როცა გაბრმავებენ, როცა თავს იბრმავებ…
წელიწადი მოტრიალდა „გავრილოვის ღამიდან“. დიახ, ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლებამ თავზე ოკუპანტის აქოთებული ღამის ქოთანი ჩამოიმხო და გავრილოვი იმ სავარძელში გამოჭიმა, სადაც, ოდესღაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ავტორი _ ზვიად გამსახურდია იჯდა.
საზოგადოებამ კი ამ ბოლო დროს ნაკოწიწები მითები ერთად დაამსხვრია და თბილისი მღელვარებამ მოიცვა. რა მითები? აი, ის, რომ ახალგაზრდობას არც ქვეყანა აინტერესებს, არც მისი ოკუპაცია აღელვებს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის და ა. შ. ხალხი გამოვიდა და დაიცვა თავისი ღირსება, შესაბამისად, თავლაფდასხმული დარჩა ოლიგარქის ხელისუფლება. ცხადია, ჯობდა, ის ღამე ასევე დასრულებულიყო და ხელისუფლებას ახლა უკვე ქართველი ხალხის სისხლითაც არ გაესვარა ის სახე, რომელზედაც ოკუპანტის ღამის ქოთანი ემხო…
ივანიშვილის ხელისუფლებამ სისხლი დაღვარა, დამიზნებით ესროდნენ და თვალებს სთხრიდნენ… ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ახლა იმაზე არ ვწერ, როცა ხელისუფლება გაბრმავებს… ამჯერად იმაზე ვწერ, როცა თავად იბრმავებ თავს…
თავიდანვე არსებობდა ეჭვი, რომ ხალხზე სროლის ბრძანება მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას არ გაუცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამგვარ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერც გახარია მიიღებდა და ვერც _ ვერავინ! ანუ ყველაზე დიდი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, იყო ის, რომ სროლის ბრძანება გასცა ივანიშვილმა და გახარიამ ეს ბრძანება გადასცა სპეცრაზმს, ანუ გახარიამ ბრძანება კი არ გასცა, ბრძანება გადასცა.
მაგრამ მაშინვე იყო ეჭვი, რომ გახარია ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აპირებდა, პარლამენტში მოსალაპარაკებლად უნდა შესულიყვნენ ნიკა მელია, გიგი უგულავა, გრიგოლ ვაშაძე. ნიკა მელიამ დემონსტრატებს აცნობა კიდეც, რომ არსებობდა ასეთი შეთავაზება და იკითხა, _ უნდა შესულიყვნენ თუ არა ლიდერები? სწორედ ამის შემდეგ ატყდა სროლა და უბედურება! მაშინვე იყო ვარაუდი, რომ სროლის ბრძანება გახარიამ კი არა, ანზორ ჩუბინიძემ მიიღო ივანიშვილისგან , ტრიალებდა კადრები, სადაც სწორედ ჩუბინიძე იდგა იმ სპეცრაზმელების გვერდით, რომლებიც ბავშვებს დამიზნებით ესროდნენ…
ეს ვარაუდები არაერთხელ გაჟღერდა. თუ კარგად გახსოვთ, თავიდან გახარიაც ისხლეტდა კითხვას ბრძანების გაცემის შესახებ. მერეღა მიხვდა ან მიახვედრეს, რომ ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო უარესია, როდესაც ბრძანებას გასცემს არაუფლებამოსილი პირი… შემდეგ უკვე გახარია საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას.
მისი ეს „აღიარება“ საკმარისი აღმოჩნდა მთელი საზოგადოებისთვის, რომ გახარია გამოეცხადებინათ თვალთხარიად. რატომღაც, ყველას გვავიწყდება, რომ აღიარება კარგა ხანია, აღარაა მტკიცებულებათა დედოფალი! რაც არ უნდა აღიაროს და ამტკიცოს გახარიამ, რომ მან გასცა ეს სამარცხვინო ბრძანება, ამის დაჯერება ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული! ვინც ოდნავ მაინც იცნობს ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილს, ყოვლად წარმოუდგენელია, მის გარეშე ვინმეს ამგვარი ბრძანება გაეცა!
აბა, რა მოხდა, რატომ აიტაცა ქვეყანამ ის, რომ ახალგაზრდობას გახარიამ დასთხარა თვალები?
რატომ გაკეთდა აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ გახარიაზე და არა, ვთქვათ, ჩუბინიძეზე ან ორივეზე ერთად? იმიტომ ხომ არა, რომ ჩუბინიძეზე ისრების გადატანით პირდაპირ ბიძინამდე მივიდოდა კვალი? ამის გარეშეც რატომ არ აღიარეს ივანიშვილი თვალთხარიად?
თვალთხარიად მხოლოდ გახარიას გამოცხადება იყო თუ არა თავად ოლიგარქის თამაშის წესების მიღება? იმ თამაშის, რომელიც თავად გახარიამ მიიღო (დაიბრალა, ხალხურად რომ ვთქვათ, „შეიტენა“ სისხლიანი ბრძანების გაცემა) და როგორც ჩანს, მივიღეთ საზოგადოებამაც!
