რუსეთის კაცი თავდაცვის სამინისტროში _ რა პოტენციური საფრთხეების წინაშე დააყენა დავით ხიდაშელმა საქართველო?
მიხეილ ხაჩიძე
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის მიერ დასანქცირებულ რუს ოლიგარქ ევტუშენკოვთან დაკავშირებული ქართველი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდებზე.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „მთავარი არხის“ ინფორმაცია გავრცელებიდან მომდევნო დღეს, 15 მარტს დაადასტურა და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩევლის სავარძელს 2020 წლიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში იკავებდა.
„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად“, _ ვკითხულობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პრესრელიზში.
აწ უკვე საქართველოს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი 2019 წლის სექტემბრიდან იყო. მას შემდეგ, რაც მან პრემიერის პოზიციაზე გადაინაცვლა, 2021 წლის 22 თებერვლიდან ამ თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე იკავებდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა და განაცხადა, რომ დასვენება უნდა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ (მუხლი 81) საქართველოს კანონის მიხედვით, თუ მინისტრი თანამდებობას ტოვებს, ავტომატურად გათავისუფლებულად ითვლება მისი მრჩეველიც. ე. ი. ხიდაშელის დანიშვნის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროში ორივე ყოფილმა მინისტრმა ერთხმად მიიღო.
ახლა კი თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ ხიდაშელი მრჩეველი აღარ არის და უწყებაშიც საერთოდ აღარ მუშაობს.
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, დავით ხიდაშელი დაკავშირებულია რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან. ეს უკანასკნელი მსხვილი რუსული კორპორაცია „სისტემის“ მფლობელია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. ამდენად, დავით ხიდაშელს პრორუს ბიზნესმენად მოიხსენიებენ.
ხიდაშელის სახელი და გვარი ასევე უკავშირდება ე. წ. კარტოგრაფების საქმეს _ ის მთავარი მოქმედი პირია, გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, სთხოვა.
რა საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის პრორუსი ბიზნესმენის ასეთ მნიშვნელოვან უწყებაში მუშაობა? რა ინფორმაციები შეიძლება მოეპოვებინა და საქართველოს მტრისთვის _ რუსეთისთვის მიეწოდებინა ხიდაშელს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა უკრაინაში ტაქტიკურ დანაყოფ „სარანგის“ მეთაურ მიხეილ ბატურინთან.
შეგახსენებთ: ქართველი მებრძოლი ომის დაწყების დღიდან ფრონტზეა და უკრაინელ ძმებთან ერთად თავისუფლებისთვის იბრძვის ოკუპანტების წინააღმდეგ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაიორია. ის სულ ცოტა ხნის წინათ უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა მიიღო და ჯილდო გადასცა.
_ მიხეილ, როგორც გაირკვა და გახმაურდა, პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, 4 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. როგორ შეაფასებთ თავდაპირველად ამ საკითხს? რას ნიშნავს ეს, რა მესიჯია საზოგადოებისთვის?
_ ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი ქართული ხელისუფლება საქართველოში არ არსებობს. ესენი არიან რუსეთის ადმინისტრაცია, რომლებიც არა მარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ მთელ რიგ ძალოვან სტრუქტურებში ნიშნავენ რუს კურატორებს. ეგ არ იყო თანამდებობის პირი, მრჩეველი. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი _ რუსეთმა დანიშნა თავდაცვის სამინისტროში თავისი კურატორი, რომელიც 4 წელიწადი დამალულად რას აკეთებდა და რომელ ქვეყანას ემსახურებოდა, ისეც გასაგებია. ეს არის რუსეთი, ჩვენი მტერი, რომელსაც აქვს საქართველოს 20% ოკუპირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ხდება იმ სამინისტროში, სადაც საერთაშორისო მეგობრები, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ევროსაბჭოს ქვეყნები გვემხარებოდნენ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა აგვემაღლებინა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ამდენი ძალისხმევის შედეგად გვქონდა უმაღლესი ჯარი, რომელიც სარგებლობდა სერიოზული ავტორიტეტით ხალხის წინაშე და ჩვენმა ბიჭებმა მაგრად იომეს 2008 წელს და არ მისცეს რუსეთს საშუალება, აეღო დედაქალაქი, ზუსტად ამ სამინისტროში ნიშნავენ რუს კურატორს და შედეგად ვღებულობთ დღევანდელ ქართულ ჯარს. ყველას გვყავს მეგობრები ჯარში და რა სიტუაციაა იქ, ყველამ კარგად ვიცით.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ოთანაძის ქეისიც, რომელიც რამდენიმე წლის წინ გახმაურდა. ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ოთანაძე არის პრორუსი, რუსეთის აგენტი, გასამართლებული სამშობლოს ღალატისთვის, ის გამოუშვა „ოცნებამ“, როგორც პოლიტპატიმარი. მის ფირმას მისცეს საშუალება, რომ შემოეტანა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც ჩამოიტანა რუსეთიდან, კომპიუტერული უზრუნველყოფა გააკეთა რუსეთში აწყობილი კომპიუტერებით საქართველოში. ესეც არის იმის მანიშნებელი, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დაკვეთას, რომ შეასუსტოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და მავნებლობს. ეს არის პირდაპირ ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების ღალატი, ამიტომ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
_ დავუბრუნდეთ ისევ ხიდაშელს. რა დოკუმენტებზე შეიძლებოდა ჰქონოდა ამ პრორუს ბიზნესმენს წვდომა? შეიძლება მის ხელშიც გაევლო საიდუმლო დოკუმენტაციებს, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორებთან კონტრაქტებს, კავშირებს და ა. შ.?
_ რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში აქტუალურობას დაკარგავდა მისი დანიშვნა თავდაცვის სამინისტროში. რისთვის დასჭირდებოდა რუსეთს თავისი კურატორის დანიშნვნა, თუ წვდომა არ ექნებოდა დოკუმენტაციაზე?
გვახსოვს ჩვენ დავითგარეჯის საქმეც, როდესაც ხიდაშელმა თითქოს საიდუმლო რუკა ჩამოიტანა და ა. შ. ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. საქმე გვაქვს რუსეთის აგენტთან, რუსეთზე მომუშავე პერსონასთან, რომელსაც ნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში. მას წვდომა რომ არ ჰქონოდა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, მაშინ რატომ უნდა დაენიშნათ?
აგრეთვე უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენი ბიჭების, ვინც იბრძვის უკრაინაში, ყველას პირადი საქმე, რომელიც დალუქულია და ინახება თავდაცვის სამინისტროში, რაღაც „სასწაულით“ აღმოჩნდა რუსეთის ხელში. ეს არის ნონსენსი _ საიდუმლო მასალები რუსეთის სპეცსამსახურებისთვის არის ცნობილი. ამასობაში ვგებულობთ, რომ ორი მინისტრის მრჩევლად ყოფილა რუსი აგენტი ხიდაშელი.
_| ფიქრობთ, რომ შეიძლება მას მიეწოდებინა ქართველი მეომრების საქმეები მტრისთვის _ რუსეთისთვის?
_ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ. რასაკვირველია, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს. მაგრამ ფაქტების ანალიზი რომ გავაკეთოთ, ქართველ მებრძოლთა საქმეები რუსების ხელში თავდაცვის სამინისტროდან მოხვდა, დალუქული, დახურული საიდუმლო არქივებიდან. სხვა კუთხიდან ეს პირადი საქმეები რუსეთში ვერ მოხვდებოდა. ამასობაში ვგებულობთ, რომ ხიდაშელი 4 წელი ამ უწყებაში მუშაობს მინისტრის მრჩევლად. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ყველამ უნდა აგოს პასუხი.
_ რამე საფრთხეები შეიძლება გვემუქრებოდეს ამ ადამიანის მიერ სავარაუდოდ გატანილი და რუსეთისთვის მიწოდებული დოკუმენტაციით?
