რის სანაცვლოდ გადაავადებს „ოცნება“ სააკაშვილისთვის სასჯელს?
გასულ კვირას ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები აღიარა და გაყალბების გამო პროტესტს აღარ უნდა ველოდოთ. მძლავრი საპროტესტო ტალღა არც მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით აგორდება. ოპოზიცია ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს აპირებდა სამოქმედო გეგმის წარდგენას, მაგრამ მათგან არაფერი ისმის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აშკარად ნაწყენი ჩანს ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“. გასულ კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე მან არცერთხელ ახსენა თავისი მშობლიური პარტია და არც დანარჩენი ოპოზიცია. სამაგიეროდ, მადლობა გადაუხადა მედიას. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის, რომ დღეს ცოცხალია, მედიის დამსახურებაა.
გასულ კვირას კვლავ აქტუალური გახდა ჩრდილში გადასული გიორგი გახარია. რამდენიმე მუნიციპალიტეტში მისი პარტიის მხარდაჭერის გარეშე საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევენ. ისიც დგას და თავის მოთხოვნებს აყენებს, ღარიბაშვილის ენაზე რომ ვთქვათ, მაზაკვალობს.
უსაქმურად გასულ კვირას არც „ქართული ოცნება“ მჯდარა. მათ დასავლეთის ლანძღვით გამოიჩინეს თავი. ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩს განათლება დაუწუნა. ირაკლი ზარქუამ ამერიკელები გააფრთხილა, ტირანიის საფრთხე გემუქრებათო.
გასულ კვირას რუსეთის პატრიარქის დაბადების დღე იყო. ილია მეორემ მას ქართველი ერის სახელით მიულოცა. თავად რომ მიულოცა, გასაგებია, მაგრამ ქართველი ხალხის სახელით მილოცვა ნამეტანი იყო. თუ ვინმესგან არ ეკუთვნის პატრიარქ კირილს მილოცვა, ეს ქართველი ხალხია.
შეწყვეტილი პროტესტის ეფექტი
მას შემდეგ, რაც ციხეში მიხეილ სააკაშვილის თრევის კადრები ვიხილეთ, ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, პროტესტის ნიშნად პარლამენტს ვტოვებთო. როგორც მოსალოდნელი იყო, გულმხურვალე განცხადებების იქით საქმე არ წასულა, პარლამენტის წევრის მანდატზე უარი მხოლოდ მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ თქვეს. დანარჩენი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მათი ყოფნა სამშობლოსა და სამყაროს სჭირდება. პარლამენტის არდატოვებას ახლა იმით ათეთრებენ, რომ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
აქციებიც, სავარაუდოდ, ამ მოტივით აღარ იმართება. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ოპოზიციას ჯერ არ გაუკეთებია. საზოგადოება მათგან გეგმის წარდგენას ელოდება. ეს გეგმა, ჯერ კიდევ, ნოემბრის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ დღემდე არსად ჩანს. შესაძლოა, ამ კვირაში წარადგინონ. აქციებისთვის და პროტესტის გამოსახატავად ოპოზიციას ბევრი მიზეზი აქვს.
ძველ საკრებულოებს მომავალი წლის ბიუჯეტი რომ დაემტკიცებინა, ამას ნორმალურ ქვეყნებში სკანდალები და უბედურებები მოჰყვებოდა. აქ მხოლოდ ლოკალური პროტესტით შემოიფარგლა ოპოზიცია. მათ სათანადოდ არც ბათუმის საკრებულოს წევრ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება გაუპროტესტებიათ. არადა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მას აჭარის მთავრობის მეთაური და მისი მამა, „ნაციონალების“ დროს ცნობიილი მარბიელი, დავით რიჟვაძე ემუქრებოდნენ. ოპოზიციის მტკიცებითვე, ფუტკარაძეს ხელისუფლებამ გაუხეთქა გული. აჭარის მთავრობის მეთაური ამ ბრალდებებს უარყოფს და ბოდიშების მოხდას ითხოვს.
საახალწლო სამზადისის დაწყებამდე ოპოზიციას შეიძლება, მაინც მოუწიოს ქუჩაში გამოსვლა. მთელი ეს პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ნიკა მელიასთვის პროვოკაციის მოწყობასა და მის დაკავებას აპირებს. შესაძლოა, დააკავონ კიდევაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სუსშია დაკითხვაზე დაბარებული.
