რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის სკანდალური დოკუმენტი
„გავრილოვის კრიზისმა“ კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ რუსული ე. წ. რბილი ძალა თავისას არ იშლის და ცდილობს, საქართველოს ყველა მიმართულებით გამოუთხაროს ძირი. ზოგადად, ის, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გავლენის აგენტები საკმარისზე მეტნი არიან, ახალი არ არის და „მეხუთე კოლონის“ საქმიანობაზეც მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი ხდება, რომ კრემლი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სამართავად სხვა მეთოდებსაც იყენებს კერძოდ, როგორც უშიშროების ყოფილი თანამშრომელი გვეუბნება, ჩრდილოეთის სპეცსამსახურები ადამიანებზე ზემოქმედებისთვის ონლაინსესხების კომპანიებსა და სოციალურ ქსელებსაც იყენებს. სხვათა შორის, საქართველოში, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, ჯერ კიდევ პოპულარულია რუსული სოციალური ქსელი „ოდნოკლასნიკები“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირ ФСБ-ზეა მიბმული, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, „ოდნოკლასნიკები“ ФСБ-ს შექმნილია.
მოკლედ, როგორ აკონტროლებს საქართველოს მოსახლეობას სოციალური ქსელებით და ასევე ონლაინსესხებით და რა წერია ეპიფანცევის დოკუმენტში, რომელიც რუსულ მედიაში ზუსტად 9 წლის წინ, 2010 წელს გამოქვეყნდა? _ „ქრონიკა+“-ს სპეცსამსახურის თადარიგის თანამშრომელი ინტერვიუზე იმ პირობით დასთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავამხელდით. ჩვენ რესპონდენტისთვის მიცემულ პირობას, რასაკვირველია, ვასრულებთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო დროს ონლაინსესხების ბუმი, გარკვეულწილად, ჩაცხრა, თუმცა არცთუ შორეულ წარსულში ამ ბიზნესს აყვავების ხანა ედგა. შესაბამისად, ონლაინსესხის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რიგითი ადამიანი ონლაინსესხის აღებისას გარკვეულ პროცედურებს ყურადღებას არ აქცევს. თვითონ კი, პროფესიიდან გამომდინარე, სესხის აღება რომ დააპირა, ერთი გარემოება მოხვდა თვალში:
_ ზოგადად, იმ კომპანიების რეკლამაზე უამრავი ფული იხარჯება, რაც იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააკაბალონ და ამ სიტუაციაში ჩაითრიონ. ყველაფერი ეს კი ძალიან საშიშია.
_ რატომ?
_ აგიხსნით: ამ კომპანიების ვებგვერდებზე შედით და მაშინვე რუსულენოვანი აპლიკაცია „ამოვარდება“, შემდეგ კი _ ქართული. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ამ კომპანიების უმეტესობა რუსულია!
_ ეს, ცოტა არ იყოს, უსუსური არგუმენტია.
_ მხოლოდ ამის გამო არ ვამბობ, რომ ონლაინ-სესხების კომპანიების უმეტესობა რუსულია. ყურადღება მივაქციე, რომ ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი ერთ პერიოდში _ 2012 წლის შემდეგაა დარეგისტრირებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უდიდეს კონკურენციას უწევს, რაც იმაში გამოიხატება, რომ კლიენტის საკრედიტო ისტორიას არ ითვალისწინებენ, ანუ რომელიმე ბანკთან პრობლემები რომც გქონდეთ, ონლაინსესხის აღებას მაინც მოახერხებთ. არადა, როცა ბევრი სესხი გაქვს აღებული, შეიძლება, გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდეს და „ჩავარდე“, ანუ თუ ერთი ორგანიზაციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებ, ავტომატურად, ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთანაც გიფუჭდება. ყველაფერი ეს კი ისეთ ჯაჭვში მოგაქცევთ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ გაწყვეტთ, დაკაბალებული ხდებით და დიდი ალბათობით, ქონების დაკარგვის საშიშროების წინაშეც აღმოჩნდებით.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება არ გაქვთ, სიარული ან სასამართლოში მოგიწევთ, ან შეიძლება, ვიღაცამ მოგაკითხოთ.
_ ანუ?
