რომელს გაწირავენ ,,ბალასტს” თუ ,,ანტრიკოტას?!”

ჩვენი დღევანდელი სტატიისთვის ვაჟა-ფშავეელას ამ მოთხრობის დასაწყისი იქნებოდა უპრიანი:

„ფრიად დაღონებული იყო. ბევრჯერ მოჰშივნია, ბევრჯელ უთხრია ტოტით მიწა და იმით დაუნელებია კუჭის წვა; ბევრჯელ ფუტურო ხე უღრღნია კბილით, გაძღომის გულისთვის. სიმშილისაგან შეწუხებულს ბევრჯელ უთხოვნია ღვთისთვის: „ღმერთო, ჩვენო გამჩენო, მომეც საზრდო, რომ გავძღე, ნუ მომკლავ სიმშილით!.. შენი გაჩენილი ვარ, დამარჩინე, უფალო!“ _ მაგრამ როცა ღმერთს შეუსმენია მისი თხოვნა, მგელს დაჰვიწყნია მადლობის გადახდა. სამაგიეროდ, როცა ამაოდ ჩაუვლია მის თხოვნა-ვედრებას, სამდურავი, საყვედური გამოუცხადებია ღვთისთვის: „შენ ღმერთი კი არა, არ ვიცი, რა ხარ. არ იცი შეწყნარება, არ იცი სიბრალული. გევედრები, არ მისმენ; შეგიძლიან აასრულო ჩემი თხოვნა და არ გინდა. რა დავაშავე? მითხარი, რა დავაშავე? რა ცოდვა მოვიმოქმედე? როცა ამ სიტყვებს ამბობდა ეს საცოდავი ნადირი, უნდა გენახათ, მაშინ რა საზარელი შეხედულება ჰქონდა და მასთან საბრალო. თუმც ორივე თვალი ცისაკენ ჰქონდა ამართული, მასთან ერთი თვალით მაინც ალმაცერად იცქირებოდა: მიწას, ტყეს არ აშორებდა, ვინ იცის, როგორ იყოს საქმე! ან ლუკმა არ ამცდეს, ან მტრის მსხვერპლი არ გავხდეო; მისი თვალები ცასა და დედამიწას ცეცხლის სხივებს ესროდა; ეს ცეცხლი სხვა ჯურის ცეცხლი იყო, იგი არა ჰგავდა არც ცეცხლის, არც მზე და მთვარის სინათლეს, ხოლო საშინელი სანახავი იყო ეს სინათლე“.

მგელს ვერ მოიშინაურებ, როგორც ძაღლს, იმიტომ რომ მგელს ეშინია ადამიანების და ის დაიმალება, იმის მაგივრად, რომ ყეფა დაიწყოს, მშიერ მგელს კი შეუძლია ერთბაშად შეჭამოს 10 კილოგრამი ხორცი. ეს იგივეა, რომ ადამიანმა ერთბაშად 100 ცალი ჰამბურგერი მიირთვას. და იმის შიშით, დღეს მთავრობაში რომ ვინმე სოსოს ჰამბურგერად არ იქცეს, თავად იქცევიან მალე მგლებად. მგლების ჩხუბი კი სასწაულია, მგლები საოცრად გამოირჩევიან კანიბალიზმით და ხორცისმჭამელები არიან, დანაყრების შანსს არასდროს უშვებენ ხელიდან. ეს არსებები ზოგჯერ იძულებული ხდებიან, მათი ხროვის დაავადებული, ან სუსტი წევრებით გამოიკვებონ. თუკი მგელი ხაფანგში გაებმება, მონადირეებმა უნდა იჩქარონ და დროზე მიუსწრონ, თორემ შეიძლება სხვა მგლების საკბილოდ იქცეს, რომლებიც ნაწილებად დაგლეჯენ. როდესაც ორი ხროვა ხვდება ერთმანეთს, უმეტესწილად, იმართება მძვინვარე შეტაკებები, ხროვის ლიდერები კი ხშირად ასეთ დროს იხოცებიან. ზოგჯერ მგლებს თავიანთი შთამომავლებიც კი მიირთმევენ.