როდესაც ქვეყანაში საპროტესტო განწყობა მატულობს, ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებს და შემდეგ ოპონენტებთან მათ განთავისუფლებაზე ვაჭრობს. გამოსვლების დროს ამას ვერ აკეთებენ, მაგრამ როგორც კი პროტესტი ჩაცხრება, მაშინვე იწყებენ დაკავებების სერიას. ახლა სწორედ ეს პერიოდი უდგას ხელისუფლებას. სააკაშვილის თემა რაღაცით უნდა გადაიფაროს. დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ადგენს.
დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას ან რომელიმე სხვა ლიდერს, მალე გავიგებთ. ოპოზიცია ამასაც ნაზი პროტესტით შეხვდება, როგორც ეს წინა დაკავებების დროს ხდებოდა. აქციებს სხვადასხვა მიზეზით გადადებენ. ამ შემთხვევაში უფრო დასავლეთის იმედად უნდა ვიყოთ. საქართველოში აკრედიტებული ელჩები უფრო დაჟინებით ითხოვდნენ ხოლმე დაკავებული ლიდერების განთავისუფლებას, ვიდრე თავად ოპოზიცია.
პროტესტის მინელების პარალელურად მთავარ ოპოზიციურ ძალაში დაპირისპირება ღრმავდება. ვანო მერაბიშვილის დაჯგუფება ნიკა მელიას უთხრის ძირს. ავრცელებენ ხმებს, რომ მელია ბედნიერია სააკაშვილის დაჭერით და არაფერს აკეთებს მის გამოსახსნელად. ხაზს უსვამენ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არასდროს შესულა ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. საყვედურობენ იმის გამოც, რომ მან არ ააგორა მწვავე პროტესტი.
ნიკა მელიას მიმართ სააკაშვილის ფრთასაც აქვს პრეტენზიები. მათ დღემდე ვერ მოუნელებიათ ის ფაქტი, რომ მელია აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. არც ის მოსწონთ, მელიამ პარტიაში თავისი გუნდის ფორმირება რომ დაიწყო. მელია შესაძლოა, დაკავებას გადაურჩეს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ. მერაბიშვილის ფრთა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ყოფილ შს მინისტრს ინტრიგების დახლართვა კარგად გამოსდიოდა და საეჭვოა, ეს მაღალი კლასი დაეკარგა. წყენის გულში ჩადება მისი დამახასიათებელი თვისებაა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ნიკა მელიას დაჟინებული მოთხოვნით თქვა მან უარი, ახალციხის მაჟორიტარად ეყარა კენჭი. იმ შემთხვევაში თუ მერაბიშვილს „ნაციონალები“ მაჟორიტარად წარადგენდნენ, მელია პარტიიდან დემარშით აპირებდა წასვლას.
პარტიის თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ და საინტერესო პოზიცია უკავია „ნაციონალების“ ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიპარა პარტიიდან. მას არც ნიკა მელიას დაკავება გაუპროტესტებია და არც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გმობს. არადა, მიხეილ სააკაშვილმა წამოასკუპა საგარეო საქმეთა მინისტრად და მისივე მოთხოვნით დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად. მესამე პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით აირჩიეს ის პარტიის თავმჯდომარედაც. „მადლიერების“ გრძნობა სალომე ზურაბიშვილსაც ძლიერად აქვს გამჯდარი სისხლსა და ხორცში. გრიგოლ ვაშაძისა არ იყოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ისიც მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა. სააკაშვილი რომ არა, ზურაბიშვილი დღეს ჩვეულებრივი ფრანგი პენსიონერი იქნებოდა და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არც კი ეცოდინებოდა მისი არსებობის შესახებ. ერთადერთი იმით გაიხსენებდნენ, ზვიად გამსახურდიას დამხობას რომ ტაში დაუკრა და იოსელიან-კიტოვანის პუტჩისტური წყვილი ლამის დემოკრატიის რაინდებად შერაცხა.
ჯაბა იოსელიანისთვის და თენგიზ კიტოვანისთვის ტაშის დამკვრელი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს. თავის პოზიციას იმით ამყარებს, სანდრო გირგვლიანის დედის თვალები მახსოვსო. შვილმოკლული დედის თვალებზე ის ადამიანი საუბრობს, რომელმაც რამდენიმე მკვლელი შეიწყალა და თავისი შეწყალებულების მიერ მოკლულთა დედების თვალები საერთოდ არ გახსენებია. განმარტებაც არ გაუკეთებია, რისთვის უბოძა მკვლელებს თავისუფლება.
