რუსეთმა საქართველოს პატრიარქის ტახტზე მეორე კანდიდატურაც შეარჩია
ვერც ერთი სკეპტიკოსი და ჩემ მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანი ვერ უარყოფს შემდეგ ფაქტს _ მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევამდე ერთი თვით ადრე დავწერე, რომ რუსეთმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსასაყდრებლად კანდიდატი შეგვირჩია და რომ ის სწორედ მეუფე შიო იყო. რამდენიმე ხანი იქილიკა ყოვლისმცოდნე ქართულმა საექსპერტო წრეებმა _ ამბავი სიღრმეების გარეშე გაატარა ყველა ნაციონალურმა ტელემაუწყებელმა, წაუყრუა სხვა გამოცემებმა და უცებ _ გიორგობა დღეს _ „გავიგეთ“, რომ შიო მუჯირი მოსაყდრედ დასახელდა. შემდგომი განმარტებებიც გემახსოვრებათ, ლამის იმას რომ გვიმტკიცებდა საპატრიარქოს ინჟინერ-თეოლოგი დოქტორი თუ შიოს კარისკაცი, _ ჩათვალეთ, პატრიარქია უკვეო. მაგრამ ეს სიბრიყვე დეტალია მხოლოდ ამ ყველაფერში, ანუ ფაქტის დადასტურება.
ახლა შიოსა და მის პრორუსულობაზე ნუ დამაწყებინებთ წერას _ დამინდეთ. უბრალოდ სხვა, უმნიშვნელოვანესი ფაქტი უნდა გავაჟღერო: ГРУ და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შეთანხმდნენ საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის მეორე კანდიდატურაზეც.
ანუ სდლ-ს (საჯდომთა დაცვის ლეგიონის) კომბალთუხუცესმა და რაინდმა (მაპატიეთ ამ ცინიკური ქარაგმისთვის), ლევან ვასაძემ, ვერ შეძლო დავალების შესრულება _ სახელმწიფოში პოლიტიკურ-პატრიოტულ-რელიგიურ-კულტურული შოკისა და შედეგად გადატრიალების მოწყობა, მით უფრო, რომ ამისთვის შემზადებული იყო ყველა სახის გარემოება, შექმნილი იყო ფონი და ყველაფერი ჩაფლავდა. ამის მერე, სულ რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში გეგმა „ბ“ ჩაეშვა.
იმის მიუხედავად, რომ შიო კვლავ რჩება ერთ-ერთ კანდიდატად, გადაწყვეტილია, რომ ნებისმიერი გართულების, დაუგეგმავი გარემოებების თავიდან ასაცილებლად და ამ „სპეცოპერაციის“ წარმატებით დასაგვირგვინებლად იქნება მეორე კანდიდატიც. მეორე კანდიდატი სინოდის ცენტრისტული წრიდან _ არა ოდიოზური, საზოგადოებისთვის „მისაღები“, გონიერი, დინჯი, მინიმალური ცხოვრებისეული ზიანით, კარგი რეპუტაციით, მრევლის კეთილგანწყობით. პერსონა, რომელიც დაახლოებული იქნება (არის) კონფლიქტურ რეგიონებთან. ეს გარემოება აუცილებელია იმის დემონსტრირებისთვის, რომ შეძლებს მოაგვაროს კონფლიქტები. პერსონა, რომელსაც ექნება დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა, პერსონა, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს მინიმუმ ორი მნიშვნელოვანი (მოსახლეობის რაოდენობის მხრივ) კუთხე. პერსონა, რომელიც არ არის „შემჩნეული“ ხელისუფლებებთან ალიანსში და პერსონა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სენტიმენტებზე ადვილად ააგდებს, დააგოიმებს მრევლსა და ერს. პერსონა, რომელიც მკვეთრად მისაღები თუ არა, მიუღებელიც არ არის მსოფლიო მართლმადიდებლური საძმოსთვის და რამდენად მისაღება რუსეთისთვის, ამის დაკვნა არ გაგიჭირდებათ. საკმაოდ გონიერი გადაწყვეტილებაა _ ანუ კარგად შერჩეული კადრია, ვერაფერს იტყვი და ეს პერსონა სრულებითაც არ ჯდება შიოს ტიპაჟში. პირიქით _ საერთოდ განსხვავებულია, ასე ერთმნიშვნელოვნად მას პრორუსულობას ვერ დასდებ ბრალად და „თუმცა“ არის ერთი ნიუანსი, რაზედაც სულ ბოლოს მოგახსენებთ…
***
ახლა სწორედ ამ პერსონას მინდა, მივმართო, _ რატომ, მეუფევ, რატომ?
„ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: „Ýòè ãîðû íàøè… Âñå íàðîäû òàì æèâóøíå íàøè ïîääàííûå è âñå çäåñü ãóëÿþùèå íàì ïîä÷èíåíû“. და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლის მოყვანა აქ არ შეიძლება“.
ჰო: „…è âñå çäåñü ãóëÿþùèå…“ ანუ შეგიძლია ისეირნო კიდეც, ე. ი. იყო კმაყოფილი, მშვიდი, დაცული, კეთილდღეობაში მყოფი, მაგრამ აუცილებლად… „íàì ïîä÷èíåíû…“ რამე რომ არ შეგეშალოთ, ეს ჩემი მოგონება კი არ გახლავთ, კათოლიკოს ამბროსი ხელაიას სიტყვებია. რა სიმბოლურია, არა? 30 წლის წინათო… გაგახსენოთ, რა მოხდა 1989 წლის ივლისში სოხუმში?
ისე, ეს სიტყვები 95 წლის წინათ, 16 მარტს, წმინდა ამბროსი აღმსარებელმა (ხელაია) წარმოთქვა სასამართლო პროცესზე და ისტორიულ პრიზმაში თავად გაასამართლა რეჟიმი, რომლის ნარჩენებსაც დღემდე ვებრძვით ის ადამიანები, რომელთათვისაც საქართველო და მისი მოქალაქე თავისუფლების გარეშე არაფერს ღირებულს არ წარმოადგენს. და თქვენ რაზე გაეცით თანხმობა _ გახდეთ ეგზარქოსი? შიოს ბედი არ გაღელვებთ და ეს ცხადია, მაგრამ თქვენი? რას ფიქრობთ, რომ რუსეთს მოატყუებთ, ГРУ-ს მოატყუებთ, უფრო სწორად, საქართველოს ხალხს რას უჩურჩულებთ ყურში, _ მოვატყუებ და ეროვნულ საქმეს გავაკეთებო? ეშმაკს ვერ მოატყუებ, მას ვალი უნდა გადაუხადო…
იცით, ასეთ ვითარებაში რა იქნებოდა ეროვნული საქმე, მეუფევ? ყველანი, ვინც მიბმულნი ჰყავხართ რუსეთს, გამოხვიდეთ, ჩამწკრივდეთ და ერს უთხარათ, _ კი, დაგვემართა ასეთი უბედურება, ვინანიებთ და ვდგებით საქართველოს _ ქრისტეს სამსახურში _ ღმერთმა დალოცოს საქართველო!
მეტყვით, ვართ ქრისტეს სამსახურშიო და მაშინ გიპასუხებთ, იუდა? ვის სამსახურში იყო იუდა?
ბარემ, ერთი ციტატაც ამბროსი ხელაიას იმ ცნობილი სიტყვიდან, რომელიც, სხალთის ეპისკოპოსისგან განსხვავებით, თქვენ ნამდვილად უნდა გქონდეთ წაკითხული, თუმცა ვერ დავიჩემებ, რომ ბევრმა იცის ამის შესახებ საეკლესიო წრეებში: „ჩემი 37 წლის სამსახური მე მოვანდომე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას. ვიბრძოდი როგორც მოქმედებით, ისე პრესის საშუალებით, რამაც შემძინა აუწერელი დევნულობა და ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ტკბილი და მყუდრო დღეები. ორჯერ განვიცადე სამშობლოდან ექსორიობა. ორჯერ ვიყავი გადასახლებული რუსეთში და ორჯერვე სამშობლოში დამაბრუნა რევოლუციამ (1905-1907 წწ.)“.