 

გამგელებული მღებრიშვილი და გოგაშვილი

 

გასულ კვირას ივანიშვილის გაუჩინარება-ავადმყოფობამ დიდი ქაოსი გამოიწვია „ქოცთა“ ელიტაში. განსაკუთრებულად ეს ქაოსი ძალოვან სტრუქტურებს შეეხო, რადგან პარტიის პოლიტსაბჭომ მოახლოებულ არჩევნებში მასების არასათანადო მხარდაჭერაში სწორედ ძალოვანი სტრუქტურა დაადანაშაულა. პოლიტსაბჭოს დახურულ შეკრებაზე პარტია მთავარ საკითხად სუს-ისა და პარტიის ცალ-ცალკე მუშაობის გეგმებს განიხილავდა. აღმოჩნდა, რომ პარტიის პოლიტელიტის კადრებს სისტემატურად ბლოკავდა და ბლოკავს სოსო გოგაშვილი, რითაც კობახიძე ყველაზე მეტად გამოხატავდა უკმაყოფილებას. ასევე მთავარ საკითხად სუს-ისა და შსს-ს გაუმართლებელი ოპერაციების განხილვა იყო.

საეკლესიო სკანდალში პარტია სუს-ს პასუხს სთხოვს, ხოლო ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე და მაღალ კრიმინალურ მდგომარეობაზე _ მღებრიშვილს. პოლიტსაბჭომ გნსაკუთრებული აქცენტი სწორედ მღებრიშვილისა და გოგაშვილის ფაქტორზე გააკეთა.

დაუმორჩილებელ და გაუერთიანებელ გუნდს ყველაზე მეტად ივანიშვილის გარეშე დარჩენა შეეტყო. აღმოჩნდა, რომ ყველა გადარჩენაზეა და თუ ვინმე გაიწირება უახლოეს მომვალში თავად „ქართული ოცნებისგან“, უკვე გოგაშვილი-მღებრიშვილი იქნებიან. დენთის სუნი მძაფრად იგრძნობა პარტიაში, რომელიც, პრაქტიკულად, დაშლის პირასაა, რადგან ივანიშვილი პირველი 6 თვე საერთოდ არ აპირებს არც პარტიისკენ და არც ქვეყნისკენ მოხედვას. მისი ემოციური ფონი ფაქიზ მიდგომებს მოითხოვს. ნებისმიერმა ემოციამ _ სიხარულმა ან განცდამ, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო გააუარესოს, ამიტომ მომდევნო 6 თვეში მგლური ომია გამოცხადებული „ოცნების“ ბანაკში, სადაც ორი ძირითადი ფრთაა _ ძველები და ახლები.

ძველებს გოგაშვილი ლობირებს, ახლებს კი _ მდინარაძე. ამ ორი დაჯგუფებიდან ერთი უნდა გადარჩეს. თუმცა გადარჩენამდე მღებრიშვილი თავად ცდილობს გოგაშვილისგან გადარჩენას, რაც იმის მომასწავებელია, რომ ომი უფრო და უფრო შევა ფაზაში.

პარტიის მთავარ ამოცანად დასახულია: ხალხისგან მოჭარბებული სიძულვილის წამლად მსხვერპლად შესწირონ ვინმე და ის ვინმე ბოროტი და მრავალცოდვაჩადენილი უნდა იყოს. ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ან გოგაშვილი, ან მღებრიშვილი უნდა გამოცხადდეს შეწირულად. შორს არაა ის დღე, როცა სამაგალითოდ დაიჭერენ ან გააძევებენ ვინმეს. პარტიაში დარჩენილებს სოსოს ინფორმაციების აღარ ეშინიათ, გომელაური კი მშვიდად განაგრძობს თავის შვიდწლედის შესრულებას.