რადგან გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო სააკაშვილმა სასაჯელი უნდა მოიხადოს, მაშინ ზურაბიშვილიც უნდა წავიდეს ციხეში. ასევე პასუხი უნდა მოეთხოვოს სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივად გამოყენებისთვის. სააკაშვილს 6 პიჯაკისა და 1 პალტოს შეძენის გამო ედავებიან. სალომე ზურაბიშვილმა კი ათონელზე რეზიდენციის მოსაწყობად 2 მილიონი დახარჯა.
ათონელზე გადასვლა მისი ახირება იყო, მას თავისუფლად შეეძლო გიორგი მარგველაშვილის მსგავსად ავლაბრის რეზიდენციაში შესულიყო, მაგრამ ახალი არჩია და მის გასარემონტებლად საელმწიფოს მილიონები დაახარჯვინა.
აქვე ერთი ხმაურიანი შეწყალებაც უნდა ვახსენოთ: გასულ კვირას როცა ყველანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ვადევნებდით თვალს, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზვიადაური ამ ხელისუფლების ზონდერია და როგორც ამბობენ, „ქართულ ოცნებას“ კარგა ხანია სურდა მისი გამოშვება. უბრალოდ საამისოდ ხელსაყრელ დროს ელოდნენ. ხელსაყრელი დროც მალე დაუდგათ.
ზვიადაურის განთავისუფლებას პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების ნამოქმედარი „ოცნების“ „გამპრავებელმა“ ექსპერტმა, ლევან ნიკოლაიშვილმა „ნაციონალებს“ დააბრალა. მისი თქმით, მოსამართლე, რომელმაც ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ნიკა გვარამიას ნათესავია. თან იცით, როგორი ნათესაობა დაადგინა? _ ყვავი ჩხიკვის მამიდა რომ არის.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის გარეთ გამომშვები ხელისუფლება ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას აპირებს. პროკურატურას მტკიცებულებად მოხალისე მოწმე მიშა ქარელის ჩვენება აქვს. ქარელი ამბობს, რომ ოქრუაშვილი ერთ-ერთ სუფრაზე მოყვა, თუ როგორ გააყალბებინა რობაქიძის საქმე. ქარელი ვერც იმას იხსენებს, სად გაიმართა ეს სუფრა, არ ახსოვს სუფრის წევრები, მისმა ფაქიზმა მეხსიერებამ მხოლოდ ოქრუაშვილის სიტყვები შემოინახა.
„ქართულ ოცნებას“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება ადრეც უნდოდა, მაგრამ ახლა ეს სხვა მიზეზით სურს. სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზეც აქვს ბრალი წარდგენილი. ოქრუაშვილს ჩვენება აქვს მიცემული, რომ ცემის ბრძანება სააკაშვილმა გასცა. ეს ჩვენება შესაძლოა, შეიცვალოს, რაც ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ისევ სააკაშვილს დაადოს ხელი.
მოვლენები ისე ვითარდება, რომ ოპოზიციისგან მძლავრ პროტესტს არ უნდა ველოდოთ. „ოცნებისთვის“ მაგიდის აყირავება ისევ სააკაშვილის ხელშიია. ის მორიგ სასამართლო პროცესზეც სპექტაკლს დადგამს და არაა გამორიცხული, ხელისუფლებისთვის ბევრი უსიამოვნო რამე თქვას. არ დაგავიწყდეთ, რომ „ოცნების“ დიდი ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, ოდესღაც სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებდა.
მართალია, იმ დროს კახა კალაძე ბნელ წარსულს ეძახის, მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს კადრები, სადაც „ოცნების“ გენერალური მდივანი მიხეილ სააკაშვილს კბილებით იცავს. შემონახულია ფოტოები, სადაც კალაძე დიქტატორ მიშას თვალებში შესციცინებს. „ნაციონალებს“ ისიც ახსოვთ, კალაძე დღეში სამჯერ როგორ რეკავდა მილანიდან და მიშა თუ არ პასუხობდა, მის დაცვას ეკითხებოდა, _ ნიკალაევიჩი როგორ არისო? თბილისის მერი ასე მიმართავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მოწიწებას სააკაშვილს არც გია ვოლსკი აკლებდა. სააკაშვილის მთავრობაში მას მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ახლა ვოლსკისთვის სააკაშვილი დრომოჭმული იმპერატორია.