_ დაუფარავი სესხი ჩვეულებრივი კომპრომატია, რომელიც ადამიანის გადასაბირებლად გამოიყენება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი საზოგადოებრივად აქტიურია. აი, სწორედ ამის გათვალისწინებით ვამბობ, რომ უმეტესი მიკროსაფინანსო კომპანიის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული სპეცსამსახურები ამას ყურადღებას არ აქცევს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მათ უკან მდგარი სპეცსამსახურები იმით სარგებლობს, რომ იცის, ადამიანი, რომელსაც უჭირს, ყველაფერზე წამსვლელია, რათა ოჯახი გამოკვებოს ან წამლის საყიდლად ფული იშოვოს და ამიტომ გაჭირვებული ადამიანი ყველაფერზე თანახმაა, მათ შორის, პირადი ინფორმაცის გაცემაზეც.
ზოგადად, ნებისმიერი სპეცსამსახური ასე მუშაობს: თავდაპირველად გადმობირების ობიექტზე ყველანაირ ინფორმაციას აგროვებს. ონლაინსესხის აღებისას კი სპეციალურ აპლიკაციაში ადამიანი თავის შესახებ ყველაფერს წერს: დაბადების თარიღს, სამუშაო ადგილს, ოჯახის წევრთა რაოდენობას, მათ საქმიანობას, საკუთარი ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის, ასევე საცხოვრებელი ადგილის მისამართს და ა. შ. ყველაფერი ეს კი სპეცსამსახურს მუშაობას უადვილებს.
ადრე მსგავსი ცნობების მოსაგროვებლად, მაგალითად, რუსულ სპეცსამსახურს საქართველოში თანამშრომელი უნდა გამოეგზავნა, რომელიც დაინტერესების ობიექტთან ან მის გარემოცვასთან კონტაქტს ამყარებდა და ნელ-ნელა იგებდა, დაინტერესების ობიექტის, ვთქვათ, ეკონომიკური მდგომარეობა როგორი იყო, ან ურთიერთობა რომელ ბანკთან ჰქონდა. ყველა ეს დეტალი სპეცსამსახურს იმისთვის სჭირდება, რომ დაინტერესების ობიექტთან ოპერატიული კონტაქტი დაამყაროს.
სხვათა შორის, აუცილებელი არ არის, რომ დაინტერესების ობიექტი გავლენიანი ადამიანი იყოს, მაგრამ სპეცსამსახურის ყურადღება შეიძლება, მაინც მიიპყროს. ზოგადად, სპეცსამსახურისთვის საინტერესო, როგორც წესი, საშუალო ფენაა ხოლმე.
ამას გარდა, ამ ონლაინსესხების დახმარებით ერთგვარი ბაზა კეთდება, ანუ ყველაფერი ერთ დღეზე არაა გათვლილი და ადამიანმა, რომელსაც ახლა მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს, ხვალ-ზეგ, შეიძლება, სადმე „ამოყვინთოს“, ვთქვათ, დეპუტატი გახდეს.
ეს საბაზისო თეორიაა, რასაც სპეცსამსახურების მუშაობა ემყარება და შენ, როგორც სპეცსამსახურმა, ამას წინააღმდეგობა რომ გაუწიო, ყველაფრის მოდელირება უნდა მოახდინო.
სხვათა შორის, საქართველოში ძალოვანი უწყებებიდან, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროდან, ძალიან ბევრი ადამიანია გაშვებული, რომელიც ინფორმაციის მატარებელია. იგივე შეიძლება ითქვას ექიმებზე, ვეტერანებზე, მეცნიერებზე და მათთან ოპერატიული კავშირის დამყარება ყველა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ხელსაყრელია.
_ შეიძლება, მაგრამ იმ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანი ონლაინსესხების კომპანიებს საკუთარი ნებით აძლევს, სპეცსამსახური მაინც, როგორ იყენებს?
_ იმ აპლიკაციის მიხედვით, რომელსაც ადამიანი ონლაინსესხის აღებისას ავსებს, სპეცსამსახური, პირველ რიგში, მის ფინანსურ მდგომარეობას ადგენს, რაც ზემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტია.
_ ანუ?
_ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია სპეცსამსახურის ხელში მოხვდება, მისი წარმომადგენელი ან, სულაც, ბანკის თანამშრომელი მოვა და გეტყვით, ახლა მძიმე ფინანსურ სიტუაციაში ხარ, პრობლემას მოგიგვარებ, მაგრამ შენი დახმარება მჭირდებაო. ეს დახმარება კი შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ თუ ადამიანი პოლიტიკური პარტიის წევრია, სთხოვონ, რომ მათი კადრი პარტიაში დაასაქმოს. ეს უკვე ოპერატიული კომბინაციაა.
ამასთან, გამორიცხული არც ის არის, რომ ყველაფერი ეს გეოგრაფიულ არეალზე იყოს გათვლილი, საიდანაც სპეცსამსახური მოსახლეობისგან მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებს.
ამ მხრივ კი ყველაზე მოწყვლადი საქართველოს ის რეგიონებია, რომელიც ეთნიკური არაქართველებით არის დასახლებული.
_ პერსონალურ ინფორმაციას ადამიანი სოციალურ ქსელში დარეგისტრირების დროსაც გასცემს. შესაბამისად, სპეცსამსახურს ინფორმაციის მიღება ამ გზითაც შეუძლია?
_ დიახ, ასეა.
თუ ადრე სპეცსამსახური კონკრეტულ პიროვნებაზე ინფორმაციას მიიღებდა, მისი საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის დასადგენად სამისამართო ბიუროში მიდიოდა. ახლა კი ყველაფერი ეს სოციალურმა ქსელმა გაამარტივა.
თუ ამ მონაცემებს ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს, დასაშვები და მისაღებია, მაგრამ როცა ამ ინფორმაციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყენებს, ეს ჩვეულებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობაა.
მოკლედ, სოციალური ქსელი მარტივი საშუალებაა, რომ დაინტერესებულ ქვეყანაში კონკრეტულ სეგმენტზე სპეცსამსახურმა ინფორმაცია სწრაფად მოიპოვოს და შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებებიც სწრაფადვე დაგეგმოს.
_ ამ ლოგიკით საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე რუსული სპეცსამსახურის ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშაა, რადგან საქართველოში სოციალური ქსელებიც აქტუალურია და ონლაინსესხებიც.
_ კი ბატონო, ასეა.
ისე, ანალოგიური სქემით მხოლოდ რუსული კი არა, შეიძლება, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურებიც მუშაობდნენ, თუმცა ონლაინსესხების ის კომპანიები, რომლებიც ბოლო დროს გააქტიურდნენ, რუსულია! ყველაფერ ამის უკან, შეიძლება, კერძო ბიზნესი დგას, მაგრამ არ გამიკვირდება, თუკი ეს კერძო ბიზნესი რუსულ სპეცსამსახურებზე იქნება მიბმული. ყოველ შემთხვევაში, ის ბაზა, რომელიც ამ ონლაინსესხების კომპანიებით კეთდება, თავს სადღაც იყრის და ეს „სადღაც“ რუსეთი, უფრო სწორად, რუსული სპეცსამსახურებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაზე უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობს!
ყველაფერი, რასაც ახლა გეუბნებით, რიგით ადამიანს შეიძლება, წარმოუდგენლად მოეჩვენოს, მაგრამ ისინი, ვინც საქმეში არიან ჩახედულნი, მიხვდებიან, რასაც ვამბობ.
სპეცსამსახური ყველა ადამიანს ერთნაირი საზომით არ უდგება, თუმცა იგივე ონლაინსესხები სოციალური მდგომარეობის შესწავლის შესანიშნავი საშუალებაა, ანუ ანალიტიკური ცენტრები ყველა დეტალს აანალიზებს, ვთქვათ, ონლაინკომპანიებს რომელ რაიონში უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს. მოკლედ, ეს შესანიშნავი სოციალური კვლევაა, რაც სპეცსამსახურებს იმისთვის სჭირდება, რომ დესტრუქცია დაგეგმოს! ჩვენმა სპეცსამსახურებმა სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება.
სხვათა შორის, ყველაფერ ამაზე და ასევე სხვა თემებზე „რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ იმ დოკუმენტშია ლაპარაკი, რომელიც ერთ-ერთმა რუსულმა სააგენტომ, ჯერ კიდევ, 2010 წელს გამოაქვეყნა.
წერილს ხელს აწერს ვინმე ანდრეი ეპიფანცევი.
_ ეს ეპიფანცევი სპეცსამსახურის თანამშრომელია?