 

ლირიკული გადახვევა

 

ყველასგან მოძულებულნი და ყველასგან შეჩვენებულნი დღესაც დაღონებულნი არიან საკუთარ კაბინეტებში. სოლოლაკის სასახლე ორივეს მდუმარებით დასცქერის და უკვე ზურგს აღარ უმაგრებს არავინ. „ბალასტიცა“ და „ანტრიკოდაც“ უაზროდ გასცქერიან ცას, მათ სასმელ-საჭმელი და ქონება აღარ აწუხებთ. მაშ, რატომ წუხან? რად დაღონებულან? რას ფიქრობენ ეს ბეჩავი „სპაიდერმენები“? გასაკვირვია? ნუ გაგიკვირდებათ, მგელიც ასე ფიქრობდა ვაჟასთან მოთხრობაში, როგორც ახლა ისინი ფიქრობენ…

„ღმერთო, რად გამაჩინე მგლად?! რადა ვძულვარ ყველას? რად მომეცი ბუნება მგლისა? რადა ვარ სისხლით გაუმაძღარი? ათას სულ ცხვარს ერთს ღამეში თავებს გავბალთავ, განა ერთი არ მეყოფა?! რად მიყვარს ხორცის ჭამა და სისხლის სმა?! რატომ არა ვარ შველი, ან ირემი, თუნდ ბეჩავი კურდღელი?.. კურდღლობა მე არ შემიძლიან, არც ირმობა, არც შვლობა, ჩემი ბუნება სულ სხვაა, ეშმაკი მიზის გულში და მიჩანგებს: „გააფუჭე, წაახდინე!.. აგებული დაშალე, ცოცხალი მოკალ, შათქი, შაყლაპე!.. რაც შეიძლო, ბევრი სისხლი დაანთხიე!.. ნუ დაჰზოგავ ნურავის, რასაც კბილი და კლანჭი მიგიწვდება! თესე ქვეყანაზე ვაება, ტირილი და გლოვა, სისხლი და ცრემლი!..“ აი, ჩემი ნდომა, ჩემი წადილი, ჩემი ბუნება, ააახ!.. არ მინდა ვიფიქრო, არ მინდა, გავიხსენო ჩემი ცოდვები… ააახ! ღმერთო, ღმერთო, შე დალოცვილო! რა უბედური, რა ყველაზე საწყალი გაგიჩენივარ! და განა მარტო მე? რას ვაკეთებთ ჩვენ? არაფერს, ცოდვის მეტს. ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი არსება თავიდან ბოლომდე დაგვირგვინებული ცოდვაა. არ შეგვეძლო, განა ბალახი გვეძოვა და ისე გვეცოცხლა? სისხლის მაგივრად წყალი გვესვა? ჩვენ ყველგან შიშსა ვთესავთ, ჩვენი ყველა სულდგმულს ეშინიან და ყველა გვემტერება. ზოგი, ვისაც ხელის შემობრუნება არ შეუძლიან, გაგვირბის; ვისაც თოფი და ტყვია-წამალი აქვს და გული ერჯის, სასიკვდილოდ არა გვზოგავს… ოოოხ! არა, არა! არა ღირდა ჩვენი გაჩენა… მე მგლობამ უბედურების მეტი სხვა არაფერი მომიტანა… იქ რა უნდა, რა ესაქმის ბედნიერებას, საცა ქენჯნა და მხილებაა სინდისისა?!. რა მქვიან მე? – მგელი. უვარგისს, უმსგავსს სახელს ვატარებ. ნუთუ ამისთანა ყოფნა ყოფნაა, ამისთანა სიცოცხლე სიცოცხლეა?!. არა, ეს მკვდარი სიცოცხლეა. როცა დავდივარ, უსულო და სულიერი ყველა ზიზღითა და შიშით იძახის: „მგელი!..“ გასქდი, დედამიწავ, და თან ჩამიტანე! ფუუუჰ!.. ჩვენ როცა გვშიან, ერთმანერთსაც კი ვჭამთ: ჰო, იქნება კი არა, სწორედ შესაძლებელია ჩემივე მსგავსის, ჩემის თვისის და ტომის საგლეჯ-საწეწი შევიქმნა ოდესმე. მითხარით, მირჩიეთ, რა ვქნა? რითი ვუშველო ჩემს თავს? საით, როგორ დავახწიო თავი ამ მგლურს ბუნებას, ამ წყეულს, ამ შეჩვენებულ წადილთა და გრძნობა-მისწრაფებათა ხროვას?.. ეეეჰ!“ _ სთქვა მან და მწარედ კბილები დააკრაჭუნა“.

სოსოს სლოგანი კი ერთია: იყავი მგელი, რათა არ დაგკლან ცხვარივით.

 

მაკა მოსიაშვილი