მე ასე მესმის სამშობლოს მსახურება, ასე და ის ნუ დაგამშვიდებთ, რომ გარეთ 2019 წელია.
***
მოკლედ, ამ მეორე კანდიდატთან დაკავშირებული გეგმა ასეთია: მოსაყდრემ _ მეუფე შიომ _ თუ ასეთი რამ მოხდა და ქართველმა ერმა და მრევლმა საბოლოოდ „გამოიღვიძა“ ამ პერსონის მიმართ, მაქსიმალურად უნდა „შეიზილოს“ რუსული ტალახი და ბოლოს განაცხადოს დაახლოებით ასეთი შინაარსის რამ: მე დაუმსახურებლად მსაყვედურობდნენ უამრავ რამეს, მეძახდნენ პრორუსს, ამბობდნენ, რომ ვარ რუსეთის ეკლესიის კადრი და რომ რუსეთი მოითხოვდა ჩემს გაპატრიარქებას. ვარწმუნებ ყველას, ამის შესახებ არასოდეს მიფიქრია. მე პატიოსნად და თმენით ვზიდე ეს მძიმა ჯვარი და ახლა საჯაროდ ვაცხადებ _ არ მაქვს პატრიარქობის პრეტენზია და მხარს ვუჭერ ჩვენი ეკლესიის გამორჩეულ, დამსახურებულ და ამაგდარ წევრს, სულით-ხორცამდე პატრიოტს, შეუბღალავი რეპუტაციის ადამიანს, ღვთისმსახურს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს…
მესმის, მესმის, ვერ ითმენთ… ამიტომაც ხდება მერე შინაარსი მეორეხარისხოვანი, ამიტომ მოგიწევთ, მოითმინოთ….
***
ერთი ამონარიდი ჩემი 2018 წლის პუბლიკაციიდან: „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს ზედაპირზე ამოტივტივებულ შლამს ორი მაპროვოცირებელი ფაქტი უძღვის წინ: „17 მაისი“ და „ციანიდის საქმე“. ეკლესიაში რომ ყველაფერი რიგზე არ იყო, ამას სიღრმეებში წვდომა არ სჭირდებოდა _ არც ცალკეული მღვდელმსახურების სიხარბეს, არც მათ მომხვეჭელობას, არც მათ უღმერთობას, არც დაუნდობლობას. თუმცა როდესაც ადამიანები, მრევლი ცალკეულ ფაქტებზე აპელირებდა და ამ ფაქტებიდან გამომდინარე ამბობდა, _ მწამს უფალი, მაგრამ არ ვაღიარებ მღვდელს, ეს ეკლესიის მმართველი ორგანოს _ საპატრიარქოს მიერ მეტწილად აღიქმებოდა, როგორც ეკლესიის დისკრედიტების მცდელობა. ამ და სხვა მრავალი სუბიექტური გარემოების გათვალისწინებით _ რწმენის უპირატესობის აღიარებით _ უამრავი ადამიანი თავს არიდებდა სიღრმეებში ჩასვლას და მხილებას. მხილების უფლება, რატომღაც, მხოლოდ და მხოლოდ, ეკლესიამ დაიპრივატიზირა. წლების განმავლობაში ჩაკეტილი სისტემის ფორმირება, როდესაც გარედან რამე კრიტიკულის თქმა მიუღებელი იყო, ხოლო შიგნით მყოფთ ლამის იმის უფლება ჰქონდათ, შეეწყალებინათ, დაენიშნათ და დაეწინაურებინათ, გაეკიცხათ, ეცემათ, ედევნათ და ა. შ., ეკლესია ავტორიტარულ ორგანოდ აქცია, თუმცა მართვის ამ სტილის შედეგებს ახლა იმკის არა მხოლოდ ეს ინსტიტუტი, არამედ მრევლიც და სახელმწიფოც“. და როგორ ფიქრობთ, ვინმე ამ ყველაფრის შეცვლას აპირებს? ან ეს მიტროპოლიტი, რომელსაც საკუთარი თავი უკვე ლამის პატრიარქი ჰგონია და ახლა ერთი სული აქვს, რაც შეიძლება ბევრი რამ ცუდი ითქვას შიოზე? ან თუნდაც „ციანიდის საქმეზე“ ამოიღებს იგი ხმას? _ არა! ის ხომ ერთ-ერთია იმ ოთხი ეპისკოპოსიდან, რომელსაც მამა გიორგი მამალაძემ ის „ცნობილი“, მაგრამ ჯერაც გაუსაჯაროებელი წერილები გაუგზავნა? აჰა, ნახეთ, როგორ დავავიწროვე წრე…