_ არა, ჟურნალისტია, მაგრამ წერილი რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისგან მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით დაწერა. ეს ძალიან ვრცელი წერილია, მაგრამ დეტალებს არ ჩავუღრმავდები და ძირითად პოსტულატებზე გავაკეთებ აქცენტს.
ამ დოკუმენტის ე. წ. აღწერილობით ნაწილში ნოე ჟორდანიას ეთნიკური მეგრელობაა ხაზგასმული. ასევე ზვიად გამსახურდიას მეგრელობაზეც არის ლაპარაკი და მინიშნება იმაზე კეთდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ნახევრად მეგრელია და ამ კონტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობებისგან განსხვავებით, მეგრელები ავტონომიისთვის არ იბრძვიან, ანუ რუსები ხაზს უსვამენ, მეგრელები ქართული ეთნოსის წარმომადგენლები არ არიან, მაგრამ საქართველოში პირველობისთვის იბრძვიან, თუმცა ზვიად გამსახურდიას პროექტი ჩავარდა, რასაც სამოქალაქო ომი მოყვაო.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ მეგრელებს იმედი „ვარდების რევოლუციის“ მერეც გაუცრუვდათ, რადგან ეგონათ, სააკაშვილის დახმარებით მეგრული ანკლავი გაიმარჯვებდა, თუმცა ასე არ მოხდაო.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოში „მეგრული სეპარატიზმი“ არ არსებობს. ასე რომ იყოს, სიმონ ჯანაშია და სხვა ცნობილი მეგრელები, შეიძლება, საფლავში ტრიალებდნენ!
მეორე მიმართულება, რაზედაც რუსეთის „იდეური მამები“ აქცენტს აკეთებენ, ისაა, რომ საქართველოში მეგრული ენა იჩაგრება და საქართველო ყოველთვის მცირე იმპერია იყო, რომელიც დიდი იმპერიების დახმარებით მცირე ერებსა და ეთნოსებს ჩაგრავს.
ეს ე. წ. არგუმენტი იმას ემსახურება, რომ სამეგრელოში სეპარატისტული განწყობები გააღვივონ.
2010 წელს გამოქვეყნებულ ეპიფანცევის წერილში ასევე ნათქვამია, რუსეთში ელოდნენ, რომ სამეგრელოში ავტონომიის მოთხოვნით გამოსვლები დაიწყებოდა, მაგრამ მოსკოვურ ელიტას იმედი გაუცრუვდა, რადგან მეგრული ეთნოსის ბუნებას კარგად არ იცნობს და არ იცის, რომ მეგრელებს სამეგრელოს ავტონომია კი არა, მთელი საქართველოს მართვა უნდათო.
მოკლედ, ეპიფანცევის ამ წერილში ძალიან მძიმე მესიჯებია, რაც ე. წ. ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ემსახურება, მაგრამ ყველაფერი ეს თითიდანაა გამოწოვილი.
პარალელურად, ეპიფანცევი წერს, რომ მეგრელებს, აფხაზებისგან განსხვავებით, საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვთ.
_ საერთაშორისო მხარდაჭერა არც აფხაზებს აქვთ.
_ დიახ, მაგრამ ეპიფანცევი „საერთაშორისო მხარდაჭერაში“, როგორც ჩანს, კრემლს გულისხმობს. ამავე კონტექსტში წერილის ავტორი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სომხებსაც ახსენებს, რომელთაც, მისი თქმით, ისტორიული სამშობლო აქვთ, რომელიც გადამწყვეტ მომენტში, შეიძლება, მათ მეკავშირედ მოგვევლინოს. ასეთი სამშობლო მეგრელებს არ აქვთ და ამიტომ მათი მთავარი ხელშემწყობი რუსეთი უნდა გახდეს, ანუ რუსეთმა ქართულ-მეგრული „დაპირისპირება“ „საერთაშორისო ჭრილში“ უნდა გადაიყვანოსო.
ამავე კონტექსტში ეპიფანცევი რეგიონულ ენებზეც საუბრობს და ევროსაბჭოს დადგენილებასაც ახსენებს, სადაც მეგრულ, როგორც რეგიონულ ენაზე, არაფერია ნათქვამი. „მეგრელებს მეგრულ ენაზე სწავლის უფლება უნდა ჰქონდეთ!“ _ წერს ეპიფანცევი და ამით აქცენტს, პრაქტიკულად, კულტურულ ავტონომიაზეც აკეთებს.