_ კი, რა თქმა უნდა. ჩათვალეთ, რომ მთელი ჩვენი თავდაცვის სისტემა, რომლის აშენებაშიც არაერთი ქვეყანა გვეხმარებოდა, ის მასალები, რაც საიდუმლოა, ყველაფერი არის მოხვედრილი რუსეთის ხელში. როგორ გამოიყენებს რუსეთი ამას, ძალიან კარგად ვიცით. აგერ გავიხსენოთ ორი დღის წინ მოსკოვში მოწყობილი ტერაქტი. აგრეთვე შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორ აწყობს რუსეთი ტერაქტებს სპეციალურად თავის ტერიტორიაზე. ააფეთქებენ კორპუსებს და იყენებენ პროპაგანდისთსვის. მაგალითები გავიხსენოთ, რაც მოხდა გროზნოში, ჩეჩნეთში. აგრეთვე ეს ორი დღის წინანდელი მოსკოვის ტერაქტი. რა ილაპარაკეს და როგორი მესიჯები გამოუშვეს, ვნახეთ უკვე. რა შეუშლის ხელს იგივე და მსგავსი პროვოკაციების გაკეთებისგან საქართველოში? პირიქით. მით უფრო, უკრაინაში აგებენ ომს და სჭირდებათ რეზონანსული საქმე, რომ თავისი ავადმყოფური ამბიცია დაიკმაყოფილონ. მართალია, მათ ჰყავთ საქართველოში სრულიად დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაცია, რომელიც ემორჩილება და ხალხს, საქართველოს მოსახლეობას აშინებს ომით, მაგრამ ეს არ კმარა რუსეთისთვის, რადგან ამათ სჭირდებათ სრული კონტროლი და დამონება, ამიტომაც ჰყავთ თავისი აგენტურა გამოშვებული. უნდა ველოდოთ ყველანაირ პროვოკაციას და აგრესიას. ყოველ შემთხვევაში, ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთის იმპერია კარგის მომტანი იქნება ვინმესთვის.
_ ქართველის ხელით დაემუქრება საქართველოს საფრთხე?
_ სამწუხაროდ, ასეა. ეგ არის ჩვეულებრივი მოვლენა. რუსეთი არ იგონებს ახალ ველოსიპედს. გვახსოვს უახლესი ისტორია, 1921 წელს როდესაც ფილიპე მახარაძე და „ორჯონიკიძეები“ შემოიყვანეს საქართველოში. მაშინაც ლოზუნგი იყო განთავისუფლება, კარგი ცხოვრება და „რუსკი მირის“ დამყარება. იგივე გააკეთეს ჩეჩნეთში, ყირიმში, უკრაინაში, დონბასში, დონეცკში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. ეს არის რუსეთის ჩვეულებრივი ტაქტიკა, ახალს არაფერს იგონებენ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება ჩვენი სიმტკიცით, პრინციპულობით. თუ ჩვენ არ ვიქნებით მტკიცე, ერთად შეკრულები და პრინციპულები, დამიჯერეთ, საფრთხის დონე უფრო და უფრო გაიზრდება. მით უმეტეს, როცა ხელისუფლებაში გვყავს რუსეთის ადმინისტრაცია. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთობა, პრინციპულობა და შეკრულობა გადაარჩენს საქართველოს და შემდეგ კი თავისუფლება და წინსვლა.
_ რადგან წეღან მოსკოვის ამბები ვახსენეთ, კიდევ ერთხელ ეს რომ შევაფასოთ და ჩამოვაყალიბოთ: „აისისმა“ აღიარა ტერაქტის მოწყობა, მიუხედავად ამისა, ბევრი პუტინის ხელს ხედავს ამ ტერაქტში. გვახსოვს მისი სტილი და სპეციფიკა. როგორ შეაფასებდით, მიშა, რა მოხდა მოსკოვში?
_ ყოველივე ეს ჰგავს რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციას, ამით მანიპულირებენ, აშინებენ მოსახლეობას, მით უმეტეს, ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს. ეგ იყო კიდევ ერთი ვადით გაფორმება, აგრესორის დანიშნვა თანამდებობაზე და ეს ყველაფერი არჩევნებთან კავშირში არ იყო. სჭირდებოდათ რეზონანსი ხალხის დასაშინებლად. ეს არის სპეცსამსახურების მიერ მართული აქტი. მალე გამოჩნდება ყველაფერი.