***
მეუფევ, ზუსტად ვიცი რამდენჯერმე წაიკითხავთ ამ წერილს, ისიც ზუსტად ვიცი, მერე მატრიარქ შორენასთან, თქვენს თავგადაკლულ რეკომენდატორთან განმარტოვდებით და რა? სისულელეაო, ვერ იტყვით ვერანაირად ამ ყველაფერზე. ინჟინერ-თეოლოგების განმარტებები და იდიოტური კომენტარები ჩემზე არ მოქმედებს. იცით, რატომ? ეკლესიის დოგმატიკისა თუ ღვთისმეტყველების საკითხებს კი არ გედავებით, არამედ სამშობლოს. თუმცა საქართველოს ეკლესიაში თეოლოგიაში რომ მოიკოჭლებთ, ეს არაერთხელ გვინახავს და შემდგომაც ვნახავთ, რაც არასაკმარისი განათლების მიზეზია. თუმცა მჯერა, ეს ვითარება დროთა განმავლობაში, თაობათა ცვლასთან ერთად, გამოსწორდება, მაგრამ, ისევ და ისევ, ამბროსი ხელაიას მოვიშველიებ და ვიტყვი: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არა ვსთქვათ რა…“ ან არ ვთქვათ ის, რა ცუდი საქმის გაკეთებას აპირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის. ახლა მეტად არ შეგეხებით არც თქვენ და არც თქვენს დამქაშებსა თუ პატრონებს.
***
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას უმთავრესი ამოცანა _ ღირსეულად გაუძლოს იმ განსაცდელს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა. შემეძლო მეთქვა, _ დაიყენა საკუთარი თავი… მაგრამ „აღმოჩნდა“, ამასაც გულისხმობს ბევრ სხვა ქმედებასთან ერთად. კვლავ გრძელდება პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა და ომი. კვლავ უწესო წესებით და კვლავ მტრის უშუალო მონაწილეობით.
იქ, საქართველოს საპატრიარქოში, და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, გაიგეთ ყველამ, გაიგოს მრევლმა და ერმა, გაიგოს საქართველოს ხალხმა, რომ წინა პლანზე უნდა გამოვიდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესები, რომელიც სწორედ ეფუძნება ორ უმთავრეს პრინციპს _ თავისუფლებასა და კანონიერებას, რადგან „სამღვდელოება ყოველთვის იყო დამცველი საქართველოს თავისუფლების იდეისა“…
ეს არის ქართველი ერის დაკვეთა. მეტიც: ვისაც ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედი აღელვებს, კარგად უნდა ესმოდეს, ყველა სახის ძალისა და ზეწოლის საპირწონე მხოლოდ პროგრესული და რეფორმატორული ძალაა და არა მტერთან ალიანსში მყოფი და მისი ინტერესების რეალიზატორი.