ამ წერილის მესამე და ძირითადი მიმართულება ახალგაზრდობაა, ანუ ამ გეგმის მიხედვით, სამეგრელოში სიტუაცია შეიძლება, 10-15 არასამთავრობო ორგანიზაციამ არიოს, თუ შესაბამისი დაფინანსება ექნება.
ეს კრემლის სტრატეგიის ტაქტიკური გეგმაა, რომლის მიხედვითაც, გალი საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის მთავარი ცენტრი უნდა გახდეს, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თავის დროზე, ბევრი გალელი პარტიზანულ მოძრაობაში იყო ჩართული. ამ პარტიზანული მოძრაობის რაღაც ნაწილი შეიძლება დღეს აღარ არსებობს, მაგრამ რუსეთს ძირგამომთხრელი საქმიანობის მცდელობები მაშინაც ჰქონდა, როცა პარტიზანული მოძრაობები, ასე ვთქვათ, ზენიტში იყო.
რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ პარტიზანების ნაწილი მეორე მხარესთან თანამშრომლობდა.
_ ანუ?
_ ხშირად რუხის ხიდზე კონტრაბანდა ერთობლივად გადმოჰქონდათ, რაშიც მხოლოდ პარტიზანები კი არა, შსს-ს თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის, ისინიც, ვინც დღეს რუსეთისა თუ საქართველოს პარლამენტიდან გვარიგებენ ჭკუას! ისე, მაშინ კორუფციის ხარისხი ძალიან მაღალი იყო, რაც, პრაქტიკულად, „ვარდების რევოლუციის“ საბაბი გახდა, თუმცა დღეს ამ მიმართულებით უფრო მეტი საფრთხე არსებობს.
ეპიფანცევის წერილში აქცენტი ძირითადად ახალგაზრდებზე კეთდება, რომელთაც შესაბამისი არც განათლება აქვთ და არც _ ცოდნა. ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი გალის ახალგაზრდობაა. სხვათა შორის, გალის სკოლებში საქართველოს ისტორია წლებია, აღარ ისწავლება, რაც ქართველების საქართველოსთან გაუცხოებას იწვევს…
პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს სამეგრელოში, ჩემი ინფორმაციით, ბევრი საეჭვო წარმომავლობის არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა, რომელსაც ჩვენმა სპეცსამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ!
ზოგადად, სპეცსამსახურმა ოპერატიული ვითარება ამ რეგიონში უნდა გადაიტანოს, რადგან თუ იქ განხეთქილების საფუძველი გაჩნდა და განხეთქილების ბორბალი დატრიალდა, ამას ვეღარავინ გააჩერებს!
ზოგი ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურებიდან ГРУ ყველაზე ძლიერია, მაგრამ მის ოპერატიულ მომსახურებას სამხედრო კონტრდაზვერვის, ანუ „ასობი ოტდელის“ თანამშრომლები აწარმოებენ. „ოპერატიული მომსახურება“ აგენტურის შეძენასა და სხვა ოპერატიულ საქმიანობას ნიშნავს და ხვდებით, საუბარი რამხელა გავლენაზეა?
სხვათა შორის, ГРУ-ს „აკვარიუმს“ ეძახიან, რადგან ძალიან შეკრულია და მის ასეთ სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდი როლი სამხედრო კონტრდაზვერვამ ითამაშა.
საერთოდ, ძირგამომთხრელი საქმიანობა, დივერსიის გარდა, პირველ რიგში, ჯარის ბრძოლისუნარიანობის დაკნინება, შპიონაჟი, ანუ შეიარაღებულ ძალებში შეღწევაა. სამხედრო კონტრდაზვერვა კი ის სტრუქტურაა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისგან იცავს, თუმცა დღეს კაცმა არ იცის, ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში რა ხდება… თავდაცვის სამინისტროს ბევრ თანამშრომელზე მხოლოდ კითხვის ნიშნები კი არა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივში დალექილი მასალაც არსებობს.