აი, ასე ავდექით და დავიბრმავეთ თავი, ვითომ არ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერავინ გაბედავდა სროლას, ვითომ არ დაგვინახავს კადრებში ჩუბინიძე, ვითომ არ გავიგეთ ვარაუდები…
ვინმემ ისე არ იფიქროს, რომ მე გახარიასთვის თვალთხარიას ტიტული არ მემეტება. არა და არა! როდესაც ადამიანი ამგვარ რამეს იბრალებს, ღირსიცაა ატაროს ეს ტიტული. მით უმეტეს, როცა იგი ამ დუმილისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სანაცვლოდ წინაურდება… სწორედ ეს დაწინაურება ხდის მის „აღიარებას“ კიდევ უფრო უპატიებელს, თორემ ისე, შეიძლება გაგეგო კიდეც მისი. თავიდანვე შეცდა, როცა შეთავაზებაზე დასთანხმდა ივანიშვილს, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის ნაცვლად ბრძანება გასცა, თანაც სხვისი მეშვეობით მიიტანა ეს ბრძანება სპეცრაზმამდე და იგი ოფსაიტში დატოვა ოპოზიციის იმ ლიდერებთან ერთად, რომელთანაც აპირებდა მოლაპარაკებას. რა უნდა ექნა გახარიას, _ გამოსულიყო და ეს ყველაფერი ღიად მოეყოლა? რატომაც არა? სწორედ ეს იქნებოდა მისგან მოქალაქეობრივად ყველაზე პასუხისმგებლიანი და ღირსეული ნაბიჯი. მაგრამ ეს გმირობის ტოლფასია. გახარია გმირი არ არის და, შესაბამისად, ვერც მოვისმინეთ მისგან ამგვარი რამ. დიახ, მას პირდაპირ ივანიშვილზე უნდა დაედო ხელი, რაც რადიკალურად შეცვლიდა სურათს. შუალედური განცხადება ვერ იქნებოდა _ ან ყველაფერი უნდა ეთქვა, ან _ არაფერი და „ეღიარებინა“, რომ მან გასცა ბრძანება. ვინმემ შეიძლება იკითხოს, _ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ გახარია არ ახსენებდა ივანიშვილს და ბრძანების გამცემად ჩუბინიძეს ან სხვა ვინმეს დაასახელებდა? ამ შემთხვევაშიც აუყირავდებოდა სიტუაცია ივანიშვილს, კვალი მაინც მასთან მივიდოდა. მოკლედ, გახარიამ საკუთარ თავზე აიღო „თვალთხარიობა“. გააკეთა ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოებამ, ოპოზიციამ რატომ მიიღო ეს თამაშის წესები? ჩვენ რატომ დავიბრმავეთ თავი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე? თუ ეს იმ საბჭოური მითის გაგრძელებაა, სტალინის დროს რომ ხალხი იხვრიტებოდა და ბელადმა არაფერი იცოდა?
კარგი, თავიდან ეს ყველაფერი იყო ვარაუდები, ეჭვები, შემდეგ ხომ უკვე ომბუდსმენმაც გააჟღერა, რომ ბრძანება გახარიას არ გაუცია? მიუხედავად ამისა, არც შემდეგ გადაუხედია გახარიას ექსკლუზიური თვალთხარიობისთვის.
რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვაკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას ერთ ცალ გახარიას და რატომ ვათავისუფლებთ ამ პასუხისმგებლობისგან იგივე ივანიშვილს?