დროა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა დაინდონ საკუთარი ერი თუნდაც იმიტომ, რომ „ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა ხშირად: „მეწყალის ერი ესეო“ (მარკ. 8,2).
შესაბამისად, „ნუ დაიდუმებთ ერისთვისაო“, _ გვეუბნება ჩვენი მოძღვრება და არ ვდუმვარ, ნუ დადუმდებით თქვენც.
სახელი? ვერ მოითმენენ, უღალატებთ ნერვები და წამოსცდებათ. არა? ვიტყვი, რა პრობლემაა…
***
ზემოთ დაგპირდით, რომ განვმარტავდი „თუმცას“… უფრო სწორად, ერთ არცთუ უმნიშვნელო ნიუანსს. ГРУ-ში სულელები არ სხედან და მიტროპოლიტის კანდიდატურის განხილვისას და პირადად მასთან საუბრისას წამოიჭრა თემა, რა კომპრომატი შეიძლება დაიდონ, ამოუტივტოვონ მეუფეს. და აღმოჩნდა, რომ არის ასეთი რამ, რაზედაც საეკლესიო წრეებში, სინოდში საუბრობენ და ჩურჩულებენ. თურმე მიტროპოლიტი ეპისკოპოსი რომ გახდა, მას შემდეგ გამჟღავნდა, რომ ის არ იყო მონათლული და სასწრაფო წესით მონათლეს(?!!). ანუ არც ერთი მოწმე, რომელიც მის ნათლობას, თუ ასეთი რამ მოხდა იმ დროს, როდესაც იგი ამას ასაკის გამო ვერ გაიხსენებდა, ბუნებაში არ აღმოჩნდა.
მაგრამ ГРУ-სა და რუსი თეოლოგებისთვის არაფერი აღმოჩნდა ეს პრობლემა. და ახლა „მომავალი პატრიარქი“ თავს ისტორიული ფაქტებით იმშვიდებს; ანუ საჭიროების შემთხვევაში რა უნდა გააჟღერონ მან თავად ან მისმა მხარდამჭერებმა. მაგრამ არა როგორც მტკიცება რამის, არამედ მინიშნება, ასეც რომ იყოს, მერე რა მოხდა, პრეცედენტი არსებობსო…
ფაქტი, რომლითაც უნდა დაგვაბოლონ: წმინდა ფოტი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (810-893წ.წ) IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის შთამომავალი იყო. 857 წელს იმპერატორ მიხეილის თანამმართველმა, ბარდამ, კონსტანტინოპოლის კათედრიდან გააძევა პატრიარქი ეგნატე და მის ნაცვლად ფოტის დადგინება გადაწყვიტა. მომავალ წმინდანს ამ მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა და უარობდა, მაგრამ მისი არ შეისმინეს: ექვსი დღის განმავლობაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და შობის დღესასწაულზე პატრიარქადაც აკურთხეს.
თუმცა აქაც შეცდომაა ჩვენს შემთხვევასთან მისასადაგებლად. წმინდა ფოტი ექვსი დღის განმავლობაში აღამაღლეს და მერე არავის მოუნათლავს, მანამ მონათლეს და ისე გადაიდგა ყველა სხვა ფორმალური ნაბიჯი. ახლა ორი გამოსავალი არსებობს, _ ან ის უნდა უარყონ, როგორ მონათლეს მეორედ, ან არარსებული მოწმე გამოაჩინონ _ ანუ პერსონა, ვინც ნათლობის რიტუალს დაახლოებით 50 წლის წინ ესწრებოდა. თუმცა ГРУ-სთვის შეუძლებელი არაფერია, ისევე როგორც კედლისთვის ცერცვის შეყრაა, ქართველ მორწმუნეს უთხრა, რომ მას ღვთისმსახური აბოლებს.
სულ ეს იყო, ამ ჯერზე რისი თქმაც მსურდა.
გოჩა მირცხულავა