მართალია, „ოცნების“ წევრები სააკაშვილს ლანძღავენ, მაგრამ ცდილობენ, თავს კონტროლი გაუწიონ. მათ ბიძინა ივანიშვილის მდუმარება აფიქრებთ და არ იციან, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ბელადს. „ოცნებაში“ დღემდე ეჭვობენ, რომ პატიმარი და ოლიგარქი ერთ თამაშს თამაშობენ.
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-სთან იმასაც ამბობს, რომ მმართველი პარტია სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თანახმაა. არაა გამორიცხული, მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გაიყვანონ. ხელისუფლებას ერთი სული აქვს, სააკაშვილისგან განთავისუფლდეს.
სამთავრობო ცვლილებებისა და სანქციების მოლოდინში
„ქართულმა ოცნებამ“ ბოლოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვა-გინებას მოუმატა. სამაგიეროდ, ხმას არ იღებს რუსულ ოკუპაციაზე. მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთების პროცესი ღიად დაიწყო და ამას „ქართული ოცნება“ არც ამჩნევს. არ იციანო, ვერ ვიტყვით. მიერთების საწინააღმდეგოდ აფხაზეთში გამოსვლებია დაწყებული.
როგორც თავში უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის ელჩს განათლება დაუწუნა და მიანიშნა, კონსტიტუციაში ვერ ერკვევიო. ამაზე კელი დეგნანისგან სათანადო პასუხი მიიღო. ადრე დეგნანი პერსონალიებს არ პასუხობდა ხოლმე. ახლა აშკარად რაღაც შეიცვალა. დასავლეთიც ამჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლა სურს.
ამას ერთადერთი გერმანიის ელჩი ვერ ამჩნევს. მასთან დაკავშირებით გერმანულმა მედიამ სკანდალური წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილიდან ვიგებთ, რომ ელჩის მეუღლე ივანიშვილს ჰყავს დასაქმებული. გერმანული მედია ამით ხსნის მათი დესპანის ლოიალურ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
გასულ კვირას ამერიკამ ბელარუსის დიქტატორის შვილს სანქციები დაუწესა. ითქვა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების წევრებზე ამერიკის ვიზების გაცემა უნდა შეიცვალოსო. „ოცნებაში“ ეს ამბავი არ გახარებიათ. ამ შეზღუდვებიდან ფინანსურ სანქციებამდე ერთი ნაბიჯია. მმართველ გუნდში კარგად იციან, რომ თუ ივანიშვილის ქონებას საფრთხე დაემუქრება, ის მთელ „ოცნებას“ გაწირავს. ივანიშვილის გარეშე კი „ოცნება“ არაფერია. ისინი პოლიტიკიდან შარშანდელი თოვლივით გაქრებიან. მოსალოდნელ ცვლილებებს ბევრი გრძნობს მმართველ პარტიაში და ამიტომაც ამჯობინებს დუმილს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აქტიურობს.
ცვლილებებს „ქართულ ოცნებაში“ სხვა მხრივაც ელოდებიან. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლის ბოლოს ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. ჭორები ღარიბაშვილის შეცვლის შესახებ ჯერ კიდევ ივლისიდან ვრცელდება. 5 ივლისს ჟრნალისტების დარბევის შემდეგ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა ღარიბაშვილის გადაყენება. ოლიგარქმა უარი არ უთხრა, მაგრამ მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. მას შემდეგ პერმანენტულად ვრცელდება ხმები მის გადაყენებაზე. „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ემზადება პრემიერის სავარძელში ჩასაჯდომად. ივანიშვილი კი გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს.
მაზაკვალობაი საკვირველი
საქართველოში ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგა. წესით და რიგით, მომავალი წლის ბიუჯეტი მათ უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ძველ საკრებულოებს ანდო მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება. საკრებულოების ნაწილი ოპოზიციურია და ისინი უარს იტყოდნენ მერებისთვის ხელფასის გაზრდაზე. ასე მოხდა ბათუმში. პოლიციისა და სუსის ჩართულობით დაამტკიცა ძველმა საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი.