რომ იცოდეთ, შანტაჟი მხოლოდ რუსული კი არა, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურის მახასიათებელია, მაგრამ შანტაჟით შეძენილი აგენტურა სანდო არ არის. ეს სპეცსამსახურებმაც იციან და ამიტომ, წლების განმავლობაში, სპეცსამსახურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მთელი რიგი ჯაჭვი ხორციელდება, რათა შანტაჟით გადაბირებული აგენტის ფსიქიკაში შეღწევა და მისი სხვა საფუძვლით გადაბირება მოხდეს.
_ „სხვა საფუძვლები“ რა არის?
_ მაგალითად, მატერიალური დაინტერესება, ასევე ტვინის გამორეცხვა და ასე ყალიბდება გავლენის აგენტურა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ აგენტს კონსერვაციაზე აყენებენ, ანუ დავალებებს არ აძლევენ, მაგრამ თუ, მაგალითად, თანამდებობაზე მოხვდება, მაშინ ააქტიურებენ.
_ დავალების მისაცემად აგენტს უშიშროებაში იბარებენ?
_ არა, საამისოდ სპეციალური საშუალებები არსებობს _ ტექნიკა, შუამავალი ან რეზიდენტი.
_ რეზიდენტსა და აგენტს შორის რა განსხვავებაა?
_ რეზიდენტი აგენტურულ ქსელს ხელმძღვანელობს.
_ ანუ რეზიდენტი უფრო მაღალი ჩინის მატარებელია?
_ რა თქმა უნდა. საერთოდ, ყველა საელჩო ოფიციალური რეზიდენტურაა, თუმცა არალეგალური რეზიდენტურაც არსებობს…
P. S. ეპიფანცევის წერილს, რომელიც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ერთგვარი სამუშაო დოკუმენტია, თავის დროზე, ანუ 2010 წელს, ქართულმა მხარემ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. არადა, დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ისტორიის გაუკუღმართებას ცდილობს, თვალნათელია, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რუსული სპეცსამსახურების მიერ წლების წინათ დაიგეგმა.
ასე რომ, როგორც იტყვიან, ასი ყური და ასი თვალი გვმართებს, რათა ისევ რუსული სპეცსამსახურების ხაფანგში არ გავყოთ თავი და იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში არ დავბრუნდეთ, როცა ჩრდილოეთის ხელშეწყობით ერთმანეთს დავერიეთ და საკუთარი ქვეყნის დედაქალაქი ლამის ნაცარტუტად ვაქციეთ!
და კიდევ ერთი: ეპიფანცევი რუსეთში, როგორც იტყვიან, შემთხვევითი ფიგურა არ არის და ის შესაძლოა, კრემლის ერთ-ერთ იდეოლოგადაც მივიჩნიოთ, რის დასტურადაც პრორუსული განწყობებით ცნობილი „საქინფორმისთვის“ მიცემული მისი ინტერვიუც გამოდგება:
„მე არ ვარ პოლიტიკოსი და შემიძლია ისეთი რამის თქმა, რასაც ოფიციალური პირები არ ამბობენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს თავისი ისტორიული, გეოგრაფიული, პოლიტიკური თუ ნათესაური რუსული ფესვებით, უბრალოდ, ბადალი არ ჰყავს. რაც შეეხება ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთვის ეს ნაბიჯი შესაძლოა, უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასი გახდეს. მე ვეწინააღმდეგები ამ პროცესს, ეს დააზარალებს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ინტერესებს. ხშირად ვეკითხები ჩემს სტუდენტებს, – რა შეიძლება მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო ნატოს წევრი იქნებოდა? მე არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი. ალბათ, ბირთვული რაკეტები არ გამოემართებოდა საქართველოსკენ, მაგრამ ძალიან ცუდი იქნებოდა, თუკი ნატო და რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს განახორციელებდნენ“, _ ეს არის ამონარიდი ეპიფანცევის ინტერვიუდან, რომელიც 2012 წლის 28 ნომებრით თარიღდება და რომელიც მან, როგორც აღვნიშნეთ, პრორუსული განწყობებით გამორჩეულ „საქინფორმს“ მისცა. ეპიფანცევის ამ „ციტატიდანაც“ თვალნათელია, თუ რა გეგმები აქვს კრემლს საქართველოში.
მოკლედ, ფრთხილად, ბატონებო _ ჩრდილოელი არ გვეხსნება!
გიორგი აბაშიძე