როგორ გადაიპარა ირაკლი კობახიძე ბურჯანაძის პარტიიდან „ოცნებაში“
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო დროს ხშირად ახსენებს და გმობს ნინო ბურჯანაძეს. ოპოზიციასაც არ ივიწყებს და ამუნათებს, თქვენ თუ რუსეთუმეები არ ხართ, რუსეთში მოლაპარაკებების მწარმოებელ ბურჯანაძესთან ერთად როგორ ზიხართო. ბურჯანაძეს არასდროს დაუმალია რომ რუსეთში ჩადიოდა და მოლაპარაკებებს მართავდა. სამაგიეროდ კობახიძე მალავს ბურჯანაძის პარტიაში სერიოზულად რომ იყო გაჩითული, თან იმ დროს როცა ეს უკანასკნელი მოსკოვში დადიოდა.
„ქრონიკა+“-ის მკითხველს ემახსოვრება, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის მამას გია კობახიძეს წლების მანძილზე ბურჯანაძის პარტიაში გენერალური მდივნის პოსტი ეკავა. ამავე პარტიაში იყო კობახიძის დედა თამარ ზაალიშვილი. დედ-მამამ იურისტი შვილიც მიიყვანეს პარტიაში დასასაქმებლად.
„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ კობახიძე-ჯუნიორი აპარატის მრჩევლად დანიშნა და მიმართულებაც ჩააბარა. ის სამართლებრივ საკითხებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობდა. პარტიაში ყოვედღე დადიოდა და მერე უცბად გაქრა. როგორც გაირკვა ლევან იზორიას დაუხლოვდა. იქედან გაიცნო კახა კალაძე, რომლის წყალობითაც დაუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს და პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელადაც მოგვევლინა. ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარეა.
მისი წარსულიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ არაა გასაკვირი, ერთხელ „ოცნებიდანაც“ გაქრეს და შემდეგ სხვა პარტიაში აღმოაჩინონ. არც ბიძინა ივანიშვილის ლანძღვას მოერიდება და არც მთელი „ქართული ოცნების“.
შორენა მარსაგიშვილი