ყველაზე დრამატულად მოვლენები ბათუმში განვითარდა. აქ ძველ საკრებულოს გააზრდევინეს ბათუმის მერისთვის ხელფასი. არჩილ ჩიქოვანი ამიერიდან 5.500 ლარს აიღებს თვეში. ვინც არ იცით, შეგახსენებთ, რომ არჩილ ჩიქოვანი მეგის ქარდავას მოადგილე და მარჯვენა ხელია. ქარდავა თუ ჯალათი იყო, არც მისი მარჯვენა ხელი იქნებოდა ანგელოზების მწყემსი. როცა ხელისუფლება ჟურნალისტებს კოლექტიურ მეგის ქარდავებს ეძახის, სულ არჩილ ჩიქოვანის საქმეები უნდა ააფარო ცხვირზე.
დავუბრუნდეთ საკრებულოების თემას: როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. ამ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევა ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდება, თუ გახარიას პარტია ვერ დაითანხმა ან ერთმა ან მეორე მხარემ.
ერთ დროს ძალიან აქტიური გიორგი გახარია ბოლო რამდენიმე კვირა საეჭვოდ არის გაჩუმებული. ეს გარკვეულ ეჭვებს აჩენს. მისმა თანაპარტიელმა კახა ქემოკლიძემ გვითხრა, რომ გახარია არ გაუჩინარებულა, ის მდუმარებაშია და მდუმარე კაცი უფრო საშიშიაო.
გახარია „ოცნებისთვის“ ძალიან საშიშია _ ბევრი რამე ექნება მოსაყოლი. მას „ნაციონალების“ დაზიანებაც შეუძლია. ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ისეთი საინტერესო დეტალები იცის, რომლის გამხელაც არც მმართველ პარტიას აწყობს და არც მთავარ ოპოზიციურ ძალას. ამ დეტალების გაჟღერება შესაძლოა, არც მას აწყობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ ისაუბრებდა ამ თემაზე, როცა ორივე მხარე ლანძღავდა.
ნაარჩევნებს მის ლანძღვას „ნაცებიც“ შეეშვნენ და „ქოცებიც“. ახლა მისი ხმები ორივეს სჭირდება. სენაკში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საკრებულოების თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს. თავმჯდომარეების ასარჩევად „ნაციონალებსაც“ გახარიას ხმები სჭირდებათ და „ქართულ ოცნებასაც“.
ამ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების თავმჯდომარეების არჩევას ამ კვირაში შეეცდებიან. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერის თანაპარტიელებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ხელისუფლება, ასევე _ ოპოზიცია. ხელისუფლება უფრო დაშინებას ცდილობს. არჩევნების წინ გახარიას პარტიის რამდენიმე წევრმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. რამდენიმეც არჩევნების მერე წამოვიდა პარტიიდან. არაა გამორიცხული, ამ დღეებში კიდევ გაგრძელდეს მათი გადაბირების პროცესი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გახარიასა და „ნაციონალებს“ შორის თითქმის მიღწეუილია შეთანხმება. პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ითხოვენ, რომ მათი კანდიდატურა იქნას არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. შედგა თუ არა გარიგება, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.
შესაძლოა, ამ მუნიციპალიტეტებში გახარიამ თავისი კადრები გაიყვანოს საკრებულოს თავმჯდომარედ, მაგრამ საინტერესოა, რის მიღწევას შეძლებს ამით ან ვინაა იმის გარანტი, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული მისი კაცი „ოცნებაში“ არ გადასკუპდება? საქართველოში ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადახტომა სირცხვილად აღარ ითვლება.
მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება. წალენჯიხამ საკრებულოს თავმჯდომარედაც თუ ოპოზიციონერი აირჩია, მაშინ მას ნამდვილ დემოკრატიის კუნძულად გამოაცხადებენ.
ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, როგორ განვითარდება მოვლენები სააკაშვილის გარშემო. სააკაშვილს დამოუკიდებლადაც შეუძლია მისთვის სასურველი სურათის შექმნა. „ქართულმა ოცნებამ“ მისი გაბანძება ვერ მოახერხა, არც მისთვის წარდგენილი ბრალი გამოიყურება სერიოზულად და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი სასჯელის გადავადებაა. ასეთ შემთხვევაში მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, ქვეყნიდან საზღვარგარეთ წავიდეს სამკურნალოდ და ეს მეოცნებეებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. „ნაციონალების“ ნაწილს კი სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდება, მათი ლიდერი შეიწყალოს.