გასულ შაბათს, „გავრილოვის ღამიდან“ ზუსტად წლისთავზე, „ტვ-პირველზე“, ნოდარ მელაძის შაბათში, ვრცელი სიუჟეტი გავიდა ამ თემაზე. როგორც ირკვევა, გახარიას არათუ არ გაუცია ბრძანება, წინააღმდეგიც იყო. იმ რაციის ჩანაწერებიდან, რომლითაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს გიორგი ყაყიჩაშვილს კავშირი ჰქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან, ირკვევა, რომ გახარია და მისი მოადგილე გარკვევით „არას“ ეუბნებოდნენ ყაყიჩაშვილს ტყვიების გამოყენებაზე! ისიც ირკვევა, რომ იმ მეორე რაციის ჩანაწერები, რომლითაც ყაყიჩაშვილი უკვე ქვედა რგოლებს უკავშირდებოდა _ საქმიდან გამქრალია! ყაყიჩაშვილი რა ბრძანებებს აძლევდა მსროლელებს, გამქრალია. თავად ყაყიჩაშვილი ქვეყნიდან გაქცეულია საფრანგეთში და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ყაყიჩაშვილმა ორჯერ იკითხა, გამოეყენებინა თუ არა ტყვიები და ორივეჯერ, _ ერთხელ გახარიასგან, მეორედ კი მისი მოადგილისგან _ უარი მიიღო. ანუ ფაქტია, რომ ბრძანება გახარიას არ გაუცია. ქვედა რგოლებთან დამაკავშირებელი რაციით ყაყიჩაშვილი, ფაქტია, ვერ მიიღებდა ბრძანებას. ამ ჩანაწერებში, როგორც ჩანს, უბრალოდ, ის ირკვევოდა, ვინ გასცა ბრძანება და ამიტომაც გაქრა. საქმიდან ჩანაწერები გაქრა, ქვეყნიდან _ თვითონ ყაყიჩაშვილი. ფაქტია, რომ სროლის ბრძანება ან მან მიიღო სხვისგან და არა გახარიასგან, ან პირდაპირ რიგითმა, ასე ვთქვათ, მსროლელმა სპეცრაზმელებმა მიიღეს უშუალო ბრძანება იმ სხვისგან. სროლის დაწყების შემდეგ მათგან პასუხი მოითხოვა ყაყიჩაშვილმა და, როგორც ჩანს, მათაც ის „სხვა“ დაასახელეს, ვინც ბრძანება გასცა და ამიტომაც აორთქლდა ის ჩანაწერები… „ტვ-პირველის“ სიუჟეტშიც იყო აქცენტირებული, რომ სპეცრაზმელებთან, რომლებისგანაც პირველი ტყვია (რეზინის) გავარდა, იდგა ჩუბინიძე, რომელიც დავალებებს იღებდა ტელეფონით…
მოკლედ, ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ცხადყო და ნათელი მოჰფინა საქმის ვითარებას, მაგრამ კვლავაც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რატომ ვიბრმავებთ, რატომ ვიტყუებთ თავს? რა გვრჯის? მართალი გითხრათ, სწორედ ეს არ მესმის! არ მესმის, რატომ ვუწოდეთ მხოლოდ გახარიას თვალთხარია და არ ვუწოდეთ ეს ივანიშვილს ან _ ჩუბინიძეს?
აღშფოთებული ადამიანი, საზოგადოება, როგორც წესი, გულწრფელია ხოლმე აღშფოთებაში და ახლა რა სჭირს საზოგადოებას? როგორ ვირწმუნო საზოგადოების გულწრფელობის, როდესაც თვალს ხუჭავენ სინამდვილეზე და მხოლოდ იმაზე პედალირებენ, რაც ხელეწიფებათ?
ეს კიდევ ცალკე საკითხია, რატომ და ვის აწყობს მხოლოდ გახარიას გაშავება? რა არის ამოცანა? ივანიშვილის იმიჯის გადარჩენა?
ჩემთვის მართლა ამოუხსნელია, როდესაც მსხვერპლი ხარ, რანაირად უნდა დაიბრმავო თავი, ჩაიგუბო პირში წყალი და შენი გულწრფელი აღშფოთება, რისხვა არ მიმართო მისკენ, ვისგანაც მოდის შენი გაუბედურების ბრძანება?! მესმის, რომ არ დაინდო ისიც, ვისაც ოფიციალურად აკისრია პასუხისმგებლობა და ვინც შეიხოცა და შეიზილა ეს უმსგასვი ბრძანება, მაგრამ სად წერია, მხოლოდ მას შეაწმინდო ყველაფერი და ვიმეორებ, ზუსტად მათი თამაში ითამაშო?
ესეც რომ არა, მთელი ტვირთის გახარიაზე აკიდება იმ შემთხვევაშიც გაუგებარია, თუ ამ ხელისუფლებას ებრძვი. რას მოგცემს ეს? ბიძინა გახარიას გაუშვებს და სხვას მოუშვებს თავის ტურფა საბაღნარო-საპინგვინოში? უკაცრავად და ეს ხომ არაა, ზოგ-ზოგიერთის ამოცანაც? ანუ რაღაც ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ იბრძვის, გარედან ვიღაც-ვიღაცებს ეხმარება შიდასახელისუფლებო ბრძოლაში…
რა გითხრათ? _ მართლა გულწრფელად არ მესმის არავისი, ვინც ივანიშვილსა და მთელ სახელისუფლებო მანქანას ათავისუფლებს სისხლლიანი ტვირთისგან და მთელ ამ ტვირთს ერთ გახარიას კიდებს.
მთელ ამ ისტორიაში მშვენივრად მესმის, რა ამოძარავებდა და ამოძრავებს თავად ივანიშვილს, როცა პასუხისმგებლობა აისხლიტა. გადასარევად მესმის, რაც ამოძრავებდა და ამოძრავებს თვითონ გახარიას, როდესაც ეს შეიზილა და შეიტენა, მაგრამ არანაირად არ მესმის საზოგადოების, რომელმაც ეს ყველაფერი იცის და მაინც თუთიყუშივით გაიძახის „გახარია-თვალთხარიას“. თუ ეჭვი შეიტანე მათ პათოსში, უმალ გახარიას მხარდამჭერად გამოგაცხადებენ, არადა, სწორედ თვითონ ცეკვავენ (ნებსით თუ უნებლიეთ) გახარიასთან და ივანიშვილთან ერთად ტიკ-ტოკს…
რეზო შატაკიშვილი