ სხვისი ნახმარი ტანსაცმელი, წინდები და თეთრეული, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს.
საავადმყოფოს მედპერსონალი იყენებს პაციენტების შრომას სიგარეტის ან დამატებითი საკვების სანაცვლოდ. რამდენიმე პაციენტი ყავის, სიგარეტისა და დამატებითი საკვების სანაცვლოდ ალაგებს სტაციონარის დერეფნებს, პალატებსა და სველ წერტილებს. ასეთ პაციენტებს ასევე აძლევენ მათი უფლებებით (გასეირნება და ტელეფონზე დარეკვა) სარგებლობის შესაძლებლობას.
ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, გადატვირთულობა, დღის მანძილზე აქტივობების გარეშე ყოფნა და ზოგ შემთხვევაში პაციენტების შრომითი ექსპლოატაცია სავალალოდ აისახება პაციენტების ჯანმრთელობაზე და წარმოადგენს მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
თამარ როსტიაშვილი